სექტემბერი 12, 2008

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების  შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად რესურსით სარგებლობის საწყისი ოდენობა განისაზღვრა კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად და შეადგინა - 1,862,502.03  (ერთი მილიონ რვაას სამოცდაორი ათას ხუთას ორი ლარი და სამი თეთრი) ლარი.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე და 50-ე მუხლების, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს აუქციონი  3497.5 მჰც ÷ 3504.5მჰც - 3597.5 მჰც ÷  3604.5 მჰც (სულ 14 მჰც) წყვილ სიხშირულ ზოლზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ ტერიტორიებში (ზონებში);

2. აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2008 წლის 31 ოქტომბრის 13:00 საათი;

3. რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვროს 1,862,502.03  (ერთი მილიონ რვაას სამოცდაორი ათას ხუთას ორი ლარი და სამი თეთრი) ლარით;

4. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2008  წლის 5 ოქტომბრის 17:00 საათამდე;

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები