მაუწყებელთა საყურადღებოდ

აგვისტო 10, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეისწავლა 2012 წლის 10 აგვისტოს კომისიაში მაუწყებელთა მიერ წარმოდგენილი მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაციის ფორმები და გამოვლინდა, რომ მაუწყებელთა მიერ ფორმების შევსებისას დაშვებულია ტიპური ხასიათის შემდეგი სახის შეცდომები, რომლებიც უნდა გასწორდეს არაუგვიანეს 2012 წლის 12 აგვისტოსი:

1.         ფორმებში პერიოდად უნდა აიღოთ არა 1 ოქტომბრამდე 50 დღიანი პერიოდი, არამედ 1 კვირიანი პერიოდი,  ორშაბათიდან ორშაბათამდე;

2.         ზოგიერთ მაუწყებელს უფასო პოლიტიკური რეკლამისათვის გამოყოფილ საეთერო დროდ მითითებული აქვს 0 წამი; განგიმარტავთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, თქვენ ვალდებულნი ხართ  თითოეულ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს გამოუყოთ უფასო სარეკლამო დრო, სამ საათში  90 წამის ოდენობით. ამასთან განგიმარტავთ, რომ თუ თქვენი დღე-ღამის სამაუწყებლო დრო არ არის 3 საათის ჯერადი, ნაშთად დარჩენილ საეთერო დროდან პირდაპირპროპორციულად უნდა გამოყოთ საათში 30 წამი, 2 საათში 60 წამი;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციასა და პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებული ინფორმაცია მაუწყებლის ვებ გვერდზე ატვირთულ უნდა იქნას არა თავისუფალი ფორმატით, არამედ, სრულყოფილად, კომისიის მიერ დადგენილი ფორმით;

დამატებით გაცნობებთ, რომ კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდს დაემატა ახალი განყოფილება - „არჩევნები 2012“, სადაც განთავსებულია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესებთან დაკავშირებული ინფორმაცია.