კომისიამ 2016 წლის თვითმართველობის შუალედური არჩევნების მონიტორინგი დაიწყო

აპრილი 13, 2016 14:32

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თვითმმართველობის შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი 2016 წლის 2 აპრილს დაიწყო და ორმოცდაათი დღის განმავლობაში, 24 საათიან რეჟიმში ოთხ სამაუწყებლო არხს (შპს „ტელეკომპანია კავკასია“, შპს „ტელეკომპანია თბილისი“ („Music Box“), შპს „დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ოდიში“ და შპს „დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია გურია“) დააკვირდება.

 „საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ მაუწყებლებისთვის შემდეგი მოთხოვნებია წაყენებული:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირები, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის დროს ვალდებულნი არიან „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით“ დადგენილი ფორმის შესაბამისად (დანართი N1), საჯაროდ გამოაცხადონ და კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო;

ბ) ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი;

გ) საეთერო დროის ტარიფი;

დ) გაწეული მომსახურება;

გასათვალისწინებელია, რომ ტელე ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს. პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. რადიმაუწყებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ხმოვანი მითითება „ფასიანი პოლიტიკური რეკლამის“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამის“ შესახებ. გარდა ამისა, მაუწყებლის ეთერში გაშვებული ნებისმიერი წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი აღჭურვილი უნდა იყოს სურდოთარგმანით (უნარშეზღუდულთათვის). აღნიშნულის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი თავად  საარჩევნო სუბიექტია.

ასევე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესაბამისად, უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება უჩნდებათ იმ ადგილობრივ საერთო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ კომპანიებს და იმ სპეციალიზებული მაუწყებლობის კომპანიებს, რომლებიც თავის სამაუწყებლო ბადეში განათავსებენ წინასაარჩევნო  (პოლიტიკურ) ფასიან რეკლამას. ეს ვალდებულება ზემოთ ხსენებულ მაუწყებლებზე კენჭისყრის დღიდან 30 დღით ადრე ჩნდება და ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო არ უნდა აღემატებოდეს სამ საათში ერთხელ 90 წამს.

საზოგადოებრივ მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს  ეთერში გაშვებული არჩევნებთან დაკავშირებული გადაცემები  უზრუნველყოს სურდოთარგმანით.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესაბამისად;

-         წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებელი ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

-          წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების გაშუქების დროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებისა და ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ შესაბამისად.

გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49–ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები. წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ყველა პროგრამის ჩაწერა  უნდა განხორციელდეს უწყვეტ რეჟიმში. შემდგომ, დაარქივებული მასალა ყოველი კვირის პარასკევ დღეს უნდა იყოს წარმოდგენილი კომისიაში.