მომხმარებელ ხ.სვანიძის საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ოქტომბერი 28, 2015 17:15

მიღების თარიღი სექტემბერი 10, 2015

ნომერი: 553 / 22


„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი  ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის  მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”  რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე, მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

2015 წლის 18 აგვისტოს, კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ა.მშვილდაძემ (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი”) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში ,,კომისია“) მომართა წერილობით(№შ-10/5976), საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,ახალი ქსელების“ მომხმარებელმა ხათუნა სვანიძემ (მცხ. ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქ. №2 ბ. №6) მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს საჩივრით (№9/580; 23.07.15) მიმართა. მომხმარებელის საჩივარში აღნიშნულია, რომ ის 10 წელია სარგებლობს DSL ინტერნეტ მომსახურებით და კეთილსინდისიერად იხდის აღნიშნული მომსახურებისათვის კომპანიის მიერ დაწესებულ ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს. 2014 წლის მარტში,  მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში,  შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეყვანის დროს, კომპანიის წარმომადგენლებმა მას აცნობეს, რომ იქმნებოდა უკეთესი ხარისხის უსადენო (Wi-Fi) ინტერნეტ მომსახურება, რისთვისაც დაწესებული იქნებოდა უმნიშვნელო სატარიფო ცვლილება, კერძოდ, ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს დაემატებოდა მხოლოდ 2 ლარი. როგორც მომხმარებელი განმარტავს, 2014 წლის აპრილში უსადენო (Wi-Fi) ინტერნეტ მომსახურების ჩართვაზე მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მის საცხოვრებელ ბინაში დამონტაჟდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და ინტერნეტ მომსახურებისათვის განკუთვნილი ტექნიკური მოწყობილობა (მოდემი). აღნიშნული დროიდან მომხმარებელი კომპანიისაგან მიღებული ინტერნეტ მომსახურებისათვის იხდიდა  ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს 19 ლარის ოდენობით, რაც მომხმარებლის ვარაუდით შეადგენდა ინტერნეტ მომსახურების პაკეტისათვის გათვალისწინებული 17 ლარისა და უსადენო (Wi-Fi) ინტერნეტ მომსახურებისათვის გათვალისწინებული 2 ლარის ჯამურ  ღირებულებას (სულ 19 ლარი). მომხმარებელ ხ.სვანიძის მტკიცებით, 2015 წლის დასაწყისში, შპს ,,ახალმა ქსელებმა“ ქ.ქუთაისში მცხოვრები მომხმარებლებისათვის წინასწარი ინფორმაციის მიწოდების გარეშე, შეთავაზებულ ინტერნეტ მომსახურებასთან დაკავშირებით განახორციელა ტარიფების ცვლილება, კერძოდ, გაზარდა მინიმალური პაკეტისათვის დაწესებული საფასური, რომელმაც შეადგინა 22 ლარი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული ტარიფით მომხმარებელი იხდიდა ყოველთვიურ სააბონენტო გადასახადს და უსადენო (Wi-Fi) ინტერნეტ მომსახურებისათვის გათვალისწინებულ დამატებით 2 ლარს. თუმცა, ქ.ქუთაისში მცხოვრებ მომხმარებლებს კომპანიის მხრიდან მოულოდნელად ეცნობათ, რომ მათ 5 თვის განმავლობაში  უნდა დაფარონ დავალიანება - 24,5 ლარი ყოველთვიურად 4,90 ლარის ოდენობით. მომხმარებელი ითხოვს, სათანადოდ იქნას გამოკვლეული, რამდენად კანონიერად განახორციელა შპს ,,ახალმა ქსელებმა“ ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე სატარიფო ცვლილება, აგრეთვე, სადავოდ ხდის კომპანიის ინტერნეტ მომსახურებაზე მის სააბონენტო ანგარიშზე საფასურის დარიცხვის სისწორეს და ითხოვს ზემოაღნიშნული სადავო დავალიანების დაზუსტებას.

ზემოაღნიშნული საკითხების სრულყოფილად შესწავლისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ  შპს ,,ახალი ქსელებისაგან” წერილობით (№/577; 29.07.15) გამოთხოვილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (იხ. დანართი №2): კომპანიასა და აბონენტს შორის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესახებ გაფორმებული  ხელშეკრულების ასლი; რა სახის მომსახურების საფასურს წარმოადგენს კომპანიის მიერ  მომხმარებლებზე დაკისრებული გადასახდელი 24,5 ლარის ოდენობით; ინტერნეტ მომსახურების ტარიფების ცვლილებასთან მიმართებით, ასევე, 24,5 ლარის ოდენობით დაწესებული დამატებითი საფასურის გადახდის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების პროგრამული ამონაწერი, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა  SMS შეტყობინების გაგზავნის თარიღისა  და შინაარსის დადგენა; აგრეთვე, IRV ხმოვანი შეტყობინებები; უზრუნველყო თუ არა შპს ,,ახალმა ქსელებმა“ ქ.ქუთაისში მომხმარებელთა ინფორმირება ინტერნეტ მომსახურებაზე ტარიფების ცვლილების შესახებ და რა ფორმით; მომხმარებლისათვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების პერიოდში, კერძოდ, 2014 წლის მარტსა და აპრილში, აგრეთვე, 2015 წლის იანვარსა და თაბერვალში მომხმარებლის მიერ   სააბონენტო გადასახადის დამადასტურებელი დოკუმენტი; საჩივარში მითითებულ სააბონენტო ნომერზე - 0431 27 09 05 სადავო დავალიანების შესახებ დეტალური პროგრამული ამონაწერი (2014 წლის აპრილიდან დღემდე), საიდანაც დადგინდებოდა ინტერნეტ მომსახურებაზე ტარიფების ცვლილებასთან მიმართებით, მომხმარებელთა ინფორმირების ფაქტი; მომხმარებლის მიერ კომპანიის ცხელ ხაზზე დაფიქსირებული პრეტენზიების ჩანაწერი CD დისკზე; კომპანიისადმი აბონენტის მიერ საჩივრით მიმართვის ფორმები (კომპანიის საჩივრების განმხილველი სამსახურის მიერ საჩივრის წარმოებაში მიღების თარიღი, განხილვის ვადები და მიღებული გადაწყვეტილების შედეგები; აგრეთვე რა ვადაში და რა ფორმით ეცნობა აბონენტს საჩივრის განხილვის შედეგები).

საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 2015 წლის 04 აგვისტოს შემოსული შპს ,,ახალი ქსელების“ საპასუხო წერილის (№9/596) თანახმად, აბონენტ ხ.სვანიძესა და შპს ახალ ქსელებს შორის ,,ADSL” ინტერნეტ მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა 2009 წლის 03 სექტემბერს, იმავე დღეს განხორციელდა სამონტაჟო სამუშაოები და დაიწყო მომსახურების მიწოდება, რაც გრძელდებოდა 2014 წლის 08 აპრილამდე. იმავე წლის 08 აპრილს კომპანიის მიერ აღნიშნული აბონენტის გადართვა განხორციელდა ოპტკური ინტერნეტის ქსელში უსადენო (Wi-Fi) მოდემის საშუალებით და მას მიენიჭა ვირტუალური ნომერი 805226.

შპს ,,ახალი ქსელების“ წერილში აღნიშნულია, რომ შპს ,,ახალმა ქსელებმა“ ორჯერ განახორციელა ,,ADSL“ ტექნოლოგიითა და ოპტიკურ ბოჭკოვანი ხაზით მიწოდებული ინტერნტ მომსახურებასთან მიმართებით სატარიფო ცვლილება, კერძოდ;

1. 2014 წლის 28 თებერვალს, შპს ,,ახალი ქსელების“ დირექტორის №01/14 ბრძანებით, ინტერნეტ მომსახურებასთან მიმართებით განსაზღვრული სატარიფო ცვლილებები განთავსდა კომპანიის ვებ-გვერდზე და ძალაში შევიდა 2014 წლის 1 აპრილიდან, მას შემდეგ, რაც დამატებით მოხდა მომხმარებელთა ინფორმირება SMS შეტყობინების გაგზავნით;

2. 2015 წლის 8 აპრილს შპს ,,ახალი ქსელების“ დირექტორის №01/45 ბრძანებით,  ,,ADSL“ ტექნოლოგიითა და ოპტიკური ხაზით მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების მიმღები აბონენტებისათვის 19 ლარიანი მინიმალი და 29 ლარიანი სტანდარტ პაკეტის ღირებულება გაიზარდა 3 ლარით. აღნიშნულ შემთხვევაშიც მოხდა აბონენტთა ინფორმირება SMS შეტყობინების გაგზავნით და ცვლილებების საიტზე განთავსებით.

ზემოაღნიშნულ  წერილში  შპს ,,ახალი ქსელები“ განმარტავს, რომ შპს ,,ახალი ქსელების“ დირექტორის ბრძანების (№01/14; 28.02.2014)  ამოქმედების შემდეგ, მომხმარებელ ხ.სვანიძეს 2014 წლის მარტში დაერიცხა სააბონენტო გადასახდელი ,,ADSL“ მინიმალის გაზრდილი ღირებულების (19 ლარი) ოდენობით, რაც აისახა აბონენტის მიმდინარე გადასახდელში. ვინაიდან, აბონენტმა 2014 წლის მარტის გაზრდილი დარიცხვა სადავო არ გახადა, კომპანიის შეხედულებით, აღნიშნული მიუთითებს მასზე, რომ კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული მომსახურების პაკეტის 2 ლარით გაზრდის შესახებ. შესაბამისად, აბონენტს მარტის საანგარიშო პერიოდში მომსახურების საფასური დაერიცხა  გაზრდილი ტარიფით. ამასთან, კომპანიას მიაჩნია, რომ კეთილსინდისიერი აბონენტი ადვილად შენიშნავდა, რომ მთელი ერთი წლის მანძილზე სააბონენტო გადასახდელზე არ ერიცხებოდა Wi-Fi მოდემით სარგებლობის თანხა, რომლის შესახებ იგი თავად აღნიშნავს წერილში. რაც შეეხება დამატებითი გადასახდელის დაურიცხაობას, კომპანიის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია ხარვეზით, 2015 წლის აპრილში ბილინგში მოხდა ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისი ასახვა, რაც კარგად ჩანს უკვე 2015.04-2015.05 საანგარიშო პერიოდებში. აპრილსა და მაისში მომხმარებელმა სვანიძემ  გადაიხადა სააბონენტო გადასახდელთან ერთად Wi-Fi მოდემით სარგებლობის თანხა 2 ლარის ოდენობით, ხოლო, 2015 წლის ივნისის საანგარიშო პეროდში კომპანიის მხრიდან აბონენტს წინასწარი ინფორმირების შემდეგ, დაერიცხა ერთი წლის მანძილზე უფასოდ გამოყენებული Wi-Fi -ს მოდემის ღირებულების ნაწილი 4.90 ლარი (ასახულია Wi-Fi-ს დამატება”). იმის გამო, რომ აღნიშნულ გადასახდელთან მიმართებით მომხმარებლებს აუცილებლად ექნებოდათ კითხვები განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებით, კომპანიამ გადაწყვიტა მათი ინფორმირება არა SMS შეტყობინებით, არამედ პერსონალურად, სატელეფონო გასაუბრების გზით, რა დროსაც კომპანიის წარმომადგენლები მომხმარებელს პასუხს სცემდნენ მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე. ინფორმირება ხორციელდებოდა შპს ,,ჯეოსელის“ სატელეფონო ნომრებიდან და სამსახურეობრივი ტელეფონებიდან (დაევალა მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერს ქ-ნ ვ.ცაავას). შესაბამისად, შპს ,,ახალ ქსელებს“ მიაჩნია, რომ განხორციელებული დარიცხვა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.

შპს ,,ახალ ქსელების“ ზემოაღნიშნულ წერილში აღნიშნულია, რომ მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების 2.3 პუნქტით, ციფრული სააბონენტო ხაზის მომსახურების ყოველთვიური გადასახადი შეადგენს დანართ №1-ში მითითებულ ტარიფებს. ამავე პუნქტის შენიშვნის მიხედვით, მომსახურების ტარიფი შეიძლება შეიცვალოს (გაიზარდოს, შემცირდეს) ,,ADSL“ მომსახურების თვითღირებულების ცვლილებათა გამო, აღნიშნული ცვლილების შესახებ აბონენტი გაფრთხილებული იქნება პრესისა და/ან ინფორმაციის სხვა საშუალებების მეშვეობით. თუ აბონენტი ამგვარი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში არ განაცხადებს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულების მოქმედება გრძელდება. კომპანია მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნათა მიმართ გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადებზე, რომლებიც გამომდინარეობენ ხელშეკრულებიდან.

შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ მომხმარებლებისათვის, კერძოდ, მომხმარებელ ხ.სვანიძისათვის 24.50 ლარის ოდენობით დამატებითი გადასახადის დარიცხვის შესახებ (ყოველთვიურად 4.90 ლარის ოდენობით) ინფორმაციის მიწოდების ფაქტის დადასტურების მიზნით, კომპანია  ეყრდნობა თავად მომხმარებლის მიერ საზოგადებრივი დამცველის სამსახურში წარმოდგენილ წერილში მითითებულ სიტყვებს ,,აცნობა შპს ,,ახალი ქსელების“ ადმინისტრაციამ, რომ დამატებით უნდა გადაგვეხადა თვეში 4.90 ლარი. სულ 5 თვის განმავლობაში, რათა დაფარულიყო თითქოსდა დამალული თუ მათი თანამშრომლების გულგრილობით დავიწყებული მომსახურება, მთლიანობაში 24,50 ლარი“. კომპანიის წერილში აღნიშნულია, რომ მომხმარებელ ხ.სვანიძეს კომპანიისათვის არც წერილობით და არც ზეპირი საჩივრით არ მიუმართავს.

მომხმარებელ ხ.სვანიძესა და შპს ,,ახალ ქსელებს“ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შეწავლის შედეგად საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმრებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული შემდეგი ნორმები:

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის  (შემდგომში – „რეგლამენტი“) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი კომისიას ან კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მათივე მოთხოვნით წარუდგენს მომხმარებლის საჩივართან დაკვშირებულ სრულ ინფორმაციას.

შპს ,,ახალმა ქსელებმა“ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში არ წარმოადგინა საჩივართან დაკავშირებული ინფორმაცია და საქმესთან დაკავშირებული სრულყოფილი დოკუმენტაცია, კერძოდ:

ა) შპს ,,ახალი ქსელების“ დირექტორის 2014 წლის 28 თებერვლის №01/14 ბრძანებით გათვალისწინებული ინტერნეტ მომსახურებასთან მიმართებით სატარიფო ცვლილების შესახებ SMS შეტყობინებების მომხმარებლებისათვის დაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე ინფორმაციის ვებ-გვერდზე განთავსების შესახებ დოკუმენტი;

ბ) მომხმარებელ ხ.სვანიძის ინფორმირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია 24.50 ლარის გადახდის შესახებ.

2. რეგლამენტის 21-ე მუხლის 11 პუნქტი, რომლის თანახმად, გაწეული მომსახურების საფასური მომხმარებელს ერიცხება მომსახურების გაწევიდან არა უგვიანეს სამი თვისა, ხოლო ანგარიში წარედგინება გაწეული მომსახურების საფასურის დარიცხვიდან არა უგვიანეს მომდევნო ერთი თვისა.

შპს ,,ახალი ქსელების“ საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ დამატებითი გადასახადის დაურიცხაობა გამოწვეული იყო ხარვეზით.  2015 წლის ბილინგში მოხდა ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისი ასახვა, რაც კარგად ჩანს უკვე 2015 წლის აპრილი - 2015 წლის საანგარიშო პერიოდში. სწორედ აპრილსა და მაისში მომხმარებელმა ხ.სვანიძემ უპრობლემოდ გადაიხადა სააბონენტო გადასახდელთან ერთად Wi-Fi მომსახურების თანხაც 2 ლარი. 2015 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში აბონენტს წინასწარი ინფორმირების შემდეგ დაერიცხა 1 წლის მანძილზე უფასოდ გამოყენებული Wi-Fi-ს მოდემის ღირებულების ნაწილი 4.90 ლარი, რაც ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის რეგლამენტის 21-ე მუხლის 11 პუნქტთან.

3. რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი  ცვლილებების თაობაზე ატყობინებს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.

4. რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ ვებგვერდზე ინტერნეტში განათავსოს ინფორმაცია მომხმარებლებისთვის შეთავაზებული მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების პაკეტების და მომსახურების ტარიფების თაობაზე, ასევე ინფორმაცია მომსახურების მიღების, შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებისა და მომსახურების პაკეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ  საზოგადოებრივი დამცველის წერილის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ახალი ქსელების“ მიერ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისათვის წარმოდგენილი საპასუხო წერილის დანართ 12-ში წარმოდგენილია  შპს ,,ახალი ქსელების“ დირექტორის 2015 წლის 8 აპრილის  №01/45 ბრძანებით გათვალისწინებულ სატარიფო ცვლილებასთან მიმართებით SMS შეტყობინებების მომხმარებლებისათვის დაგზავნის შესახებ პროგრამული ამონაწერი (ელექტრონული ფორმით), აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნულ დოკუმენტში მომხმარებელთა ინფორმირების თარიღად მითითებულია 2015 წლის 22 აპრილი, ხოლო ინდივიდუალური შეტყობინების ტექსტში მითითებულია, რომ სატარიფო ცვლილება განხორციელდება 1 მაისიდან. შესაბამისად კომპანიის მხრიდან დაირღვა ინტერნეტ მომსახურებასთან მიმართებით სატარიფო ცვლილების განხორციელების შესახებ, მომხმარებელთა ინფორმირებისათვის რეგლამენტით დადგენილი პირობები, კერძოდ, ინდივიდუალური შეტყობინების მეშვეობით მომხმარებელთა ინფორმირების რეგლამენტით დადგენილი ვადა (10 სამუშაო დღე).

საზოგადოებრივი დამცველი აღნიშნავს, რომ იმის გამო, რომ კომპანიამ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში არ წარმოადგინა კომპანიის დირექტორის 2014 წლის 28 თებერვლის №01/14 ბრძანებით გათვალისწინებულ სატარიფო ცვლილებასთან მიმართებით ინდივიდუალური შეტყობინებების მომხმარებლებისათვის (მათ შორის ხ.სვანიძე) გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ასევე არ წარმოადგინა 24,50 ლარის გადასახადის გადახდის შესახებ ქ.ქუთაისში მცხოვრები მომხმარებლების (მათ შორის ხ.სვანიძე) ინფორმირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს, ჰქონდა თუ არა ადგილი კომპანიის მხრიდან აბონენტის ინფორმირებისათვის რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას.

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით საზოგადოებრივი დამცველს მიიჩნია, რომ შპს ,,ახალი ქსელების“ მხრიდან ადგილი აქვს აბონენტ ხ.სვანიძის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევას. შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ითხოვს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით შესაბამის დეპარტამენტს დაავალოთ აღნიშნული საკითხის სხდომაზე გატანა. საზოგადოებრივი დამცველის მიმართვას თან ერთვის: აბონენტ  ხ.სვანიძის განცხადება (№9 9/580; 23.07. 2015) – 2 ფურც.; საზოგადოებრივი დამცველის წერილი შპს ახალ ქსელებს“  – 2 ფურც.; შპს ,,ახალი ქსელების“ წერილი და CD.

მომხმარებელ ხ.სვანიძის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2015 წლის 10 სექტემბერს, რის შესახებ შეტყობინებებით ეცნობათ შპს ,,ახალ ქსელებს“ და მომხმარებელ ხ.სვანიძეს და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ ასევე გაეგზავნათ ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლები.

2015 წლის 3 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა მომხმარებელ ხ.სვანიძის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-9/6455-15), სადაც ის აღნიშნავს, რომ მიიღო კომისიის შეტყობინება მისი საჩივრის განხილვის მიზნით კომისიის სხდომის დანიშვნის თაობაზე  და ითხოვს ოჯახური პირობების გამო საკითხის განხილვას მისი დასწრების გარეშე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ,,ზედმეტად და არასწორად დარიცხული თანხები“ არ გადაახდევინონ და შპს ,,ახალი ქსელები“ კეთილსინდისიერად მოექცეს ქ.ქუთაისის მოსახლეობას.

2015 წლის 9 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა მომხმარებელ ხ.სვანიძის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-9/6605-15), სადაც ის აღნიშნავს, რომ მის განცხადებაში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, თუ რამდენად კანონიერად მოხდა მომსახურების ტარიფის გაძვირება, შეეხებოდა არა 2014 წლის 1 აპრილიდან განხორციელებულ სატარიფო ცვლილებას, რომელსაც სადაოდ არც კი ხდიან და ამის შესახებ ოფიციალურად იყვნენ ინფორმირებულნი, არამედ 2015 წლის მაისში მომხდარ გაძვირებას. როგორც მომხმარებელმა ახლა გაარკვია, ბოლოს განხორციელებული ტარიფის გაძვირების შესახებ ინფორმაცია მიღებული აქვს იმ ნომერზე, რომლითაც იმ დროს არ სარგებლობდა. რაც შეეხება საკითხს, იყვნენ თუ არა ინფორმირებულნი 24,50 ლარის დარიცხვის შესახებ, მომხმარებელი ხ.სვანიძე ადასტურებს, რომ შპს ,,ახალი ქსელების“ მარკეტინგის სამსახურის სპეციალისტმა პირადად შეატყობინა სატელეფონო საუბარში აღნიშნული თანხის დარიცხვის თაობაზე. აქედან გამომდინარე, მომხმარებელი ხ.სვანიძე განმარტავს, რომ აღარ გააჩნია განცხადების განხილვის კანონიერი ინტერესი, უარს ამბობს მის განხილვაზე, იხმობს განცხადებას და ითხოვს საჩივრის განუხილველად დატოვებას. მომხმარებელი ხ.სვანიძე დამატებით განმარტავს, რომ კვლავაც თანამშრომლობს შპს ,,ახალ ქსელებთან“, მომავალშიც აპირებს თანამშრომლობას და მხარეებს ერთმანეთის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ.

2015 წლის 9 სექტემბერს კომისიაში შემოვიდა შპს ,,ახალი ქსელების“ ადვოკატის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №შ-9/6606-15) თანდართული მასალით (CD დისკი; შპს ,,ჯეოსელის“ კორპორაციული სატელეფონო ნომრის - 577046730 დეტალური ამონაწერი გამავალი ზარების შესახებ),  სადაც ის მომხმარებელ ხ.სვანიძის განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ 2014 წლის 1 აპრილიდან განხორციელებულ სატარიფო ცვლილებებთან დაკავშირებით დავა აღარ არსებობს. მომხმარებელი 2014 წლის 1 აპრილიდან  2015 წლის 1 მაისამდე იხდიდა გაზრდილ ტარიფს, რის შესახებ მომხმარებელი გაფრთხილდა რეგლამენტით გათვალისწინებული წესით 2014 წლის 14 მარტს, 16:30 წთ-ზე იყო ინფორმირებული ზეპირი სატელეფონო ხმოვანი შეტყობინებით, ასევე ინფორმაცია განთავსდა შპს ,,ახალი ქსელების“ ვებ გვერდზე (მტკიცებულება: CD დისკზე ჩაწერილი ელექტრონული ცხრილი; შეტყობინების ტექსტი და ინფორმაცია სატარიფო ცვლილებების განთავსების შესახებ). შპს ,,ახალი ქსელების“ ადვოკატი განმარტავს, რომ ინტერნეტის ინსტალაციისთვის, ეს იქნება ვაიფაი(Wi-Fi) მოდემით თუ მის გარეშე, განსაზღვრულია ნულოვანი ტარიფი. იმ შემთხვევაში თუ აბონენტს სურს მომსახურების მიღება  ვაიფაი(Wi-Fi) მოდემის მეშვეობით,  კომპანია მას დროებით სარგებლობაში, ყოველთვიური გადასახდელის გადახდის პირობით, გადასცემს შესაბამის მოდემს, რისთვისაც მას დამატებით ერიცხება თვეში 2 ლარი მოდემით სარგებლობისათვის. აღნიშნული თანხა ფაქტობრივად წარმოადგენს აპარატის ქირავნობის თანხას და მას საერთო არაფერი აქვს გაწეული მომსახურების საფასურთან, რომელიც ყოველთვის დროულად ერიცხებოდა ყველა აბონენტს, მათ შორის ხ.სვანიძესაც. შპს ,,ახალი ქსელების“ ადვოკატი აღნიშნავს, რომ მომხმარებელ ხ.სვანიძეზე დარიცხული 24,50 ლარი წარმოადგენს მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული მოდემით სარგებლობის ღირებულებას (თვეში 2 ლარი), რის შესახებ მომხმარებელი ინფორმირებული იყო, რასაც თვითონაც ადასტურებს თავის განცხადებაში. ვაიფაი(Wi-Fi) მოდემის დროებით სარგებლობაში გადაცემა არ წარმოადგენს გაწეული მომსახურების საფასურს და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით მესამე თავით განსაზღვრული მოთხოვნის წარდგენის 3 წლიანი ხანადზმულობის ვადა. ადვოკატი განმარტავს, რომ მომხმარებელი ხ.სვანიძე ინფორმირებული იყო აღნიშნული თანხის დარიცხვის შესახებ, რაც დასტურდება შპს ,,ახალი ქსელების“ კორპორაციული ნომრის (577046730) დეტალური ამონაწერიდან გამავალი ზარების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ახალი ქსელების“ ადვოკატს მიაჩნია, რომ შპს ,,ახალი ქსელების“ მხრიდან ადგილი არ ჰქონდა მომხმარებლის უფლების დარღვევის ფაქტს და ითხოვს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას.

2015 წლის 10 სექტემბრის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა შპს ,,ახალი ქსელების“ ადვოკატი, რომელმაც მხარი დაუჭირა მის 2015 წლის 9 სექტემბრის განცხადებაში მოყვანილ არგუმენტაციას და  მოითხოვა  ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი დამცველის მომართვისა და თანდართული დოკუმენტაციის, მომხმარებელ ხ.სვანიძის საჩივრისა (№9/580; 23.07.15)  და მისი 2015 წლის 3 სექტემბრისა და 2015 წლის 9 სექტემბრის განცხადებების,  შპს ,,ახალი ქსელების“ ადვოკატის 2015 წლის 9 სექტემბრის განცხადებისა და მისი ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისიას მიაჩნია, რომ მომხმარებელ ხ.სვანიძის საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მომხმარებელ ხ. სვანიძის საჩივრის განხილვა უნდა შეწყდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ვ) და ძ) ქვეპუნქტების,  მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 62-ე  და 63-ე მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”  რეგლამენტის 32-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს მომხმარებელ ხ.სვანიძის საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების მომხმარებელ ხ.სვანიძისთვის, შპს ,,ახალი ქსელებისთვის“ და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);   

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                მერაბ ქათამაძე