საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო

ოქტომბერი 19, 2016 16:00

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნმო კომისიამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 48 მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარე წლის 30 ოქტომებრს დანიშნა, ასევე 22 ოქტომბერს ორ მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანხმად, ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე, ამ შემთხვევაში, ამავე კანონის 126-ე მუხლის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურს  ნიშნავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საქართველო ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესაბამისად, სამაუწყებლო კომპანიებს წინასაარჩევნო პროცესში გარკვეული ვალდებულებები წარმოექმნებათ (დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია : ბმულზე), კომისია კი აღნიშნული ვალდებულებების დაცვის მონიტორინგს უზრუნველყოფს .

მონიტორინგს ექვემდებარება ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. მედიამონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანი არის: 

ა) წინა საარჩევნო რეკლამა;

ბ) წინა საარჩევნო დებატები;

გ) ახალ ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

დ) წინა საარჩევნო აგიტაცია.

ასევე, მონიტორინგს ექვემდებარება ცენტრალური ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებული გაზეთები.