საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგები (09.07.2016 – 08.08.2016)

აგვისტო 31, 2016 17:53

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ორმოცდაცამეტ ტელეკომპანიას დააკვირდება.

მონიტორინგს დაექვემდებარა ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანი არის: 

ა) წინა საარჩევნო რეკლამა;

ბ) წინა საარჩევნო დებატები;

გ) ახალ ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

დ) წინა საარჩევნო აგიტაცია. 

წინასაარჩევნო პროცესის მეორე შუალედური ანგარიში 2016 წლის 8 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგის შედეგად შემდეგი შინარსიის დარღვევები გამოვლინდა:

– „ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამის წამყვანი იყო პოლიტიკური პარტია „კვარაცხელია–სოციალისტების“ თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია.

კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს იმ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და თავი შეიკავოს პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის საზოგადოებრივ–პოლიტიკური, ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით მონაწილეობაზე;

ინფორმაცია ზემოაღნიშნული დარღვევის შესახებ, მოხვდა კომისიის პირველ შუალედურ ანგარიშშიც (http://gncc.ge/ge/regulation/broadcasting/elections/saparlamentro-archevnebi-2016), თუმცა    აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამის „ობიექტივის“ ეთერში განთავსება შეწყდა 2016 წლის 13 აგვისტოს.

კომისიაში რიგი მაუწყებლის მიმართ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების მიზნით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება,   რადგან შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზიას“, შპს „საფერავი ტვ“-ს, შპს „ქართული ტვ“-ს, შპს „ტელეკომპანია ქართულ არხს“, ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ სამაუწყებლო ბადეში ახალი ამბების პროგრამები არ ჰქონდათ განთავსებული.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის ჯ) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობა არის არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა. აღნიშნული მაუწყებლების მიმართ მინიმალური პროგრამული მოთხოვნების დარღვევის ფაქტის გამო დაწყებულია შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება.

შპს „ქართული ტვ“–მ ახალი ამბების პროგრამების განთავსება 2016 წლის 01 აგვისტოდან განაახლა.

– კომისიაში დასრულდა ადმინისტრაციული წარმოება „რუსთავი 2“–ის მიმართ ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების მიზნით.

წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო პროცესის გაშუქების დროს არადისკრიმინაციულობის, გამჭვირვალობის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის პრინციპებისა და ბალანსის დაცვის მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კენჭრისყრამდე არაუგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირები, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ვალდებულნი არიან  წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ შემდეგი სახის ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო; ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი; საეთერო დროის ტარიფი და ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ.

შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთვი 2“-ს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან, 2016 წლის 8 ივნისიდან ამავე წლის 22 აგვისტომდე კომისიაში არ წარმოუდგენია ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია. ტელეკომპანიამ 22 აგვისტოს წარმოადგინა „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილების დანართი  №1-ით განსაზღვრული ინფორმაცია, თუმცა არასრულყოფილად.

საკითხის არსებითი განხილვის და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს პოზიციის მოსმენის შემდეგ, კომისიამ ტელეკომპანია კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში და ფორმით ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო  წერილობით გააფრთხილა.

– რიგი გაზეთების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არ ხორციელდება კომისიაში ყოველკვირეული ინფორმაციის წარმოდგენა.

აღნიშნული გაზეთებია: ხობის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ხობის მოამბე“; ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „რეგიონის ტრიბუნა“; ახალქალაქის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „თვითმმართველობა“; ონის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ონი“; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - შპს „გაზეთი აჭარა და ადჟარა“; ქარელის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ქარელის მოამბე“; აბაშის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „აბაშის მაცნე“; ქუთაისის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „უქიმერიონი“; ხაშურის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ხაშურის მოამბე“; სენაკის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „კოლხეთი“; სიღნაღის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „სიღნაღი“; ტყიბულის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ტყიბული“; ყვარელის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ყვარელი“; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „არშლუისი“; გურჯაანის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაცნე“; ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - ააიპ „მოქალაქეთა ჩართულობის და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრი“ (გაზეთის სახელწოდება არ იქნა მოწოდებული); ახმეტის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ბახტრიონი“; ლენტეხის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „სვანეთი“; გორის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „გორის მაცნე“; მცხეთის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „მცხეთა“; ბოლნისის მუნიციპალიტეტი - გაზეთი „ბოლნისი“;

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით კომისიაზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი შასრულების მიზნით, კომისია თავად ახორციელებს ზემოაღნიშნული გაზეთების საკონტროლო შესყიდვებს და სწავლობს მათ მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის საკითხს.

რეკომენდაციები:

„ტაბულას“ ეთერში განთავსებული იყო არაპოლიტიკური გადაცემა „საუბარი რელიგიაზე“, რომელსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

– „პირველი TV“–ს  ეთერში განთავსებულია არაპოლიტიკური გადაცემა „Face Time, რომელსაც საანგარიშო პერიოდში სტუმრობდა „პატრიოტთა ალიანსი–გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი.

კომისიას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქების მიზნით, მნიშვნელოვანია მაუწყებლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს იმ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და გაითვალისწინონ, რომ საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობა იმ პროგრამაში, რომელიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე. კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის რეკლამირება;

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ გადაცემებში რესპოდენტები გამოთქვამდნენ პოლიტიკურ მოსაზრებებს.

წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული კომისიის მიერ გატარებული სხვა ღონისძიებები:

 

– კომისიამ  საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური და საგადასახადო რეფორმების შესახებ სარეკლამო რგოლი შეისწავლა.

 

კომისიამ „მედიის განვითარების ფონდის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებების საფუძველზე ტელეკომპანიების შპს „სტუდია მაესტრო“-ს, შპს „ტელეიმედი“-ს და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ბადეში განთავსებული სარეკლამო რგოლი შეისწავლა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ და საგადასახადო რეფორმებს ეხებოდა.

 

განცხადების ავტორი ორგანიზაციები მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული ვიდეორგოლი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავდა, რის გამოც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიისგან ვიდეორგოლის შესწავლა და მისი სტატუსის განსაზღვრა მოითხოვეს.

კომისიამ საკითხის მოკვლევის შემდეგ დააგდინა, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლი ტელეკომაპნიების შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ტელეიმედის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ბადეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაკვეთით, სარეკლამო კოპმანიების საშუალებით, ფასიანი რეკლამის სტატუსით იყო განთავსებული.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

ვიდეორგოლში მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებულ საგადასახადო ცვლილებების თაობაზე (შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს „საგადასახადო კოდექსში“ მიმდინარე წლის პირველ ივნისს შევიდა ძალაში) - რეინვესტირების შემთხვევაში მეწარმე მთლიანად თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან, ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებული ძირითადი საშუალებების იმპორტი გათავისუფლებულია დღგ–ს თანხის გადასახადისგან. ასევე აღნიშნულია, რომ საგადასახადო დავის დროს მეწარმის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება, ხოლო საგადასახადო შემოწმება ხორციელდება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ და რომ ამოქმედდა დამწყები ინოვაციური ბიზნესების დაფინანსების პროგრამა „სტარტაპ საქართველო“. ვიდეო რგოლში ნაჩვენები არ არის არც საარჩევნო სუბიექტი და არც საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, შესაბამისად, არ განხორციელებულა არცერთი საარჩევნო სუბიექტის იდენტიფიცირება, ისევე როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის სიმბოლიკის წარმოჩენა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნული ვიდეო რგოლით გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, აქედან გამომდინარე შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

– წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის ფარგლებში, კომისია გეგმავს მე–3 შუალედურ ანგარიშში საინფორმაციო გამოშვებებში პოლიტიკური პარტიებისათვის პირდაპირ და ირიბად დათმობილი დროის შესახებ ინფორმაციის დამატებას.

თანდართული დოკუმენტები: