საქართველოს მოენიჭა ინტერნაციონალიზებული დომენური სახელი (ქვეყნის კოდი ზედა დონის დომენში - ccTLD) .გე;

მარტი 09, 2011

 2009 წლის 16 ოქტომბერს დაიწყო დომენური სახელების (ქვეყნის კოდი ზედა დონის დომენში - ccTLD) ინტერნაციონალიზაცია, მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში.

პროგრამა შედგება სამი ნაწილისგან:

1.      პროგრამაში მონაწილეობისთვის მომზადება

2.      დომენური სტრიქონის წარდგენა შეფასებისთვის

3.      მოთხოვნის წარდგენა დომენის დელეგირების თაობაზე

პროგრამაში მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრმა (ITDC ჯგუფი); (პროგრამის პირველი ეტაპი);

საქართველოსთვის შეირჩა ქართული დომენური სტრიქონი .გე  და სათანადო დოკუმენტაციასთან ერთად გაიგზავნა ICANN-ში შეფასებისთვის (პროგრამის მეორე ეტაპი);

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ წარმატებით დასრულდა პროგრამის პირველი და მეორე ეტაპი. შესაბამისად, საქართველოს მოენიჭა ინტერნაციონალიზებული დომენური სახელი (ქვეყნის კოდი ზედა დონის დომენში - ccTLD)

.გე;

ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღარ იფუნქციონირებს არსებული ლათინურენოვანი დომენური სტრიქონი .ge

ორივე სტრიქონი იფუნქციონირებს პარალელურად, მაგრამ ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად.

ამჟამად გასავლელი დარჩა პროგრამის მესამე ეტაპი - მოთხოვნის წარდგენა დომენის დელეგირების თაობაზე.

მესამე ეტაპის წარმატებით დასრულებისთანავე დაიწყება ახალი ქართულენოვანი დომენური სტრიქონის (ქვეყნის კოდი ზედა დონის დომენში - ccTLD) რეგისტრაცია.