რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

სექტემბერი 23, 2006

  table, tr, td { border-width:1px; border-color:#000000; border-style:solid; } 2006-10-04

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართეს შპს ”ახალმა ქსელებმა”, შპს ”მაგთიკომმა” და შპს ”Clearstream Holdings”-მა  3.5 გჰც სიხშირულ დიაპაზონში  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის 2006  წლის 30 ივნისის №6  დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით” ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის  მომსახურებისათვის გათვალისწინებულია 3400.0 – 3900.0 მჰც სიხშირული დიაპაზონი. შესაბამისად კომისიას შესაძლებლად მიაჩნია გამოცხადდეს აუქციონი.რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად რესურსით სარგებლობის საწყისი ოდენობა განისაზღვრა კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად და შეადგინა - 1,659,571.20  (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდაცხრამეტი ათას ხუთას სამოცდათერთმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარი.“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი 3410.0 – 3431.0 მჰც და 3510.0 – 3531.0 მჰც სიხშირულ ზოლებზე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში;

2. აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2006 წლის 1 დეკემბრის 14:00 საათი;

3. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 1,659,571.20  (ერთი მილიონ ექვსას ორმოცდაცხრამეტი ათას ხუთას სამოცდათერთმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარით;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2006 წლის 9 ნოემბრის 17:00 საათამდე;

5. აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 82,979 (ოთხმოცდაორი ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტი) ლარი;

6. სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;

ბ) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი 1: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი;

რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი 4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის  რაიონები,;

რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

7. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლი­ცენ­ზი­ის მაძიებელი გან­ცხა­დე­ბით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

8. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

     -ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326;

     -კოდი: 220101830;

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;

თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%,  გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

9. აუქციონში მონაწილეობის უფლება არა აქვს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული სპექტრიდან 50 პროცენტის ან  მეტის მფლობელი;

10. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ  გადაწყვეტილების მე-8 პუნქტში  მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

11. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;

12. დაევალოს კომისიის აპარატის  მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

13.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

                        კომისიის თავმჯდომარე                              დ.ქიტოშვილი

                        კომისიის წევრები                                       დ.პატარაია

                                                                                            გ.ფრუიძე                  

                                                                                            ზ.ნონიკაშვილი