2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში (23.09.2017-21.10.2017)

ნოემბერი 06, 2017 14:39

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს „წინა საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილების თანახმად, კომისია უფლებამოსილია შეისყიდოს მედია მონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო მომსახურება ან უშუალოდ განახორციელოს მედია მონიტორინგი ან/და გამოიყენოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების ან/და სამოქალაქო სექტორის სუბიექტების მიერ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ჩატარებული და ამ წესების რელევანტური, საჯაროდ ხელმისაწვდომი მედია მონიტორინგის შედეგები. 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინასაარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგის მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელდა ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერება“, შემუშავდა წინასაარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგის სახელმძღვანელო წესები და რეკომენდაციები, ჩატარდა ტრენინგები, როგორც მონიტორინგის განმახორციებელი პირებისათვის, ისე ყველა იმ სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაში. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედია მონიტორინგს, კომისიაში დასაქმებულ პირებთან ერთად, სხვადასვხა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და კურსდამთავრებულნი ახორციელებენ. 

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად სამაუწყებლო კომპანიების მონიტორინგი  2017 წლის 23 აგვისტოს დაიწყო. მონიტორინგს დაექვემდებარა ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. საანგარიშო პერიოდში მონიტორინგს დაექვემდებარა 40 სამაუწყებლო არხი, 34 ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთი და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლები. 

მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანი არის: 

ა) წინა საარჩევნო რეკლამა;

ბ) წინა საარჩევნო დებატები;

გ) ახალ ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

დ) წინა საარჩევნო აგიტაცია;

ე) საზოგადოებრივი აზრის კვლევები/გამოკითხვები; 

მონიტორინგის შედეგებში მოცემულია დეტალური ანალიზი სამაუწყებლო კომპანიებში წინა საარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის სამართლიან და გამჭვირვალე განაწილებაზე. საანგარიშო პერიოდში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემების, ასევე წინა საარჩევნო დებატების მონიტორინგის პროცესში ყურადღება გამახვილებულია სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის დათმობილ დროზე და მათი წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებაზე. კომისიის მონიტორების დაკვირვების საგანია, ასევე, მაუწყებლის მხრიდან იმ პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობის გაშუქება, რომლებიც არ წარმოადგენენ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, მაგრამ მონაწილეობენ არჩევნებში. მაუწყებლების მიერ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ობიექტური გარემოებების არარსებობისას, კომისია შეისწავლის ყოველ კონკრეტულ საკითხს და გაატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 

მოცემული მედია მონიტორინგის შედეგები წარმოადგენს მეორე შუალედურ ანგარიშს და მოიცავს პერიოდს 2017 წლის 23 სექტემბრიდან  21 ოქტომბრის ჩათვლით. 

რეკომენდაციები:

„ტელეიმედის“ ეთერში განთავსებულია არაპოლიტიკური გადაცემები „მეგობრები“, „იმედის დღე“ და „რა დროს ძილია“, რომლებსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდნენ გიორგი მოსიძე, სოსო ჯაჭვლიანი, კახა კალაძე (ქართული ოცნება), ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო),  ნინო ბოლქვაძე (რესპუბლიკელები) და დამოუკიდებელი კანდიდატი ა. ელისაშვილი.

„რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსებულია არაპოლიტიკური გადაცემა „ნანუკას შოუ“ , რომელსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდნენ ზ. უდუმაშვილი და გ. ვაშაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა).

ზემოაღნიშნულ გადაცემებში რესპოდენტები გამოთქვამდნენ პოლიტიკურ მოსაზრებებს;

კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით, მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს იმ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობა იმ პროგრამაში, რომელიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება. 

გამოვლენილი დარღვევები:

– კომისიამ  8 ორგანიზაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო (საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით „Edison Research“-ის მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებაზე (08.10.2017)), 8 ორგანიზაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის  შესაბამის (საქალაქო) სასამართლოს გადაუგზავნა.

ეს ორგანიზაციებია: შპსტელეკომპანია პირველი“; ()იპფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“;  შპსგურიის მოამბე“; შპსახალი ამბები“,  ბრენდული სახელიინტერპრესნიუსი“; შპს „Georgian National News“, ბრენდული სახელი GNN; შპს „New Post“; შპსომედია“, ბრენდული სახელი on.ge; ()იპსამოქალაქო განათლების ფონდი“ (ტაბულა).

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“   51-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების  გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:

ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;

ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;

გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა;

დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;

ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;

ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;

ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;

თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;

ი) შერჩევის ზომა;

კ) ცდომილების ფარგლები;

ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.

– კომისიამ 10 ტელე და რადიომაუწყებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 10 მაუწყებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა.

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წინასაარჩევნო პერიოდში მედია მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგს ექვემდებარება ყველა საერთო მაუწყებელი, ასევე ის სპეციალიზებული მაუწყებელი, რომელიც გადაწყვეტს საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსოს წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამა და ის გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ადგილობრივი ან ცენტრალური ბიუჯეტიდან. კომისიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედია მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში, რომელიც 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავდა, 2017 წლის 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ რიგი მაუწყებლები საკუთარ სამაუწყებლო ბადეში არ ანთავსებენ საინფორმაციო გამოშვებებს ან/და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს. ეს ტელემაუწყებლებია: შპს „ტელეკომპანია ეგრისი“, შპს „ტელეკომპანია ქართული არხი“, ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხა“, შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი“, შპს „ეკომი“, შპს „დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ოდიში“. აღნიშნული რადიომაუწყებლებია შპს „ჰამბურგი“ (რადიო ცხელი-შოკოლადი),  შპს „კომპანია მედიასტრიმი“ (რადიო ენერჯი), შპს „ფოთი ტვ“ და  შპს „რ-რადიო“.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა.

კომისიის საჯარო სხდომები 2017 წლის 26 ოქტომბერს და 02 ნოემბერს გაიმართა. სხდომებზე მოწვეული იყო ყველა კომპანიის წარმომადგენელი. არსებული დოკუმენტაციის შესწავლის და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, კომისიამ ცხრა მაუწყებელი - შპს „ტელეკომპანია ეგრისი“; ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხა“; შპს „ეკომი“, შპს „ფოთი ტვ“; შპს „დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ოდიში“; შპს „ჰამბურგი“ (რადიო ცხელი-შოკოლადი); შპს „ტელე-რადიო პრესკომპანია ზარი“, შპს „კომპანია მედიასტრიმი“ (რადიო ენერჯი) და შპს „რ-რადიო“  წერილობით გააფრთხილა, ხოლო შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“ 2 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა, რადგან ტელეკომპანიას ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული სახის დარღვევა მეორედ დაუფიქსირდა.

- კომისიამ შპსსამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის და შპსტელეიმედისმიმართ საჩივარი განიხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის და შპს „ტელეიმედის“  მიმართ საჩივარი განიხილა.

კომისიას განცხადებით აა(ი)პ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“,  მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“, მპგ „ევროპულმა საქართველომ - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი სამდივნომ“ მიმართა. აღნიშნული ორგანიზაციები ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის  და „იმედის“ ეთერში მერიის დაკვეთით განთავსებული სარეკლამო რგოლების - „გაკეთდა თბილისისთვის“, შესწავლას და კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში მათზე რეაგირებას ითხოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასევე, ამავე კანონის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ თანხმდებიან იმაზე, არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლისთვის მიწოდებული მასალა სოციალური რეკლამა ან/და შეიცავს თუ არა იგი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, დავას წყვეტს კომისია ერთ-ერთი მხარის მიერ მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

კომისიამ საჯარო სხდომაზე ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით განიხილა საკითხი და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი არ იყო.  ვიდეო რგოლებით - „გაკეთდა თბილისისთვის“ -  კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს რეკლამირება ხდებოდა და აქედან გამომდინარე, არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  661 მუხლის, მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიზანს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის  და „იმედის“ ეთერში სარეკლამო რგოლები - „გაკეთდა თბილისისთვის“ განთავსდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, თუმცა კომისიამ ტელეკომპანიების მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა (წერილობითი გაფრთხილება) არ გამოიყენა. 

კომისიაში მიმდინარე წარმოება:

2017 წლის 09 ოქტომბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოვიდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/7767-17), რომლის თანახმადაც „შენების მოძრაობამ“, როგორც კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა წერილობით მიმართა შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“ და მოითხოვა მათ ეთერში განთავსებულ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღება.

აღნიშნული საჩივრის მიღების შემდეგ 2017 წლის 11 ოქტომბერს კომისიამ წერილობით მიმართა ორივე ტელეკომპანიას (წერილი N04/346717 და N04/346817) და მოსთხოვა მათ განმარტება „ეროვნული ფორუმის“ საჩივართან დაკავშირებით. 2017 წლის 18 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა „რუსთავი 2“-ის საპასუხო წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8078-17), სადაც ტელეკომპანია განმარტავს, რომ საეთერო ბადის დაგეგმარებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო ყველა კვალიფიციური სუბიექტის მიწვევა წინასაარჩევნო დებატებში და სტუმრების შერჩევისას ტელეკომპანია დაეყრდნო საზოგადოებრივი აზრის კვლევებს. აგრეთვე, წერილში აღინიშნა, რომ თუ სამაუწყებლო ბადის დაგეგმარებიდან გამომდინარე არჩევნებამდე კვლავ გაიმართებოდა დებატების პროგრამა, ტელეკომპანია აუცილებლად მიიწვევდა „შენების მოძრაობას“ დებატებში მონაწილეობის მისაღებად. 2017 წლის 23 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელეიმედის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8206-17), სადაც აღინიშნა, რომ დებატების პროგრამაში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობა ვერ იქნა უზრუნველყოფილი ტექნიკური  ხარვეზის გამო და არა დისკრიმინაციის მიზნით. წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ შედგა კომუნიკაცია „შენების მოძრაობასთან“ და მიღწეულ იქნა შეთანხმება, კერძოდ მათ თანაზომადი დრო დაეთმოთ სხვა გადაცემებში, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საკუთარი საარჩევნო პროგრამა და ხედვები. 

2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის და შპს „ტელეიმედის“ ეთერში, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე „შენების მოძრაობა“ არ ყოფილა მიწვეული წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების პროგრამებში.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.“ აგრეთვე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.“

აღნიშნული საკითხის კომისიის საჯარო სხდომაზე განხილვა იგეგმება 2017 წლის 09 ნოემბერს. 

თანდართული დოკუმენტები: