შეტყობინება შპს „CTV-ჯორჯიას”

ივლისი 15, 2016 11:41

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არა ერთი მცდელობის მიუხედავად შპს „CTV-ჯორჯიას” ვერ ჩაბარდა შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ.  შესაბამისად, შპს „CTV-ჯორჯიასთვის” გაგზავნილი წერილის შინაარსი საჯაროდ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებ - გვერდზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გატყობინებთ, რომ 2016 წლის 14 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში ,,კომისია”) მიერ ჩანიშნული სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „CTV-ჯორჯიას” ავტორიზაციის შეჩერების საკითხი, გადაიდო და გაიმართება 2016 წლის 21 ივლისს, 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18.   

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ კომისიაში წარადგინოთ მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოთ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოთ ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები. 

 

გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა კომისიის სხდომასა და ადმინისტრაციულ წარმოებაში.

კომისიას მიაჩნია, რომ შეტყობინების შინაარსის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე გამოქვეყნება შპს „CTV-ჯორჯიასთვის” გაცნობის ალტერნატიული ფორმაა.