მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივრის განხილვის შესახებ

დეკემბერი 25, 2014 17:00

მიღების თარიღი ნოემბერი 13, 2014


ნომერი: 631 / 18
 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს კომისიას რეაგირებისთვის მომართა კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა  (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი”) თამთა ტეფნაძემ (2014 წლის 3 ოქტომბრის №10/1628-14 მომართვა). აღნიშნული მომართვიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს საჩივრით მიმართა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ აბონენტმა უჩა ნებიერიძემ (საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრაციის №260/6; 08.07.2014). მომხმარებლის განცხადებით, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ   მისთვის მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების საფასური შეადგენდა თვეში 30 ლარს, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების ღირებულება - 15 ლარს. მომხმარებელი თავის საჩივარში აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ აბონენტის გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე გაზარდა ინტერნეტ-მომსახურების ტარიფი. განმცხადებელი ასევე სადაოდ ხდის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ მისთვის ინტერნეტ- მომსახურების მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნაზე უარს, ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების შეჩერებას მხოლოდ 3 თვის ვადით, აღნიშნული მომსახურების შეჩერების პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების ტარიფის გაზრდას 24 ლარამდე და ამავე მომსახურების დაბალ ხარისხს, მათ შორის, გადახვევის ფუნქციის მოშლას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომხმარებელს აქვს შემდეგი მოთხოვნები:

1.                  მომსახურებისთვის დადგენილი მომატებული ტარიფით აბონენტის მიერ შპს ,,კავკასუს ონლაინისათვის“ გადახდილი თანხის დაბრუნება;

2.                  მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების ხარისხის გამოსწორება, მათ შორის, გადახვევის ფუნქციის აღდგენა;

3.                  შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ კანონით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება;

4.                  სააბონენტო ხელშეკრულების თანახმად ძველი ტარიფის აღდგენა.

            საზოგადოებრივი დამცველის მომართვიდან ირკვევა, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა სამჯერ მიმართა (№9/244; 25.07.2014; №9/265; 22.08.2014; №9/270; 05.09.2014 წერილები) შპს ,,კავკასუს ონლაინს“ და მომხმარებლის საჩივარში აღნიშნული საკითხების სრულყოფილად შესწავლის მიზნით არაერთგზის მოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 12 აგვისტოს საპასუხო წერილის თანახმად, უჩა ნებიერიძე აღნიშნული კომპანიის აბონენტად ფიქსირდება 2012 წლის 13 ივლისიდან და ის სარგებლობდა ორმაგი შეთავაზების ფასდაკლებული მომსახურებით: ინტერნეტი + ტელევიზია (ინტერნეტი 30 ლარი +ტელევიზია 20 ლარი, ჯამში - 50 ლარი, ფასდაკლებით - 42 ლარი). შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ამავე წერილის თანახმად, აბონენტს 2013 წლის 15 თებერვალს ეცნობა, რომ ტელევიზიის ტარიფი იზრდებოდა 4 ლარით და მისი სააბონენტო გადასახადი 42 ლარის ნაცვლად გახდებოდა 46 ლარი. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადებით,  2014 წლის 6 თებერვალს აბონენტს საკონტაქტო ნომერზე ეცნობა ახალი ინტერნეტ პაკეტებისა და ტარიფების შესახებ, ასევე, არსებული პაკეტის ინტერნეტ სიჩქარის ცვლილებისა და ჯამური სააბონენტო გადასახადის თაობაზე (ჯამური თანხა 51 ლარი, ინტერნეტი 35 ლარი + ტელევიზია 24 ლარი, ჯამში 59 ლარი, ფასდაკლებით 51 ლარი). კომპანიის ინფორმაციით, აბონენტს მომსახურების შეწყვეტის შესახებ წერილობით არ მოუმართავს და შესაბამისად, არც კომპანიისგან მიუღია უარი აღნიშნულზე. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადებით, აბონენტის მხრიდან კომპანიაში დაფიქსირებული სატელეფონო ზარებიდან ირკვევა, რომ მან დროებით შეაჩერა ინტერნეტ-მომსახურება 2014 წლის პირველ სექტემბრამდე. კომპანიის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ აბონენტი სარგებლობდა ორმაგ შეთავაზებაზე ფასდაკლებით, ერთ-ერთი სერვისის შეჩერების შემთხვევაში, მეორე სერვისი გადავიდა სრულ ღირებულებაზე, შესაბამისად, მისი სააბონენტო გადასახადი ტელევიზიის მომსახურებისათვის შეადგენს 24 ლარს. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 2 სექტემბრის საპასუხო წერილის თანახმად, კომპანიამ ტექნიკური მიზეზების გამო ვერ უზრუნველყო მომხმარებელთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების ასლის მოძიება და საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისათვის წარდგენა. ამავე წერილის თანახმად, აბონენტს საანგარიშო თვის განმავლობაში მიეწოდებოდა ხარისხიანი მომსახურება, IPTV მომსახურებაზე დროის სხვადასხვა მონაკვეთში დაფიქსირდა ხარვეზი (2014-03-02 არხის გადახვევის პრობლემა; 2014-05-14 არხის გადახვევა არ ხორციელდებოდა ზუსტი დროით; 2014-06-20 არ აჩვენებდა ერთ-ერთ არხს), რაც კომპანიის განმარტებით, შეესაბამებოდა საანგარიშო თვეში გასაწევი მომსახურების მიწოდების ხარისხს და შესაბამისად, არ ამოქმედებულა საკომპენსაციო მექანიზმი. შპს ,,კავკასუს ონლაინის” 2014 წლის 24 სექტემბრის (საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრაციის №9/316; 24.09.2014) საპასუხო წერილის თანახმად, 2014 წლის 20 ივნისს (20.06.2014, 22:50 – 20.06.2014, 23:16) აბონენტს არ მიეწოდებოდა სატელევიზიო არხი ,,იმედი“. ამასთან, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ამავე წერილთან ერთად წარმოდგენილი სატელევიზიო პროგრამის ამონაწერის თანახმად, 2014 წლის 2 მარტიდან 6 მარტის ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა სატელევიზიო არხის მიწოდებისას დადგინდა შემდეგი სახის ხარვეზები: შავი ეკრანი, გამოსახულება ხარვეზებით, გათიშვა, გადახვევის პრობლემა, გადახვევისას აცდენილი დრო. საზოგადოებრივი დამცველის მომართვიდან ირკვევა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინმა” 2014 წლის 24 სექტემბერს აცნობა საზოგადოებრივ დამცველს, რომ მომსახურების მიწოდების ხარისხის შესაბამისობის მაჩვენებელი და საკომპენსაციო მექანიზმის საკითხი რეგულირდება შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ძირითადი ხელშეკრულების მესამე მუხლით განსაზღვრული წესით.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ დარღვეულია:

1.                     ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-101 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ინტერნეტით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე (გარდა მობილური და dial up ინტერნეტისა);

2.                     ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე;

3.                     ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი კომისიას ან კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მათივე მოთხოვნით წარუდგენს მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებულ სრულ ინფრომაციას, რაც ასევე მოიცავს რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების ფორმის წარდგენის ვალდებულებას;

4.                     ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-109 მუხლის მე-6 პუნქტის ლ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც კომპანიას აღნიშნულ მომხმარებელთან უნდა გამოეყენებინა მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლის დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებული საკომპენსაციო მექანიზმი;

5.                     ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, მომხმარებელს აქვს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევის უფლება.

              ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ კომისიამ უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მომხმარებლის საჩივრის განხილვის მიზნით. ამასთან, საზოგადოებრივი დამცველი ითხოვს, რომ კომისიამ დაავალოს შპს ,,კავკასუს ონლაინს“, კომპანიის მიერ უჩა ნებიერიძის სატელეფონო ნომერზე განხორციელებული სატელეფონო ზარების ჩანაწერების წარმოდგენის უზრუნველყოფა, რათა უტყუარად დადგინდეს, კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა თუ არა ადგილი კომპანიის მიერ მომხმარებლის უფლების დარღვევას მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევასთან დაკავშირებით.

              მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2014 წლის 23 ოქტომბერს, რის თაობაზეც შეტყობინებებით ეცნობათ უ. ნებიერიძეს, საზოგადოებრივ დამცველს, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 23 ივნისს, კომისის სხდომაზე გამოცხადდნენ  უჩა ნებიერიძე, საზოგადოებრივი დამცველი და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები სალომე ბერიშვილი და თამარ ხარაზიშვილი (მოქმედნი შპს ,,კავკასუს ონლაინის“ დირექტორ ნიკოლოზ ჭიაურელის მიერ 2014 წლის 23 ოქტომბერს გაცემული №01-10/220 და №01-10/221 მინდობილობების საფუძველზე; მინდობილობების მოქმედების ვადა:  2014 წლის 23 ოქტომბრიდან 2014  წლის 31 დეკემბრის ჩათვლით).

უჩა ნებიერიძის განცხადებით, მისი მოთხოვნა კომპანიის მიმართ არის იმ მომსახურების აღდგენა, რომლის საფასურს მოხმარებელი იხდის და ზედმეტად გადახდილი თანხის მისთვის დაბრუნება. უ. ნებიერიძის განმარტებით, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ მის მიერ პრეტენზიების დაფიქსირების შემდგომ შესთავაზა სამი თვის განმავლობაში მომსახურების უფასოდ მიწოდება, რაზეც მომხმარებელმა უარი განაცხადა და კომპანიას შესთავაზა სააბონენტო ხელშეკრულების თავიდან გაფორმება იმ პირობით, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინი“ გამოყოფდა პასუხისმგებელ პირს, რომელსაც მომხმარებელი უშუალოდ დაუკავშირდებოდა მომსახურების მიწოდებისას წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ხოლო აღნიშნული პირის მიერ პრობლემის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომპანია ვალდებული იქნებოდა მომხმარებლისთვის გადაეხადა ჯარიმა. უ. ნებიერიძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, მან საჩივრით მიმართა კომისიას. მომხმარებლის განცხადებით, შპს ,,კავკასუს ონლაინისგან“ 2014 წლის 29 სექტემბერს მიიღო წერილი თანდართული სააბონენტო ხელშეკრულების ფორმით, რომლის თანახმად, კომპანია შეუწყვეტდა უ. ნებიერიძეს მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდებას, თუკი მომხმარებელი არ მოაწერდა ხელს ხელშეკრულებას, რაზეც მომხმარებელმა უარი განაცხადა. ამასთან, უ. ნებიერიძემ დაადასტურა, რომ მას არ სურდა შპს ,,კავკასუს ონლაინთან“ მორიგება.  უ. ნებიერიძის განმარტებით, კომპანიას მასთან არ გაუფორმებია წერილობითი ხელშეკრულება, რის გამოც შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ მოთხოვნების დაყენებისას, მომხმარებელი ხელმძღვანელობდა კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სააბონენტო ხელშეკრულების პირობებით.

საზოგადოებრივმა დამცველმა დაადასტურა მის 2014 წლის 3 ოქტომბრის მომართვაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მისი მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, საზოგადოებრივმა დამცველმა დააზუსტა, რომ ის სთხოვდა კომისიას დაევალებინა შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ კომპანიასა და მომხმარებელს შორის განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის აუდიო-ჩანაწერების წარმოდგენა, რათა დადასტურებულიყო მომხმარებლის მიერ მომსახურების შეწყვეტის მოთხოვნისა და კომპანიის მიერ უჩა ნებიერიძის მომსახურების სახის არჩევის უფლების შეზღუდვის ფაქტი ან პირიქით, უჩა ნებიერიძის მიერ მომსახურების მხოლოდ შეჩერების მოთხოვნის ფაქტი.

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელის განმარტებით, კომპანიამ შესთავაზა აბონენტს მორიგება, რაზეც მან უარი განაცხადა. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უჩა ნებიერიძის საჩივარში აღნიშნული საკითხის განხილვა განეკუთნება კომისიის კომპეტენციას და არ არის წინააღმდეგი კომისიამ მოცემულ საჩივარზე დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება. ამასთან, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია მზად არის  საქმე მორიგებით დაასრულოს. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განმარტებით, მომხმარებელ უჩა ნებიერიძისთვის მომსახურების მიწოდების საფუძველს წარმოადგენდა მასსა და შპს ,,კავკასუს ონლაინს“ შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კომპანიის მიერ ვერ იქნა მოძიებული. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განცხადებით, მომხმარებელი სარგებლობდა ორმაგი შეთავაზების პირობით, კერძოდ, ინტერნეტ და IPTV მომსახურებით, რომლის ტარიფიც ზოგადად ყველა მომხმარებლისთვის, მათ შორის, მომხმარებელ უჩა ნებიერიძისთვისაც გაიზარდა. ამასთან, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ, უჩა ნებიერიძეს მომსახურების შეწყვეტა არ მოუთხოვია კომპანიისგან და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ განემარტა, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო შეეწყვიტა სააბონენტო ხელშეკრულება ისევე, როგორც შეეჩერებინა მომსახურების მისთვის მიწოდება.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვისა და თანდართული დოკუმენტაციის, მომხმარებელ უ. ნებიერიძის საჩივრისა და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ საზოგადოებრივი დამცველისთვის გაგზავნილი წერილების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივრის განხილვის მიზნით უნდა დაწყებულიყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;

გ) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას;

დ) ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად;

ე) საჩივრის ავტორი წარმოადგენს შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ინტერნეტ-მომსახურებისა და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მომხმარებელს, რაც დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებებით;

ვ) შპს ,,კავკასუს ონლაინი“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ძ) პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ უნდა დაწყებულიყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივრის განხილვის მიზნით, ხოლო საზოგადოებრივი დამცველი უნდა ჩართულიყო მხარედ ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში მომხმარებლის ინტერესების დასაცავად. კომისიამ ასევე, მიიჩნია, რომ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, უნდა დაკმაყოფილებულიყო საზოგადოებრივი დამცველის შუამდგომლობა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიაში კომპანიასა და მომხმარებელს შორის განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის აუდიო-ჩანაწერების წარმოდგენის თაობაზე და  შპს ,,კავკასუს ონლაინს“  უნდა დავალებოდა დავის გადასაწყვეტად საჭირო ყველა დოკუმენტაციის, მათ შორის, მომხმარებლის მიერ მომსახურების შეწყვეტის ან შეჩერების მოთხოვნისა და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ მომხმარებლის არჩევანის უფლების უზრუნველყოფის ფაქტის დადგენის მიზნით, შპს ,,კავკასუს ონლაინსა“ და მომხმარებელს შორის განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის აუდიო-ჩანაწერების  კომისიაში წარმოდგენა, ზეპირ მოსმენამდე 4 სამუშაო დღით ადრე.

         კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ზეპირი მოსმენის ძირითადი მიზანია დავის  მორიგებით გადაწყვეტა. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ მხარეებს უნდა მისცემოდათ შესაძლებლობა სადავო საკითხი გადაეწყვიტათ  მორიგებით, რისთვისაც კომისიას მათთვის უნდა განესაზღვრა გონივრული ვადა. შესაბამისად, კომისიის 2014 წლის 23 ოქტომბრის №587/23 გადაწვეტილებით დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივრის განხილვის მიზნით, საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2014 წლის 6 ნოემბერს, 16.00 საათზე, ხოლო საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნა მომხმარებელ უჩა ნებიერიძის ინტერესების დასაცავად. ამავე გადაწყვეტილებით, მხარეებს მოსარიგებლად ვადა განესაზღვრათ 2014 წლის 6 ნოემბრამდე, ხოლო შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დაევალა დავის გადასაწყვეტად საჭირო ყველა დოკუმენტაციის, მათ შორის, მომხმარებლის მიერ მომსახურების შეწყვეტის ან შეჩერების მოთხოვნისა და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ მომხმარებლის არჩევანის უფლების უზრუნველყოფის ფაქტის დადგენის მიზნით, შპს ,,კავკასუს ონლაინსა“ და მომხმარებელს შორის განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის აუდიო-ჩანაწერების წარმოდგენა კომისიაში, ზეპირ მოსმენამდე 4 სამუშაო დღით ადრე.

კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ მომხმარებელი უჩა ნებიერიძე, საზოგადოებირვი დამცველი თ. ტეფნაძე, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები თამარ ხარაზიშვილი და სალომე ბერიშვილი. კომისიის სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ მორიგება მათ შორის არ შედგა.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 27 ოქტომბრის №03/2187-14 წერილით შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მოეთხოვა კომისიაში შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა: წერილობითი შეპასუხება მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივარში და კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვაში აღნიშნულ საკითხებზე; უჩა ნებიერიძის კუთვნილი სატელეფონო ნომრიდან შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ცხელი ხაზის ნომრის მიმართულებით და პირიქით, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ქსელიდან უჩა ნებიერიძის კუთვნილ სატელეფონო ნომრის მიმართულებით განხორციელებული სატელეფონო ზარების აუდიო-ჩანაწერები თარიღის მითითებით, მხარეთა შორის დავის საგანთან დაკავშირებით (აბონენტის მიერ ინტერნეტ-მომსახურების შეწყვეტის ან შეჩერების მოთხოვნა და აღნიშნულ მოთხოვნაზე რეაგირება კომპანიის მხრიდან, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების ხარვეზებით მიწოდებასთან დაკავშირებით მიმართვები და მათზე რეაგირება); უჩა ნებიერიძის მიერ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მომსახურების სააბონენტო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია თარიღისა და მომსახურების სახის მითითებით შესაბამის მონაცემთა ბაზიდან ამონაწერის სახით (ე.წ. screenshot“-ი) მომსახურების აბონენტისთვის მიწოდების დაწყების მომენტიდან კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში უ. ნებიერიძის მიერ საჩივრის შეტანამდე პერიოდის მიხედვით; შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ უ. ნებიერიძის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე  მომსახურების ტარიფის ცვლილებების თაობაზე  მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესაბამის მონაცემთა ბაზიდან ამონაბეჭდი ე.წ. ,,screenshot“-ი); ორმაგი შეთავაზების მომსახურების მიწოდების შესახებ სააბონენტო ხელშეკრულების ფორმა, რომელიც მოქმედებდა უჩა ნებიერიძის მიერ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის დაწყების დროს; შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ მომხმარებლებისთვის (მათ შორის, უჩა ნებიერიძისთვის) დაწესებული საკომპენსაციო მექანიზმის დეტალური აღწერილობა; მომხარებელ უჩა ნებიერიძისთვის ამჟამად ხარვეზების გარეშე მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი ინფორმაცია.

            კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლებმა კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციიდან წარმოადგინეს მხოლოდ წერილობითი შეპასუხება და შპს ,,კავკასუს ონლაინსა“ და მომხმარებელს შორის განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის აუდიო-ჩანაწერი.

            კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე საზოგადოებრივმა დამცველმა იშუამდგომლა კომისიას შეესწავლა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ მომხმარებლისთვის მიმდინარე წლის 2 მარტს, 14 მაისს და 20 ივნისს, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდების დროს, ჰქონდა თუ არა ადგილი ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული დაზიანების სახეებს და აღმოფხვრილ იქნა თუ არა აღნიშნული დაზიანებები ამავე რეგლამენტით განსაზღვრული ვადების დაცვით, ხოლო კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტმა იშუამდგომლა გაცემულიყო სამსახურებრივი დავალება კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტ ციალა უჯმაჯურიძისთვის, აღნიშნულ საკითხზე დასკვნის მომზადების მიზნით, ხოლო შპს ,,კავკასუს ონლაინს“ დავალებოდა მომხმარებლისთვის მიმდინარე წლის 2 მარტს, 14 მაისს და 20 ივნისს, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდების დროს დაფიქსირებული დაზიანებების გამომწვევი მიზეზების შესახებ ტექნიკური განმარტების წარმოდგენა კომისიაში.

            კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის სხდომაზე უჩა ნებიერიძემ აღნიშნა, რომ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებით სარგებლობისას აღმოაჩინა, რომ სრულწლოვანთათვის განკუთვნილ ფილმებზე არ არის დაწესებული პინ კოდი და ფილმები შეუზღუდავად ხელმისაწვდომია ყველასთვის, მათ შორის, ბავშვებისთვის.

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ საოქმო გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა საზოგადოებრივი დამცველის და კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის შუამდგომლობები. კერძოდ, კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ციალა უჯმაჯურიძეს დაავალა ტექნიკური დასკვნის მომზადება,  მომხმარებელ უ. ნებიერიძესთან მიმართებით ჰქონდა თუ არა ადგილი ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული დაზიანების სახეებს და აღმოფხვრილ იქნა თუ არა აღნიშნული დაზიანებები ამავე რეგლამენტით განსაზღვრული ვადების დაცვით, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ მიმდინარე წლის 2 მარტს, 14 მაისს და 20 ივნისს, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდების დროს. კომისიამ ასევე, დაავალა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს განეხორციელებინა შემოწმება აბონენტის ბინაში, რათა დადგენილიყო მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტით მიწოდების მომსახურების მიწოდების დროს ხარვეზების (მათ შორის გადახვევის ფუნქციასთან დაკავშირებით)  არსებობობა/არარსებობის და სრულწლოვანთათვის განკუთვნილი ფილმების შეუზღუდავად ყველასთვის ხელმისაწვოდმობის ფაქტები.

            კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს ,,კავკასუს ონლაინს“ 2014 წლის 27 ოქტომბრის №03/2187-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი, რაც შეუძლებელს ხდიდა საკითხის სრულყოფილად შესწავლას, კომისიამ 2014 წლის 6 ნოემბერს, საოქმო გადაწყვეტილებით გადადო სხდომა 2014 წლის 13 ნოემბრისთვის და მოსთხოვა შპს ,,კავკასუს ონლაინს“ 2014 წლის 27 ოქტომბრის №03/2187-14 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად წარმოდგენა საკითხის განხილვამდე სულ ცოტა ორი სამუშაო დღით ადრე.

            შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ 2014 წლის 6 ნოემბერს კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს კომპანიის წარმომადგენელი თამარ ხარაზიშვილი, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ არ იზიარებს აბონენტ უჩა ნებიერიძის საჩივარში მითითებულ არცერთ პრეტენზიას და აცხადებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია აბონენტის უფლებები და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილობით შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ უჩა ნებიერიძე წარმოადგენს შპს ,,კავკასუს ონლაინის“ აბონენტს 2012 წლის 13 ივნისიდან და კომპანია მას აწვდის ინტერნეტ-მომსახურებასა და IPTV მომსახურებას. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიასა და აბონენტ უჩა ნებიერიძეს შორის გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, თ. ხარაზაშვილის განმარტებით, კომპანიამ ვერ შეძლო 2 წელზე მეტი ხნის წინ გაფორმებული ათასობით ხელშეკრულების სათანადო წესით დაარქივება იმგვარად, რომ შესაძლებელი ყოფილიყო უ. ნებიერიძესთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლის მოძიება, რის გამოც ვერ წარუდგინა კომისიას აღნიშნული ხელშეკრულება. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განცხადებით, ფორმალური ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, აბონენტს 2014 წლის 26 სექტემბერს გაეგზავნა კომპანიის მხრიდან ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 26 სექტემბრის №9/317 წერილით, რომელშიც კომპანიამ სთხოვა აბონენტს ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილობითი შეპასუხების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ აბონენტმა დაუსაბუთებლად უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე, კომპანიამ არ შეუწყვიტა მას მომსახურების მიწოდება, კერძოდ, IPTV მომსახურება აბონენტს ამჟამად მიეწოდება, ხოლო ინტერნეტ-მომსახურება დაპაუზებული აქვს 2015 წლის პირველ იანვრამდე, მისივე მოთხოვნით. თ. ხარაზიშვილის განმარტებით, მხარეთა შორის ურთიერთობები რეგულირდება კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კავკასუს ონლაინის მომსახურების ძირითადი ხელშეკრულებით, აბონენტი სრულად არის ინფორმირებული მომსახურების პირობების შესახებ და თუ აბონენტისთვის მიუღებელია ესა თუ ის პირობა, მას ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს მომსახურება შემაფერხებელი პირობის/პირგასამტეხლოს გარეშე.

            შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის თ. ხარაზიშვილის განმარტებით, 2013 წლის 15 მარტიდან კომპანიამ შეცვალა IPTV მომსახურების პირობები, კერძოდ, შეცვალა/განაახლა არსებული პაკეტები და განახლებულ პაკეტებზე დაადგინა განსხვავებული ფასები.  ამავე შეპასუხების შესაბამისად, კომპანიას ხელშეკრულებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის თანახმად, უფლება აქვს შეცვალოს მომსახურების პირობები და ტარიფები ნებისმიერ დროს, აღნიშნული ცვლილების თაობაზე აბონენტისთვის ინფორმაციის სათანადო წესით მიწოდებით. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განმარტებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის 4.6 მუხლისა და 109. 7 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით, უ. ნებიერიძემ პირად საკონტაქტო მობილურ ნომერზე (598 999 XXX) კომპანიისგან მიიღო ორი შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება: 1. ,,კავკასუს ტვ-ის ახალი სერვისის გაშვებასთან დაკავშირებით 15 მარტიდან ორმაგი შეთავაზების სააბონენტო გადასახადი გახდება 46 ლარი; ახალი სერვისები კავკასუს ტვ-ში!“; 2. ,,გაინტერესებთ განახლებული კავკასუს ტვ? დაგვირეკეთ 220 00 00, ჩართეთ ახალი კავკასუს ტვ და ისარგებლეთ ძველი ტარიფით 15 მარტამდე!“ ამასთან, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განმარტებით, კომპანიამ მიიღო დასტური იმის შესახებ, რომ აბონენტს აღნიშნული შეტყობინებები ნამდვილად მიუვიდა. აქედან გამომდინარე, კომპანიის განმარტებით, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ ნათლად და გარკვევით მიაწოდა აბონენტს ინფორმაცია 42 ლარის ღირებულების მომსახურების პაკეტის სააბონენტო გადასახადის ერთი თვის შემდეგ 4 ლარით გაზრდისა და განახლებული პაკეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით კომპანიის საკონტაქტო ნომრის თაობაზე. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის თ. ხარაზიშვილის განმარტებით, სააბონენტო გადასახადის გაზრდის მიუხედავად, აბონენტს არ გამოუთქვამს ინტერნეტის ან/და IPTV მომსახურების შეწყვეტის სურვილი, რის გამოც 2013 წლის 15 მარტიდან მას ერიცხებოდა სააბონენტო გადასახადი, 42 ლარის ნაცვლად, 46 ლარის ოდენობით. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 6 მარტიდან კომპანიამ შეცვალა ინტერნეტ-მომსახურების პირობები, კერძოდ, იმ აბონენტებს, რომელთაც მიეწოდებოდათ 22 მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი, გაუზარდა ინეტრნეტის სიჩქარე 30 მბ/წმ-მდე და შესაბამისად, გაუძვირა მომსახურების საფასური. იმ აბონენტებისთვის, რომლებიც სარგებლობდნენ ორმაგი შეთავაზებით (ინტერნეტი + IPTV), ჯამური სააბონენტო გადასახადი გაიზარდა და გახდა 51 ლარი. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის თ. ხარაზაშვილის განმარტებით, უ. ნებიერიძემ 2014 წლის 6 თებერვალს პირად საკონტაქტო მობილურ ნომერზე კომპანიისგან მიიღო შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება: ,,ყველაზე სწრაფი ინტერნეტი CO-გან! აირჩიე ახალი ინტერნეტ პაკეტი 6 მარტამდე www.co.ge/T:2200000 ან 6 მარტიდან მიიღებთ 8 მბ-ით მეტ სიჩქარეს ჯამური სააბონენტო 51 ლარი.“ ამასთან, კომპანიამ მიიღო დასტური იმის შესახებ, რომ აბონენტს აღნიშნული შეტყობინება ნამდვილად მიუვიდა. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილობით შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ შტყობინებაშივე მიეთითა კომპანიის საკონტაქტო მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც აბონენტს შეეძლო მიეღო დეტალური ინფორმაცია განხორციელებული ცვლილებების შესახებ. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ სააბონენტო გადასახადის გაზრდის მიუხედავად, აბონენტს არ გამოუთქვამს ინტერნეტის ან/და IPTV მომსახურების შეწყვეტის სურვილი, რის გამოც 2014 წლის 6 მარტიდან მას ერიცხებოდა გაზრდილი სააბონენტო გადასახადი 51 ლარის ოდენობით.

            შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წერილობითი შეპასუხების თანახმად, აბონენტს მომსახურება მიეწოდებოდა და მიეწოდება ხელშეკრულებით განსაზღვრული გარანტირებული ხარისხით, კერძოდ, ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, ,,ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს დამკვეთისათვის მომსახურების შეკვეთის ფორმით განსაზღვრული მომსახურების წლიური 99%-იანი ხელმისაწვდომობა და ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში ჯამში არაუმეტეს 8 საათიანი საპატიო შეფერხება. წინამდებარე ხარისხობრივი მაჩვენებლიდან გამონაკლისს წარმოადგენს IPTV მომსახურება, რომლის შემთხვევაშიც გარანტირებულია ერთიანად მომსახურების ხელმისაწვდომობა წლიური 99%, ანუ ყოველი საანგარიშო თვის განმავლობაში არაუმეტეს 8 საათიანი შეფერხება (ამ შემთხვევაში მომსახურების ხელმიუწვდომლობა/შეფერხება გულისხმობს მთლიანად IPTV სერვისის გათიშვას/ხარვეზს); თუმცა, IPTV მომსახურების შემადგენელ სატელევიზიო არხებზე, ცალკეულ სატელევიზიო არხზე გარანტირებულია არაუმეტეს 24 საათიანი შეფერხება ყოველ საანგარიშო თვეში (ამ შემთხვევაში არხის ხელმიუწვდომლობა გულისხმობს კონკრეტული არხის გათიშვას იმ პირობით, რომ თავად სერვისი მუშაობს).“ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ საკაბელო ტელევიზიას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ეს ხარვეზები ეხებოდა არა მთლიანად მომსახურებას, არამედ მხოლოდ ცალკეულ არხებს, მაგალითად, პერიოდულად ზოგიერთ არხზე ფიქსირდებოდა გადახვევის პრობლემა, შავი ეკრანი, გამოსახულების ხარვეზი და ა. შ.; თ. ხარაზიშვილის განმარტებით, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ 2014 წლის 24 სექტემბრის №9/316 წერილით წარმოადგინა სატელევიზიო არხების ხარვეზების შესახებ ინფორმაცია 2014 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით პერიოდზე და აღნიშნული ამონაწერიდან კარგად ჩანს, რომ კონკრეტულ არხებზე დაფიქსირებული ხარვეზის აღმოფხვრა უმრავლეს შემთხვევაში ხორციელდებოდა რამდენიმე წუთში. გარდა ამისა, კომპანიის მიერ წარმოდგენილი სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიდანაც ჩანს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოპერატორები და ტექნიკური პერსონალი ყოველ ჯერზე ახდენდნენ სათანადო რეაგირებას აბონენტის პრეტენზიასთან დაკავშირებით და ტექნოლოგიური შესაძლებლობების ფარგლებში ახორციელებდნენ ხარვეზის აღმოფხვრას.

            შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განმარტებით, კომპანიას აქვს უფლება ორმაგ შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსთხოვოს აბონენტს დარჩენილი მომსახურების ინსტალაციის საფასურის გადახდა და დაარიცხოს მომსახურების სტანდარტული ტარიფი ფასდაკლების გათვალისწინების გარეშე. კომპანიის წერილობით შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ აბონენტი სარგებლობდა ფასდაკლებული ღირებულების ორმაგი შეთავაზების მომსახურებით (ინტერნეტ-მომსახურება + IPTV მომსახურება). 2014 წლის მაისში აბონენტმა შეაჩერა ინტერნეტ-მომსახურება 2014 წლის პირველ სექტემბრამდე, ხოლო შემდეგ 2015 წლის პირველ იანვრამდე. შესაბამისად, კომპანიის განცხადებით, აბონენტი ამ პერიოდში ვერ ისარგებლებდა ფასდაკლებით, რადგან აღარ სარგებლობდა ორმაგი შეთავაზებით განსაზღვრული მომსახურებებით, რის თაობაზეც აბონენტს განემარტა არაერთხელ კომპანიის წარმომადგენლების მიერ სატელეფონო საუბრის დროს. აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ თავის შეპასუხებაში მიუთითა 2014 წლის 16 მაისის 20:41 საათზე და 20:43 საათზე, ასევე, 2014 წლის 12 სექტემბერს,  აბონენტსა და კომპანიის თანამშრომლებს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრების ჩანაწერები. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განმარტებით, აბონენტს ასევე განემარტა, რომ თუ ამოიწურებოდა ინტერნეტის შეჩერების ვადა და იგი არ განაახლებს ინტერნეტ-მომსახურებას 2015 წლის პირველი იანვრიდან, მაშინ მას მოუწევდა სრულად დაფაროს IPTV მომსახურების აპარატურის ხარჯი, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას ექნებოდა მხოლოდ IPTV მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში და რომელიც ხარჯის დაფარვის შემდეგ გადავიდოდა აბონენტის საკუთრებაში. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განმარტებით, სააბონენტო ხელშეკრულების 9.2 მუხლის თანახმად, როდესაც დამკვეთი/აბონენტი ცვლის მომსახურების პაკეტს, აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დამატებითი ხარჯების - ამ მომსახურების პაკეტთან დაკავშირებული ინსტალაციის საფასურის (რომელიც წინა მომსახურების პაკეტის ინსტალაციისას დამკვეთს არ გადაუხდია) ან სხვა თანხების გადახდის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, ორმაგი შეთავაზების პირობებზე უარის თქმა უთანამბრდება დამკვეთის მიერ პაკეტის ცვლილებას, რის შემდეგაც მას შეიძლება წარმოეშვას დამატებითი თანხების გადახდის ვალდებულება. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ თუ აბონენტს არ სურს დამატებითი ხარჯების გაღება, მას აქვს მინიმუმ 2 თვე იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მომსახურების შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, აბონენტს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს მომსახურება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, რისთვისაც აბონენტი რეკავს სერვის ცენტრში და ოპერატორი უცხადებს მომსახურების შეწყვეტის მისთვის სასურველ დროს, რაც კმაყოფილდება დაუყოვნებლივ.

            მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2014 წლის 11 ნოემბერს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს რეაგირებისთვის გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 11 ნოემბრის №10/1841-14 სამსახურებრივი ბარათი თანდართული შემოწმების აქტით და შემოწმების ამსახველი ვიდეოჩანაწერით, საიდანაც ირკვევა, რომ 2014 წლის 10 ნოემბერს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის კ. ქორიძის მიერ აბონენტ უჩა ნებიერიძესთან განხორციელდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შემოწმება, რის შედეგადაც შედგა შემოწმების აქტი №41. აღნიშნულ შემოწმებას ესწრებოდნენ აბონენტი უჩა ნებიერიძე და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ თანამშრომელი (კავკასუს ტვ-ის ადმინისტრატორი) ლევან ჩხაიძე. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2014 წლის 11 ნოემბრის №10/1841-14 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შემოწმების შედეგად გამოირკვა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.                  აბონენტის მითითებით შემოწმდა რიგი სამაუწყებლო არხის გადახვევის ფუნქცია (კერძოდ: ,,TV11“, ,,GDS” და ,,კომედი არხი”), რის შედეგადაც ირკვევა, რომ სამაუწყებლო არხების ,,TV 11“ და ,,GDS” გადახვევა ხორციელდება ხარვეზების გარეშე, ხოლო სამაუწყებლო არხ ,,კომედი არხის“ გადახვევა ვერ განხორციელდა, ვინაიდან გადახვევის ფუნქცია  არ მუშაობდა. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ თანამშრომლის განმარტებით, კომპანიაში 2014 წლის 9 ნოემბერს მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოებიდან გამომდინარე შესაძლებელია რამდენიმე სამაუწყებლო არხზე (მათ შორის, ,,კომედი არხზე“) შეფერხებული იყოს გადახვევის ფუნქცია. ამასთან, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სანებართვო წერილი, რომლის შესაბამისადაც შპს ,,კავკასუს ონლაინი“ უფლებამოსილია ,,კომედი არხზე“ გამოიყენოს გადახვევის ფუნქცია;

2.                  აბონენტის მითითებით შემოწმდა სამაუწყებლო არხებზე ,,რუსთავი 2“ და ,,ტელეიმედი“ კონკრეტულ დროზე გადახვვეის გამართულობა, რის შედეგადაც გამოირკვა, რომ პროგრამების ელექტრონული გზამკვლევის (EPG) მეშვეობით გადახვევის ფუნქციის გამოყენებისას არჩეულ პროგრამაზე გადახვევა ხორციელდება ხარვეზით, კერძოდ, ხორციელდება 30 წუთით უფრო ადრე, ვიდრე სასურველი პროგრამის დასაწყისი. რაც შეეხება დისტანციური მართვის მოწყობილობის (პულტი) საშუალებით კონკრეტულ დროზე გადახვევას ელექტრონული პროგრამების სარჩევის გამოყენების გარეშე, აღნიშნული ხორციელდება ხარვეზების გარეშე;

3.                  აბონენტის მითითებით შემოწმდა კავკასუს ტვ-ის ვიდეოთეკაში არსებული მოზრდილთათვის განკუთვნილი ფილმების ხელმისაწვდომობა. შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ ზრდასრულთა ფილმების ჩართვისათვის საჭიროა პინ-კოდის აკრეფა. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ოპერატორთან საუბრისას გამოირკვა, რომ კოდი ყველა აბონენტთან საწყის ეტაპზე  ერთი და იგივეა, კერძოდ, ,,XXXX“. პინ-კოდის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული უნდა განხორცილედეს თავად აბონენტის მიერ;

4.                  აბონენტის მითითებით შემოწმდა ზრდასრულთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხი ,,Hustler TV“-ის წვდომა, რის შედეგადაც გამოირკვა, რომ აღნიშნული არხი ხელმისაწვდომია აბონენტისათვის კოდის გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სახეზეა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109 მუხლის მე-11 პუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიმწოდებელი პირი, სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის (ფასიანი სამაუწყებლო სპეციალიზებული არხი, პორნოგრაფიული, ეროტიკული ან/და სრულწლოვანი მაყურებლისათვის განკუთვნილი სხვა შინაარსით) განთავსების შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნული სამაუწყებლო არხი განათავსოს მხოლოდ კოდირებული ფორმით.

            კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ მომხმარებელი უჩა ნებიერიძე და  შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები თამარ ხარაზიშვილი და სალომე ბერიშვილი.

            კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის განმარტებით, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი სატელეფონო საუბრების ჩანაწერების მიხედვით შეუძლებელია დაფიქსირებული დაზიანებების სახეებისა და მათი აღმოფხვრის ვადების დაცვისა თუ დაუცველობის საკითხი  შეფასდეს ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მიხედვით, რადგან წარმოდგენილი მონაცემებით არ ჩანს კაბელი იყო დაზიანებული თუ მოდემი, ხშირ შემთხვევაში უცნობია დაზიანების აღდგენის ვადები. ც. უჯმაჯურიძის განცხადებით, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ 2014 წლის 11 ნოემბრის №6/6616-14 წერილით წარმოდგენილი 2014 წლის მარტში, მაისში და ივნისში დაფიქისრებულ დაზიანებათა ამონაწერის მიხედვით, შეუძლებელია დადგინდეს ადგილი ჰქონდა თუ არა რეგლამენტით გათვალისწინებული დაზიანებების სახეებს და შესაბამისად, დაცული იყო თუ არა დაზიანებების აღმოფხვრის ვადები.

            მომხმარებლის განცხადებით, მისთვის უცნობია მოდემი შეუცვალა თუ არა შპს ,,კავკასუს ონლაინმა“, თუმცა, დაადასტურა კომპანიის მიერ მისთვის პულტის სამჯერ შეცვლის ფაქტი. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიის წარმომადგენლები ხუთჯერ მივიდნენ აბონენტის ბინაში და ამ ხუთი შემთხვევიდან ორჯერ შეუცვალეს პულტი, ერთხელ  - სვითჩი (ქსელის გამანაწილებელი) და ერთხელ - STB (დეკოდერი).

            საზოგადოებრივი დამცველის მიერ კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე დასტურდება, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ დაარღვია ზრდასრულთათვის განკუთვნილ სამაუწყებლო არხზე წვდომის  წვდომის ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის შეზღუდვის ვალდებულება, რომლის მიხედვით, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეზღუდული დაშვების მექანიზმები სრულწლოვანთათვის განკუთვნილ მომსახურებაზე. საზოგადოებრივი დამცველის განცხადებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის შესაბამისად, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ ვალდებულია განათავსოს სამაუწყებლო არხი მხოლოდ კოდირებული ფორმით.

            შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის სალომე ბერიშვილის განმარტებით, + 18 არხებზე და ასევე ვიდეოთეკაში განთავსებული ზრდასრულთათვის განკუთვნილი ფილმები  განთავსებულია მხოლოდ კოდირებული ფორმით. მისი განცხადებით, ყველა აბონენტს ენიჭება დეფოლტ პინ-კოდი, რომელიც გადაეცემა ინსტალაციის დროს და ინსტალატორი ადგილზე მონტაჟის შემდეგ უხსნის აბონენტს,  რომ მას მიენიჭა დეფოლტ პინ-კოდი და შეუძლია ნებისმიერ დროს ამ პინ-კოდის შეცვლა. ს. ბერიშვილის განმარტებით, კოდის მოხსნა ვიდეოთეკაზე შეუძლებელია და მხოლოდ კოდის შეცვლა არის შესაძლებელი. რაც შეეხება სამაუწყებლო არხებს, მისი განცხადებით, სამაუწყებლო არხები, რომლებიც სტანდარტულ პაკეტშია ან აბონენტი თუ შეიძენს დამატებით +18 პაკეტს, რომელიც ინტეგრირდება ჩვეულებრივი არხების ჩამონათვალში, პინ-კოდის გარეშე აბონენტს არ შეუძლია ნახოს აღნიშნული არხები, თუმცა, სატელევიზიო მენიუდან აბონენტს მარტივად შეუძლია მოხსნას პინ-კოდი, ასევე შეუძლია  დაბლოკოს განსაზღვრული საათებით ეს არხები; ს. ბერიშვილის განცხადებით, აბონენტს შეუძლია ისევ განაახლოს და ბლოკი დაადოს სამაუწყებლო არხებს. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განმარტებით, აბონენტს ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს დეფოლტ პინ-კოდი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აბონენტს დაავიწყდა მის მიერ შეცვლილი კოდი, ის რეკავს საინფორმაციო ცენტრში, რის შემდეგ ოპერატორი ახორციელებს გენერირებას და აბონენტი ღებულობს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ახალი კოდით, რომელიც კომპანიისთვის უცნობია. ს. ბერიშვილის განმარტებით, უ. ნებიერიძემ ზრდასრულთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის განბლოკვა მოახდინა. ს. ბერიშვილის განცხადებით,  არხის განბლოკვის ფუნქცია ტელევიზიის მენიუში არის. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე წარმოადგინა ვიდეო-ჩანაწერი (1 CD-R), რომელშიც მისი განცხადებით, ასახული იყო კავკასუს ონლაინის ვიდეოთეკისა და +18 არხის ჩვენების ინსტრუქცია. კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ვიდეო-ჩანაწერი გამოქვეყნებულ იქნა კომისიის სხდომაზე. ს. ბერიშვილის განმარტებით, დისკში ასახულია თუ როგორ ხდება მენიუდან პინ-კოდის განბლოკვა, დროებით დაბლოკვა და სრული დაბლოკვა. გარდა ამისა, მისი განცხადებით, დისკზე ჩაწერილია ვიდეო იმის შესახებ თუ როგორ ხდება ვიდეოთეკაში ფილმის შეძენა და ჩვენება. წარმოდგენილი ვიდეო-ჩანაწერის აღწერისას ს. ბერიშვილმა აღნიშნა, რომ ,,კავკასუს ონლაინის“ ტელევიზიის მენიუში არის კატეგორია ,,პირდაპირი“, რომელშიც თავის მხრივ, არის ,,არხების დაბლოკვის“ კატეგორია, რომელშიც მოცემულია დაბლოკილი არხების სია (ორი  „+18“ არხი - Brazzers TVდა Hustler TV). შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განმარტებით, პაკეტით გათვალისწინებული არხების ჩამონათვალში იმ ახებს, რომლებიც არ არის დაბლოკილი მარჯვენა ნაწილში უწერიათ პროგრამების დასახელებები, ხოლო იმ არხებს (Brazzers TVდა Hustler TV), რომლებიც დაბლოკილია, მარჯვენა ველში აქვთ წარწერა ,,დაბლოკილია”. ს. ბერიშვილის განცხადებით, დაბლოკილ არხზე ღილაკი OK-ის დაჭერის შემთხვევაში, პროგრამა ითხოვს პინ-კოდს, რომელიც უნდა იქნეს შეყვანილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონრეტული არხი არ გაიხსნება. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ არხების დაბლოკვის კატეგორიაში გრაფაში ,,ყველა არხის გახსნა“ შესვლისას უნდა აიკრიფოს პინ-კოდი, რის შემდეგ გამოდის ფანჯარა წარწერით ,,ყველა არხი გახსნილია“. მისი განმარტებით, პაკეტით გათვალსწინებული არხების ჩამონათვალში შესვლისას ჩანს, რომ აქამდე დაბლოკილ ორ არხზე შესრულებული ოპერაციის შემდეგ არხებს მოეხსნათ კოდი, წარწერის ,,დაბლოკილია“ ნაცვლად გამოჩნდა წარწერა ,,No information”, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულად ამ არხს მოცემულ მომენტში არ მიეწოდება იმიჯი. ს. ბერიშვილის განმარტებით, ნებისმიერ ამ განბლოკილ არხზე ღილაკ OK დაჭერის შემთხვევაში დაიწყება ამ არხის ჩვენება ყოველგვარი პინ-კოდის აკრეფის გარეშე. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განმარტებით, არხების დაბლოკვის კატეგორიაში არის არხების მუდმივად დაბლოკვის და დროებით დაბლოკვის ფუნქციები. მისი განცხადებით, არხის დაბლოკვის მიზნით, აუცილებელია პინ-კოდის შეყვანა, არხების სიაში დასაბლოკი არხის არჩევისა და ღილაკ ,,INFO“-ს დაჭერის შემდეგ, მომხმარებელი აჭერს დასტურის ღილაკს, რის შემდეგ ეკრანზე ჩნდება ფანჯარა ,,არჩეული არხები დაბლოკილია“, ხოლო არხების დაბლოკვის კატეგორიაში შესვლისას ჩნდება დაბლოკილი არხების სიის გრაფა, რომელზე დაჭერისას ეკრანზე ჩნდება დაბლოკილი არხების ჩამონათვალი.

კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე სამაუწყებლოს არხის დაბლოკვისა და განბლოკვის ფუნქციის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ მართვასთან დაკავშირებით, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა თ. ხარაზიშვილმა დაადასტურა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ შექმნილია და დეკოდერზე ჩაწერილია პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მართავს ტელევიზიას, ვიდეოთეკას და პულტს. ამასთან, მისი განმარტებით, აბონენტი ვერ მოახდენს სამაუწყებლო არხის განბლოკვას, თუ პინ-კოდს არ შეიყვანს.

            უ. ნებიერიძის განცხადებით, მას ზრდასრულთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხების განბლოკვა არ მოუხდენია. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა თ. ხარაზიშვილმა დაადასტურა, რომ პინ-კოდის მოხსნის თაობაზე მონაცემების ლოგირება კომპანიაში არ ხდება, რის გამოც ტექნიკურად შეუძლებელია აბონენტ უ. ნებიერიძის მიერ პინ-კოდის მოხსნის ფაქტის დადასტურება.

            კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის კოტე ქორიძის განცხადებით, აბონენტის ბინაში შემოწმების ჩატარების დროს, უ. ნებიერიძის მიერ სამაუწყებლო არხ ,,Hustler TV”-ზე გადართვისა და არხის პინ-კოდის გარეშე ჩართვისას, მან შეკითხვა დაუსვა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელს იმის შესახებ, თუ შეეძლო აბონენტს თავად მოეხსნა პინ-კოდი, რაზეც კომპანიის თანამშრომელმა განუმარტა, რომ ასეთ სამაუწყებლო არხებზე პინ-კოდის მოხსნა არ ხდება და აბონენტს ასეთი შესაძლებლობა არ აქვს.

სააბონენტო ხელშეკრულების წერილობით გაუფორმებლობის საკითხთან დაკავშირებით, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა თ. ხარაზიშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულება არ იყო სათანადოდ დაარქივებული, როს გამოც კომპანიის მიერ ვერ იქნა მოძიებული. მისი განმარტებით, მოცემული საკითხის შეფასებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს ზიანი მიადგა თუ არა მომხმარებლის უფლებებს ხელშეკრულების წერილობით გაუფორმებლობით. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენელმა კომისიის პრაქტიკის პრეცედენტულად გამოყენების მიზნით მიუთითა, რომ კომისიამ 2014 წლის 16 იანვარს მიიღო №28/18  გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შპს ,,კავკასუს ონლაინს“ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადგილი არ ჰქონდა მომხმარებლის უფლებებისთვის ზიანის მიყენების ფაქტს.

მომხმარებელ უჩა ნებიერიძის განცხადებით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მასთან სააბონენტო ხელშეკრულება არ გაუფორმებია. მომხმარებელმა ასევე, აღნიშნა, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მომსახურების პირობების თანახმად, ორმაგი შეთავაზების მომსახურების ფარგლებში ინტერნეტ-მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია შეიძინოს ტელევიზიის აპარატურა, ხოლო ამავე ორმაგი შეთავაზების მომსახურების ფარგლებში ინტერნეტ-მომსახურების შეჩერების შემთხვევაში, მომხარებლისთვის მიწოდებული მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების ღირებულება 16 ლარის ნაცვლად 24 ლარით განისაზღვრება.

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის ს. ბერიშვილის განმარტებით, აბონენტ უ. ნებიერიძეს ინტერნეტ-მომსახურება აქვს შეჩერებული 2015 წლის პირველ იანვრამდე და ამისთვის  თანხა არ ერიცხება. მისი განცხადებით, კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია, რომლის თანახმად, აბონენტი მხოლოდ ტელევიზიის შეძენის შემთხვევაში ყიდულობს დეკოდერს, რომლის ფასი არის 199 ლარი, რის  დასადასტურებლად წარმოადგინა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ვებ-გვერდიდან ამონაბეჭდი. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის თ. ხარაზიშვილის განმარტებით, კომპანიის სააბონენტო ხელშეკრულებაში, რომელიც გამოქვეყნებული იყო და არის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ვებ-გვერდზე, მითითებულია 9.2 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც როდესაც დამკვეთი/აბონენტი ცვლის მომსახურების პაკეტს, აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დამატებითი ხარჯების, კერძოდ, ამ მომსახურების პაკეტთან დაკავშირებული ინსტალაციის საფასურის (რომელიც წინა მომსახურების პაკეტის ინსტალაციისას დამკვეთს არ გადაუხდია) ან სხვა თანხების გადახდის ვალდებულება.

           

2014 წლის 13 ნოემბრის კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.         საზოგადოებრივი დამცველის 2014 წლის 3 ოქტომბრის №10/1628-14 მომართვა თანდართული დოკუმენტაციით;

2.         მომხმარებელ უჩა ნებიერიძის 2014 წლის 8 ივლისის №9/260 საჩივარი;

3.         საზოგადოებრივი დამცველის 2014 წლის 25 ივლისის №9/244 წერილი შპს ,,კავკაუს ონლაინს“;

4.         შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 12 აგვისტოს №9/301 წერილი საზოგადოებრივ დამცველს;

5.         საზოგადოებრივი დამცველის 2014 წლის 22 აგვისტოს №9/265 წერილი შპს ,,კავკასუს ონლაინს“;

6.         შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 2 სექტემებრის №9/307 წერილი საზოგადოებრივ დამცველს;

7.         საზოგადოებრივი დამცველის 2014 წლის 5 სექტემბრის №9/270 წერილი შპს ,,კავკასუს ონლაინს“;

8.         შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 24 სექტემბრის №9/316 წერილი საზოგადოებრივ დამცველს;

9.         შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 26 სექტემბრის წერილი №01-02/4979 მომხმარებელ უ. ნებიერიძეს (წერილის ასლის საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის რეგისტრაციის №9/317);

10.     კომისიის 2014 წლის 27 ოქტომბრის №03/2187-14 წერილი და აღნიშნული წერილის შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გზავნილის კოდი: 040016974249);

11.     შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 6 ნოემბრის №6/6578-14 წერილობითი შეპასუხება;

12.     შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ 2014 წლის 6 ნოემბერს კომისიაში წარმოდგენილი კომპანიასა და მომხმარებელ უჩა ნებიერიძეს შორის 2012-2014 წლებში განხორციელებული კომუნიკაციის ამსახველი აუდიო-ჩანაწერები (1 CD);

13.     მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის ი. მახარაძის 2014 წლის 11 ნოემბრის №10/1841-14 სამსახურებრივი ბარათი;

14.     2014 წლის 10 ნოემბრის შემოწმების აქტი №41;

15.     2014 წლის 10 ნოემბრის შემოწმების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი;

16.     შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 11 ნოემბრის №6/6616-14 წერილი, რომელსაც ერთვის უ. ნებიერიძის მიერ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მომსახურების სააბონენტო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მომსახურების ტარიფის ცვლილების თაობაზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ერთ-ერთ აბონენტთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების ასლი; კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის დაწესებული საკომპენსაციო მექანიზმის აღწერილობა; ამონაწერი მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების გაწევისას დაზიანებების შემთხვევების შესახებ, უ. ნებიერიძის მიერ კომპანიის ცხელ ხაზზე 2014 წლის 10 ნოემბერს განხორციელებული სატელეფონო საუბრის აუდიო-ჩანაწერი;

17.     შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის მიერ კომისიის 2014 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე წარმოდგენილი კავკასუს ონლაინის ვიდეოთეკისა და +18 არხის ჩვენების ინსტრუქციის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი (1 CD-R) და ამონაბეჭდი კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან (1 ფურცელი);

18.     შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ვებ-გვერდზე (www.co.ge) 2014 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით გამოქვეყნებული სააბონენტო ხელშეკრულება;

19.     შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

20.     მომხმარებელ უჩა ნებიერიძის მიერ 2014 წლის 23 ოქტომბრის, 6 ნოემბრის და 13 ნოემბრის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები;

21.     შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლების მიერ 2014 წლის 23 ოქტომბრის, 6 ნოემბრის და 13 ნოემბრის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები;

22.     საზოგადოებრივი დამცველის მიერ 2014 წლის 23 ოქტომბრის, 6 ნოემბრის და 13 ნოემბრის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები;

23.     კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის კ. ქორიძის მიერ 2014 წლის 13 ნოემბრის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები;

24.     კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის მიერ 2014 წლის 13 ნოემბრის კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.            კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 11.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ინტერნეტ მომსახურება; მაუწყებლობის ტრანზიტი, ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით, თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება, გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand), ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება და სხვა);

2.            უჩა ნებიერიძე წარმოადგენს შპს ,,კავკასუს ონლაინის“ აბონენტს 2012 წლის 13 ივლისიდან. 2012 წლის 13 ივლისიდან მას მიეწოდებოდა ე.წ. ორმაგი შეთავაზების მომსახურება (ინტერნეტ-მომსახურება: ღირებულება - 30 ლარი, სიჩქარე 15 მბ;  მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება: ღირებულება - ფასდაკლებით 12 ლარი, ნაცვლად 20 ლარისა; არხების რაოდენობა: 79);

3.            შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ აბონენტ უჩა ნებიერიძეს 2013 წლის 15 თებერვალს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ტელეფონის ნომერზე: 598999XXX აცნობა ორმაგი შეთავაზების სააბონენტო გადასახადის 2013 წლის 15 მარტიდან ცვლილების თაობაზე, კერძოდ, კომპანიამ აბონენტს გაუგზავნა შემდეგი შინაარსის შეტყობინება: ,,კავკასუს ტვ-ის ახალი სერვისის გაშვებასთან დაკავშირებით 15 მარტიდან ორმაგი შეთავაზების სააბონენტო გადასახადი გახდება 46 ლარი; ახალი სერვისები კავკასუს ტვ-ში“; შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ აბონენტ უჩა ნებიერიძეს 2014 წლის 6 თებერვალს აცნობა სააბონენტო გადასახადის 2014 წლის 6 მარტიდან გაზრდის თაობაზე, კერძოდ, კომპანიამ  აბონენტს გაუგზავნა შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება: ,,ყველაზე სწრაფი ინტერნეტი CO-გან! აირჩიეთ ახალი ინტერნეტ პაკეტი 6 მარტამდე www.co.ge/T:2200000 ან 6 მარტიდან მიიღებთ 8 მბ-ით მეტ სიჩქარეს, ჯამური სააბონენტო 51 ლარი.“

4.            შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მომხმარებელ უჩა ნებიერიძესთან წერილობით არ გაუფორმებია სააბონენტო ხელშეკრულება ინტერნეტ-მომსახურებისა და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდების შესახებ;

5.            შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი კომპანიასა და უჩა ნებიერიძეს შორის განხორციელებული კომუნიკაციის 2014 წლის 16 მაისის აუდიო-ჩანაწერების მიხედვით, შპს ,,კავკასუს ონლაინში“ შევიდა უჩა ნებიერიძის შეტყობინება ინტერნეტ-მომსახურების გაუქმების შესახებ. ამავე აუდიო-ჩანაწერის მიხედვით, ოპერატორმა განუმარტა მომხმარებელს, რომ ინტერნეტ-მომსახურების გაუქმების შემთხვევაში, აბონენტი ვალდებული იქნებოდა ტელევიზიის აპარატურა შეეძინა, რადგან მხოლოდ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში აღნიშნული აპარატურა ფასიანია. მომხმარებელს ასევე განემარტა, რომ ინტერნეტ-მომსახურების დროებით შეჩერება გულისხმობს მომსახურების 2014 წლის პირველ სექტემბრამდე უფასოდ შეჩერებას და მომხმარებელს ინტერნეტ-მომსახურების მიწოდება აღუდგებოდა 2014 წლის პირველი სექტემბრიდან. ოპერატორმა უ. ნებიერიძეს ასევე, განუმარტა, რომ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდება შეუჩერდებოდა ღამის 12 საათის შემდეგ, ხოლო შენარჩუნებულ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებაზე დაწესებული ფასდაკლება ინტერნეტ-მომსახურების შეჩერების გამო არ იმოქმედებდა და აბონენტი ყოველთვიურად გადაიხდიდა მომსახურების პაკეტის სრულ ღირებულებას - 24 ლარს. მომხმარებელმა დაადასტურა თანხმობა ინტერნეტ-მომსახურების შეჩერებაზე; აქედან გამომდინარე, მომხმარებელს ინტერნეტ-მომსახურების მიწოდება შეუჩერდა 2014 წლის 17 მაისიდან პირველ სექტემბრამდე;

6.            ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების შეჩერებამდე მომხმარებელ უჩა ნებიერიძისთვის მიწოდებული მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების ფასდაკლებული ღირებულება იყო 16 ლარი, ხოლო  ინტენრეტ-მომსახურების მიწოდების აბონენტისთვის მისი მოთხოვნის საფუძველზე შეჩერების შემდეგ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება მომხმარებელ უჩა ნებიერიძეს მიეწოდებოდა 24 ლარად;

7.            შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.co.ge) გამოქვეყნებული სააბონენტო ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი უფლებამოსილია მომსახურების ძირითად ხელშეკრულებაში განსაზღვრული მომსახურების პირობები/ მომსახურების პაკეტი შეცვალოს სამუშაო საათებში ოპერატორის მიერ მითითებულ ცხელ ხაზზე დარეკვით ან ოპერატორის სერვის ცენტრში ადგილზე შეკვეთით, ნებისმიერ დროს მომსახურების შეკვეთის ფორმის მოქმედებისას. დამკვეთის მიერ პაკეტის ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამკვეთისათვის დამატებითი ხარჯების - ამ მომსახურების პაკეტთან დაკავშირებული ინსტალაციის საფასურის (რომელიც წინა მომსახურების პაკეტის ინსტალაციისას დამკვეთს არ გადაუხდია) ან სხვა თანხების გადახდის ვალდებულება;

8.            2014 წლის 12 სექტემბრის (21:52:36) სატელეფონო საუბრის ჩანაწერის მიხედვით, 2014 წლის 12 სექტემბერს აბონენტმა ცხელ ხაზზე მიმართა შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების შეჩერების მიზნით, 2015 წლის პირველ იანვრამდე. ამავე ჩანაწერის მიხედვით, ოპერატორის განმარტებით, აბონენტს ინტერნეტ-მომსახურება შეუჩერდებოდა  ღამით, 12 საათის შემდეგ;

9.            შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი მხარეთა კომუნიკაციის ამსახველი აუდიო-ჩანაწერების მიხედვით (58 სატელეფონო ზარის ჩანაწერი) 2012-2014 წლებში აბონენტის ნომრიდან შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ცხელი ხაზის ნომერზე ფიქსირდება 31 სატელეფონო მიმართვა, რომელიც 28 შემთხვევაში ეხებოდა მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების დაზიანებას და აქედან ერთ შემთხვევაში ასევე ინტერნეტ-კავშირის დაზიანებას, ხოლო 31 მიმართვიდან სამ შემთხვევაში დეკოდერის/რესივერის პულტის დაზიანებას. აბონენტის მიერ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ცხელ ხაზზე 31 სატელეფონო მიმართვიდან 9 შემთხვევაში დაზიანება/ხარვეზები აღმოიფხვრა კომპანიის ტექნიკური სამსახურის თანამშრომელთან სატელეფონო საუბრის განმავლობაში, რამდენიმე წუთში. სხვა შემთხვევებში ან გაფორმდა გამოძახება ან/და პრობლემის გადაჭრის საბოლოო შედეგი არ ჩანს, შესაბამისად, უცნობია, თუ როდის აღმოფხვრა შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ დაზიანებები (შენიშვნა: უ. ნებიერიძის განმარტებით, მას სამჯერ შეუცვალეს დაზიანებული პულტი, ხოლო შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის განმარტებით, ორჯერ). გარდა ამისა, წარმოდგენილი აუდიო-ჩანაწერების მიხედვით, ვერ ირკვევა ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებულ რა კატეგორიის დაზიანებებს ჰქონდა ადგილი;

10.         შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ 2014 წლის 11 ნოემბრის №6/6616-14 წერილით კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა  ამონაწერი მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების გაწევისას დაზიანებების შემთხვევების შესახებ, აბონენტის მომართვის თარიღის, დროის, პრობლემის, სამაუწყებლო არხის, დაზიანების/ხარვეზის თარიღისა და დროის მითითებით. აღნიშნული ამონაწერის მიხედვით, 2014 წლის 2 მარტს, 14 მაისს და 20 ივნისს აბონენტისთვის მაუწყებლობის ტრანზიტით მიწოდებისას  სხვადასხვა სახის ხარვეზს (მათ შორის, შავი ეკრანი, გლობალური პრობლემა Live-ზე და Time-shift-ზე) ჰქონდა ადგილი. 2014 წლის 2 მარტს აბონენტმა შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მიმართა 21-ჯერ, 14 მაისს - 4-ჯერ, ხოლო 20 ივნისს - 7-ჯერ. წარმოდგენილი ამონაწერის მიხედვით, ყველა ზემოთ მითითებულ შემთხვევაში ხარვეზი/დაზიანება აღმოფხვრილ იქნა. 32-ჯერ დაფიქსირებული ხარვეზის/დაზიანების შემთხვევიდან თითოეული ხარვეზის/დაზიანების აღმოფხვრას მეტწილად დასჭირდა სხვადასხვა დრო. მათ შორის, 2014 წლის 2 მარტს 01:44 საათზე მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა იმავე დღეს, 01:50 საათზე, 6 წუთში; 2014 წლის 2 მარტს 09:08 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა იმავე დღეს, 10:06 საათზე, 58 წუთში, 2014 წლის 2 მარტს, 09:25 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა ამავე დღეს, 10:05 საათზე, 40 წუთში, 2014 წლის 2 მარტს, 11:43 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა ამავე დღეს, 15:03 საათზე, 3 საათსა და 20 წუთში, 2014 წლის 2 მარტს, 11:45 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა ამავე დღეს, 13:40 საათზე, ერთ საათსა და 55 წუთში და სხვ.; 2014 წლის 14 მაისს, 13:02 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა იმავე დღეს, 13:16 საათზე, 14 წუთში, 2014 წლის 14 მაისს, 23:14 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა იმავე დღეს, 23:44 საათზე, 30 წუთში და სხვ.; 2014 წლის 20 ივნისს, 09:22 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა იმავე დღეს, 09:31 საათზე, 9 წუთში, 2014 წლის 20 ივნისს, 22:50 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა იმავე დღეს, 23:16 საათზე, 26 წუთში,  2014 წლის 20 ივნისს, 22:51 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა იმავე დღეს, 23:18 საათზე, 27 წუთში და სხვ.  ამასთან, 2014 წლის 2 მარტის, 14 მაისის და 20 ივნისის პერიოდებზე შპს ,,კავკასუს ონლაინს“ არ გადაუანგარიშებია აბონენტისთვის ხარვეზებით მიწოდებული მომსახურების მის მიერ გადახდილი საფასური;

11.         2014 წლის 2 მარტის აუდიო-ჩანაწერის მიხედვით,  2014 წლის 2 მარტს შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ტექნიკური სამსახურის თანამშრომელმა სატელეფონო საუბარში აბონენტ უჩა ნებიერიძეს დაუდასტურა, რომ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების ფარგლებში გადახვევის ფუნქციას რამდენიმე თვეა პრობლემა აქვს, ხოლო პირდაპირ ჩვენებას პრობლემა ყოველ დღე არ აქვს;

12.         2014 წლის 10 ნოემბერს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის კ. ქორიძის მიერ აბონენტ უჩა ნებიერიძესთან განხორციელდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ შემოწმება, რის შედეგადაც შედგა შემოწმების აქტი №41. აღნიშნულ შემოწმებას ესწრებოდნენ აბონენტი უჩა ნებიერიძე და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ თანამშრომელი (კავკასუს ტვ-ის ადმინისტრატორი) ლევან ჩხაიძე;

13.         შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ სამაუწყებლო არხების ,,TV11“ და ,,GDS” გადახვევა ხორციელდებოდა ხარვეზების გარეშე, ხოლო სამაუწყებლო არხ ,,კომედი არხის“ გადახვევა ვერ განხორციელდა, ვინაიდან გადახვევის ფუნქცია  არ მუშაობდა. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ თანამშრომლის განმარტებით, კომპანიაში 2014 წლის 9 ნოემბერს მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოებიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო რამდენიმე სამაუწყებლო არხზე (მათ შორის, ,,კომედი არხზე“) შეფერხებული ყოფილიყო გადახვევის ფუნქცია (შენიშვნა: შპს ,,კავკასუს ონლაინს“ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასა და სამაუწყებლო არხ ,,კომედი არხის“ შეფერხებით ჩვენებას შორის მიზეზობრივი კავშირის დამდგენი მტკიცებულებები, ისევე, როგორც თავად პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულება კომისიაში არ წარმოუდგენია); სამაუწყებლო არხებზე ,,რუსთავი 2“ და ,,ტელეიმედი“ კონკრეტულ დროზე გადახვევის გამართულობის შემოწმებისას გამოირკვა, რომ პროგრამების ელექტრონული გზამკვლევის (EPG) მეშვეობით გადახვევის ფუნქციის გამოყენებისას არჩეულ პროგრამაზე გადახვევა ხორციელდებოდა ხარვეზით, კერძოდ, ხორციელდებოდა 30 წუთით უფრო ადრე, ვიდრე სასურველი პროგრამის დასაწყისი, ხოლო ელექტრონული პროგრამების სარჩევის გამოყენების გარეშე დისტანციური მართვის მოწყობილობის (პულტი) საშუალებით კონკრეტულ დროზე გადახვევისას ადგილი არ ჰქონია ხარვეზებს; შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ კავკასუს ტვ-ის ვიდეოთეკაში არსებული მოზრდილთათვის განკუთვნილი ფილმების ჩართვისათვის საჭირო იყო პინ-კოდის აკრეფა; შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ ზრდასრულთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხი ,,Hustler TV” ხელმისაწვდომი იყო აბონენტებისთვის პინ-კოდის გარეშე;

14.         შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ 2014 წლის 13 ნოემბერს წარმოდგენილი ვიდეო-ჩანაწერის მიხედვით, მომხმარებელს, რომელიც სარგებლობს შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებით, აქვს შესაძლებლობა სატელევიზიო მენიუდან როგორც მოხსნას სამაუწყებლო არხზე დაყენებული პინ-კოდი, ისე დაბლოკოს აღნიშნული სამაუწყებლო არხი მუდმივად ან განსაზღვრული დროით;

15.          საზოგადოებრივმა დამცველმა მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივრის სრულყოფილად შესწავლის მიზნით სამჯერ მიმართა წერილობით შპს ,,კავკასუს ონლაინს“ და მოითხოვა აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენა. 2014 წლის 25 ივლისის №9/244 წერილით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია:1. აბონენტთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების ასლი, 2. ინტერნეტ-მომსახურების ტარიფის გაძვირების საფუძველი, 3. ეცნობა თუ არა ინტერნეტ- მომსახურების ტარიფის გაძვირების შესახებ აბონენტს წინასწარ და რა ფორმით, 4. მიმართა თუ არა აბონენტმა შპს ,,კავკასუს ონლაინს“ წერილობით ინტერნეტ-მომსახურების შეწყვეტის თაობაზე, 5. მომხმარებლისთვის ინტერნეტ-მომსახურების შეწყვეტაზე უარის თქმის საფუძველი, 6. რა მიზეზით მოხდა ინტერნეტ-მომსახურების 3 თვით მიწოდების შეჩერების პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების ტარიფის მომატება, 7. მოხდა თუ არა კომპანიის მიერ უხარისხო და მიუღებელ მომსახურებაზე ყოველთვიური სააბონენტო გადასახდელის მომდევნო თვეებზე გადაანგარიშება და რა ოდენობით. ზემოაღნიშნული 7 საკითხიდან შპს ,,კავკასუს  ონლაინმა“ 2014 წლის 12 აგვისტოს №9/301 წერილით საზოგადოებრივი დამცველს პასუხი გასცა მხოლოდ 5 საკითხზე, ხოლო აბონენტთან გაფორმებული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების ასლი და უხარისხო და მიუღებელ მომსახურებაზე  სააბონენტო გადასახდელის შემდეგ თვეებზე გადაანგარიშების თაობაზე ინფორმაცია არ წარმოუდგენია. საზოგადოებრივმა დამცველმა 2014 წლის 22 აგვისტოს №9/265 წერილით შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მოსთხოვა შემდეგი ინფორმაცია: 1. აბონენტ უჩა ნებიერიძესა და კომპანიას შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების ასლი; 2. მოხდა თუ არა კომპანიის მიერ უხარისხო და მიუღებელ მომსახურებაზე დაწესებული ყოველთვიური სააბონენტო გადასახდელის მომდევნო თვეებზე გადაანგარიშება და რა ოდენობით (დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით, ასეთის არსებობის შემთხვევაში); 3. დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს გაზრდილი ჯამური სააბონენტო გადასახადის თაობაზე კომპანიის მხრიდან აბონენტის ინფორმირების ფაქტი. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 2 სექტემებრის №9/307 საპასუხო წერილით, საზოგადოებრივ  დამცველს მიაწოდა ინფრომაცია იმის თაობაზე, რომ ტექნიკური მიზეზების გამო კომპანიამ ვერ მოიძია აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულება, აცნობა იმის შესახებ, რომ დროის სხვადასხვა მონაკვეთში ცალკეულ სამაუწყებლო არხებზე დაფიქსირებული ხარვეზები შეესაბამებოდა საანგარიშო თვეში გასაწევი მომსახურების ხარისხს და შესაბამისად, არ ამოქმედებულა საკომპენსაციო მექანიზმი. ამავე წერილით, შს ,,კავკასუს ონლაინმა“ წარმოადგინა აბონენტისთვის ინტერნეტ-მომსახურების და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების საფასურის ცვლილების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საზოგადოებრივი დამცველის 2014 წლის 5 სექტემბრის №9/270 წერილით შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მოეთხოვა შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა: 1. IPTV მომსახურებაზე ხარვეზების წარმოშობისა და აღმოფხვრის კონკრეტული ვადების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; 2. 2014 წლის 20 ივნისს რომელი არხი არ მიეწოდებოდა აბონენტს; 3. საანგარიშო თვეში გასაწევი მომსახურების მიწოდების ხარისხის შესაბამისობის მაჩვენებელი, რაც ათავისუფლებს პროვაიდერ კომპანიას ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109 მუხლის მე-6 პუნქტის ლ) ქვეპუნქტით გათვალსიწინებული საკომპენსაციო მექანიზმებისგან. შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ 2014 წლის 24 სექტემბრის №9/316 წერილით საზოგადოებრივ დამცველს პასუხი გასცა ზემოაღნიშნული სამი საკითხიდან 2 საკითხზე, ხოლო საანგარიშო თვეში გასაწევი მომსახურების მიწოდების ხარისხის შესაბამისობის მაჩვენებლის (შენიშვნა: კომპანიის განმარტებით, აღნიშნული მაჩვენებლისა და საკომპენსაციო მექანიზმების საკითხები რეგულირდება შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ძირითადი ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრული წესით, რომელიც კომპანიის მტკიცებით, ერთვოდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ 2014 წლის 12 აგვისტოს №01-02/4844 წერილს) თაობაზე ინფორმაცია მისთვის არ მიუწოდებია. აღნიშნული ინფორმაცია შპს ,,კავკასუს ონლაინს“ არც 2014 წლის 12 აგვისტოს №01-02/4844  წერილით არ წარმოუდგენია. საზოგადოებრივი დამცველისა და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ზემოაღნიშნული მიმოწერის შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ არ მიაწოდა საზოგადოებრივ დამცველს მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივართან დაკავშირებული სრულყოფილი ინფორმაცია მისთვის მომხმარებელ უჩა ნებიერიძესთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების ასლისა და საანგარიშო თვეში გასაწევი მომსახურების მიწოდების ხარისხის შესაბამისობის მაჩვენებლის თაობაზე;

16.         2014 წლის 26 სექტემბერს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შევიდა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ მომხმარებელ უ. ნებიერიძისთვის ამავე დღეს გაგზავნილი წერილის ასლი, რომელშიც კომპანია მომხმარებელს სთხოვდა ხელი მოეწერა თანდართულ სააბონენტო ხელშეკრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიის განცხადებით, ის შეუწყვეტდა მომსახურებას აბონენტს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

1.            ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილებების თაობაზე ატყობინებს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე. ამავე რეგლამენტის 109 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად,  მომსახურების მიმწოდებელი, მომსახურების ტარიფების ცვლილების შემთხვევაში უზრუნველყოფს ინდივიდუალური შეტყობინებით მომხმარებლისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებას ახალი ტარიფებით მომსახურების დაწყებამდე  1 თვით ადრე, ხოლო მომხარებლისთვის მიწოდებული მომსახურების პაკეტის შეცვლის, ან პაკეტში ცვლილების შემთხვევაში, ახალი პაკეტით მომსახურების დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ადრე.

        კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, კომპანიის მიერ მომხმარებელ უჩა ნებიერიძისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებების ამონაწერით დასტურდება, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ 2013 წლის 15 თებერვალს მომხმარებელ უჩა ნებიერიძეს აცნობა ორმაგი შეთავაზების სააბონენტო გადასახადის (მაუწყელობის ტრანზიტით მომსახურების საფასურის გაზრდის გამო) 2013 წლის 15 მარტიდან ცვლილების თაობაზე და ასევე, 2014 წლის 6 თებერვალს აცნობა სააბონენტო გადასახადის (ინტერნეტ-მომსახურების საფასურის გაზრდის გამო) 2014 წლის 6 მარტიდან ცვლილების თაობაზე ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, პ.3); ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებელ უჩა ნებიერიძის მოთხოვნები მისთვის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ გაწეული ორმაგი შეთავაზების მომსახურებისთვის გაზრდილი ტარიფით გადახდილი სააბონენტო გადასახდელის მომხმარებლისთვის დაბრუნებისა და აღნიშნული მომსახურების მისთვის ორმაგი შეთავაზების მომსახურების მიწოდების დაწყების დროს მოქმედი ტარიფით მიწოდების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო;

2.             ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; ამავე კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს; ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის,  ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ; გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს; დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს;  ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ; ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს; ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს; თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ინტერნეტით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე (გარდა მობილური და dialup ინტერნეტისა). ამავე რეგლამენტის109 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის  დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ მომხმარებელ უჩა ნებიერიძესთან ინტერნეტ-მომსახურებისა და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდების შესახებ სააბონენტო ხელშეკრულების წერილობით გაუფორმებლობით დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 101 მუხლის პირველი პუნქტი და ამავე რეგლამენტის 109 მუხლის პირველი პუნქტი.

კომისია ვერ გაიზიარებს შპს ,,კავკასუს ონლაინის“ განცხადებას კომისიის 2014 წლის 16 მაისის №28/18 გადაწყვეტილებაზე მითითებით იმის თაობაზე, რომ თუკი სააბონენტო ხელშეკრულების გაუფორმებლობით მომხმარებლის უფლებებს ზიანი არ მიადგა, ასეთ შემთხვევაში შპს ,,კავკასუს ონლაინს“ არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კომისიის 2014 წლის 16 იანვრის №28/18 გადაწყვეტილებით შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა მომხმარებელ უჩა ნებიერიძესა და შპს ,,კავკასუს ონლაინს“ შორის მიმდინარე დავის დროს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისგან სრულიად განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, მომხმარებელ დ. ჯღარკავას არ მიუმართავს  კომისიისთვის საჩივარით შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ მისი უფლებების დაცვის მოთხოვნით. კომისიას საჩივრით მიმართა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელმა - შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“ და არა მოხმარებელმა. ამასთან, დ. ჯღარკავა ადასტურდებდა მხოლოდ ხელშეკრულების გაუფორმებლობის ფაქტს და მას სხვა რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს.

3.                  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომხმარებელს აქვს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევის უფლება.

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი კომპანიასა და უჩა ნებიერიძეს შორის განხორციელებული კომუნიკაციის 2014 წლის 16 მაისის აუდიო-ჩანაწერების მიხედვით დასტურდება, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ არ უთქვამს უარი მომხმარებლისთვის ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების შეწყვეტაზე. ოპერატორმა განუმარტა მომხმარებელს, რომ ინტერნეტ-მომსახურების გაუქმების შემთხვევაში, აბონენტი ვალდებული იქნებოდა ტერმინალური აპარატურა შეეძინა, რადგან მხოლოდ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, აღნიშნული აპარატურა ფასიანი იყო. ოპერატორმა უ. ნებიერიძეს ასევე, განუმარტა ინტერნეტ-მომსახურების შეჩერების პირობები, კერძოდ, მომსახურების შეჩერების ვადასთან ერთად, მომხმარებელს განემარტა, რომ შენარჩუნებულ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებაზე დაწესებული ფასდაკლება ინტერნეტ-მომსახურების შეჩერების გამო არ იმოქმედებდა და აბონენტი ყოველთვიურად გადაიხდიდა მომსახურების პაკეტის სრულ ღირებულებას - 24 ლარს. ზემოაღნიშნული აუდიო-ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მომხმარებელმა თავდაპირველად მოითხოვა ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების შეწყვეტა, თუმცა, ოპერატორისგან განმარტებების მიღების შემდეგ, მომხმარებელმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და დაადასტურა თანხმობა ინტერნეტ-მომსახურების შეჩერებაზე. შესაბამისად, მომხმარებელს ინტერნეტ-მომსახურების მიწოდება დროებით შეუჩერდა მისი მოთხოვნის საფუძველზე.

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.co.ge) 2014 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით გამოქვეყნებული სააბონენტო ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი უფლებამოსილია მომსახურების ძირითად ხელშეკრულებაში განსაზღვრული მომსახურების პირობები/ მომსახურების პაკეტი შეცვალოს სამუშაო საათებში ოპერატორის მიერ მითითებულ ცხელ ხაზზე დარეკვით ან ოპერატორის სერვის ცენტრში ადგილზე შეკვეთით, ნებისმიერ დროს მომსახურების შეკვეთის ფორმის მოქმედებისას. დამკვეთის მიერ პაკეტის ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამკვეთისათვის დამატებითი ხარჯების - ამ მომსახურების პაკეტთან დაკავშირებული ინსტალაციის საფასურის (რომელიც წინა მომსახურების პაკეტის ინსტალაციისას დამკვეთს არ გადაუხდია) ან სხვა თანხების გადახდის ვალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობებისა და მომხმარებლისთვის კომპანიის წარმომადგენლის მიერ 2014 წლის 16 მაისს ტელეფონით მიცემული განმარტებების გათვალისწინებით,  შპს ,,კავკასუს ონლაინი“ უფლებამოსილია შესთავაზოს მომხმარებელს მომსახურება აღნიშნული მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი და აბონენტთან დასაყენებელი აპარატურის მომსახურების მიწოდებამდე წინასწარ ან მიწოდების განმავლობაში (მათ შორის, განვადებით) შეძენის ან აბონენტისთვის როგორც უფასოდ, ისე შესაბამისი ფასის დაწესებით დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობით. (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, პ. 5, 6, 7 და 8);

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“ არ დაურღვევია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტი.

4.                     ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად,  მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი, შეუფერხებელი მიწოდება.

              შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი მხარეთა კომუნიკაციის ამსახველი აუდიო-ჩანაწერების მიხედვით დასტურდება, რომ მომხმარებელს 2012-2014 წლების პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება სისტემატიურად შეფერხებით მიეწოდებოდა და ამასთან, უმრავლესს შემთხვევებში უცნობია აღნიშნული შეფერხების აღმოფხვრის მიზნით შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ განხორციელებული ზომები, ხოლო აბონენტის მიერ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ცხელ ხაზზე 31 სატელეფონო მიმართვიდან მხოლოდ 9 შემთხვევაში დასტურდება დაზიანების/ხარვეზის აღმოფხვრის ფაქტი კომპანიის ტექნიკური სამსახურის თანამშრომელთან სატელეფონო საუბრით, რამდენიმე წუთში. მხარეთა განმარტებებით დასტურდება დაზიანებული პულტის აღმოფხვრის ფაქტიც.  მომხმარებლის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ცხელ ხაზზე სატელეფონო მიმართვები, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ 2014 წლის 11 ნოემბრის №6/6616-14 წერილით კომისიაში წარმოდგენილი ამონაწერი მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების გაწევისას დაზიანებების შემთხვევების შესახებ, ასევე,  2014 წლის 2 მარტის აუდიო-ჩანაწერი, რომლის მიხედვით,  2014 წლის 2 მარტს შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ტექნიკური სამსახურის თანამშრომელმა სატელეფონო საუბარში აბონენტ უჩა ნებიერიძეს დაუდასტურა, რომ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების ფარგლებში გადახვევის ფუნქციას რამდენიმე თვეა პრობლემა აქვს, მიუთითებს იმაზე, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ ვერ უზრუნველყო მომხარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიწოდების დროს არსებული შეფერხებების ჯეროვნად და სრულად აღმოფხვრა (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, პ. 9, 10 და 11);

კომისია აღნიშნავს, რომ მომხმარებელ უ. ნებიერიძესთან 2014 წლის 10 ნოემბერს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ აბონენტის მიერ მითითებული სამაუწყებლო არხების ,,TV11“ და ,,GDS” გადახვევა ხორციელდებოდა ხარვეზების გარეშე, ხოლო სამაუწყებლო არხ ,,კომედი არხის“ გადახვევა ვერ განხორციელდა, ვინაიდან გადახვევის ფუნქცია  არ მუშაობდა. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინს“, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასა და სამაუწყებლო არხ ,,კომედი არხის“ შეფერხებით ჩვენებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ისევე, როგორც თავად პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების დამადასტურებელი მტკიცებულება კომისიაში არ წარმოუდგენია, კომისიას მიაჩნია, რომ შემოწმების ჩატარების დღისთვის, კომპანიას არ ჰქონდა აღმოფხვრილი სრულად მომსახურების მიწოდების პროცესში არსებული ხარვეზები.

კომისია აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო არხებზე ,,რუსთავი 2“ და ,,ტელეიმედი“ კონკრეტულ დროზე გადახვევის გამართულობის შემოწმებისას გამოირკვა, რომ პროგრამების ელექტრონული გზამკვლევის (EPG) მეშვეობით გადახვევის ფუნქციის გამოყენებისას არჩეულ პროგრამაზე გადახვევა ხორციელდებოდა ხარვეზით, კერძოდ, ხორციელდებოდა 30 წუთით უფრო ადრე, ვიდრე სასურველი პროგრამის დასაწყისი, ხოლო ელექტრონული პროგრამების სარჩევის გამოყენების გარეშე დისტანციური მართვის მოწყობილობის (პულტი) საშუალებით კონკრეტულ დროზე გადახვევისას ადგილი არ ჰქონია ხარვეზებს. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ვინაიდან, შპს ,,კავკასუს ონლაინი“ მომხმარებელს სთავაზობს გადახვევის ფუნქციით მომსახურების მიღების ორ ალტერნატიულ საშუალებას, კომპანია ვალდებულია თანაბრად უზრუნველყოს მომხარებლისთვის მომსახურების მიწოდება ორივე საშუალებით, კერძოდ, როგორც ელექტრონული პროგრამების სარჩევის გამოყენებით, ისე დისტანციური მართვის მოწყობილობის (პულტის) გამოყენებით.

              ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კომისიის აზრით, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ის ვალდებული იყო უზრუნველეყო მომსახურების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად,  ის ვალდებული იყო უზრუნველეყო მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი, შეუფერხებელი მიწოდება.

5.                     ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა.

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ 2014 წლის 11 ნოემბრის №6/6616-14 წერილით კომპანიამ კომისიაში წარმოადგინა ამონაწერი მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების გაწევისას დაზიანებების შემთხვევების შესახებ, აბონენტის მომართვის თარიღის, დროის, პრობლემის, სამაუწყებლო არხის, დაზიანების/ხარვეზის თარიღისა და დროის მითითებით. აღნიშნული ამონაწერის მიხედვით, 2014 წლის 2 მარტს, 14 მაისს და 20 ივნისს აბონენტისთვის მაუწყებლობის ტრანზიტით მიწოდებისას  სხვადასხვა სახის ხარვეზს (მათ შორის, შავი ეკრანი, გლობალური პრობლემა Live-ზე და Time-shift-ზე) ჰქონდა ადგილი. 2014 წლის 2 მარტს აბონენტმა შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მიმართა 21-ჯერ, 14 მაისს - 4-ჯერ, ხოლო 20 ივნისს - 7-ჯერ. წარმოდგენილი ამონაწერის მიხედვით, ყველა ზემოთ მითითებულ შემთხვევაში ხარვეზი/დაზიანება აღმოფხვრილ იქნა. 32-ჯერ დაფიქსირებული ხარვეზის/დაზიანების შემთხვევიდან თითოეული ხარვეზის/დაზიანების აღმოფხვრას მეტწილად დასჭირდა სხვადასხვა დრო. მათ შორის, 2014 წლის 2 მარტს 01:44 საათზე მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა იმავე დღეს, 01:50 საათზე, 6 წუთში; 2014 წლის 2 მარტს 09:08 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა იმავე დღეს, 10:06 საათზე, 58 წუთში, 2014 წლის 2 მარტს, 09:25 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა ამავე დღეს, 10:05 საათზე, 40 წუთში, 2014 წლის 2 მარტს, 11:43 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა ამავე დღეს, 15:03 საათზე, 3 საათსა და 20 წუთში, 2014 წლის 2 მარტს, 11:45 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა ამავე დღეს, 13:40 საათზე, ერთ საათსა და 55 წუთში და სხვ.; 2014 წლის 14 მაისს, 13:02 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა იმავე დღეს, 13:16 საათზე, 14 წუთში, 2014 წლის 14 მაისს, 23:14 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა იმავე დღეს, 23:44 საათზე, 30 წუთში და სხვ.; 2014 წლის 20 ივნისს, 09:22 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა იმავე დღეს, 09:31 საათზე, 9 წუთში, 2014 წლის 20 ივნისს, 22:50 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა იმავე დღეს, 23:16 საათზე, 26 წუთში,  2014 წლის 20 ივნისს, 22:51 საათზე დაფიქსირებული პრობლემა გამოსწორდა იმავე დღეს, 23:18 საათზე, 27 წუთში და სხვ. 

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 2 მარტის, 14 მაისის და 20 ივნისის პერიოდებზე შპს ,,კავკასუს ონლაინს“ არ გადაუანგარიშებია აბონენტისთვის ხარვეზებით მიწოდებული მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მის მიერ გადახდილი საფასური. მომხმარებელ უჩა ნებიერიძის შპს ,,კავკასუს ონლაინის“ ცხელ ხაზზე განხორცელებული სატელეფონო მიმართვების სიხშირისა და სატელეფონო ზარის განხორციელების მომენტიდან ხარვეზების აღმოუფხვრელობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებელს 2014 წლის 2 მარტის, 14 მაისის და 20 ივნისის პერიოდებზე უნდა გადაუანგარიშდეს მომსახურებისთვის გადახდილი საფასური სრულად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების შეჩერებამდე მომხმარებელ უჩა ნებიერიძისთვის მიწოდებული მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების ფასდაკლებული ღირებულება იყო 16 ლარი, ხოლო  2014 წლის 17 მაისს ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების აბონენტისთვის მისი მოთხოვნის საფუძველზე შეჩერების შემდეგ მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება მომხმარებელ უჩა ნებიერიძეს მიეწოდებოდა 24 ლარად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებელ უ. ნებიერიძის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ უნდა დაევალოს  მომხმარებელ უ. ნებიერიძისთვის 1,82 ლარის გადაანგარიშება 2014 წლის 2 მარტს, 14 მაისს და 20 ივნისს მაუწყებლობის ტრანზიტით ხარისხიანი მომსახურების შეფერხებებით, არა უწყვეტად  მიწოდების გამო (02.03.2014 – 16 (ტარიფი) :31 (დღე)= 0,51; 14.05.2014 – 16:31=0,51; 20.06.2014 – 24:30=0,80; 0,51 +0,51 + 0, 81=1,82 ლარი).

6.                  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიმწოდებელი პირი, სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის (ფასიანი სამაუწყებლო სპეციალიზებული არხი, პორნოგრაფიული, ეროტიკული ან/და სრულწლოვანი მაყურებლისათვის განკუთვნილი სხვა შინაარსით) განთავსების შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნული სამაუწყებლო არხი განათავსოს მხოლოდ კოდირებული ფორმით, ხოლო ამავე რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოს შეზღუდული დაშვების მექანიზმები სრულწლოვანისათვის განკუთვნილ მომსახურებაზე. აღნიშნული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ)31 პუნქტის შესაბამისად,  შეზღუდული დაშვება  არის წესი, რომლითაც იზღუდება სპეციფიკურ მომსახურებაზე თავისუფალი დაშვება წინასწარ შემუშავებული მექანიზმის მეშვეობით, ხოლო ჰ)29 პუნქტის თანახმად, სპეციფიკური მომსახურება არის მომსახურება, რომელზეც მისი შინაარსიდან გამომდინარე  დაწესებულია შეზღუდული დაშვება და მიეწოდება მომხმარებელთა მხოლოდ განსაზღვრულ კატეგორიებს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2014 წლის 10 ნოემბერს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ჩატარებული შემოწმებისა და შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მომხმარებელ უ. ნებიერიძის მიერ ზრდასრულთათვის განკუთვნილ სამაუწყებლო არხზე კოდის მოხსნის ფაქტი. 2014 წლის 10 ნოემბრის შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ ზრდასრულთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხი ,,Hustler TV” ხელმისაწვდომი იყო აბონენტებისთვის კოდის გარეშე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109 მუხლის მე-11 პუნქტი და 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი. გამომდინარე იქიდან, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინი“ როგორც მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხი განათავსოს მხოლოდ კოდირებული ფორმით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინი“ არ არის უფლებამოსილი მომხმარებელს მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება მისთვის ასეთი სამაუწყებლო არხის განბლოკვის (კოდის მოხსნის) შესაძლებლობის მიცემით. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდებოდა მომხმარებელ უ. ნებიერიძის მიერ სატელევიზიო მენიუდან სამაუწყებლო არხ ,,Hustler TV”-ის განბლოკვის ფუნქციის გამოყენების ფაქტი, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მხრიდან ადგილი ექნებოდა სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის მხოლოდ კოდირებული ფორმით განთავსების ვალდებულების დარღვევას (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, პ. 13 და 14).

შპს ,,კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებითა და წარმოდგენილი შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სატელევიზიო მენიუდან ზრდასრულთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხების განბლოკვის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერით დასტურდება, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინი“ მომხმარებელს სთავაზობს და აწვდის მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურებას, რომელიც აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას სატელევიზიო მენიუდან განბლოკოს მისთვის სასურველი ზრდასრულთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხი/არხები. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109 მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დაცვის მიზნით, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ უნდა დაეკისროს ზრდასრულთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხების კოდირების ეფექტიანი სისტემის დაუყოვნებლივ დანერგვა, რომელიც სპეციალური კატეგორიის მომხმარებელს, ამ შემთხვევაში არასრულწლოვნებს დაიცავს მავნე ზეგავლენისაგან და არ მისცემს მათ ამ შინაარსის არხებთან წვდომის შესაძლებლობას არცერთი წამით.

7.                  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი კომისიას ან კომიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მათივე მოთხოვნით წარუდგენს მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებულ სრულ ინფორმაციას.

კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი დამცველისთვის მომხმარებელ უჩა ნებიერიძესთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების ასლისა და საანგარიშო თვეში გასაწევი მომსახურების მიწოდების ხარისხის შესაბამისობის მაჩვენებლის თაობაზე ინფორმაციის მიუწოდებლობით, შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ დაარღვია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი (იხ. ფაქტობრივი გარემოებები, პ. 15 და 16).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიერ დარღვეულ იქნა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, 101 მუხლის პირველი პუნქტის, 109 მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 109 მუხლის მე-11 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შპს ,,კავკასუს ონლაინს“ უნდა დაეკისროს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნული კანონისმიერი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.

კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, 101 მუხლის პირველი პუნქტის, 109 მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 109 მუხლის მე-11 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) ბ) და ვ) ქვეპუნქტების დარღვევისთვის. აქედან გამომდინარე, შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა მიეცეს გაფრთხილება. კომისია აღნიშნავს, რომ უჩა ნებიერიძის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ ნაწილში:

ა) დაეკისროს შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მომხმარებელ უჩა ნებიერიძისთვის ხარისხიანი, უწყვეტი მომსახურების მიწოდება;

ბ) დაეკისროს შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მომხმარებელ უჩა ნებიერიძესთან შესაბამისი სააბონენტო ხელშეკრულების წერილიბითი ფორმით დადება;

გ) დაევალოს შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მომხმარებელ უ. ნებიერიძისთვის 1,82 ლარის გადაანგარიშება 2014 წლის 2 მარტს, 14 მაისს და 20 ივნისს მაუწყებლობის ტრანზიტით ხარისხიანი მომსახურების შეფერხებებით, არა უწყვეტად  მიწოდების გამო;

დ) შპს ,,კავკასუს ონლაინს“ ადმინისტრაციული პასუხსიმგელობის სახით მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, 101 მუხლის პირველი პუნქტის, 109 მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 109 მუხლის მე-11 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 63–ე მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, 101 მუხლის პირველი პუნქტის, 109 მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 109 მუხლის მე-11 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 32–ე მუხლის მე–2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის შესაბამისად, კომისიამ ერთხმად

გადაწყვიტა:

1.                  მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივარი შპს ,,კავკასუს ონლაინის“ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

ა) დაეკისროს შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მომხმარებელ უჩა ნებიერიძისთვის ხარისხიანი, უწყვეტი მომსახურების მიწოდება;

ბ) დაეკისროს შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მომხმარებელ უჩა ნებიერიძესთან შესაბამისი სააბონენტო ხელშეკრულების წერილიბითი ფორმით დადება;

გ) დაევალოს შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მომხმარებელ უ. ნებიერიძისთვის 1,82 ლარის გადაანგარიშება 2014 წლის 2 მარტს, 14 მაისს და 20 ივნისს მაუწყებლობის ტრანზიტით ხარისხიანი მომსახურების შეფერხებებით, არა უწყვეტად  მიწოდების გამო;

დ) შპს ,,კავკასუს ონლაინს“ მიეცეს გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და  ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, 101 მუხლის პირველი პუნქტის, 109 მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 109 მუხლის მე-11 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

2.                  მომხმარებელ უჩა ნებიერიძის საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო;

3.                  შპს ,,კავკასუს ონლაინმა“ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ზრდასრულთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხების კოდირების ეფექტიანი სისტემის დანერგვა და გატარებული ზომების თაობაზე ინფორაციის კომისიაში წარმოდგენა;

4.                  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია) შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის’’ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.                  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების მომხმარებელ უჩა ნებიერიძის, მომხარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისა და შპს ,,კავკასუს ონლაინისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

6.                  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

7.                  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

8.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

9.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

10.              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტების, მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრი                                                                                     აკაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                     ირაკლი მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                     კახი ბექაური