განცხადება

მარტი 07, 2013

2013 წლის 27 აპრილს  საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ტარდება ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ მაუწყებლებისთვის შემდეგი მოთხოვნებია წაყენებული:

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის დროს ვალდებულნი არიან „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ დადგენილი ფორმის შესაბამისად (დანართი N1), საჯაროდ გამოაცხადონ და კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო;

ბ) ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი;

გ) საეთერო დროის ტარიფი;

დ) გაწეული მომსახურება;

გასათვალისწინებელია, რომ ტელე ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს. პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;

ასევე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51–ე მუხლის მე–14 ნაწილისა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედურ არჩევნებზე ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე.

2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლისა და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ მე-6 მუხლის შესაბამისად,

-         წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებელი ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

-         წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას საუკეთესო დროს გადასცეს წინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

-          წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების გაშუქების დროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებისა და ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ შესაბამისად.

3. 2013 წლის 27 აპრილის შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის, საქართველოს ცენტრალური საარჩენო კომისიის ინფორმაციის შესაბამისად კვალიფიციურ საარჩევო სუბიექტებს წარმოადგენენ:

- საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“;

- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

- „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“;

4. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად, არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობისათვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის საქართველოს მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო  მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისათვის; ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის არხის ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლების არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება.

გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49–ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები. წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ყველა პროგრამის ჩაწერა  უნდა განხორციელდეს უწყვეტ რეჟიმში. შემდგომ, დაარქივებული მასალა ყოველი კვირის პარასკევ დღეს უნდა იყოს წარმოდგენილი კომისიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00–19:00 საათი) კომისიის ცხელი ხაზის ნომრებზე: 800–900–907, 800–900–908.

თანდართული დოკუმენტები: