შპს ,,ჯეოსელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ თეიმურაზ სივსივას საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

აგვისტო 16, 2016 17:26

მიღების თარიღი ივნისი 23, 2016

ნომერი: 424 / 16
 


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას რეაგირებისთვის მომართა კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი”) თამთა ტეფნაძემ (შ-10/4070-16; 28.04.2016). აღნიშნული მომართვიდან ირკვევა, რომ საზოგადოებრივ დამცველს წერილობითი საჩივრით (15.04.2016; N9/769) მიმართა ფიზიკურმა პირმა თეიმურაზ სივსივამ, რომელიც სადაოდ ხდის შპს „ჯეოსელის“ მიერ მისთვის სატელეფონო ნომრის 577402XXX გაფრთხილების გარეშე ჩამორთმევას და მოითხოვს აღნიშნული ნომრის აღდგენას ან მისთვის სხვა ფასიანი ნომრის გაცემას.

როგორც ირკვევა საზოგადოებრივი დამცველის მომართვისა და თანდართული დოკომენტაციიდან, თ. სივსივამ მას მიმართა 2015 წლის 27 აგვისტოს ელექტრონული ფოსტით, კონსულტაციის მიღების მიზნით, შპს „ჯეოსელის“ მიერ მისთვის სააბონენტო ნომრის გაუქმებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მომართვის საფუძველზე საზოგადოებრივმა დამცველმა შპს „ჯეოსელისგან“ გამოითხოვა ინფორმაცია. შპს „ჯეოსელის“ საპასუხო წერილიდან (08.10.2015; N9/641) ირკვევა, რომ თ. სივსივას შპს ,,ჯეოსელთან“ ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა 2010 წლის 27 მაისიდან, ხოლო 2012 წლის 26 მარტიდან შეიცვალა სააბონენტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს ,,ჯეოსელი“ უფლებამოსილია 151-ე დღიდან ავტომატურად გააუქმოს ხელშეკრულება, იმ შემთხვევაში, თუ ლაი-ლაის აბონენტი თანხის ბოლო ჩატვირთვიდან 150 დღის განმავლობაში არ ჩარიცხავს თანხას ნომრის ანგარიშზე. ამავე წერილის თანახმად, აბონენტმა სააბონენტო ხელშეკრულების მოსალოდნელი ცვლილებისა და ხელშეკრულების გაცნობის პირობების თაობაზე ინფორმაცია მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინებით 2012 წლის 10 მარტს. შპს „ჯეოსელის“ განცხადებით, აბონენტმა ნომერზე თანხის ბოლო ჩარიცხვა მოახდინა 2015 წლის 27 თებერვალს და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიას არ განუხორციელებია აბონენტის დამატებით ინფორმირება და ხელშეკრულების შესაბამისად, მის მიერ თანხის ბოლო ჩარიცხვიდან 151-ე დღეს ხელშეკრულება ავტომატურად გაუქმდა 2015 წლის 30 ივლისს.

საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელმა“ ვერ დაასაბუთა მომსახურების შეზღუდვის წარმოშობის საფუძველი და ასევე, კომპანიის მხრიდან არ იქნა დაცული როგორც მომსახურების შეზღუდვამდე, ასევე მომსახურების შეწყვეტამდე მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების ვალდებულება. შესაბამისად, საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ დაირღვა კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის (შემდომში „რეგლამენტი“) შემდეგი ნორმები:

  1. რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე;
  2. რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გარდა, სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების შეწყვეტა დაიშვება მომხმარებლის მიერ მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 45 დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში;
  3. რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის  თანახმად, მომსახურების მიმწოდებელმა უნდა გამოიყენოს მომსახურების შეზღუდვის ერთ-ერთ ისეთი  ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ დარღვევის აღმოფხვრას, ხოლო მეორე მხრივ უსაფუძვლოდ არ შეზღუდავს მომხმარებლის ინტერესს ისარგებლოს მომსახურების სხვა სახეებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველი ითხოვს კომისიამ დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ თეიმურაზ სივსივას საჩივრის განხილვის მიზნით.

 

საზოგადოებრივი დამცველის მომართვას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტაცია: 1. თ. სივსივას წერილობითი საჩივარი (15.04.2016; N9/769); 2. თ. სივსივას ელექტრონული წერილის ამონაბეჭდი (31.08.2015; N9/610); 3. საზოგადოებრივი დამცველის წერილი შპს „ჯეოსელს“ (11.09.2016; N9/632); 4. შპს ,,ჯეოსელის” საპასუხო წერილი თანდართული დოკუმენტაციით.

ფიზიკურ პირ თეიმურაზ სივსივას საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 31 მაისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შეტყობინებებით (№03/1474-16, 23.05.2015; №03/1475-16, 23.05.2015) ეცნობათ შპს „ჯეოსელს“ და  თ. სივსივას და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

კომისიის 2016 წლის 31 მაისის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი მ. ღუბიანური, და საზოგადოებრივი დამცველი თ. ტეფნაძე. ფიზიკური პირი თ. სივსივა არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე, თუმცა, კომისიის შეტყობინების (№03/1475-16, 23.05.2015) მიღების დასტური გამოაგზავნა კომისიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: post@gncc.ge  2016 წლის 23 მაისს.

შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა იშუამდგომლა კომისიის წინაშე სხდომის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ საქმეში უშუალოდ ჩართული იურისტი ლ. გიორგაძე იმყოფებოდა სასამართლოში და ვერ მოახერხა კომისიის სხდომაზე მოსვლა. საზოგადოებრივმა დამცველმა დაადასტურა მის წერილობით მიმართვაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და ითხოვა ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში მხარედ ჩართვა ფიზიკურ პირ თ. სივსივას ინტერესების დასაცავად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ განიხილა შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა და არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ კომისიის 2016 წლის 31 მაისის სხდომაზე არ განიხილებოდა მხარეთა შორის დავა და განიხილებოდა მხოლოდ ფიზიკურ პირ თ. სივსივას საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ საჩივრის განსახილველად  მიღების შემთხვევაში შპს „ჯეოსელს“ მიეცემოდა შესაძლებლობა წარმოედგინა თავისი მოსაზრებები, მტკიცებულებები და შუამდგომლობები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის განმავლობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. აღნიშნული კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

საჩივრის ავტორი 2010 წლის 27 მაისიდან 2015 წლის 30 ივლისამდე წარმოადგენდა შპს „ჯეოსელის“ აბონენტს რაც დასტურდება შპს „ჯეოსელსა“ და თ. სივსივას შორის 2010 წლის 27 მაისს და 2011 წლის 27 აპრილს გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებებითა და შპს „ჯეოსელის“ 2015 წლის 8 ოქტომბრის წერილით (საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრაციის №9/641).

შპს „ჯეოსელი“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ძ) პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება (31.05.2016; №337/23) „შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ თეიმურაზ სივსივას საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“. ამავე გადაწყვეტილებით, კომისიამ თ. სივსივას ინტერესების დასაცავად მხარედ ჩართო საზოგადოებრივი დამცველი, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენა დანიშნა 2016 წლის 16 ივნისს, 15:00 საათზე.

კომისიის 2016 წლის 16 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლ. გიორგაძემ დაადასტურა, რომ კომპანიასა და ფიზიკურ პირ თ. სივსივას შორის შედგა შეთანხმება, შპს „ჯეოსელმა“ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და მისცა მას ახალი მობილური ტელეფონის ნომერი. მან ასევე დაადასტურა, რომ შპს „ჯეოსელი“ დანერგავდა ინდივიდუალური შეტყობინების სისტემას, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის შესაბამისად. განსაზღვრულ შემთხვევებში  ინდივიდუალური შეტყობინების ამავე სხდომაზე საზოგადოებრივმა დამცველმა აღნიშნა, რომ თ. სივსივა ელექტრონული ფოსტით დაადასტურებდა მასსა და შპს „ჯეოსელს“ შორის მორიგებას და მისთვის ახალი სააბონენტო ნომრის გაცემას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ გამოაცხადა შესვენება და ზეპირი მოსმენა გააგრძელა 2016 წლის 23 ივნისს.

კომისიის 2016 წლის 23 ივნისის ზეპირ მოსმენას არ ესწრებოდნენ შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი და ფიზიკური პირი თ. სივსივა. საზოგადოებრივმა დამცველმა კომისიის სხდომაზე გამოაქვეყნა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე თ. სივსივას მიერ გამოგზავნილი წერილი (საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის რეგისტრაციის №9/805; 17.06.2016), რომლითაც ის ადასტურებდა მასსა და შპს „ჯეოსელს" შორის მორიგებას და კომპანიის მიერ მისთვის ძველი ნომრის ნაცვლად ახალი ნომრის გადაცემას.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ თეიმურაზ სივსივას საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 63-ე მუხლისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს შპს ,,ჯეოსელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ თეიმურაზ სივსივას საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების ფიზიკურ პირ თეიმურაზ სივსივასთვის, შპს „ჯეოსელისა“ და საზოგადოებრივი დამცველისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (გ. კვერენჩხილაძე).

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                    მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                                             ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                             კახი ბექაური