შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ გურამ ღოთვაძის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

სექტემბერი 07, 2015 17:10

მიღების თარიღი აგვისტო 11, 2015


ნომერი: 462 / 16

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 5 ივნისს კომისიას რეაგირებისთვის მომართა კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი”) თამთა ტეფნაძემ (2015 წლის 5 ივნისის №შ-10/3695-15 მომართვა). აღნიშნული მომართვიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველის სამსახურს განსახილველად გადაეცა შპს „მაგთიკომის“ აბონენტის გ. ღოთვაძის საჩივარი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-9/1764-15; 07.04.2015). მომხმარებლის განცხადებით, მის სამ სააბონენტო ნომერზე შეძენილი ინტერნეტ-პაკეტების ბალანსი 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 25.8, 5.8 და 6.4 მეგაბაიტს. მომხმარებლის განმარტებით, აღნიშნული მეგაბაიტები, განსაზღვრულ ვადაში გამოუყენებლობის შემთხვევაში, იყინებოდა უვადოდ და ნებისმიერ დროს ახალი ინტერნეტ-პაკეტის გააქტიურების დროს შესაძლებელი იყო მათი გამოყენება. გ. ღოთვაძის საჩივარში აღნიშნულია, რომ 2015 წლიდან შპს „მაგთიკომმა“ გაუუქმა შეძენილი ინტერნეტ-პაკეტები, დადგენილი ვადის ამოწურვიდან 7 დღის განმავლობაში გამოუყენებლობის გამო. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მომხმარებელმა განცხადებით მიმართა შპს „მაგთიკომს“ გაუქმებული მეგაბაიტების აღდგენის მოთხოვნით, გამოყენების იმავე პირობებით, რა პირობებითაც მან შეიძინა ინტერნეტ-პაკეტები. შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 29 მარტის წერილით, მომხმარებელს ეცნობა, რომ შპს „მაგთიკომმა“ განახორციელა მომსახურების მიწოდების პირობების ცვლილება, რომლის შესაბამისად, მომხმარებელი უფლებამოსილი იყო 30 დღის განმავლობაში ესარგებლა შეძენილი ინტერნეტ-პაკეტით. ამავე ცვლილების შესაბამისად, გამოუყენებელი ერთეულები დეაქტივირდებოდა და შენახულ იქნებოდა ახალი პაკეტის შეძენამდე მაქსიმუმ 7 დღით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ მოხდებოდა დეაქტივირებული ერთეულების გაუქმება. მომხმარებელს მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომს“ არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი შეეცვალა მომსახურების პირობები უკვე რეალიზებულ პროდუქტზე და გაეუქმებინა შეძენილი გაყინული მეგაბაიტები. შესაბამისად, გ. ღოთვაძე ითხოვს კომისიამ დაავალოს შპს „მაგთიკომს“ აღუდგინოს მომხმარებელს სამივე სააბონენტო ნომერზე მისი კუთვნილი მეგაბაიტები მომსახურების იმ პირობებით, რა პირობებითაც მომხმარებელმა შეიძინა მომსახურება.

საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 5 ივნისის მომართვის შესაბამისად, შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 17 აპრილის წერილით საზოგადოებრივ დამცველს ეცნობა, რომ 2014 წლის დეკემბერში კომპანიამ განახორციელა ცვლილება მომსახურების პირობებში, კერძოდ, შეძენილი მეგაბაიტების შენახვის ვადა განისაზღვრა 7 დღით. შპს ,,მაგთიკომის“ განმარტებით, აღნიშნული ცვლილების თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა კომპანიის ვებ-გვერდზე და აბონენტებს გაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ცვლილების ძალაში შესვლამდე 10 სამუშაო დღით ადრე. შპს „მაგთიკომის“ განცხადებით, მომსახურების პირობებში ცვლილების შეტანის წესი გათვალისწინებულია შპს „მაგთიკომის“ მომსახურების გაწევის სტანდარტულ პირობებში და სააბონენტო ხელშეკრულებაში.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომმა“ მომხმარებლის კუთვნილ სააბონენტო ნომრებზე გაუქმებული ინტერნეტ ერთეულები აღადგინა. საზოგადოებრივი დამცველის განმარტებით, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით აღარ არსებობს მომხმარებლის მოთხოვნის სამართლებრივი არგუმენტი და კომპანიის მხრიდან მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი. მიუხედავად აღნიშნულისა, მომხმარებელი კვლავ სადაოდ მიიჩნევს კომპანიის ქმედებას  ხელშეკრულების პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით და სურს აღნიშნული საკითხი განხილულ იქნას კომისიის მიერ.

მომხმარებელ გ. ღოთვაძის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 25 ივნისს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც შეტყობინებებით (№03/1047-15, 22.06.2015; №03/1048-15, 22.06.2015) ეცნობა შპს „მაგთიკომს“ და მომხმარებელ გ. ღოთვაძეს და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 25 ივნისს კომისიაში შემოვიდა გ. ღოთვაძის განცხადება, რომელშიც მან დაადასტურა კომისიის 2015 წლის 22 ივნისის №03/1048-15 შეტყობინების მიღება და თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 25 ივნისს, 16:10 საათზე დავის განხილვაში მონაწილეობის გამო ითხოვა კომისიას მომხმარებლის დაუსწრებლად მიეღო გადაწყვეტილება მის საჩივარზე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისიის 2015 წლის 25 ივნისის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დ. ძიძიგური და საზოგადოებრივი დამცველი თ. ტეფნაძე. კომისიის სხდომაზე დ. ძიძიგურმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრიმა დამცველის სამსახურმა საფუძვლიანად შეისწავლა მომხმარებლის საჩივარი და გამოარკვია, რომ კომპანიის მხრიდან დარღვევის ფაქტი სახეზე არ არის. დ. ძიძიგურის განმარტებით, მომხმარებელი სადაოდ ხდის შპს „მაგთიკომის“ მიერ სახელშეკრულებო პირობების ცალმხრივად შეცვლას, რაც მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა, მით უფრო, როცა მომსახურების მიმწოდებელი ემსახურება მილიონობთ აბონენტს. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული დაშვებულია მოქმედი კანონმდებლობით, მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების პირობებში ცვლილებების განხორციელებამდე 10 სამუშაო დღით ადრე მომხმარებლების ინფორმირების ვალდებულების შესრულების პირობით. დ. ძიძიგურის განცხადებით, მომხმარებელმა პირველად შპს „მაგთიკომს“ მიმართა და კომპანიამ სადაოდ არ გახადა მისი მოთხოვნა მეგაბაიტების აღდგენის თაობაზე, ვინაიდან, აბონენტის სატელეფონო ნომრებზე კომპანიის მიერ გაგზავნილი შეტყობინებების შესახებ კომპანიაში დაცულ დეტალურ მონაცემებში არ ჩანდა აბონენტს მიუვიდა თუ არა შპს „მაგთიკომის“ შეტყობინება მომსახურების პირობების ცვლილების შესახებ. დ. ძიძიგურის განცხადებით, შესაძლოა, ამ პერიოდში აბონენტის ნომერი გამორთული იყო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ძიძიგურის განმარტებით, შპს „მაგთიკომმა“ აღუდგინა გაუქმებული მეგაბაიტები მომხმარებელს და აცნობა, რომ მოქმედებდა მომსახურების ახალი პირობები. შესაბამისად, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის განმარტებით, მომხმარებელსა და შპს „მაგთიკომს“ შორის დავის განხილვა აზრს მოკლებული იყო.

კომისიის 2015 წლის 25 ივნისის სხდომაზე საზოგადოებრივმა დამცველმა დაადასტურა მის 2015 წლის 5 ივნისის მომართვაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მომხმარებელს სურდა უშუალოდ კომისიას შეესწავლა და განეხილა მისი საჩივარი. საზოგადოებრივმა დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ გ. ღოთვაძის საჩივრის შესწავლისას შპს „მაგთიკომის“ მხრიდან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი აღარ დადასტურდა.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს თავად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს ან/და კომისიას ან პირდაპირ სასამართლოს, საზოგადოებრივი დამცველი ითხოვს კომისიამ უზრუნველყოს გ. ღოთვაძის საჩივრის განხილვა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი დამცველის მომართვისა და თანდართული დოკუმენტაციის, მომხმარებელ გ. ღოთვაძის 2015 წლის 7 აპრილის საჩივრისა და 2015 წლის 25 ივნისის განცხადების, ასევე, შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლისა და საზოგადოებრივი დამცველის ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ მომხმარებელ გ. ღოთვაძის საჩივრის განხილვის მიზნით უნდა დაწყებულიყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

საჩივრის ავტორი გ. ღოთვაძე წარმოადგენს შპს „მაგთიკომის“ აბონენტს, რაც დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საზოგადოებრივი დამცველის მომართვაზე თანდართული შეთანხმებებით სააბონენტო ნომრების გურამ ღოთვაძის სახელზე გადაფორმების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 25 ივნისს, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება (№371/23; 25.07.2015) მომხმარებელ გურამ ღოთვაძის საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და ზეპირი მოსმენა დანიშნა 2015 წლის 16 ივლისს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც მხარეები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფრთხილდნენ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 16 ივლისის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ მომხმარებელი გურამ ღოთვაძე და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური.

კომისიის 2015 წლის 17 ივლისის სხდომაზე მომხმარებელმა გ. ღოთვაძემ აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნა იყო მის მიერ შეძენილი მეგაბაიტები აღდგენილიყო და მის განკარგულებაში დარჩენილიყო იმ პირობებით, რა პირობებითაც მან აღნიშნული მეგაბაიტები შეიძინა.  მომხმარებლის განცხადებით, შპს „მაგთიკომის“ მიერ მომსახურების პირობებში ცვლილების შეტანამდე, ის ზრდიდა შეძენილი ინტერნეტ-პაკეტის მოცულობას ზოგჯერ 6 თვეში ერთხელ, ზოგჯერ კი წელიწადში ერთხელ და სარგებლობდა ამ პაკეტით მისთვის სასურველ დროს, საჭიროებისამებრ. გ. ღოთვაძის განმარტებით, შპს ,,მაგთიკომმა“ შეცვალა მომსახურების პირობები, რომელთა თანახმად, თუ მომხმარებელი მომსახურებით სარგებლობის ვადის ამოწურვიდან 7 დღის ვადაში არ შეიძენდა ახალ ინტერნეტ-პაკეტს, მის მიერ მანამდე შეძენილი ინტერნეტ-პაკეტი გაუქმდებოდა. გ. ღოთვაძემ ასევე დაადასტურა, რომ მას აღნიშნული ინტერნეტ-პაკეტები შეძენილი ჰქონდა კორპორატიული კლიენტის სტატუსით, თუმცა, გ. ღოთვაძის შპს „მაგთიკომის“ კორპორატიული ქსელიდან გამოსვლის შემდეგ, მომსახურების პირობები მისთვის როგორც ფიზიკური პირისთვის არ შეცვლილა და კომპანიამ შეუნარჩუნა მას შეძენილი მეგაბაიტები.

მომხარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განმარტებით, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ მომსახურების მიმწოდებლებს შეუძლიათ სახელშეკრულებო პირობების ცვლილება ცალმხრივად განახორციელონ, მაგრამ, ამ შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელს ეკისრება ვალდებულება მომსახურების პირობის ცვლილების შესახებ მოახდინოს მომხმარებლის წინასწარ ინფორმირება, რაც დადასტურდა კომპანიის მხრიდან მასიური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტით, თუმცა, საზოგადოებრივი დამცველის განმარტებით, აღნიშნული მომხმარებლის ინფორმირების ფაქტი არ დასტურდებოდა, რის გამოც შპს „მაგთიკომმა“ მომხმარებელს აღუდგინა მეგაბაიტები სარგებლობის შესაძლებლობით, თუმცა, ახალი პირობებით. საზოგადოებრივი დამცველის განმარტებით, მომხმარებელმა გამოთქვა ინტერესი არა ამ მიმართულებით დავის წარმოებაზე, არამედ სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მიმართულებით დავის წარმოებასთან დაკავშირებით, რის გამოც საზოგადოებრივი დამცველმა საკითხის შემდგომი შესწავლის მიზნით მიმართა კომისიას.

შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის დ. ძიძიგურის განცხადებით, კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილების თაობაზე ატყობინებს მომხმარებელს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე. დ. ძიძიგურის განმარტებით, ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა მსოფლიოში და მილიონობით აბონენტისთვის მომსახურების გაწევისას, შეუძლებელია ყოველი სახელშეკრულებო პირობის ცვლილების დროს განხორციელდეს აბონენტისთვის იგივე წესით ცვლილების მომსახურების პირობებში შეტანა, რა წესითაც გაფორმდა ხელშეკრულება. შპს მაგთიკომის“ მიერ მომსახურების პირობების ცვლილება განხორციელდა 2015 წლის იანვარში, ხოლო მანამდე მეგაბაიტების შენახვის ვადა არ იყო განსაზღვრული. თუმცა, დ. ძიძიგურის განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთხელ დაწესებული პირობა უნდა მოქმედებდეს მუდმივად. მომხმარებლის მიერ შეძენილი მეგაბაიტები წარმოადგენს ინტერნეტ-მომსახურებას და ცვლილება ეხება სწორედ ამ მომსახურებას ერთი ხელშეკრულების ფარგლებში. დ. ძიძიგურის განცხადებით, მეგაბაიტებით სარგებლობის ვადად განისაზღვრა 30 დღე  და დამატებით 7 დღე და აღნიშნული ცვლილება ეხება როგორც მანამდე შეძენილ მეგაბაიტებს, ასევე, მომავალში შეძენილ მეგაბაიტებს.

შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გ. ღოთვაძის სარგებლობაში იყო სამი სააბონენტო ნომერი და აქედან 2 ნომერი გაფორმებული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროზე, ხოლო ერთი ნომერი - სს „თელასზე“. დ. ძიძიგურმა აღნიშნა, რომ დასაზუსტებელი იყო, თუ რა პირობებით მიეწოდებოდა მომსახურება გ. ღოთვაძეს კორპორატიული ხელშეკრულების ფარგლებში და რა პირობებით შპს „მაგთიკომის“ კორპორატიული ქსელიდან გასვლის შემდეგ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის სათანადოდ შესწავლის მიზნით, კომისიამ წინამდებარე საკითხის განხილვაზე გამოაცხადა შესვენება და მიიღო საოქმო გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის 2015 წლის 28 ივლისს, 16:00 საათზე გაგრძელების შესახებ, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის 2015 წლის 16 ივლისის სხდომაზე. ამასთან, კომისიის მიერ შპს „მაგთიკომს“ დაევალა გ. ღოთვაძის სარგებლობაში არსებულ სამივე სააბონენტო ნომერზე, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს „თელასთან“ გაფორმებული კორპორატიული ხელშეკრულებების, ასევე, უშუალოდ მომხმარებელ გ. ღოთვაძესთან გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულებისა და ყველა სხვა დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა, რომელიც ხელს შეუწყობდა საკითხის სრულყოფილად შესწავლას და დავის გადაწყვეტას.

2015 წლის 28 ივლისს კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დ. ძიძიგური, ხოლო მოხმარებელი გ. ღოთვაძე კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა კომისიის წინაშე იშუამდგომლა საკითხის განხილვაზე შესვენების გამოცხადებისა და ზეპირი მოსმენის 2 კვირის შემდეგ გაგრძელებების თაობაზე, მორიგების მიზნით მხარეთა შორის მოლაპარაკების დაწყებისა და აღნიშნული მორიგების მისაღწევად დამატებითი დროის საჭიროების გამო. კომისიამ დააკმაყოფილა შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობა და  ზეპირი მოსმენის გაგრძელების მიზნით კომისიის სხდომა დანიშნა 2015 წლის 11 აგვისტოს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც წერილობით ეცნობა მომხმარებელ გ. ღოთვაძეს.

კომისიის 2015 წლის 11 აგვისტოს სხდომას ესწრებოდნენ შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დ. ძიძიგური და მომხმარებელი გ. ღოთვაძე. მომხმარებელმა გ. ღოთვაძემ დაადასტურა, რომ მხარეებს შორის მორიგება შედგა და მორიგების პირობები მისაღები იყო როგორც მომხმარებლისთვის, ასევე, შპს „მაგთიკომისთვის“. გ. ღოთვაძემ აღნიშნა, რომ უარს აცხადებდა თავის საჩივარზე და მოითხოვა შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

კომისიის 2015 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დ. ძიძიგურმა აღნიშნა, რომ მორიგების პირობების შესაბამისად, დაკმაყოფილდა მომხმარებლის საჩივარში აღნიშნული მოთხოვნა შეძენილი მეგაბაიტების იმ პირობებით აღდგენის თაობაზე, რა პირობებითაც ჰქონდა მას აღნიშნული მეგაბაიტები შეძენილი და შპს „მაგთიკომი“ არ იყო წინააღმდეგი ადმინისტრაციული წარმოება შეწყვეტილიყო მომხმარებლის მიერ საჩივარზე უარის თქმის საფუძვლით.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ გ. ღოთვაძის საჩივარზე  ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 63-ე მუხლისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შეწყდეს შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ გ. ღოთვაძის საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;
  2.    დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების მომხარებელ გურამ ღოთვაძისთვის, შპს „მაგთიკომისა“ და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
  6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                             კახი ბექაური

კომისიის წევრი                             გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                             მერაბ ქათამაძე