შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ ავთანდილ ყურაშვილის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ოქტომბერი 11, 2016 17:31

მიღების თარიღი სექტემბერი 23, 2016

ნომერი: 644 / 23
 


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს კომისიას რეაგირებისთვის მომართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი“) ნ. ფანგანმა (2016 წლის 18 აგვისტოს №შ-10/8604-16 მომართვა). აღნიშნული მომართვიდან ირკვევა, რომ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს შპს „ჯეოსელის“ აბონენტმა ავთანდილ ყურაშვილმა მიმართა საჩივრით (№9/808; 27.06.2016), რომელიც ეხება ინტერნეტ პაკეტის ამოწურვის შემდეგ მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდებისა და  მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორეს.

ა. ყურაშვილის საჩივრის თანახმად, მომხმარებელს შეძენილი ჰქონდა შპს „ჯეოსელის“  5 ლარიანი პაკეტი  „მეტი S”, რომელიც მოიცავს 120 წთ უფასო სასაუბრო დროს და 100 მბ ინტერნეტს. როგორც საჩივარშია აღნიშნული, მან ვერ შეძლო გახარჯული  მეგაბაიტების გაკონტროლება და გამოყოფილი ლიმიტის გახარჯვის შემდეგ დაერიცხა დავალიანება 42,36 ლარი. შპს „ჯეოსელის“ მიერ აბონენტის წინასწარი ინფორმირება პაკეტის ამოწურვისა და შემდგომში განსხვავებულ ტარიფზე გადასვლასთან დაკავშირებით არ მომხდარა.  აქედან გამომდინარე, მომხმარებელი სადავოს ხდის მის კუთვნილ სააბონეტო ნომერზე - 577 40 XX XX მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორეს.

შპს „ჯეოსელის“ 2016 წლის 9 აგვისტოს  წერილობითი განმარტებით (რეგისტრაციის N9/855; 09.08.2016),  მომხმარებლის მიერ პაკეტით გათვალისწინებული 100 მგ ამოიწურა 21.06.2016 წ., 06:48:23 საათზე,  პაკეტის მოქმედების განმავლობაში კი 1 მგ-ის ფასი განსაზღვრულია 15 თეთრით.  21.06.2016 წ.  06:48:23 საათიდან - 13:37:44 საათამდე კი აბონენტს გახარჯული აქვს 282,4 მგ, რომლის ღირებულებაც შეადგენს 42,36 ლარს.

საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ ვინაიდან, შპს „ჯეოსელმა“ ვერ უზრუნველყო მომხმარებლის წინასწარი ინფორმირება  პაკეტის ამოწურვისა და შემდგომში მომსახურების  განსხვავებულ ტარიფზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და  „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საზოგადოებრივი დამცველი ითხოვს, კომისიამ დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება ა. ყურაშვილის საჩივრის განხილვის მიზნით.

მომხმარებელ ა. ყურაშვილის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 23 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც  შეტყობინებებით (№03.1675-15; 12.08.2015; №03/1677-15; 12.08.2015)  ეცნობა ა. ყურაშვილს, საზოგადოებრივ დამცველს თ. ტეფნაძეს და შპს „ჯეოსელს“ და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლ. გიორგაძე, მომხმარებელი ა. ყურაშვილი და საზოგადოებრივი დამცველი თ. ტეფნაძე.

საზოგადოებრივმა დამცველმა თ. ტეფნაძემ მხარი დაუჭირა 2016 წლის 18 აგვისტოს მომართვაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლებს.

ა. ყურაშვილმა კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე ითხოვა საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და ზეპირი მოსმენის ჩანიშვნა.

კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე ლ. გიორგაძემ მომხმარებელს შესთავაზა საქმის მორიგებით დასრულება. ასევე აღნიშნა, რომ მორიგების პირობების თაობაზე მომხმარებელთან შეხვედრა გაიმართა 2016 წლის 22 სექტემბერს.  

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ შესაბამისად.

შპს „ჯეოსელი“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ძ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს. მომხმარებელი ა. ყურაშვილი (სააბონენტო ნომრი - 577 403XXX) წარმოადგენს შპს „ჯეოსელის“ მომხმარებელს, რაც დასტურდება მხარეთა შორის 1997 წლის 24 ივნისს გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებით N1102281.

კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი დამცველის მომართვისა და თანდართული დოკუმენტაციის, მომხმარებელ ა. ყურაშვილის საჩივრის,  ასევე, შპს „ჯეოსელის“ ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისიას მიაჩნია,  რომ უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ მომხმარებელ ა. ყურაშვილის საჩივრის განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენა უნდა გაიმართოს 2016 წლის 13 ოქტომბერს, 15:00 საათზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ მომხმარებელ ა. ყურაშვილის საჩივრის განხილვის მიზნით;

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 13 ოქტომბერს, 15.00 საათზე;

3. შპს ,,ჯეოსელი“, ა. ყურაშვილი და საზოგადოებრივი დამცველი კომისიის სხდომაზე გაფრთხილდნენ კომისიის მომდევნო სხდომის გამართვის ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების მომხმარებელ ა. ყურაშვილისთვის, საზოგადოებრივი დამცველისა და შპს ,,ჯეოსელისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

ბ)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-4 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ. კვერენჩხილაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                     გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                     მერაბ ქათამაძე