შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ კ. კალაძის განცხადების განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

დეკემბერი 27, 2016 17:37

მიღების თარიღი დეკემბერი 15, 2016

ნომერი: 821 / 23
 


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში (შემდგომში ,,კომისია“) შემოვიდა ფიზიკურ პირ კ. კალაძის წარმომადგენლის ი. თავართქილაძის (მოქმედი სანოტარო წესით დამოწმებული 2016 წლის 19 ოქტომბრის წმუნებულების საფუძველზე. რწმუნებულების მოქმედების ვადა: 19.10.2017) განცხადება (№შ-9/12534-16; 28.11.2016) თანდართული მასალებით: 1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წერილის ასლი (№06/2421; 13.05.2013); 2. კ.კალაძის 2013 წლის 13 მაისის განცხადების ასლი; 3.კ.კალაძის წარმომადგენლის ი.თავართქილაძის 2016 წლის 31 ოქტომბრის განცხადების ასლი; 4.შპს ,,მაგთიკომის“  2016 წლის 8 ნოემბერის წერილის (№16/1118-14; 8.11.2016) ასლი; 5.შპს ,,მაგთიკომის“ მიერ 2016 წლის 25 ოქტომბერს გაცემული ცნობის ასლი; 6.შპს „მაგთიკომის“ მიერ გაცემული დეტალური ამონაწერი; 7.მინდობილობა.  განცხადების თანახმად, 2013 წლის 4 ივნისიდან 2016 წლის 6 სექტემბრამდე, შპს ,,მაგთიკომის“ მიერ გაცემული სააბონენტო  ნომერი - 59944XXXX  ირიცხებოდა  კ. კალაძის სახელზე. ვინაიდან, კ.კალაძე ამ დროს იკავებდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას, კორპორატიული მომსახურების მიღების მიზნით, 2013 წლის 7 მაისს, ხსენებული სააბონენტო ნომერი გაფორმდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ბალანსზე, ხოლო ამავე სამინისტროს 2013 წლის 13 მაისის №06/2421 წერილის საფუძველზე სააბონენტო ნომერი გადაფორმდა ფიზიკურ პირზე, კ. კალაძეზე.

განცხადების თანახმად,  2016 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელს დაუკავშირდნენ შპს „მაგთიკომიდან“ და აცნობეს, რომ კ. კალაძის სახელზე რეგისტრირებული სააბონენტო ნომერი - 59944XXXX იყიდებოდა, რაც დაუყოვნებლივ ეცნობა  კ.კალაძეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კ.კალაძის მოთხოვნა, აღნიშნული სააბონენტო ნომერი არ გაყიდულიყო და მისთვის დაემზადებინათ ახალი სიმ ბარათი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომელმა, შპს ,,მაგთიკომიდან“ განხორციელებული ზარიდან დაახლოებით ერთ საათში, აცნობა შპს „მაგთიკომს“, სადაც პასუხად უთხრეს, რომ კ.კალაძის სააბონენტო ნომერი უკვე გაყიდული იყო. გაყიდვის მიზეზად,  შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დაასახელა ხელშეკრულების პირობები, რომლის თანახმად, სააბონენტო ნომერი იყიდებოდა 6 თვის გათიშვის/უმოქმედობის შემთხვევაში.

მომსახურების შეწყვეტისა და სააბონენტო ნომრის - 59944XXXX  ჩამორთმევის  მიზეზების გარკვევის მიზნით, 2016 წლის 31 ოქტომბერს, კ. კალაძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა შპს ,,მაგთიკომს“, რის პასუხად,  შპს ,,მაგთიკომის“ 2016 წლის 8 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ სააბონენტო ნომერი - 59944XXXX, რომელიც ირიცხებოდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელზე, 2013 წლის 13 მაისს გადაფორმდა კ.კალაძის სახელზე,  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წერილისა (№06/2421; 13.05.2013.) და კ.კალაძის პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო მომსახურების მიწოდება შეწყდა კომპანიაში მოქმედი წესების თანახმად. კერძოდ, ბოლო ფასიანი ქმედებიდან (07.04.2016) 60 დღის შემდეგ, 2016 წლის 7 ივნისს, სააბონენტო  ნომერი გაითიშა ორმხრივად, ხოლო ორმხრივად გათიშვიდან 90 დღის შემდეგ - 6 სექტემბერს გაუქმდა.

შპს ,,მაგთიკომი“ ზემოაღნიშნულ წერილში (№16/1118-14; 8.11.2016) განმარტავს, რომ წინასწარი გადახდის (მონო+) სისტემის ნომრის გაუქმება ხორციელდება ბოლო გადახდიდან ან ბოლო ფასიანი მომსახურების მიღებიდან  60 + 90 = 150 დღის შემდეგ და არ არის დამოკიდებული ნომრის ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობაზე (ხელშეკრულება მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ. პუნქტი 4.5.). ამასთან, შპს ,,მაგთიკომის“  შიდა ინსტრუქციის თანახმად, ფასიანი ნომრები მომსახურების შეწყვეტის შემდეგ ინახება 30 დღის განმავლობაში. ამიტომ, ნომრის გასხვისება არ მოხდა გაუქმებისთანავე.

შპს ,,მაგთიკომი“ თავის წერილში (№16/1118-14; 8.11.2016),  ასევე,  აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წერილში და არც კ.კალაძის განცხადებაში არ ფიქსირდებოდა მოთხოვნა ნომრისთვის განსხვავებული სატარიფო გეგმის (საკრედიტო სისტემა, VIP - სტატუსი, კორპორაციული მომსახურება) მინიჭების შესახებ, ამიტომ, სააბონენტო ნომერი 59944XXXX ჩართულ იქნა წინასწარი გადახდის სისტემაზე. შესაბამისად, აღნიშნულ ნომერზე კ.კალაძე VIP - მომსახურებით არ სარგებლობდა. მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების გადმოცემასთან დაკავშირებით, კომპანიამ განმარტა, რომ ხელშეკრულების ნახვა შესაძლებელი იყო  შპს ,,მაგთიკომის“ საინფორმაციო გვერდზე.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  შპს ,,მაგთიკომის“ მიერ სააბონენტო ნომრის - 59944XXXX კ. კალაძისთვის გადაცემისა და მის სახელზე რეგისტრაციის დროს არ მომხდარა მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების დადება, სადაც მითითებული იქნებოდა მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობები, რისი დადების ვალდებულება ეკისრება მომსახურების მიმწოდებელს - შპს ,,მაგთიკომს“. შესაბამისად, კ.კალაძისთვის უცნობი იყო მომსახურების მიწოდების შეზღუდვის, შეწყვეტისა და სააბონენტო ნომრის ჩამორთმევის პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კ.კალაძე განახორციელებდა ,,ფასიან ქმედებას“. მით უფრო, რომ სააბონენტო ნომრის ანგარიშზე კ.კალაძე თანხას პერიოდულად რიცხავდა, რაც დასტურდება შპს „მაგთიკომის“ მიერ გაცემული დოკუმენტიდან.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მომხმარებელ კ. კალაძისთვის სააბონენტო ნომრის ჩამორთმევით შპს ,,მაგთიკომის“ მიერ დაირღვა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტი (შემდგომში ,,რეგლამენტი“). კერძოდ:

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;

რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად,  ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო დამატებითი მომსახურების მიწოდების პირობები შეიძლება განისაზღვროს სხვა (ელექტრონული ან სხვა ტიპის ოფერტა) ფორმითაც;

რეგლამენტის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, მომსახურების შეზღუდვა ხორციელდება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, მომსახურების მიმწოდებელი პირის მიერ უშუალოდ ან ამ უკანასკნელის მიერ მომსახურების სხვა მიმწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული წესით, ხოლო მომსახურების შეზღუდვის ფორმები დგინდება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით და შეიძლება ითვალის­წინებდეს: ა) საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და მობი­ლური კავშირის შეზღუდვას: ბ) შემომავალი ზარის შეზღუდვას; გ) გამავალი ზარის შეზღუდვას; დ) შეზღუდვის სხვა ფორმებს;

რეგლამენტის მე-16 მუხლი, რომლის თანახმად, მომსახურების შეზღუდვის შესახებ ინდივიდუალურ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: ა)  მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვისა და  მომსახურების შეზღუდვის მიზეზების დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიღებული ზომების თაობაზე; ბ) სატელეფონო საცნობარო-საინფორმაციო ნომერი, რომელზეც მომხარებელს შეუძლია უფასოდ გაიგოს დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელი შეზღუდვის  ფორმის, შეზღუდვას დაქვემდებარებული მომსახურების სახეების, ვადის,  აგრეთვე შეზღუდვის მიზეზებისა (დავალიანებისა) და პრეტენზიების წარდგენის პროცედურების  თაობაზე; 

რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს კომისიამ დაავალოს შპს ,,მაგთიკომს“ დაუბრუნოს კ. კალაძეს მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული სააბონენტო ნომერი.

მომხმარებელ კ.კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით, კომისიაში ასევე შემოვიდა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვა (12.12.2016; Nშ-10/12852-16), სადაც აღნიშნულია, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ აბონენტის, კახა კალაძის წარმომადგენლის - ირაკლი თავართქილაძის საჩივარი (№9/947; 01.12.2016), რომელიც ეხება კომპანიის მიერ სააბონენტო ნომრის 599 44 XXXX ჩამორთმევასა და სხვა პირზე გასხვისებას.  საჩივრის თანახმად, 2013 წლის 4 ივნისიდან 2016 წლის 6 სექტემბრამდე ზემოხსენებული ნომერი ირიცხებოდა კახა კალაძის სახელზე. მიმდინარე წლის 6 სექტემბერს კახა კალაძისათვის ცნობილი გახდა, რომ კომპანიის მიერ მოხდა აღნიშნული ნომრის გასხვისება. ამავე საჩივრიდან ირკვევა, რომ შპს „მაგთიკომსა“ და კახა კალაძეს შორის არ მომხდარა ზემოაღნიშნულ სადავო ნომერზე მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.

აღნიშნულ საკითხზე საქმის გარემოებების  სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მიმდინარე წლის 1 დეკემბერს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა შპს „მაგთიკომისგან“ წერილობით გამოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

1. კომპანიასა და აბონენტს შორის მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

2. კომპანიის რა სახის მომსახურებით სარგებლობდა აღნიშნული აბონენტი;

3. როდის მოხდა მომხმარებლისთვის მომსახურების შეზღუდვა და რა საფუძვლით;

4. უზრუნველყო თუ არა შპს „მაგთიკომმა“ ინდივიდუალური შეტყობინების გზით მომხმარებლის წინასწარი ინფორმირება მომსახურების შეზღუდვის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, კომპანიას უნდა წარმოედგინა ინფორმაცია დოკუმენტურად დადასტურებული სახით);

5. უზრუნველყო თუ არა კომპანიამ ინდივიდუალური შეტყობინების გზით მომხმარებლის წინასწარი ინფორმირება, შეზღუდვის საფუძვლის აღმოფვრისთვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, მომსახურების შეწყვეტის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში, კომპანიას უნდა წარმოედგინა დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია);

6. მომსახურების შეზღუდვიდან რა ვადაში განხორციელდა აღნიშნულ სააბონენტო ნომერზე მომსახურების შეწყვეტა;

7. რა სამართლებრივ საფუძველზე მითითებით მოხდა კომპანიის მიერ აღნიშნული სააბონენტო ნომრის ჩამორთმევა და გასხვისება;

8. შპს „მაგთიკომისთვის“ ზემოაღნიშნული აბონენტის მიმართვიანობის თარიღები, კომპანიის საჩივრების განმხილველი სამსახურის რეაგირების ვადები და შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოვიდა შპს „მაგთიკომის“ საპასუხო წერილი (№9/954), რომლის თანახმად, კომპანიას კახა კალაძესთან მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს.

კომპანიის საპასუხო წერილის თანახმად, 2016 წლის 6 ივნისს აბონენტ კახა კალაძეს გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მომსახურებით სარგებლობის შეზღუდვისა და ნომრის გაუქმების ვადების თაობაზე, ასევე, როგორც კომპანია მითითებულ წერილში აღნიშნავს, ზემოხსენებული აბონენტი მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ინფორმირებული იქნა შეზღუდვის საფუძვლების 90 დღის ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

საზოგადოებრივი დამცველის მიმართვაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს, უზრუნველყო თუ  არა კომპანიამ მომხმარებლის წინასწარი ინფორმირება  მომსახურების შეზღუდვისა და ნომრის გაუქმების ვადების, ასევე, შეზღუდვის საფუძვლ(ებ)ის 90 დღის ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ერთის მხრივ, კომპანიის მხრიდან წარმოდგენილ საპასუხო წერილზე არსებული დანართი №7-დან ირკვევა, რომ მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის წარმოშობის დღეს კომპანიის მიერ აბონენტის მობილურ ნომერზე გაგზავნილ იქნა sms შეტყობინებები, მეორეს მხრივ, კომპანიამ ვერ უზრუნველყო იმ შეტყობინებების შინაარსის წარმოდგენა, რითაც დადასტურდებოდა აბონენტის წინასწარი ინფორმირების ვალდებულების შესრულება.

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ წინამდებარე საქმეში აღნიშნული კომპანიის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, აგრეთვე, რეგლამენტით გათვალისწინებული შემდეგი ნორმები:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდის მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;

2. რეგლამენტის 105  მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

3. რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების შეზღუდვა ხორციელდება მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;

4. რეგლამენტის მე-16 მუხლის ა) და ბ) ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად, მომსახურების შეზღუდვის შესახებ მომხმარებლის წინასწარი ინფორმირებისას კომპანიის მიერ გასაგზავნ ინფივიდუალურ შეტყობინებაში მითითებული უნდა ყოფილიყო:

ა) მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვისა და  მომსახურების შეზღუდვის მიზეზების დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიღებული ზომების თაობაზე;

ბ) სატელეფონო საცნობარო-საინფორმაციო ნომერი, რომელზეც მომხარებელს შეუძლია უფასოდ გაიგოს დეტალური ინფორმაცია მოსალოდნელი შეზღუდვის  ფორმის, შეზღუდვას დაქვემდებარებული მომსახურების სახეების, ვადის,  აგრეთვე შეზღუდვის მიზეზებისა (დავალიანებისა) და პრეტენზიების წარდგენის პროცედურების  თაობაზე;

5. რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე;

6. რეგლამენტის  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი კომისიას ან კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მათივე მოთხოვნით წარუდგენს მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი ითხოვს წინამდებარე საკითხის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიმართვას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტაცია: 1. კახი კალაძის წარმომადგენლის განცხადება დანართებით; 2. საზოგადოებრივი დამცველის წერილი (№9/916; 01.12.2016); 3.შპს „მაგთიკომის“ წერილი (№9/954; 07.12.2016) დანართებით.

შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ კ. კალაძის განცხადების განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 15 დეკემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შეტყობინებებით ეცნობა შპს ,,მაგთიკომს“ და კ. კალაძის წარმომადგენელს.

კომისიის 2016 წლის 15 დეკემბრის სხდომას ესწრებოდნენ ფიზიკურ პირ კ. კალაძის წარმომადგენელი ი. თავართქილაძე, შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელი დ. ძიძიგური და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი თ. ტეფნაძე. შპს ,,მაგთიკომმა“ წარმოადგინა წერილობითი შეპასუხება თანდართული CD-ით.  წარმოდგენილი წერილობითი შეპასუხებაში შპს ,,მაგთიკომის“ მიერ ,,რეგლამენტის“ 105 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების სავარაუდო შეუსრულებლობასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ შპს ,,მაგთიკომსა“ და კ. კალაძეს შორის ხელშეკრულების გაუფორმებლობის ფაქტის დაშვების შემთხვევაში გამოდის, რომ შპს ,,მაგთიკომსა“ და კ. კალაძეს შორის არ არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც დაარეგულირებდა სააბონენტო ნომერთან 59944XXXX დაკავშირებულ ურთიერთობებს. გამომდინარე აქედან, ხელშეკრულების არ არსებობის პირობებში კ. კალაძე საერთოდ არ იყო უფლებამოსილი ესარგებლა აღნიშნული სააბონენტო ნომრით და აქედან გამომდინარე ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია რაიმე სახის მოთხოვნა გააჩნდეს კ. კალაძეს შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ. შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას არ იქნა დაცული მისი ფორმა (წერილობითი ფორმა), ხელშეკრულება უნდა ჩათვლილიყო ბათილად შემდეგ გარემოებათა გამო: 1) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ა) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-4  პუნქტისა და ,,რეგლამენტის“ 105 პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება აბონენტს მიეწოდება წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; 2) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წერილობითი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება ბათილია ზემოაღნიშნული ნორმათა თანახმად. შესაბამისად, თუ გავყვებით მომჩივანის არგუმენტაციას, ორივე განხილულ შემთხვევაში შპს ,,მაგთიკომსა“ და კ. კალაძეს შორის ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება გაფორმებულად, რაც თავის მხრივ გულისმოხბს, რომ სააბონენტო ნომერი 59944XXXX არასდროს არ ყოფილა კ. კალაძის მართლზომიერ სარგებლობაში და გაუგებარია რაზე დაყრდნობით ითხოვს კ. კალაძის წარმომადგენელი ნომრის დაბრუნებას.

წერილობით შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,მაგთიკომი“ მომჩივანის არგუმენტაციას შპს ,,მაგთიკომის“ მხრიდან რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას არ ეტანხმება და მიაჩნია, რომ კ. კალაძესა და შპს ,,მაგთიკომს“ შორის მოქმედებდა ფორმის დაცვით გაფორმებული ხელშეკრულება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. თავდაპირველად მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება სააბონენტო ნომერზე 59944XXXX გაფორმდა 2013 წლის 1 მაისს ზ. ქათამაძესთან. მომჩივანის მტკიცებით, კ. კალაძემ ნომერი „გარკვეული თანხის სანაცვლოდ“ შეიძინა ზ. ქათამაძისაგან. თუმცა ასეთი ფაქტის არსებობა, ვერ დგინდება საჩივრიდან, მაგრამ ფაქტია, რომ 2013 წლის 7 მაისს, საქართველოს ენერგიტიკის სამინისტროს 07.05.2013 N06/2337 წერილის და ზ. ქათამაძის თანხმობის საფუძველზე, აღნიშნული ნომერი გადაფორმდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელზე.

2. იმავე წლის 13 მაისს, საქართველოს ენერგიტიკის სამინისტროს 13.05.2013 N06/2421 წერილის და კ. კალაძის თანხმობის საფუძველზე აღნიშნული ნომერი გადაფორმდა კ. კალაძეზე. ნომრის გადაფორმება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს ხელშეკრულების მხარის ცვლილებას და ხელშეკრულება აგრძელებს მოქმედებას. არ არსებობს რაიმე სახის შეთანხმება, რომლითაც გაუქმდებოდა 2016 წლის 1 მაისს მაგთიკომსა და ზ. ქათამაძე შორის არსებული ხელშეკრულება. შესაბამისად, იურიდიული თვალსაზრისით განხორციელდა ხელშეკრულების მხარის ცვლილება, ერთის მხრივ 2013 წლის 7 მაისს, როდესაც ხელშეკრულების მონაწილე მხარე გახდა საქართველოს ენერგეტიკის სამინიტრო, ხოლო მეორეს მხრივ 2013 წლის 13 მაისს, როდესაც მხარე გახდა კ.კალაძე. გამომდინარე აქედან, მხარის ცვლილება არ წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს და უფლებამონაცვლე ხდება იმ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არსებობს მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,მაგთიკომსა“ და კ. კალაძეს შორის მოქმედებდა 2013 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება მობილური სატელეფონო მომსახურების თაობაზე. შესაბამისად, მომჩივანის მტკიცება, რომ შპს ,,მაგთიკომსა“ და კ. კალაძეს შორის არ არსებობდა წერილობითი ხელშეკრულება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

3. 2013 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების 4.5 პუნქტი განსაზღვრავს მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს. 2015 წლის 13 ივლისს ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება, რის შესახებაც აბონენტებს, რომლებსაც შეეხოთ ასეთი ცვლილება (644 132 აბონენტი), ,,რეგლამენტით“ გათვალისწინებული წესის და ვადის დაცვით, გაეგზავნათ ინდივიდუალური შეტყობინებები, მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით 2015 წლის 1 ივლისს (შეიცვალა მომსახურების შეზღუდვის და ხელშეკრულების შეწყვეტის ვადები). ცვლილების თანახმად, მობილური სატელეფონო მომსახურების ხელშეკრულების 4.5 ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით, ხელშეკრულება წყდება და ოპერატორი უფლებამოსილია გააუქმოს სააბონენტო ნომერი და გასცეს იგი სხვა აბონენტზე შემდეგ შემთხვევებში: მომსახურების ბოლო შესყიდვის (თანხის ჩატვირთვა) ან ბოლო ფასიანი ქმედებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ მომსახურება იზღუდება (ნომერი ორმხრივად გაითიშება) და მომსახურების შეზღუდვიდან 90 დღის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება წყდება და უქმდება სააბონენტო ნომერი.

4. სააბონენტო ნომერზე 599 44XXXX შეტყობინება მომსახურების პირობების ცვლილების თაობაზე  გაგზავნილია 2015 წლის 1 ივლისს, თუმცა შეტყობინება ნომერმა მიიღო 16.07.2015 11:01:35 და 16.07.2015 11:01:38. დიდი ალბათობით ივლისის თვის დასაწყისში აღნიშნული სააბონენტო ნომერი იყო გამორთული და სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ 1 ივლისს გაგზავნილი შეტყობინება მიიღო 16.07.2015. ასეთი ვარაუდის საფუძველია ის გარემოება, რომ 2015 წლის ივლისის თვეში მხოლოდ 16-18 ივლისს აქვს მიღებული რამოდენიმე შეტყობინება და სხვა აქტივობა აღნიშნულ ნომერს ივლისის თვეში არ ჰქონია.

5. ხელშეკრულების მოქმედი რედაქცია ქვეყნდება შპს ,,მაგთიკომის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გარდა ხელშეკრულებისა, კომპანიის ვებ-გვერდზე (მომსახურების პირობებში) ცალკე მოცემულია ძირითადი პირობები, მათ შორის, მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის ვადები და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს აღნიშნულ პირობებს. შესაბამისად, მომსახურების პირობები, რომელსაც სადავოდ ხდის მომჩივანი არის საჯარო, გამჭირვალე და მარტივად ხელმისაწვდომი და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აბონენტმა შესაძლოა დაკარგოს გაფორმებული ხელშეკრულების პირი, მას აქვს შესაძლებლობა მარტივად მიიღოს ინფორმაცია მოქმედი პირობების შესახებ. ასეთი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვით, რომელიც მუშაობას 24 საათის განმავლობაში. გარდა ამისა, მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის შესახებ აბონენტებს ეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანის მტკიცება, რომ აბონენტს ინფორმაცია არ ჰქონდა მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის შესახებ, მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. 

6. 2016 წლის 6 ივნისს (06.06.2016 13:47:46, 06.06.2016 13:47:47) სააბონენტო ნომერზე შესულია 59944XXXX  მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლის საშუალებაც კომპანიამ გააფრთხილა აბონენტი მოსალოდნელი შეზღუდვის და ნომრის გაუქმების ვადების თაობაზე, კერძოდ, აბონენტმა მიიღო ინფორმაცია, რომ მომსახურების მიწოდება შეიზღუდებოდა 2016 წლის 7 ივნისს და შეზღუდვის საფუძვლების 90 დღის ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყდებოდა. აქვე განვმარტავთ, რომ ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, მომსახურება იზღუდება მომსახურების ბოლო შესყიდვის (თანხის ჩატვირთვა) ან ბოლო ფასიანი ქმედებიდან 60 დღის გასვლის შემდეგ. ამ ორი ალტერნატივიდან 60 დღის ათვლა იწყება ბოლოს განხორციელებული ქმედებიდან. სააბონენტო ნომერზე 59944XXXX ბოლო გადახდა განხორციელდა 21.03.2016, ხოლო ბოლო ფასიან ქმედებას ადგილი ჰქონდა 07.04.2016. შესაბამისად, 60 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 07.04.2016, გამაფრთხილებელი სმს აბონენტმა მიიღო 06.06.2016, ხოლო მომსახურება შეიზღუდა 07.06.2016. მომსახურების შეზღუდვიდან 90 დღის გასვლის შემდგომ 2016 წლის 7 სექტემბერს შეწყდა ხელშეკრულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით,  მას არ დაურღვევია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ყველა ქმედება, რომელიც განხორციელდა კომპანიის მხრიდან შესაბამისობაში იყო მოქმედ კანონმდებლობასთან და მხარეთა შორის მოქმედ ხელშეკრულებასთან.

შპს ,,მაგთიკომის“ წერილობით შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ მომჩივანის წარმომადგენელს უკვე განემარტა, რომ სააბონენტო ნომერს ჰყავს ახალი მფლობელი, რომელთანაც გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება. მომჩივანის წარმომადგენელისათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ სასამართლოსაგან განსხვავებით, კომისია არ წარმოადგენს ზოგადი იურისდიქციის მქონე ორგანოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის ფუნქციები და მოქმედების სფერო ზუსტად არის განსაზღვრული შესაბამისი კანონებით. მომჩივანის არგუმენტების ვალიდურობის შემთხვევაშიც კი, „ნომრის დაბრუნების“ ერთადერთი გზა შესაძლებელია იყოს სააბონენტო ნომერზე 59944XXXX გაფორმებული და მოქმედი ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რისი კომპეტენცია კომისიიას არ გააჩნია. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 36.5 პუნქტის თანახმად, განცხადება მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს. მოცემულ შემთხვევაში, მომჩივანის მოთხოვნა, ნომრის დაბრუნების თაობაზე, სცილდება კომისიის უფლებამოსილებას, რის გამოც მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის წარმოებაში მიღებაზე.

წარმოდგენილ წერილობით შეპასუხებაზე თანდართული CD შეიცავს შემდეგ დოკუმენტაციას: შპს ,,მაგთიკომსა“ და ზ. ქათამაძეს შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წერილი შპს ,,მაგთიკომს (07.05.2013), საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წერილი შპს ,,მაგთიკომს (13.05.2013), მომსახურების პირობების ცვლილების თაობაზე ინდივიდუალური შეტყობინების ტექსტი, სააბონენტო ნომრების ჩამონათვალი, ამონარიდი ბილინგიდან 2016 წლის ივლისის თვის პერიოდზე, ამონაბეჭდი შპს ,,მაგთიკომის“ ვებ-გვერდიდან მომსახურების პირობების შესახებ, ამონარიდი ბილინგიდან 2016 წლის მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეების პერიოდზე.

კომისიის 2015 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ავტორიზებული პირის წინააღმდეგ მომხმარებლის საჩივრის განხილვა კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს, თუმცა, სხვა პირზე გასხვისებული სააბონენტო ნომრის დაბრუნება სცდება კომისიის კომპეტენციის ფარგლებს.

ფიზიკურ პირ კ. კალაძის წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე დააზუსტა, რომ მისი მარწმუნებლის განცხადებაში მითითებულია კანონმდებლობის ის მუხლები, რომლებიც დარღვეულია შპს ,,მაგთიკომის“ მიერ და ამ დარღვევებზე რეაგირება კომისიის უფლებამოსილებას წარმოადგენს. მისი განცხადებით, სააბონენტო ნომრის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტის დადასტურებაც მისი მარწმუნებლის მოთხოვნის  ნაწილია.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. აღნიშნული კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას.

რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

განმცხადებელი კ. კალაძე 2013 წლის 13 მაისიდან 2016 წლის 6 სექტემბრამდე წარმოადგენდა შპს ,,მაგთიკომის“ აბონენტს და სააბონენტო ნომერი 59944XXXX ირიცხებოდა მის სახელზე, რაც დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, შპს ,,მაგთიკომის“ მიერ 2016 წლის 8 ნოემბრის წერილით და ინვოისებით (საბილინგო ინფორმაციით).

განმცხადებელი კ. კალაძე თავის განცხადებაში უთითებს შპს ,,მაგთიკომის“ მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის და რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის, 105 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლისა და მე-16 მუხლის დარღვევაზე და სადავოდ ხდის შპს ,,მაგთიკომის“ მიერ მისთვის სააბონენტო ნომრის უკანონოდ ჩამორთმევას.

შპს ,,მაგთიკომი“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ძ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ განმცხადებელ კ. კალაძესა და შპს ,,მაგთიკომს“ შორის არსებული დავის განხილვა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება და შესაბამისად, უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,მაგთიკომის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ კ. კალაძის განცხადების განხილვის მიზნით, საზოგადოებრივი დამცველი უნდა ჩართულ იქნას მხარედ ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში კ. კალაძის ინტერესების დასაცავად, ხოლო ზეპირი მოსმენა უნდა გაიმართოს 2016 წლის 29 დეკემბერს, 15:00 საათზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) და ძ) ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ კ. კალაძის განცხადების განხილვის მიზნით;

2. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ ფიზიკურ პირ  კ. კალაძის ინტერესების დასაცავად;

3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2016 წლის 29 დეკემბერს, 15.00 საათზე;

4. მხარეები კომისიის სხდომაზე გაფრთხილდნენ კომისიის მომდევნო სხდომის გამართვის ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების ფიზიკურ პირ კ. კალაძის წარმომადგენლისთვის ი. თავართქილაძისთვის,  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისა და შპს ,,მაგთიკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ, ჯანელიძე);

6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-5 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).

კომისიის თავმჯდომარე                                       ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                       ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                       კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                       გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                       მერაბ ქათამაძე