2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიში (22.10.2017-12.11.2017)

ნოემბერი 17, 2017 11:49

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს „წინა საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილების თანახმად, კომისია უფლებამოსილია შეისყიდოს მედია მონიტორინგის განხორციელებისათვის საჭირო მომსახურება ან უშუალოდ განახორციელოს მედია მონიტორინგი ან/და გამოიყენოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების ან/და სამოქალაქო სექტორის სუბიექტების მიერ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ჩატარებული და ამ წესების რელევანტური, საჯაროდ ხელმისაწვდომი მედია მონიტორინგის შედეგები. 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინასაარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგის მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელდა ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერება“, შემუშავდა წინასაარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგის სახელმძღვანელო წესები და რეკომენდაციები, ჩატარდა ტრენინგები, როგორც მონიტორინგის განმახორციებელი პირებისათვის, ისე ყველა იმ სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც ჩართულნი არიან წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებაში. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედია მონიტორინგს, კომისიაში დასაქმებულ პირებთან ერთად, სხვადასვხა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და კურსდამთავრებულნი ახორციელებენ.  

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად სამაუწყებლო კომპანიების მონიტორინგი  2017 წლის 23 აგვისტოს დაიწყო. მონიტორინგს დაექვემდებარა ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. საანგარიშო პერიოდში (მეორე ტური) მონიტორინგს დაექვემდებარა 16 სამაუწყებლო არხი, 34 ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთი და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლები. 

მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანი არის: 

ა) წინა საარჩევნო რეკლამა;

ბ) წინა საარჩევნო დებატები;

გ) ახალ ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

დ) წინა საარჩევნო აგიტაცია;

ე) საზოგადოებრივი აზრის კვლევები/გამოკითხვები; 

მონიტორინგის შედეგებში მოცემულია დეტალური ანალიზი სამაუწყებლო კომპანიებში წინა საარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის სამართლიან და გამჭვირვალე განაწილებაზე. საანგარიშო პერიოდში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემების, ასევე წინა საარჩევნო დებატების მონიტორინგის პროცესში ყურადღება გამახვილებულია სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის დათმობილ დროზე და მათი წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებაზე. კომისიის მონიტორების დაკვირვების საგანია, ასევე, მაუწყებლის მხრიდან იმ პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობის გაშუქება, რომლებიც არ წარმოადგენენ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, მაგრამ მონაწილეობენ არჩევნებში. მაუწყებლების მიერ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ობიექტური გარემოებების არარსებობისას, კომისია შეისწავლის ყოველ კონკრეტულ საკითხს და გაატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. 

მოცემული მედია მონიტორინგის შედეგები წარმოადგენს მეორე ტურის ანგარიშს და მოიცავს პერიოდს 2017 წლის 21 ოქტომბრიდან  12 ნოემბრის ჩათვლით. 

არჩევნების მეორე ტურის სრულყოფილი შეფასებისათვის, წარმოდგენილ შედეგებში მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებთან ერთად, მოცემულია ინფორმაცია სხვა საარჩევნო სუბიექტების შესახებაც. 

რეკომენდაციები:

„ტელეიმედის“ ეთერში განთავსებულია არაპოლიტიკური გადაცემები „მეგობრები“ და „იმედის დღე“, რომლებსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდნენ გიორგი ტყემალაძე, ვატო შაქარაშვილი, ირაკლი ზარქუა, დიმიტრი ხუნდაძე  (ქართული ოცნება). 

კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით, მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს იმ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობა იმ პროგრამაში, რომელიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება. 

გამოვლენილი დარღვევები:

კომისიამ შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია რუსთავი 2“-ისთვის და შპს „ტელეიმედისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხი განიხილა

2017 წლის 09 ოქტომბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შემოვიდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/7767-17), რომლის თანახმადაც  „შენების მოძრაობამ“, როგორც კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა წერილობით მიმართა შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“ და მოითხოვა მათ ეთერში განთავსებულ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღება, რაც კომპანიების მიერ არ განხორციელებულა.

აღნიშნული საჩივრის მიღების შემდეგ 2017 წლის 11 ოქტომბერს კომისიამ წერილობით მიმართა ორივე ტელეკომპანიას (წერილი N04/346717 და N04/346817) და მოსთხოვა მათ განმარტება „ეროვნული ფორუმის“ საჩივართან დაკავშირებით. 2017 წლის 18 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა „რუსთავი 2“-ის საპასუხო წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8078-17), სადაც ტელეკომპანია განმარტავს, რომ საეთერო ბადის დაგეგმარებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო ყველა კვალიფიციური სუბიექტის მიწვევა წინასაარჩევნო დებატებში და სტუმრების შერჩევისას ტელეკომპანია დაეყრდნო საზოგადოებრივი აზრის კვლევებს. აგრეთვე, წერილში აღინიშნა, რომ თუ სამაუწყებლო ბადის დაგეგმარებიდან გამომდინარე არჩევნებამდე კვლავ გაიმართებოდა დებატების პროგრამა, ტელეკომპანია აუცილებლად მიიწვევდა „შენების მოძრაობას“ დებატებში მონაწილეობის მისაღებად. 2017 წლის 23 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა შპს „ტელეიმედის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/8206-17), სადაც აღინიშნა, რომ დებატების პროგრამაში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობა ვერ იქნა უზრუნველყოფილი ტექნიკური  ხარვეზის გამო და არა დისკრიმინაციის მიზნით. წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ შედგა კომუნიკაცია „შენების მოძრაობასთან“ და მიღწეულ იქნა შეთანხმება, კერძოდ მათ თანაზომადი დრო დაეთმოთ სხვა გადაცემებში, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საკუთარი საარჩევნო პროგრამა და ხედვები. 

2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის და შპს „ტელეიმედის“ ეთერში, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე „შენების მოძრაობა“ არ ყოფილა მიწვეული არცერთ წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების პროგრამაში.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.“ აგრეთვე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.“ 

კომისიამ 2017 წლის 16 ოქტომბრის სხდომაზე იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე, მოისმინა მხარეთა ახსნა–განმარტებები და მიიჩნია, რომ  შპს „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის და შპს „ტელეიმედის“ მიერ დარღვულ იქნა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები. კომპანიების მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ იქნა წერილობითი გაფრთხილება.

კომისიამ გაზეთ „მარტვილის“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაზეთ „მარტვილს“ (ააიპ „თავისუფალი პრესა“) წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო რეკლამის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ (სენაკი) სასამართლოს გადაუგზავნა, რომელმაც თავის მხრივ გაზეთ „მარტვილს“ 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ და „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს №9 დადგენილების შესაბამისად, სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“.

თანდართული დოკუმენტები: