სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

ივლისი 24, 2006

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია) აღნიშნავს, რომ შპს ”ორბელმა” (ქ.ბათუმში ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად 5000 სააბონენტო ნომერზე) და შპს ”მოსემ” (ქ.თბილისში ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად 3000 სააბონენტო ნომერზე) კომისიას მიმართა განცხადებით ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ.
       ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.
        კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის #13 დადგენილების ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 1500 ლარს 1 ათასიან ნუმერაციის ბლოკზე.
        კომისია აღნიშნავს, რომ არსებობს სააბონენტო ნუმერაციის თავისუფალი რესურსი და შესაძლებლად მიაჩნია გამოცხადდეს აუქციონი.
       ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის,  ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ”გ”  ქვეპუნქტის, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის # 13 დადგენილების ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებისა” და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

 

1.გამოცხადდეს აუქციონი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიების მისაღებად:

ა) 427XXX -429XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ.თბილისში;

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარით;

ბ) 16XXX-19XXX (სულ 4000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ.ბათუმში;

რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 6000 (ექვსი ათასი) ლარით;

2.ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2006 წლის 23 აგვისტოს 17:00 საათამდე;

3.აუქციონის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2006 წლის 8 სექტემბრის 13:00 საათი;

4.ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი განცხადებით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

5. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის - იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას თან უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ”თი-ბი-სი”;

- ა/ანგარიში: 609326

- კოდი: 220101830;

- საიდენტიფიკაციო კოდი; 204953050;

თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%, გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას.

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

6.თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტში მითითებული მონაცემები და დოკუმენტაცია, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია.დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

7. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

8. აუქციონი ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;

9.დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

10. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

 

           კომისიის თავმჯდომარე:                                         დ.ქიტოშვილი

           კომისიის წევრები:                                                   გ.ფრუიძე.

                                                                                           ზ.ნონიკაშვილი