შპს „ჯეოსელის“ წინააღმდეგ მომხმარებელ ა.ყურაშვილის საჩივრის განხილვის შესახებ

ნოემბერი 07, 2016 17:33

მიღების თარიღი ოქტომბერი 27, 2016

ნომერი: 705 / 22


I.   აღწერილობითი ნაწილი

2016 წლის 27 ივნისს, შპს ,,ჯეოსელის“ აბონენტმა ა.ყურაშვილმა საჩივრით (№9/808; 27.06.2016) მიმართა კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს (შემდგომში - საზოგადოებრივი დამცველი). საჩივარში აღნიშნულია, რომ მომხმარებელს შეძენილი ჰქონდა შპს „ჯეოსელის“  5 ლარიანი პაკეტი  „მეტი S”, რომელიც მოიცავს უფასო 120 წთ  სასაუბრო დროს და 100 მბ ინტერნეტს. მან ვერ შეძლო გახარჯული  მეგაბაიტების გაკონტროლება და გამოყოფილი ლიმიტის გახარჯვის შემდეგ დაერიცხა დავალიანება 42,36 ლარის ოდენობით. შპს „ჯეოსელის“ მიერ აბონენტის წინასწარი ინფორმირება პაკეტის ამოწურვისა და შემდგომში განსხვავებულ ტარიფზე გადასვლასთან დაკავშირებით არ მომხდარა.  აქედან გამომდინარე, მომხმარებელი სადავოს ხდის მის სააბონეტო ნომერზე - 577 40 XX XX მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორეს და ითხოვს დაევალოს შპს „ჯეოსელს“ უზრუნველყოს მომხმარებელთა  მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარი გაფრთხილება. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით, საზოგადოებრივი დამცველის მოთხოვნის საფუძველზე, შპს „ჯეოსელმა“ წერილობით განმარტა (რეგისტრაციის N9/855; 09.08.2016), რომ მომხმარებლის მიერ პაკეტით გათვალისწინებული უფასო 100 მბ ამოიწურა 2016 წლის 21 ივნისს, 06:48:23 საათზე, რის შემდეგ, მას დაერიცხა  პაკეტის მოქმედების განმავლობაში განსაზღვრული ტარიფი: 1 მბ - 15 თეთრად.  უფასო 100 მგ ინტერნეტის ამოწურვის შემდეგ, 2016 წლის 21 ივნისის  06:48:23 საათიდან - 13:37:44 საათამდე მომხმარებელმა მიიღო  282,4 მგ ინტერნეტი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 42,36 ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივმა დამცველმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, შპს „ჯეოსელმა“ ვერ უზრუნველყო მომხმარებლის წინასწარი ინფორმირება  პაკეტის ამოწურვისა და შემდგომში  მომსახურების განსხვავებულ ტარიფზე გადასვლასთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე. აქედან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და  „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საზოგადოებრივმა დამცველმა 2016 წლის 18 აგვისტოს რეაგირებისთვის მომართა (№შ-10/8604-16; 16.08.2016) კომისიას და მოითხოვა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყება ა. ყურაშვილის საჩივრის განხილვის მიზნით.

კომისიის 2016 წლის 23 სექტემბრის №644/23  გადაწყვეტილებით დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მომხმარებელ ა. ყურაშვილის საჩივრის განხილვის მიზნით. საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2016 წლის 13 ოქტომბერს 15 საათზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვრა 27 ოქტომბერი, 15 სთ. ამასთან, საზოგადოებრივი დამცველი ჩართულ იქნა მომხმარებლის ინტერესების დასაცავად.

კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ მომხმარებელი ა.ყურაშვილი, შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელი ლ.გიორგაძე და საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი ა. მშვილდაძე.

კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე მომხმარებელმა ა. ყურაშვილმა აღნიშნა, რომ  შპს „ჯეოსელის“ მხრიდან მისთვის შეტყობინების გარეშე ახალ ტარიფზე გადასვლისა და გამოყენებული მეგაბაიტებისთვის თანხის დარიცხვის ფაქტი  არ არის პირველი შემთხვევა და ასეთი შემთხვევების გამო, მას დაახლოებით 300 ლარამდე აქვს შპს „ჯეოსელისთვის“ გადახდილი.  მაშინ მან მიმართა შპს ,,ჯეოსელს“ დავალიანების 6 თვეზე გადანაწილების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა. მომხმარებელმა აღნიშნა, რომ კომპანიას აქვს გარკვეული კომბინაციის კოდი, რომლითაც შესაძლებელია ბალანსის გადამოწმება, თუმცა შეუძლებელია იმის გაკონტროლება და გადამოწმება  თუ როდის ამოიწურება პაკეტით განსაზღვრული მეგაბაიტები, რადგან ნაკადი მოდის სხვადასხვა სიჩქარით. შესაბამისად, მომხმარებელს მიაჩნია, რომ თავად კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მისი ინფორმირება საფასურის ცვლილების თაობაზე. ა. ყურაშვილის განმარტებით, თუ შპს „ჯეოსელი“ ვერ აფრთხილებს აბონენტებს,  მომსახურების პაკეტის ტარიფის ცვლილებაც არ უნდა განახორციელოს. როდესაც აბონენტი ყიდულობს პაკეტს, მისთვის უცნობია, რომ უფასო ლიმიტის გადაცილების შემთხვევაში გაფრთხილების გარეშე გადადიან 15 თეთრიან ტარიფზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ის კომპანიას არ გაუფრთხილებია პაკეტის შეძენის დროსაც.  შესაბამისად, მას, როგორც მომხმარებელს, ჰქონდა მოლოდინი, რომ კომპანია პაკეტის ლიმიტის ამოწურვის შესახებ გააფრთხილებდა.

კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლ.გიორგაძემ აღნიშნა, რომ მომხმარებლისთვის ცნობილი იყო რა სერვისი იყიდა. ეს სერვისი გამოხატული არის სხვადასხვა მიმართულებით. პაკეტში არის გარკვეული წუთების რაოდენობა და გარკვეული ინტერნეტის მოცულობა. როდესაც აღნიშნულ პაკეტს ყიდულობს აბონენტი, მას მიეწოდება ინფორმაცია, რომ ამ პაკეტის ამოწურვის შემდეგ, მისი ტარიფი იქნება განსხვავებული. ლ.გიორგაძის განმარტებით, პაკეტის მოქმედების განმავლობაში, გაცხადებულ პირობაზე რომელზეც აბონენტს  თანხმობა აქვს მიცემული შეძენის დროს, განსაზღვრული ლიმიტის ამოწურვის შემდეგ გადადის ტარიფზე, რომელიც აბონენტისთვის წინასწარ ცნობილია. შესაბამისად, გაუგებარია თუ რომელი ვალდებულების მოცულობა იზრდება, როდესაც სერვისის მყიდველმა აბონენტმა იცის, რომ, როდესაც პაკეტი ამოიწურება, ხდება სხვა კონკრეტული ტარიფით მისთვის მომსახურების მიწოდება. ლ. გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ კომპანიაში არსებული  საბილინგო პროგრამა ლიმიტს ვერ აკონტროლებს, ვინაიდან ინფორმაცია მოდის დაგვიანებით და ონლაინ კონტროლი არ ხდება. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, კომპანია აბონენტის სხვა ტარიფზე გადასვლის თაობაზე შეიტყობდა სულ მცირე 30 წუთის დაგვიანებით. აქედან გამომდინარე, შპს „ჯეოსელი“ წინასწარ მომხმარებლების ინფორმირებას ვერ განახორციელებდა. სხვა შემთხვევაში, შპს „ჯეოსელმა“ უნდა შეცვალოს საბილინგო პროგრამა და უნდა შეიძინოს ისეთი, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ კონტროლს.

კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ა.მშვილდაძემ აღნიშნა, რომ კომპანიის მეირ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი, ვინაიდან შპს „ჯეოსელმა“ ვერ უზრუნველყო მომხმარებლის სათანადოდ ინფორმირება, რაც კომპანიისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე საზოგადოებრივმა დამცველმა თ. ტეფნაძემ განაცხადა, რომ მომხმარებელმა მ.არბოლიშვილმა დააზუსტა თავისი მოთხოვნა და ვინაიდან, კომპანიამ ვერ უზრუნველყო მისი წინასწარი ინფორმირება მეგაბაიტების ამოწურვისა და განსხვავებულ ტარიფზე გადასვლის შესახებ, ითხოვს კომისიამ იმსჯელოს კომპანიისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და ასევე, შპს „ჯეოსელს“ დაევალოს ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ.

შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა ლ.გიორგაძემ კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე აღნიშნა, რომ კომპანიაში მიმდინარეობს მომსახურების პროგრამის შეცვალა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების წინასწარ ინფორმირებას განსხვავებულ ტარიფზე გადასვლის თაობაზე, რაც, სავარაუდოდ დასრულდება 2016 წლის 1 დეკემბრისთვის. ვინაიდან, აღნიშნული პროცესი საკმაოდ რთულია და საჭიროებს დროს, მან ითხოვა, ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის მიზნით, კომისიას შპს ,,ჯეოსელისთვის“  მიეცა ვადა 2017 წლის 1 თებერვლამდე.

II.   გამოკვლეული მტკიცებულებები

  1. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2016 წლის 18 აგვისტოს Nშ-10/8604-16 მომართვა;
  2. ავთანდილ ყურაშვილის 2016 წლის 27 ივნისის საჩივარი (საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრაციის N შ-9/808-16);
  3. საზოგადოებრივი დამცველის 2016 წლის 28 ივნისის №9/816 წერილი შპს „ჯეოსელს“;
  4.  შპს „ჯეოსელის“ 2016 წლის 9 აგვისტოს №9/855 წერილი საზოგადოებრივ დამცველს თანდართული დოკუმენტაციით (მომხმარებელ ა. ყურაშვილთან 1997 წლის 24 ივნისს გაფორმებული N1102281 ხელშეკრულება და აუდიო ჩანაწერი CD-დისკი);
  5. შპს „ჯეოსელის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.geocell.ge) გამოქვეყნებული, 2012 წლის 26 მარტიდან მოქმედი „სტანდარტული სააბონენტო ხელშეკრულება“;
  6. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები შპს „ჯეოსელის“ შესახებ;
  7. მომხმარებელ ა. ყურაშვილის მიერ კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  8. შპს „ჯეოსელის“ წარმომადგენლის ლ. გიორგაძის მიერ კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრისა და  27 ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
  9. საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის ა. მშვილდაძისა და  საზოგადოებრივი დამცველის თ. ტეფნაძის მიერ კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრისა და 27 ოქტომბრის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტება.

 III.  დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „ჯეოსელი“ არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 12.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1  ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2  ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: GSM; WCDMA; LTE; A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: 3G;  სხვა ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება: ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;  როუმინგული კავშირით მომსახურება; B.M.2  მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა: ტექსტური შეტყობინების მომსახურება;მულტიმედიური მომსახურება; ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება; მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; B.S.3  თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება: თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება);

       მტკიცებულება: ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „ჯეოსელის“ შესახებ

2. შპს „ჯეოსელსა“ და ა.ყურაშვილს შორის 1997 წლის 24 ივნისს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ა.ყურაშვილი წარმოადგენს შპს „ჯეოსელის“ მომხმარებელს;

მტკიცებულება: შპს „ჯეოსელსა“ და ა.ყურაშვილს შორის (24.06.1997) დადებული ხელშეკრულება     N1102281; შპს „ჯეოსელის“ 2016 წლის 9 აგვისტოს N9/855 წერილი.

3. მომხმარებელ ა.ყურაშვილს შეძენილი ჰქონდა „ჯეოსელის“ 5 ლარიანი პაკეტი „მეტი S“, რომელიც მოიცავს უფასო 120 წთ სასაუბრო დროს, 100 მბ ინტერნეტს და 100 სმს, რომლის სარგებლობის ვადაა 30 დღე;

მტკიცებულება: შპს „ჯეოსელის“ ვებ-გვერდიდან მონაცემები პაკეტების თაობაზე https://geocell.ge/ge/private/services/tariffs/tariff-meti ; ა. ყურაშვილის 2016 წლის 27 ივნისის N9/808 საჩივარი; შპს „ჯეოსელის“ 2016 წლის 9 აგვისტოს N9/855 წერილი.

4. შპს „ჯეოსელის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის შესაბამისად: „მეტი S“ პაკეტში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში მომხმარებელი ინტერნეტით ისარგებლებს ტარიფით - 1 MB - 15 თეთრი, ხოლო პაკეტის ვადის ამოწურვის შემდეგ სტანდარტული ტარიფით - 1 MB - 70 თეთრი ან ნომერზე გააქტიურებული სხვა ტარიფის/პაკეტის შესაბამისად, ხოლო, ავტომატურად გაგრძელებადი სერვისის შემთხვევაში, პაკეტის გააქტიურებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, პაკეტი „მეტი“ გაგრძელდება ავტომატურად, ხოლო არასაკმარისი თანხის შემთხვევაში აბონენტი ისარგებლებს სტანდარტული ან სხვა გააქტიურებული ტარიფით; ბალანსის საკმარისი თანხით შევსებისას პაკეტი ავტომატურად გააქტიურდება; აბონენტი პაკეტით სარგებლობის წესების თაობაზე ასევე ინდივიდუალურად იყო ინფორმირებული;

მტკიცებულება: შპს „ჯეოსელის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია https://geocell.ge/ge/private/services/tariffs/tariff-meti ; შპს „ჯეოსელის“ 2016 წლის 9 აგვისტოს N9/855 წერილი და მომხმარებელ ა. ყურაშვილთან განხორციელებული აუდიო ჩანაწერი CD დისკი.

5. ა.ყურაშვილის სააბონენტო ნომერზე 57740XXXX შეძენილი „მეტი S“ პაკეტით განსაზღვრული უფასო 100 მეგაბაიტების რაოდენობა ამოიწურა 2016 წლის 21 ივნისს, 06:48:23 საათზე. რის შემდეგ, მას დაერიცხა  პაკეტის მოქმედების განმავლობაში განსაზღვრული ტარიფი: 1 მბ - 15 თეთრად.  უფასო 100 მგ ინტერნეტის ამოწურვის შემდეგ, 2016 წლის 21 ივნისის  06:48:23 საათიდან - 13:37:44 საათამდე მომხმარებელმა მიიღო  282,4 მგ ინტერნეტი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 42,36 ლარს.

მტკიცებულება: შპს „ჯეოსელის“ 2016 წლის 9 აგვისტოს N9/855 წერილი.

6. შპს „ჯეოსელმა“ მომხმარებლისათვის პაკეტით გათვალისწინებული მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და შემდგომში მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების თაობაზე ინფორმაციის მომხმარებლისათვის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ვერ უზრუნველყო. შესაბამისად, ა. ყურაშვილისთვის უცნობი იყო მისთვის ინტერნეტ-მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების დაწყების ზუსტი დრო.

მტკიცებულება: შპს „ჯეოსელის“ 2016 წლის 9 აგვისტოს N9/855 წერილი; შპს ,,ჯეოსელის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება; ა.ყურაშვილის ახსნა-განმარტება

IV.   სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე რეგლამენტი ადგენს მომხმარებლისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების, მათ შორის, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით,  საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო, მობილური სატელეფონო და ინტერნეტით  მომსახურების მიწოდების  წესებსა და პირობებს, განსაზღვრავს მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლებებსა და ვალდებულებებს და მისი მიზანია უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება და მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე რეგლამენტი სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის;
  2. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილებების თაობაზე ატყობინებს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის მე-2 მუხლის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების შეცვლის შემთხვევაში უზრუნველყოფს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა ფორმის ინდივიდუალური შეტყობინებით მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის დროულ მიწოდებას მომსახურების დაწყებამდე;
  4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „კვირის პალიტრას“ საჩივრის განხილვის შესახებ“ კომისიის 2015 წლის 3 ნოემბრის N655/16 გადაწყვეტილებაში კომისიამ უკვე ერთხელ განმარტა, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ინდივიდუალური შეტყობინებით გააფრთხილოს მომხმარებელი შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვის და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების თაობაზე, მიუხედავად შემდგომი თუ წინასწარი გადახდის პირობისა. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დანაწესი, რომლის თანახმადაც, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე, უზრუნველყოფს მომხმარებლის არჩევანის უფლების რეალიზაციას, მათ შორის, უფლებას მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ მომსახურებით სარგებლობის გაგრძელებისა თუ შეწყვეტის შესახებ, ასევე, უფლებას გააკონტროლოს თავისი ხარჯები და თავიდან აიცილოს არასასურველი ხარჯები.

კომისია განმარტავს, რომ მომსახურების ტარიფი მომსახურების ერთ-ერთი არსებითი პირობაა და ტარიფის მოსალოდნელი ცვლილების თაობაზე მომხმარებელი ინფორმირებულად  ვერ ჩაითვლება, თუ მას არ ეცოდინება ტარიფის ცვლილების ზუსტი დრო. მომხმარებელ ა. ყურაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ „მეტი S“ პაკეტში შემავალი უფასო 100 მეგაბაიტების ამოწურვის შემდეგ, პაკეტის მოქმედების ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენდა 1 MB - 15 თეთრს. შესაბამისად, მომხმარებელი წინასწარ ინფორმირებული იყო ინტერნეტ მომსახურების ტარიფის მოსალოდნელი ცვლილების თაობაზე „მეტი S“ პაკეტით განსაზღვრული გარემოების დადგომის შემთხვევაში, თუმცა მისთვის უცნობი იყო როდის დადგებოდა აღნიშნული გარემოება, რასაც შედეგად მოჰყვებოდა მისთვის ინტერნეტ-მომსახურების განსხვავებული ტარიფით - 1 მბ 15 თეთრი მიწოდება. აქედან გამომდინარე, მომხმარებლისთვის უცნობი იყო ის დრო, რომლიდანაც მას ინტერნეტ მომსახურება შეცვლილი, განსხვავებული პირობით მიეწოდებოდა. ინტერნეტ მომსახურების მიწოდების პირობის (ტარიფის) ცვლილებამ გაზარდა მომხმარებელ ა. ყურაშვილზე დაკისრებული ვალდებულების მოცულობა ამავე მომსახურებით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში. ამასთან, მომხმარებლისთვის 15 თეთრის ოდენობით ტარიფის დარიცხვის დაწყების თაობაზე ინფორმაციის დროულად მიღებას შეეძლო არსებითი გავლენა  მოეხდინა მის გადაწყვეტილებაზე - გაეგრძელებინა თუ არა ამ ტარიფით მომსახურების მიღება. შესაბამისად, შპს „ჯეოსელი“ ვალდებული იყო მომხმარებელი ინდივიდუალური შეტყობინებით გაეფრთხილებინა უფასო 100 მბ-ის ამოწურვის შესახებ და ფასიან მომსახურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეოსელის“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს.

ამასთან, კომისია შპს ,,ჯეოსელის“ ყურადღებას მიაპყრობს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის მე-2 მუხლის გ) ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების შეცვლის შემთხვევაში უზრუნველყოფს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა ფორმის ინდივიდუალური შეტყობინებით  მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის დროულ მიწოდებას მომსახურების დაწყებამდე. შესაბამისად, პაკეტში შემავალი ხმოვანი მობილური მომსახურებისათვის დადგენილი ტარიფის შეცვლის შემთხვევაში, შპს ,,ჯეოსელი“ ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელი  აღნიშნულის თაობაზე მომსახურების დაწყებამდე.

ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2015 წლის 3 ნოემბრის N655/16 გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომს“ ანალოგიური დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრა და დაევალა 2016 წლის პირველი იანვრისთვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ,  კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ შპს ,,ჯეოსელსაც“ არ დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და მიეცეს ვადა 2017 წლის პირველ თებერვლამდე ეფექტიანი სისტემის შექმნის მიზნით, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ, მიუხედავად მომხმარებლისთვის შეთავაზებული შემდგომი თუ წინასწარი გადახდის პირობისა.

V.    სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 და მე-11 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, VII და VIII თავების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-2 მუხლის, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-6 პუნქტის, 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად (გადაწყვეტილების პირველი პუნქტი მიღებულ იქნა ხმათა უმრავლესობით - მომხრე კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე, კომისიის წევრები: ე. ასანიძე და მ. ქათამაძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი: გ. ფრუიძე; გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი მიღებულ იქნა ხმათა უმრავლესობით - მომხრე კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე, კომისიის წევრები: გ. ფრუიძე და მ. ქათამაძე, წინააღმდეგი კომისიის წევრი: ე. ასანიძე; გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი მიღებულ იქნა ხმათა უმრავლესობით (მომხრე კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე და კომისიის წევრები: ე. ასანიძე და მ. ქათამაძე, წინააღმდეგი კომისიის წევრები: გ. ფრუიძე)

გადაწყვიტა:

  1. შპს „ჯეოსელი“ ცნობილ იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის დამრღვევად;
  2. მომხმარებელ ა.ყურაშვილის მოთხოვნა, შპს „ჯეოსელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
  3. მომხმარებელ ა.ყურაშვილის მოთხოვნა  დაკმაყოფილდეს და შპს „ჯეოსელს“ დაევალოს 2017 წლის პირველ თებერვლამდე ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ, მიუხედავად მომხმარებლისთვის შეთავაზებული შემდგომი თუ წინასწარი გადახდის პირობისა;
  4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს გადაწყვეტილების შპს „ჯეოსელისთვის“, მომხმარებელ ა.ყურაშვილისთვის და საზოგადოებრივი დამცველისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
  6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  7. კონტროლი გადაწყვეტილების პირველი მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე);
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                   ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                   გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                   მერაბ ქათამაძე