მომხმარებელ გ. ღოთვაძის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ივნისი 24, 2015 17:07

მიღების თარიღი ივნისი 25, 2015


ნომერი: 371 / 23



საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 5 ივნისს კომისიას რეაგირებისთვის მომართა კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი”) თამთა ტეფნაძემ (2015 წლის 5 ივნისის №შ-10/3695-15 მომართვა). აღნიშნული მომართვიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს განსახილველად გადაეცა შპს „მაგთიკომის“ აბონენტის გ. ღოთვაძის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-9/1764-15; 07.04.2015). მომხმარებლის განცხადებით, მის სამ სააბონენტო ნომერზე შეძენილი ინტერნეტ-პაკეტების ბალანსი 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 25.8, 5.8 და 6.4 მეგაბაიტს. მომხმარებლის განმარტებით, აღნიშნული მეგაბაიტები, განსაზღვრულ ვადაში გამოუყენებლობის შემთხვევაში, იყინებოდა უვადოდ და ნებისმიერ დროს ახალი ინტერნეტ-პაკეტის გააქტიურების დროს შესაძლებელი იყო მათი გამოყენება. გ. ღოთვაძის საჩივარში აღნიშნულია, რომ 2015 წლიდან შპს „მაგთიკომმა“ გაუუქმა შეძენილი ინტერნეტ-პაკეტები, დადგენილი ვადის ამოწურვიდან 7 დღის განმავლობაში გამოუყენებლობის გამო. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მომხმარებელმა განცხადებით მიმართა შპს „მაგთიკომს“ გაუქმებული მეგაბაიტების აღდგენის მოთხოვნით, გამოყენების იმავე პირობებით, რა პირობებითაც მან შეიძინა ინტერნეტ-პაკეტები. შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 29 მარტის წერილით, მომხმარებელს ეცნობა, რომ შპს „მაგთიკომმა“ განახორციელა მომსახურების მიწოდების პირობების ცვლილება, რომლის შესაბამისად, მომხმარებელი უფლებამოსილი იყო 30 დღის განმავლობაში ესარგებლა შეძენილი ინტერნეტ-პაკეტით. ამავე ცვლილების შესაბამისად, გამოუყენებელი ერთეულები დეაქტივირდებოდა და შენახულ იქნებოდა ახალი პაკეტის შეძენამდე მაქსიმუმ 7 დღით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ მოხდებოდა დეაქტივირებული ერთეულების გაუქმება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომხმარებელს მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომს“ არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი შეეცვალა მომსახურების პირობები უკვე რეალიზებულ პროდუქტზე და გაეუქმებინა შეძენილი გაყინული მეგაბაიტები. შესაბამისად, გ. ღოთვაძე ითხოვს კომისიამ დაავალოს შპს „მაგთიკომს“ აღუდგინოს მომხმარებელს სამივე სააბონენტო ნომერზე მისი კუთვნილი მეგაბაიტები მომსახურების იმ პირობებით, რა პირობებითაც მომხმარებელმა შეიძინა მომსახურება.

საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 5 ივნისის მომართვის შესაბამისად, შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 17 აპრილის წერილით საზოგადოებრივ დამცველს ეცნობა, რომ 2014 წლის დეკემბერში კომპანიამ განახორციელა ცვლილება მომსახურების პირობებში, კერძოდ, შეძენილი მეგაბაიტების შენახვის ვადა განისაზღვრა 7 დღით. შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, აღნიშნული ცვლილების თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა კომპანიის ვებ-გვერდზე და აბონენტებს გაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ცვლილების ძალაში შესვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე. შპს „მაგთიკომის“ განცხადებით, მომსახურების პირობებში ცვლილების შეტანის წესი გათვალისწინებულია შპს „მაგთიკომის“ მომსახურების გაწევის სტანდარტულ პირობებში და სააბონენტო ხელშეკრულებაში.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომმა“ მომხმარებლის კუთვნილ სააბონენტო ნომრებზე გაუქმებული ინტერნეტ ერთეულები აღადგინა. საზოგადოებრივი დამცველის განმარტებით, საკითხის ყოველმხრივ შესწავლის შედეგად აღნიშნულ საჩივარში არ დადასტურდა მომხმარებლის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა და კომპანიის მხრიდან მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი. მიუხედავად აღნიშნულისა, მომხმარებელი კვლავ სადაოდ მიიჩნევს კომპანიის ქმედებას  ხელშეკრულების პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით და სურს აღნიშნული საკითხი განხილულ იქნას კომისიის მიერ.

მომხმარებელ გ. ღოთვაძის საჩივრის განხილვის მიზნით ფომალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 25 ივნისს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც შეტყობინებებით (№03/1047-15, 22.06.2015; №03/1048-15, 22.06.2015) ეცნობა შპს „მაგთიკომს“ და მომხმარებელ გ. ღოთვაძეს და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 25 ივნისს კომისიაში შემოვიდა გ. ღოთვაძის განცხადება, რომელშიც მან დაადასტურა კომისიის 2015 წლის 22 ივნისის №03/1048-15 შეტყობინების მიღება და თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 25 ივნისს, 16:10 საათზე დავის განხილვაში მონაწილეობის გამო ითხოვა კომისიას მომხმარებლის დაუსწრებლად მიეღო გადაწყვეტილება მის საჩივარზე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისიის 2015 წლის 25 ივნისის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დ. ძიძიგური და საზოგადოებრივი დამცველი თ. ტეფნაძე. კომისიის სხდომაზე დ. ძიძიგურმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა საფუძვლიანად შეისწავლა მომხმარებლის საჩივარი და რომ კომპანიის მხრიდან დარღვევის ფაქტი სახეზე არ არის. დ. ძიძიგურის განმარტებით, მომხმარებელი სადაოდ ხდის შპს „მაგთიკომის“ მიერ სახელშეკრულებო პირობების ცალმხრივად შეცვლას, რაც მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა, მით უფრო, როცა მომსახურების მიმწოდებელი ემსახურება მილიონობთ აბონენტს. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული დაშვებულია მოქმედი კანონმდებლობით, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების პირობებში ცვლილებების განხორციელებამდე 10 სამუშაო დღით ადრე მომხმარებლების ინფორმირების ვალდებულების შესრულების პირობით. დ. ძიძიგურის განცხადებით, მომხმარებელმა პირველად შპს „მაგთიკომს“ მიმართა და კომპანიამ სადაოდ არ გახადა მისი მოთხოვნა მეგაბაიტების აღდგენის თაობაზე, ვინაიდან, აბონენტის სატელეფონო ნომრებზე კომპანიის მიერ გაგზავნილი შეტყობინებების შესახებ კომპანიაში დაცულ დეტალურ მონაცემებში არ ჩანდა აბონენტს მიუვიდა თუ არა შპს „მაგთიკომის“ შეტყობინება მომსახურების პირობების ცვლილების შესახებ. დ. ძიძიგურის განცხადებით, შესაძლოა, ამ პერიოდში აბონენტის ნომერი გამორთული იყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ძიძიგურის განმარტებით, შპს „მაგთიკომმა“ აღუდგინა გაუქმებული მეგაბაიტები მომხმარებელს და აცნობა, რომ მოქმედებდა მომსახურების ახალი პირობები. შესაბამისად, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის განმარტებით, მომხმარებელსა და შპს „მაგთიკომს“ შორის დავის განხილვა აზრს მოკლებულია.

კომისიის 2015 წლის 25 ივნისის სხდომაზე საზოგადოებრივმა დამცველმა დაადასტურა მის 2015 წლის 5 ივნისის მომართვაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მომხმარებელს სურდა უშუალოდ კომისიას შეესწავლა და განეხილა მისი საჩივარი. საზოგადოებრივმა დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ გ. ღოთვაძის საჩივრის შესწავლისას შპს „მაგთიკომის“ მხრიდან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს თავად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს ან/და კომისიას ან პირდაპირ სასამართლოს, საზოგადოებრივი დამცველი ითხოვს კომისიამ უზრუნველყოს გ. ღოთვაძის საჩივრის განხილვა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი დამცველის მომართვისა და თანდართული დოკუმენტაციის, მომხმარებელ გ. ღოთვაძის 2015 წლის 7 აპრილის საჩივრისა და 2015 წლის 25 ივნისის განცხადების, ასევე, შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლისა და საზოგადოებრივი დამცველის ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ მომხმარებელ გ. ღოთვაძის საჩივრის განხილვის მიზნით უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

საჩივრის ავტორი გ. ღოთვაძე წარმოადგენს შპს „მაგთიკომის“ აბონენტს, რაც დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საზოგადოებრივი დამცველის მომართვაზე თანდართული შეთანხმებებით სააბონენტო ნომრების გურამ ღოთვაძის სახელზე გადაფორმების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მომხმარებელ გ. ღოთვაძის საჩივრის განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენა უნდა გაიმართოს 2015 წლის 16 ივლისს, 16:00 საათზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მომხმარებელ გ. ღოთვაძის საჩივრის განხილვის მიზნით;
  2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 16 ივლისს, 16.00 საათზე;
  3. შპს ,,მაგთიკომი“ კომისიის სხდომაზე გაფრთხილდა კომისიის მომდევნო სხდომის გამართვის ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების მომხმარებელ გურამ ღოთვაძისთვის, საზოგადოებრივი დამცველისა და შპს ,,მაგთიკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

  1. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
  2. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
  3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
  4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-4 და მე-7 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                           ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                            გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                            მერაბ ქათამაძე