ივნისი 03, 2015 19:43

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდის (ტელეკომპანია „ტაბულა“) ხელმძღვანელის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმიანება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (ა)იპ სამოქალაქო განათლების ფონდის (ტელეკომპანია „ტაბულა“) ხელმძღვანელის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმიანება.

ტელეკომპანია „ტაბულამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას NB91 და NB99 ლიცენზიების ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის გადაცემის თაობაზე წინასწარი თანხმობის თხოვნით 2015 წლის 13 მაისს მომართა. კომისიას  ტელეკომპანია „ტაბულასთვის“ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში  ინფორმაციის მოთხოვნით, ან რაიმე პოზიციის დაფიქსირების უზრუნველსაყოფად დამატებით არ მიუმართავს. კანონით განსაზღვრული ვადა ლიცენზიების გადაპირების თაობაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ  გასული არ არის, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად კომისიას საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად ერთვიანი ვადა აქვს განსაზღვრული.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყველა ლიცენზიის მფლობელთან და ავტორიზებულ პირთან მჭიდრო, ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს. კომისიის აპარატში დასაქმებული პირებს ზეპირსიტყვიერი განმარტებისთვის მიმართავს ყველა მსურველი ოპერატორი, რაც მათი (აპარატის) უშუალო ფუნქციაც არის. თავად კომისია კი კოლეგიალური ორგანოა და მისი გადაწყვეტილებები მიიღება საჯარო სხდომაზე კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა ტელეკომპანია „ტაბულას“ განცხადებაზე არც კომისიის გადაწყვეტილება, და არც რაიმე ოფიციალური მოთხოვნა ტელეკომპანიაში  გაგზავნილი არ არის.

რაც შეეხება, ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილის „წინასწარ“ მსჯელობას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე: „კომისიის გადაწყვეტილება კი, მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, პირდაპირ იქნება განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება. თავისთავად, თავისუფალი მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა კი ის არის, რის წინააღმდეგ ბრძოლაც კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა.“- აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში აისახა, 2015 წლის 17 ივნისიდან საქართველოში მაუწყებლობაზე ლიცენზირების რეჟიმი უქმდება. 2015 წლის 17 ივნისიდან მაუწყებლობის დაწყება ავტორიზაციის მარტივ პროცედურასთან იქნება დაკავშირებული, რაც მედია პლურალიზმის და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ერთ-ერთი თვალსაჩინო პრეცედენტი იქნება არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპის მაშტაბითაც.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან მაუწყებლობის ლიცენზიები 17 ივნისს უქმდება და ყველა არსებული მაუწყებელი ავტორიზებული პირი გახდება, კომისიისთვის ბუნდოვანია ლიცენზიის გადაცემასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ტაბულას“ მოთხოვნის მოტივი, თუმცა კომისია აღნიშნულ საკითხზე ერთ-ერთ უახლოეს სხდომაზე საჯაროდ იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები