საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება

სექტემბერი 14, 2016 16:17

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეისწავლა 2016 წლის 08 სექტემბერს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ერთობლივად გავრცელებული განცხადება და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2016 წლის 09 სექტემბრის მომართვა შპს „ჯი–დი–ეს თი–ვის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული გადაცემის „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ თაობაზე, რომლის რესპოდენტი საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 23–ე მუხლი განსაზღვრავს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემის და არჩევნების გაშუქების მიმართ  წაყენებულ მოთხოვნებს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში საუბარია აღნიშნული მუხლის მე–9 პუნქტის უგულებელყოფაზე. კერძოდ, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 23–ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, „საარჩევნო პერიოდში მაუწყებელმა საჭიროა გამიჯნოს სახელმწიფოებრივიდ აპარტიული ფუნქციების შესრულება, რათა დაიცვასმიუკერძოებლობის, ობიექტურობის  პრინციპები და უზრუნველყოს ბალანსი.  მაუწყებელს განსაკუთრებული სიფრთხილემართებს  სახელმწიფო მოხელის საქმიანობის გაშუქებისას, იმისათვის რომ მკაფიოდ განასხვავოს  მისი, როგორც თანამდებობის პირის მიერ საჯარო/სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულება და კერძო/პარტიული/საარჩევნო საქმიანობა“.

 აღვნიშნავთ, რომ ხსენებული ნორმა განსაზღვრავს მაუწყებლის წინასაარჩევნო პერიოდში ქცევის წესს, რომლის დროსაც მაუწყებელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს მკაფიოდ გამიჯნოს მოქმედი სახელმწიფო მოხელის მიერ საჯარო/სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულება მისი კერძო პარტიული/წინასაარჩევნო საქმიანობისაგან. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლის მიერ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 23–ე მუხლის მე–9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ აქვს.

კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას. ამასთანავე, დაუშვებელია ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, ასევე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება. შესაბამისად, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ეთიკური ნორმების და პროფესიული სტანდარტების შესაძლო დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გადაცემის ფორმატი ანონსიდანვე გულისხმობდა მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას. ვიდეორგოლიდან ჩანს, რომ გადაცემების ციკლში ბიძინა ივანიშვილი, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრებს თუ რატომ არ ჰყავს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა“. ასევე, ანონსში დემონსტრირებულია „ქართული ოცნების“ ნომერი და სიმბოლიკა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეკლამა არის კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა (იგულისხმება გადაცემის ანონსი), რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,  საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

მოქმედი კანონმდებლობა მკაფიოდ განმარტავს, რომ მაუწყებლის მიერ საკუთარი პროგრამის ანონსის სამაუწყებლო ბადეში განთავსება არ უნდა ჩაითვალოს რეკლამად, მათ შორის პოლიტიკურ წინასაარჩევნო რეკლამად. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საერთო მაუწყებლების ბადე (განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ) გაჯერებულია იმგვარი ტიპის პროგრამების ანონსებით, რომლებშიც ნაჩვენებია როგორც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები, ისე საარჩევნო სიმბოლიკა.

რაც შეეხება „პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას“, აღვნიშნავთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აგატიციის ნიშნებით ხასიათდება არა მხოლოდ საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამები, არამედ გასართობი და იუმორისტული გადაცემები, მხატვრული თუ ანიმაციური ფილმები და სხვა. ამ გარემოების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ მაუწყებლობის შინაარსობრივი რეგულირების საკითხი განსაკუთრებული სიფრთხილის საგანია, მით უფრო, რომ შინაარსობრივი რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩო, პრაქტიკულად, არ არსებობს. როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაუწყებელი სარგებლობს სარედაქციო დამოუკიდებლობით, კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ცენზურა აკრძალულია. მოქმედი სამართლებრივი ნორმებით მაუწყებლის საქმიანობის შინაარსობრივი რეგულაციების შეუსრულებლობა არ შეიძლება კომისიის, მეტიც, სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს.

ამავე დროს, კომისია ყურადღებას ამახვილებს სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ჟურნალისტის პროფესიულ თავისუფლებას, ზოგადად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და მეორე მხრივ - მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს შორის პროპორციულობისა და ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე და მიმართავს მაუწყებლებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სამართლიან, მიუკერძოებელ და დაბალანსებულ გაშუქებას, უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირებული (მათი ჩართულობით) მიმდინარე ამბების გადაცემისას/საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამების განთავსებისას სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, ჯეროვანი სიზუსტისა და ბალანსის პრინციპების დაცვა, რაც შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს როგორც ერთი კონკრეტული გადაცემის ფორმატში, ისე მაუწყებლის ეთერში განთავსებული სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში.