კომისიის განცხადება

სექტემბერი 04, 2013

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2013 წლის 27 ოქტომბრის  საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით განმარტებით განცხადებას ავრცელებს.

საქართველო ორგანული კანონით „საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ მაუწყებლებისთვის შემდეგი მოთხოვნებია წაყენებული:

1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის დროს ვალდებულნი არიან „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ დადგენილი ფორმის შესაბამისად (დანართი N1), საჯაროდ გამოაცხადონ და კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო;

ბ) ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი;

გ) საეთერო დროის ტარიფი;

დ) გაწეული მომსახურება;

გასათვალისწინებელია, რომ ტელე ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს. პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;

ასევე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესაბამისად, უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება ვრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზიაზე, ყველა საერთო ლიცენზიის მფლობელ სამაუწყებლო კომპანიაზე და ასევე, იმ სპეციალიზებული ლიცენზიის მფლობელ კომპანიებზე, რომლების თავის სამაუწყებლო ბადეში განათავსებენ წინასაარჩევნო  (პოლიტიკურ) ფასიან რეკლამას.

2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესაბამისად,

-         წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებელი ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

-         წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ვალდებულია საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას საუკეთესო დროს გადასცეს წინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

-          წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების გაშუქების დროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებისა და ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ შესაბამისად.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელი (04.08.2013) მონაცემებით საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მიზნებისათვის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები არიან:

·         პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“;

·         „საქართველოს კონსერვატიული პარტია“;

·         პ/მ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“;

·         „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“;

·         პ/გ „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“;

·         პ/გ „ეროვნული ფორუმი“;

·         პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

·         „ახალი მემარჯვენეები“;

·         „საქართველოს გზა“;

·         „ხალხის პარტია“;

·         მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“;

·         „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“;

·         „ევროპელი დემოკრატები“;

·         „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია“.

გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49–ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები. წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ყველა პროგრამის ჩაწერა  უნდა განხორციელდეს უწყვეტ რეჟიმში. შემდგომ, დაარქივებული მასალა ყოველი კვირის პარასკევ დღეს უნდა იყოს წარმოდგენილი კომისიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00–19:00 საათი) კომისიის ცხელი ხაზის ნომრებზე: 800–900–907, 800–900–908.

თანდართული დოკუმენტები: