შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „კვირის პალიტრას“ საჩივრის განხილვის შესახებ

დეკემბერი 17, 2015 17:19

მიღების თარიღი ნოემბერი 03, 2015

ნომერი: 655 / 16

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 30 ივლისს კომისიას რეაგირებისთვის მომართა კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი“) თამთა ტეფნაძემ (2015 წლის 30 ივლისის №შ-10/5374-15 მომართვა). აღნიშნული მომართვიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს 2015 წლის 6 აპრილს საჩივრით მიმართა შპს „კვირის პალიტრის“ წარმომადგენელმა შოთა ღვედაძემ (მოქმედი შპს „კვირის პალიტრის“ დირექტორის დავით გიგუაშვილის მიერ 2015 წლის 3 აპრილს გაცემული №370 მინდობილობის საფუძველზე. მინდობილობის მოქმედების ვადა: 3 წელი). საჩივრის ავტორის განმარტებით, მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ 2014 წლის პირველი ივლისის კორპორატიული ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „მაგთიკომი“ კორპორატიულ სატელეფონო მომსახურებას უწევდა შპს „კვირის პალიტრის“ დირექტორ დავით გიგუაშვილს, რომლის  სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომერზე 577 904XXX ყოველთვიურად ჩართული იყო 50 ლარიანი ყოველთვიური ულიმიტო პაკეტი, რომელიც მოიცავდა GPRS, 3 G, 3.5 G მომსახურებას 10000 მბ ოდენობით. შ. ღვედაძის განცხადებით, ზემოაღნიშნულ ნომერზე 2015 წლის თებერვლის თვეში 18 დღის ვადაში ამოიწურა შეძენილი 10 000 მბ. ინტერნეტის ლიმიტი და შემდგომ 10 დღის განმავლობაში აბონენტს ამ ნომერზე დაერიცხა 1813,86 ლარის ოდენობის დავალიანება, ლიმიტის ამოწურვის თაობაზე მისი გაფრთხილების გარეშე. განმცხადებლის აზრით, შპს „მაგთიკომი“ ვალდებული იყო 10 000 მბ ინტერნეტ პაკეტის ამოწურვისთანავე შეეზღუდა ინტერნეტ-მომსახურება და უსასრულოდ არ გაეგრძელებინა მომსახურების გადასახადის აბონენტისთვის დარიცხვა, ხოლო თუ შპს „მაგთიკომი“ არ შეუზღუდავდა აბონენტს მომსახურებას, ის ვალდებული იყო მისთვის მომსახურების გადასახადი დაერიცხა 50 ლარიანი ულიმიტო პაკეტით გათვალისწინებული ლიმიტის ღირებულების ფარგლებში. საჩივრის ავტორის განცხადებით, სატელეფონო ნომერზე 577 904XXX 1813,86 ლარის ღირებულების მომსახურება არ გაწეულა და აბონენტს არ მიუღია, რის გამოც ის ითხოვს არასწორად დარიცხული თანხის ჩამოწერას.

საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 30 ივლისის მომართვაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 4 მაისის №9/497 წერილის თანახმად, შპს „კვირის პალიტრის“ მოთხოვნით, სააბონენტო ნომერს - 577 904XXX მინიჭებული ჰქონდა ულიმიტო ნომრის სტატუსი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნომერს არ გააჩნია არანაირი ლიმიტი და მომსახურების საფასურს იხდიდა შემდგომი გადახდის პრინციპით, ხელშეკრულების გათვალისწინებულ ვადაში. ამავე წერილის თანახმად, აღნიშნულ ნომერზე მიმდინარე წლის თებერვლის თვეში განხორციელდა 60 ლარის ღირებულების პაკეტის შეძენა (ულიმიტო ზარები (საქართველოში), ულიმიტო SMS/MMS, 10 გბ ინტერნეტი). შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 4 მაისის №9/497 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წლის 18 თებერვლისათვის ნომერზე მიღებული ინტერნეტ მომსახურების მოცულობამ გადააჭარბა 10 გბ-ს და ამოქმედდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფი 1 მეგაბაიტი - 35 თეთრი, რის შედეგადაც ნომრის მიერ მიღებული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1813,86 ლარი. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა მოკვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მომსახურების მიღებისას ტექნიკურ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია, ხოლო მიღებული მომსახურების მოცულობა დადასტურებადია ნომრის დეტალური ამონაწერით და 1813,86 ლარის დარიცხვას არანაირი კავშირი არ აქვს კორპორატიული ხელშეკრულების შეწყვეტასთან. შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 4 მაისის №9/497 წერილის თანახმად, შპს „კვირის პალიტრის“ სარგებლობაში არსებული ნომერი იყო ულიმიტო და ულიმიტო ნომერზე მომსახურება იზღუდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დავალიანება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნება გადახდილი.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვიდან ირკვევა, რომ საზოგადოებრივმა დამცველმა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტებისგან მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გაცემა:

  1. განხორციელდა თუ არა 2015 წლის თებერვლის თვეში ზემოაღნიშნულ ნომერზე ინტერნეტ მომსახურების მიწოდება;
  2. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რამდენად შესაძლებელია დადგინდეს სადავო დავალიანების წარმოშობის პერიოდში მომხმარებლის მიერ მოხმარებული ინტერნეტ მომსახურების მოცულობამ, გადააჭარბა თუ არა 10 გბ-ს;
  3. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დასტურდება თუ არა სადავო პერიოდში მომხმარებლის მიერ მოცულობითი ფაილების ჩამოტვირთვის ფაქტი;
  4. აბონენტმა  რა ოდენობის მეგაბაიტები  მოიხმარა ინტერნეტ მომსახურების მიღებისას.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვაში ასევე, აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი საპასუხო სამსახურებრივი ბარათებიდან დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ აღნიშნულ ნომერზე მოცემულ პერიოდში ნამდვილად განხორციელდა GPRS მომსახურებით სარგებლობა, ხოლო სხვა დასმულ შეკითხვებზე პასუხი არ გაცემულა.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვაზე თანდართული დოკუმენტაციიდან ასევე ირკვევა, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს რეაგირებისთვის გადაეცა კომისიაში  შემოსული შპს „კვირის პალიტრის“ საჩივარი (02.07.2015; №შ-6/4480-15), რომელშიც მომხმარებელი კვლავ სადავოდ ხდიდა მისთვის შპს „მაგთიკომის“ მიერ 1813,86 ლარის დარიცხვის ფაქტს. მომხმარებელს მიაჩნია, რომ პასუხგაუცემელი დარჩა შემდეგი საკითხები:

  1. დასტურდება თუ არა სადავო პერიოდში მომხმარებლის მიერ მოცულობითი ფაილების ჩამოტვირთვის ფაქტი;
  2. აბონენტმა  რა ოდენობის მეგაბაიტები  მოიხმარა ინტერნეტ მომსახურების მიღებისას.
  3. რას შეიძლებოდა გამოეწვია ამ მოცულობის ინტერნეტ მეგაბაიტების გახარჯვა;
  4. ადგილი ხომ არ ჰქონდა რაიმე სახის ტექნიკურ ხარვეზს;
  5. რა ზომები მიიღო სატელეფონო კომპანიამ იმისთვის, რომ მომხმარებლის ინტერესები ყოფილიყო დაცული და არ მისდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი;
  6. ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ ამ კონკრეტულ მომხმარებელს გასულ პერიოდში თუნდაც 50 ლარით ზედმეტი გაეხარჯოს ლიმიტის ზემოთ.

შპს „კვირის პალიტრა“ არ ეთანხმება მისთვის 1813,86 ლარის მისთვის დარიცხვას 2015 წლის თებერვლის თვეში და ითხოვს აღნიშნული თანხის ჩამოწერას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველმა მოითხოვა კომისიას დაეწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „კვირის პალიტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით.

საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 30 ივლისის №შ-10/5374-15 მომართვას ერთვის შემდეგი დოკუმენტაცია: 1. შპს „კვირის პალიტრის“ 2015 წლის 6 აპრილის №9/468 საჩივარი (საჩივრის ავტორი: კომპანიის წაარმომადგენელი შ. ღვედაძე) თანდართული დოკუმენტაციით (შპს „კვირის პალიტრის“ წარმომადგენლის მინდობილობა, 2014 წლის პირველი ივლისის კორპორატიული ხელშეკრულება მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ; სააბონენტო ნომერზე 5 77 904XXX მიღებული მომსახურების ბილინგის დეტალური ამონაბეჭდი (01.02.2015 – 01.03.2015;), 2014 წლის ივლისის, სექტემბრისა და ოქტომბრის პერიოდის ინვოისები, შპს „მაგთიკომის“ მიერ გაცემული მონაცემები შპს „კვირის პალიტრის“ სარგებლობაში არსებულ სხვადასხვა სატელეფონო ნომერზე დარიცხული საფასურის შესახებ მონაცემები, სააბონენტო ნომერზე 5 77 904XXX მიღებული მომსახურების ბილინგის დეტალური ამონაბეჭდი (01.01.2015 – 31.01.2015). შპს „კვირის პალიტრის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურდიულ პირების რეესტრიდან); 2. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 28 აპრილის №9/454 წერილი შპს „მაგთიკომს“; 3. შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 4 მაისის №9/497 საპასუხო წერილი საზოგადოებრივ დამცველს თანდართული შპს „კვირის პალიტრის“ დირექტორის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტით სააბონენტო ნომრის 577 904XXX ორგანიზაციის სახელზე გადაფორმების თაობაზე; 4. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 11 მაისის №9/476 წერილი შპს „მაგთიკომს“; 5. შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 15 მაისის №9/507 წერილი საზოგადოებრივ დამცველს; 6. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 21 მაისის №9/494 მომართვა; 7. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 3 ივნისის №შ-10/3518-15 სამსახურებრივი ბარათი; 8. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის 2015 წლის 9 ივნისის №შ-10/3772-15 სამსახურებრივი ბარათი; 9. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 19 ივნისის №9/538 წერილი „კვირის პალიტრის“ წარმომადგენელს შ. ღვედაძეს; 10. შპს „კვირის პალიტრის“ 2015 წლის 6 ივლისის №9/563 საჩივარი.

შპს „კვირის პალიტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფომალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 20 აგვისტოს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც  შეტყობინებებით (№03.1675-15; 12.08.2015; №03/1677-15; 12.08.2015)  ეცნობა შპს „კვირის პალიტრას“ და შპს „მაგთიკომს“ და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „კვირის პალიტრის“ წარმომადგენელი შოთა ღვედაძე და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური.

კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე შ. ღვედაძემ დაადასტურა შპს „კვირის პალიტრის“ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მან აღნიშნა, რომ კორპორატიული ხელშეკრულება შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კვირის პალიტრას“ შორის გაფორმდა 2014 წლის პირველ ივლისს. მისი განცხადებით, შპს „კვირის პალიტრის“ დირექტორი დავით გიგუაშვილი სარგებლობდა 50 ლარის ღირებულების ულიმიტო პაკეტით, რომელიც მოიცავდა 10 გეგაბაიტ ინტერნეტ მომსახურებას.  შ. ღვედაძის განცხადებით, არცერ თვეში არ ყოფილა სრულად ათვისებული ინტერნეტ მომსახურების ზემოაღნიშნული მოცულობა და მისი მარწმუნებლის ეჭვი გამოიწვია სწორედ იმ გარემოებამ, რომ მიმდინარე წლის თებერვლის თვეში 18 დღეში ამოიწურა 10 გეგაბაიტი ინტერნეტი პაკეტი, ხოლო 10 დღეში შეუსაბამოდ სწრაფი ტემპით დაერიცხა აბონენტს გადასახადი. ამასთან, შ. ღვედაძის განცხადებით, შპს „კვირის პალიტრას“ არ მიუღია არანაირი გაფრთხილება ბალანსის ამოწურვის შესახებ, ხოლო მიმდინარე წლის თებერვლის თვის ბოლოს კომპანიამ მიიღო ინვოისი 1813,86 ლარის ოდენობის გადასახადის თაობაზე. გარდა ამისა, შ. ღვედაძემ აღნიშნა, რომ შპს „კვირის პალიტრის“ დირექტორს არ უსარგებლია მობილური ინტერნეტით საზღვარგარეთ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სააბონენტო ნომერი პორტირებულია შპს „ჯეოსელის“ ქსელში და მომხმარებელი აღნიშნულ ნომერზე  სარგებლობს 5 გეგაბაიტიანი ინტერნეტით და ერთი თვის განმავლობაში ვერ ითვისებს 1 გეგაბაიტ ინტერნეტ-პაკეტს.

კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქმეში არსებობს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დასკვნები, რომლის თანახმად, შპს „მაგთიკომის“ დეტალური ამონაწერით დასტურდება მომხმარებლის მიერ ინტერნეტ-მომსახურების მიღების ფაქტი. დ. ძიძიგურის განმარტებით, შპს „მაგთიკომმა“ განახორციელა მოკვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის თებერვლის თვეში სააბონენტო ნომერზე - 577 904XXX მომხმარებლის მიერ მომსახურების მიღებისას ტექნიკურ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, დ. ძიძიგურის განცხადებით, აღნიშნული სააბონენტო ნომერი ულიმიტო სტატუსის მქონე ნომერი იყო და შესაბამისად, მის მიმართ მოქმედებდა შემდგომი გადახდის სისტემა, რაც გულიხმობს იმას, რომ ასეთ ნომერზე ბალანსის ამოწურვისას მომსახურების მიწოდება აბონენტს არ ეზღუდება. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კვირის პალიტრას“ შორის არსებული დავის განხილვა კომისიის კომპეტენციაში შედის.

 კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი დამცველის მომართვისა და თანდართული დოკუმენტაციის, მომხმარებელ შპს „კვირის პალიტრის“ საჩივრის,  ასევე, შპს „კვირის პალიტრისა“ და შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ მომხმარებელ შპს „კვირის პალიტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით უნდა დაწყებულიყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

შპს  ,,მაგთიკომი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 18.07.2005. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 01.02..2010. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება); შესაბამისად, შპს ,,მაგთიკომი“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) პუნქტის თანახმად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ძ) პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს;

შპს „კვირის პალიტრა“ 2015 წლის თებერვლის მდგომარეობით სააბონენტო ნომრით - 577 904XXX წარმოადგენდა შპს „მაგთიკომის“ მომხმარებელს, რაც დასტურდება მხარეთა შორის 2014 წლის პირველ ივლისს გაფორმებული კორპორატიული ხელშეკრულებით მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება „შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „კვირის პალიტრის“  საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“. ამავე გადაწყვეტილებით, საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2015 წლის 10 სექტემბერს, 16:00 საათზე. ამასთან, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ამავე გადაწყვეტილებით შპს „მაგთიკომს“ დაევალა ზეპირ მოსმენამდე ერთი სამუშაო დღით ადრე შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: 1. შპს „კვირის პალიტრასთვის“ სააბონენტო ნომერზე 577 904XXX 2014 წლის პირველი ივლისიდან (ხელშეკრულების გაფორმებიდან) ბოლო დღემდე პერიოდში ინტერნეტ-მომსახურების გაწევის ანგარიშის დეტალური ამონაბეჭდი, 2. მომხმარებლის მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში 10 გეგაბაიტი ინტერნეტ-პაკეტის ამოწურვისა და დამატებით 1813,86 ლარის ღირებულების ინტერნეტ-მომსახურებით სარგებლობის დამადასტურებელი (ბილინგის გარდა სხვა) მტკიცებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), 3.  სააბონენტო ნომერზე 577 904XXX შპს „კვირის პალიტრისთვის“ ბალანსის ამოწურვის შესახებ გამაფრთხილებელი შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს ,,კვირის პალიტრას“ წარმომადგენელი შ.ღვედაძე, შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლები დ. ძიძიგური და ი. შარაბიძე და საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს №499/23 გადაწყვეტილებით მოთხოვნილი ინფორმაციიდან შპს ,,მაგთიკომმა“ კომისიაში წარმოადგინა შპს „კვირის პალიტრასთვის“ სააბონენტო ნომერზე 577 904XXX 2014 წლის პირველი ივლისიდან (ხელშეკრულების გაფორმებიდან) აბონენტისთვის მომსახურების მიწოდების ბოლო დღემდე პერიოდში ინტერნეტ-მომსახურების გაწევის ანგარიშის დეტალური ამონაბეჭდი CD ჩანაწერის სახით (შპს ,,მაგთიკომის“ 2015 წლის 9 სექტემბრის Nშ-6/6586-15 წერილი თანდართული 1 CD დისკით). მომხმარებლის მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში 10 გბ ინტერნეტ-პაკეტის ამოწურვისა და დამატებით 1813,86 ლარის ღირებულების ინტერნეტ-მომსახურებით სარგებლობის დამადასტურებელი (ბილინგის გარდა სხვა) მტკიცებულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენასთან დაკავშირებით შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დ. ძიძიგურმა განაცხადა, რომ მომხმარებლის მიერ ინტერნეტ-მომსახურების მიღების დამადასტურებელი ერთადერთი უტყუარი მტკიცებულება იყო ბილინგი და კომპანიაში არ ინახებოდა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა აქტივობებს ახორციელებდა აბონენტი შპს ,,მაგთიკომის“ ინტერნეტით სარგებლობისას, იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებს ოპერატორს შეინახოს ასეთი მონაცემი.

შ. ღვედაძემ აღნიშნა, რომ მომხმარებელს შპს ,,მაგთიკომის“ მომსახურების სარგებლობის პერიოდში არასდროს არ ამოუწურავს ინტერნეტ-პაკეტით გათვალისწინებული 10 000 მბ ლიმიტი და მიაჩნია, რომ შეუძლებელი იყო აბონენტს გაეხარჯა ამ მოცულობის ინტერნეტ-პაკეტი. შ. ღვედაძის აზრით, როდესაც დარიცხულმა დავალიანებამ მიაღწია 50 ლარს, შპს ,,მაგთიკომი“ ვალდებული იყო მომხმარებლისთვის შეეტყობინებინა დარიცხული დავალიანების შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ სააბონენტო ნომერი 5 77 904XXX შპს ,,ჯეოსელის“ ქსელში პორტირებულია 2015 წლის 2 მარტიდან და აღნიშნული კომპანიის მიერ მისთვის მოწოდებული 6 თვის პერიოდის მონაცემების თანახმად, შპს ,,კვირის პალიტრა“ სადავო დავალიანების მქონე სააბონენტო ნომერზე საშუალოდ 2 გეგაბაიტსაც არ მოიხმარდა თვის განმავლობაში. შ. ღვედაძის განცხადებით, მოხმარებელმა მიმდინარე წლის მარტის თვეში ისარგებლა 1724 მეგაბაიტით, ხოლო აპრილის თვეში - 798 მეგაბაიტით. შ. ღვედაძემ დაადასტურა, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიერ კომპანიისთვის დარიცხული დავალიანება შპს ,,კვირის პალიტრას“ საკითხის განხილვის მომენტისთვის არ ჰქონდა გადახდილი.

კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე დ. ძიძიგურმა აღნიშნა, რომ 2014 წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში აბონენტის მიერ ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებელი დაბალი იყო. მისი განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში აბონენტმა თვეში მოიხმარა არაუმეტეს  50 მეგაბაიტისა, ხოლო 2014 წლის დეკემბრის თვეში - 1500 მეგაბაიტი და 2015 წლის იანვრის თვეში - 5943 მეგაბაიტი. დ. ძიძიგურის განცხადებით, კომპანიის მიერ ორჯერ გადამოწმდა საბილინგო მონაცემები ტექნიკური ხარვეზის არსებობის დადგენის მიზნით და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია. მისი განმარტებით, საბილინგო მონაცემებიდან დგინდება, რომ ინეტრნეტ მეგაბაიტების გამოყენება ხდებოდა პერმანენტულად. დ. ძიძიგურის განმარტებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ნებისმიერ დროს შეამოწმოს ბალანსი სხვადასხვა მეთოდით. მან ასევე აღნიშნა, რომ მობილური ტელეფონის აპარატს (smartphone) აქვს მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის მოცულობის შემოწმებისა და ლიმიტის დაყენების ფუნქციები. გარდა ამისა, დ. ძიძიგურის განცხადებით, კორპორატიულ კლიენტს აქვს შესაძლებლობა დააწესოს ლიმიტი მის მიერ არჩეულ მომსახურებაზე, კერძოდ, მომხმარებლის მხრიდან ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, მას ჰქონდა შესაძლებლობა აერჩია შპს ,,მაგთიკომის“ მიერ შეთავაზებული 50 ლარიანი ლიმიტის ჯგუფი.

შპს ,,მაგთიკომის“ მიერ მომხმარებლისთვის 10 გეგაბაიტის ამოწურვის თაობაზე შეტყობინების მიუწოდებლობასთან დაკავშირებით შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ი. შარაბიძემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 50 ლარიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტის ამოწურვის შემდეგ, 1 მეგაბაიტის ღირებულება არის 35 თეთრი. მისი განმარტებით, ულიმიტო პაკეტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელს არ უწყდება მომსახურების მიწოდება და ის სარგებლობს ამ მომსახურებით ულიმიტოდ, რის თაობაზეც მომხმარებელი წინასწარ არის გაფრთხილებული. ი. შარაბიძის განმარტებით, მომხმარებლისთვის არ შეცვლილა მომსახურების პირობა და მომხმარებელს თანხმობა აქვს განცხადებული განსხვავებული ტარიფით ინტერნეტ-მომსახურების მიღების პირობაზე, რათა არ შეეზღუდოს მომსახურების მიწოდება.

კომისიის 2015 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ც. უჯმაჯურიძემ აღნიშნა, რომ შპს ,,მაგთიკომმა“ კომისიაში წარმოადგინა CD დისკი, რომელშიც ასახულია აბონენტის მიერ 2014 წლის პირველი ივლისიდან 2015 წლის 27 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ინტერნეტ-მომსახურებით სარგებლობის შესახებ მონაცემები. მისი განმარტებით, მომხმარებელმა ინტერნეტის აქტიური მოხმარება დაიწყო 2015 წლის იანვარში, თუმცა, არ გაუხარჯავს დადგენილი ლიმიტი, რის გამოც მას დამატებითი გადასახადი იანვრის თვეში არ დარიცხვია.

2015 წლის 10 სექტემბრის სხდომაზე კომისიამ აუცილებლად მიიჩნია დადგენილიყო შპს ,,მაგთიკომის“ აბონენტების მიერ შეძენილი ინტერნეტ-მომსახურების პაკეტის ამოწურვის შედეგად მათთვის განსხვავებული ტარიფით მიწოდებული მომსახურებისთვის დავალიანების დარიცხვის შემთხვევების სიხშირე და მაშტაბურობა. აქედან გამომდინარე, კომისიამ დაავალა შპს ,,მაგთიკომს“ წარმოედგინა 2015 წლის იანვრიდან 8 თვის პერიოდის ინფორმაცია სტატისტიკის სახით იმ მომხმარებლების შესახებ, რომელთაც შპს ,,კვირის პალიტრის“ მსგავსად ამოეწურათ შეძენილი არასტანდარტული ინტერნეტ-პაკეტი და გაუგრძელდათ მომსახურების მიწოდება განსხვავებული ტარიფით და გამოაცხადა შესვენება ზეპირი მოსმენის 2015 წლის 24 სექტემბერს გაგრძელების მიზნით.

კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს „კვირის პალიტრას“ წარმომადგენელი შ. ღვედაძე და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები დ. ძიძიგური და ი. შარაბიძე. კომისიის სხდომაზე დ. ძიძიგურმა აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომს“ დაევალა 2015 წლის დასაწყისიდან გასული 8 თვის განმავლობაში სხვადასხვა კორპორატიული და არაკორპორატიული კლიენტებისთვის საპაკეტო ლიმიტების ამოწურვასთან დაკავშირებით ინფორმაციის  წარმოდგენა კომისიაში. მისი განცხადებით, აღნიშნული ინფორმაციის მოძიება საკმაოდ რთული აღმოჩნდა და დიდი დრო მოითხოვა, რის გამოც მან იშუამდგომლოა კომისიის წინაშე კომპანიისთვის დამატებით 1 კვირიანი ვადის მიცემის თაობაზე, მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად წარმოსადგენად. შპს „კვირის პალიტრას“  წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ არ იყო წინააღმდეგი ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით შპს „მაგთიკომს“ მისცემოდა დამატებითი ვადა. კომისიამ დააკმაყოფილა შპს „მაგთიკომის“ შუამდგომლობა და დაავალა ზემოაღნიშნული ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენა არაუგვიანეს მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისა, გამოაცხადა შესვენება და ზეპირი მოსმენის სხდომის გაგრძელების თარიღად განსაზღვრა 2015 წლის 8 ოქტომბერი, რის თაობაზეც მხარეები კომისიის სხდომაზევე გაფრთხილდნენ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა“ 2015 წლის 7 ოქტომბრის Nშ-6/7542-15 წერილით,  CD დისკის ჩანაწერის სახით კომისიაში წარმოადგინა შემდგომი გადახდის სისტემის აბონენტებისთვის მათ მიერ შეძენილი ინტერნეტ-მომსახურების პაკეტის ამოწურვის შემდეგ განსხვავებული ტარიფით მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანების შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც განეკუთვნება 2015 წლის აპრილის, მაისის, ივლისის აგვისტოსა და სექტემბრის თვეების პერიოდს.

კომისიის 2015 წლის 8 ოქტომბრის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ შპს „კვირის პალიტრას“ წარმომადგენელი შ. ღვედაძე და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლები დ. ძიძიგური და ი. შარაბიძე.

კომისიის 2015 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ც. უჯმაჯურიძემ აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი საბილინგო მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ შპს „კვირის პალიტრას“ მიმდინარე წლის თებერვალში ამოეწურა შეძენილი ინტერნეტ-პაკეტი და დაერიცხა 1813,86 ლარის ოდენობის თანხა. მან ასევე დაადასტურა, რომ აღნიშნული ფაქტის გადამოწმების სხვა შესაძლებლობა, გარდა წარმოდგენილი ბილინგისა, არ იყო. ც. უჯმაჯურიძის განმარტებით, შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კომპანიის აბონენტებს 5 თვის განმავლობაში, სხვადასხვა პერიოდში დავალიანების სახით დაერიცხათ შემდეგი ოდენობის თანხები: 7213.00 ლარი, 5062.00 ლარი, 5033.00 ლარი, 4611.00 ლარი, 4514.00 ლარი და ა. შ. მისი განცხადებით, ზემოაღნიშნულ პერიოდში კომპანიამ აბონენტებისთვის გაწეული ინტერნეტ-მომსახურებისთვის ჯამში განახორციელა მომსახურების საფასურის 48445 დარიცხვა.

კომისიის 2015 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დ. ძიძიგურმა დაადასტურა, რომ 5 თვის განმავლობაში კომპანიამ 438000.00  ლარზე მეტი მიიღო იმ აბონენტებისგან, რომელთაც ამოეწურათ შეძენილი ინტერნეტ-პაკეტი და გადავიდნენ ხელშეკრულებით გათვალსწინებულ სხვა ტარიფზე. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ოდენობის თანხების აბონენტებისთვის დარიცხვა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ აბონენტები შეძენილი ინტერნეტ-პაკეტის ამოწურვის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში არ ყიდულობდნენ იმავე ღირებულების ინტერნეტ-პაკეტს და აგრძელებდნენ მომსახურების მიღებას განსხვავებული ტარიფით. დ. ძიძიგურის განმატებით, წარმოდგენილ მონაცემებში შესაძლოა ზემოაღნიშნული თანხების დარიცხვის რამდენიმე შემთხვევა შეხებოდა ერთიდაიმავე აბონენტს. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის ი. შარაბიძის განცხადებით, დიდი ოდენობის თანხების აბონენტებისთვის დარიცხვის შემთხვევები გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული თანხების ჩამოწერას ან გადაუხდელობას ადგილი არ ჰქონია.

კომისიის 2015 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე შპს „კვირის პალიტრას“ წარმომადგენელმა შ. ღვედაძემ აღნიშნა, რომ აბონენტს უნდა სცოდნოდა ინტერნეტ-პაკეტის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებულ ტარიფზე გადასვლის თაობაზე. მისი განმარტებით, მომხმარებელს აღნიშნულის შესახებ რომ სცოდნოდა, ის მიიღებდა გადაწყვეტილებას  ულიმიტო პაკეტის დამატებით შეძენის თაობაზე ან მიმართავდა სხვა ზომებს. შ. ღვედაძის განცხადებით,  ტარიფის ცვლილების თაობაზე სააბონენტო ხელშეკრულებაში მითითება არ ათავისუფლებს კომპანიას კანონისმიერი ვალდებულებისგან.

კომისიის 2015 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე საზოგადოებრივმა დამცველმა თ. ტეფნაძემ აღნიშნა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „კვირის პალიტრის“ საჩივრის განხილვის თაობაზე საკითხი კომისიის სხდომაზე განსახილველად წარადგინა იმის გამო, რომ საქმე ეხებოდა ოპერატორის მიერ შეტყობინების ვალდებულების შესრულება–არშესრულებას. მისი განცხადებით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში მსგავსი ტიპის არაერთი საჩივარი შევიდა გასულ წელსაც, რომელთა შესწავლის დროს დადგინდა, რომ მომხმარებელს ტარიფი გაეზარდა სათანადო გაფრთხილების გარეშე.

კომისიის 2015 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დ. ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ სმარტფონს აქვს ფუნქცია, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია დააყენოს მეგაბაიტების მაქსიმალური ოდენობა. მისი განცხადებით, თუ აბონენტს სურს აკონტროლოს გაწეული ხარჯები, მან უნდა შეიძინოს ლიმიტირებული პაკეტი.

შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ი.შარაბიძემ აღნიშნა, რომ კომპანია მომხმარებელს აძლევს არჩევანის საშუალებას. მომხმარებელი განცხადებით მიმართავს კომპანიას და ირჩევს მომსახურების იმ პირობას, რომლის თანახმად, თუ ინტერნეტ-მომსახურების სარგებლობისას  მომხმარებელი 10 გეგაბაიტს გადააცილებს, მას არ გაეთიშება მომსახურება და მიეწოდება განსხვავებული ტარიფით. ი. შარაბიძის განმარტებით, სწორედ ამ პირობაზე შეთანხმდნენ შპს „მაგთიკომი“ და შპს „კვირის პალიტრა“. მან ასევე აღნიშნა, რომ მომხმარებლის მიერ ამ პირობის არჩევის შემდგომ, შპს „მაგთიკომს“ არც აბონენტზე დაკისრებული ვალდებულების მოცულობა გაუზრდია და არც სხვა ახალი პირობა დაუწესებია. ი. შარაბიძის განმარტებით, აბონენტმა აირჩია პაკეტი „ულიმიტო“. მისი განცხადებით, შპს „მაგთიკომის“ მიერ  საზოგადოებრივი დამცველისთვის წარდგენილ მასალებს თან ერთვის განცხადება, რომლითაც 2012 წლის 6 იანვარს შპს „კვირის პალიტრამ“  მიმართა შპს „მაგთიკომს“ და აირჩია პაკეტი „ულიმიტო“. კერძოდ, განცხადებაში წერია, რომ შპს „კვირის პალიტრას“ ადმინისტრაცია თანახმაა სააბონენტო ნომერი ჩასმულ იქნას პირველ ჯგუფში. დ. ძიძიგურმა დამატებით განმარტა, რომ ამ განცხადებით, სააბონენტო ნომერი განთავსდა „შემდგომი გადახდის“ სისტემაში, რომლის დროსაც აბონენტს არ ეთიშება მომსახურება და ის მომსახურების საფასურს იხდის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვის მიზნით 2015 წლის 8 ოქტომბერს გამართული ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა კომისიის 4 წევრი, კერძოდ: ე. ასანიძე, კ. ბექაური, გ. ფრუიძე და მ. ქათამაძე, რომელიც 2015 წლის 8 ოქტომბერს, კომისიის თავმჯდომარის, ვახტანგ აბაშიძის მივლინებაში ყოფნის გამო, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-19 პუნქტის საფუძველზე ასრულებდა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, როგორც კომისიის უხუცესი წევრი. კომისიის 2015 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საკითხის ზეპირი მოსმენა დასრულდა და გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა 2015 წლის 22 ოქტომბრის 15:00 საათი, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის სხდომაზე.

კომისიის 2015 წლის 22 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს „კვირის პალიტრას“ წარმომადგენელი შოთა ღვედაძე, შპს „მაგთიკომის“ იურისტები დავით ძიძიგური და ირაკლი შარაბიძე და კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 22 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდა კომისია სრული შემადგენლობით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზეპირი მოსმენის სხდომას არ დასწრებია კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე, იგი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მოკლებულია შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით გამართულ კენჭისყრაში, შესაბამისად, განსახილველ დავასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღების მიზნით გამართული კენჭისყრის დროს კომისიის წევრების ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ვერ იმოქმედებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა, აღნიშნულს კი შესაძლებელი იყო გამოეწვია ის, რომ ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კომისიის მიერ ვერ იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება განსახილველ დავასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განსახილველ დავასთან დაკავშირებით კომისიის მიერ გადაწყვეტილების დაუბრკოლებლად მიღების მიზნით, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მიმდინარე ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენის განმეორებით ჩატარება და ამ მიზნით ცვლილების შეტანა „შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „კვირის პალიტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს №499/23 გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება „შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „კვირის პალიტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს №499/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№633/19; 22.10.2015) და ზეპირი მოსმენის ჩატარების  თარიღად განსაზღვრა 2015 წლის 3 ნოემბერი, 15:00 საათი, რის თაობაზეც მხარეები გაფრთხილდნენ კომისიის სხდომაზე.

          კომისიის 2015 წლის 3 ნოემბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „კვირის პალიტრის“ წარმომადგენელმა შ. ღვედაძემ  განმეორებით დააზუსტა, რომ კომპანიის მოთხოვნა იყო შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კვირის პალიტრასთვის“ დარიცხული1813,86 ლარის ოდენობის  თანხის ჩამოწერა შპს „მაგთიკომის“ მიერ მისთვის გაუწეველი ინტერნეტ-მომსახურებისთვის საფასურის დარიცხვისა და მომსახურების პირობების, მათ შორის, მომსახურების ტარიფის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიუწოდებლობის გამო. შ. ღვედაძის განმარტებით, მომხმარებლის უფლება ირღვევა სწორედ იმის გამო, რომ ის არ არის ინფორმირებული შეძენილი მომსახურების ლიმიტის  ამოწურვის შესახებ.

          შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის დ. ძიძიგურის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, აბონენტს აქვს საშუალება თავად აირჩიოს რა სახის მომსახურების მიღება სურს. მან ასევე, აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დანართში არის მითითებული 4 ჯგუფი. აქედან პირველ ჯგუფში არიან VIP ნომრები, რომლებიც სარგებლობენ შემდგომი გადახდით და ეს ნომრები არ ითიშება, ხოლო მე-2 ჯგუფის შემთხვევაშიც შემდგომი გადახდის წესი მოქმედებს, თუმცა, მომხმარებელს შეუძლია ლიმიტი დააწესოს და ა.შ. დ. ძიძიგურის განცხადებით, აბონენტმა თავად ისურვა პირველ ჯგუფში ყოფნა, რომლის პირობების თანახმადაც, მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდებოდა შემდგომი გადახდის პრინციპით.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ც. უჯმაჯურიძემ აღნიშნა, რომ შპს „კვირის პალიტრას“ 2015 წლის იანვრის თვის ანგარიშის დეტალური ამონაბეჭდის თანახმად, სააბონენტო ნომერზე 577 904XXX მიმდინარე წლის 2 იანვარს ისარგებლა 806 ლარის ღირებულების ინტერნეტ-მომსახურებით, ხოლო 3 იანვარს - 90 ლარის ღირებულების ინტერნეტ-მომსახურებით. მისი განმარტებით, აბონენტს იანვრის თვეში  10 გბ არ ამოუწურავს, თუმცა, ამავე თვის ზოგიერთ თარიღში უფიქსირდება დიდი მოცულობის ტრაფიკის ჩამოტვირთვა. ც. უჯმაჯურიძის განცხადებით, ასეთი მოცულობის ტრაფიკის გადმოტვირთვას ადგილი ჰქონდა ყოველდღიურად მიმდინარე წლის თებერვლის თვეშიც.

კომისიის 2015 წლის 3 ნოემბრის სხდომაზე კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტმა კენჭისყრამდე წარმოადგინა კომისიის გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა შპს „მაგთიკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

  1. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2015 წლის 30 ივლისის №შ-10/5374-15 მომართვა თანდართული დოკუმენტაციით;
  2. შპს „კვირის პალიტრის“ 2015 წლის 6 აპრილის №9/468 საჩივარი თანდართული დოკუმენტაციით (შპს „კვირის პალიტრის“ წარმომადგენლის მინდობილობა, 2014 წლის პირველი ივლისის კორპორატიული ხელშეკრულება მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ; სააბონენტო ნომერზე 5 77 904XXX მიღებული მომსახურების ბილინგის დეტალური ამონაბეჭდი (01.02.2015 – 01.03.2015;), 2014 წლის ივლისის, სექტემბრისა და ოქტომბრის პერიოდის ინვოისები, შპს „მაგთიკომის“ მიერ გაცემული მონაცემები (ანგარიშები) შპს „კვირის პალიტრას“ სარგებლობაში არსებულ სხვადასხვა სატელეფონო ნომერზე დარიცხული საფასურის შესახებ, სააბონენტო ნომერზე 5 77 904XXX მიღებული მომსახურების ბილინგის დეტალური ამონაბეჭდი (01.01.2015 – 31.01.2015). შპს „კვირის პალიტრის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან));
  3. შპს „კვირის პალიტრის“ 2015 წლის 6 ივლისის  საჩივარი (საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრაციის №9/563; 06.07.2015);
  4.  საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 28 აპრილის №9/454 წერილი შპს „მაგთიკომს“;
  5.  შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 4 მაისის №9/497 საპასუხო წერილი საზოგადოებრივ დამცველს თანდართული შპს „კვირის პალიტრის“ დირექტორის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტით სააბონენტო ნომრის 577 904XXX ორგანიზაციის სახელზე გადაფორმების თაობაზე;
  6.  საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 11 მაისის №9/476 წერილი შპს „მაგთიკომს“;
  7.  შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 15 მაისის №9/507 წერილი საზოგადოებრივ დამცველს;
  8. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 21 მაისის №9/494 მომართვა;
  9. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 3 ივნისის №შ-10/3518-15 სამსახურებრივი ბარათი;
  10. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის 2015 წლის 9 ივნისის №შ-10/3772-15 სამსახურებრივი ბარათი;
  11. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 19 ივნისის №9/538 წერილი „კვირის პალიტრის“ წარმომადგენელს შ. ღვედაძეს;
  12. შპს ,,მაგთიკომის“ 2015 წლის 9 სექტემბრის Nშ-6/6586-15 წერილი თანდართული 1 CD დისკით;
  13. შპს „მაგთიკომმა“ 2015 წლის 7 ოქტომბრის Nშ-6/7542-15 წერილი თანდართული 1 CD დისკით;
  14. შპს  „მაგთიკომის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.magticom.ge)  2015 წლის 3 ნომებრის მდგომარეობით გამოქვეყნებული „მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობები“;
  15. შპს ,,კვირის პალიტრას“ წარმომადგენლის შ. ღვედაძის მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
  16. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლების დ. ძიძიგურისა და ი. შარაბიძის მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები;
  17. საზოგადოებრივი დამცველის თ. ტეფნაძის მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახნა-განმარტებები;
  18. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის მიერ კომისიის სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „მაგთიკომი“ არის ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 18.07.2005; ხელახალი ავტორიზაციის თარიღი: 01.02.2010, ავტორიზებული საქმიანობის სახეები: მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (მათ შორის, ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება), მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (ტექსტური შეტყობინების მომსახურება, მულტიმედიური მომსახურება), ინტერნეტ მომსახურება, მაუწყებლობის ტრანზიტი და სხვ.;
  2. 2014 წლის პირველ ივლისს შპს „კვირის პალიტრასა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის გაფორმდა კორპორატიული ხელშეკრულება მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომხმარებელმა სატელეფონო ნომერზე 577 904XXX ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის - 50 ლარის გადახდის პირობით შეიძინა ე.წ. „ულიმიტო“ მომსახურების პაკეტი, რომელიც მოიცავდა უფასო ულიმიტო სატელეფონო ზარებს საქართველოში, უფასო/ულიმიტო მოკლე ტექტურ შეტყობინებებსა და მულტიმედიურ შეტყობინებებს საქართველოში, GPRS, 3 G, 3.5 G მომსახურებას 10000 მბ ოდენობით, რაც დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, შპს „მაგთიკომის“ მიერ 2015 წლის 12 მარტს გაცემული ბილინგის დეტალური ამონაბეჭდით (01.02.2015 – 01.03.2015) და 2015 წლის 2 აპრილს გაცემული ბილინგის დეტალური ამონაბეჭდით (01.01.2015 – 31.01.2015);
  3. შპს „კვირის პალიტრასა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის გაფორმებული 2014 წლის პირველი ივლისის ხელშეკრულების N1 დანართში მითითებულია მომსახურების პაკეტის - „ულიმიტო“-ს პირობები, კერძოდ, თვეში სააბონენტო გადასახადი თითოეულ ნომერზე 50 ლარის ოდენობით, უფასო/ულიმიტო ზარები საქართველოში, უფასო/ულიმიტო მოკლე ტექტური შეტყობინებები და მულტიმედიური შეტყობინებებები საქართველოში, GPRS, 3 G, 3.5 G მომსახურება 10000 მბ ოდენობით, რომლის ამოწურვის შემთხვევაში 1 მბ-ის ღირებულება არის 0.35 ლარი;
  4. შპს „მაგთიკომის“ მიერ გაცემული 2015 წლის თებერვლის თვის პერიოდის ანგარიშის დეტალური ამონაბეჭდის მიხედვით, 2015 წლის თებერვლის თვეში შპს „კვირის პალიტრას“ სააბონენტო ნომერზე 577 904 XXX  ინტერნეტ-მომსახურებით სარგებლობის შედეგად ამოეწურა შეძენილი 10 000 მეგაბაიტი, რის შემდეგ მომხმარებელმა გააგრძელა ინტერნეტ-მომსახურებით სარგებლობა, რისთვისაც დაერიცხა 1813.86 ლარის ოდენობის დავალიანება;
  5.  შპს „კვირის პალიტრას“ სააბონენტო ნომერზე 577 904 XXX  შეძენილი 10000 მეგაბაიტის ამოწურვის შემდეგ, შეეცვალა ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ტარიფი და აღნიშნული მომსახურების მიწოდება გაუგრძელდა 1 მბ - 0.35 ლარის ღირებულების პირობით;
  6. შპს „მაგთიკომს“ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია კომისიაში შპს „კვირის პალიტრასთვის“ 10000 მბ-ის მოსალოდნელი ამოწურვის თაობაზე გამაფრთხილებელი შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, შპს „კვირის პალიტრასთვის“ უცნობი იყო მისთვის ინტერნეტ-მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების დაწყების ზუსტი დრო;
  7. შპს „კვირის პალიტრასა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის გაფორმებული 2014 წლის პირველი ივლისის ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, აბონენტი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს კორპორატიულ ნომრებზე ლიმიტები, რომლის ამოწურვის შემთხვევაში იზღუდება მომსახურების მიწოდება, გარდა კორპორატიულ ნომრებს შორის კავშირისა და მომსახურებისა, რომელიც წინასწარ არის შეძენილი. ამავე ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, აბონენტი ადასტურებს, რომ სააბონენტო ნომრით მოსარგებლე ფიზიკური პირები გაცნობილნი არიან წინამდებარე ხელშეკრულებას, „სტანდარტულ პირობებსა“ და „მომსახურების ხელშეკრულებას“ და ეთანხმებიან მათ პირობებს. 2015 წლის 3 ნოემბრის მდგოამრეობით შპს „მაგთიკომის“ ვებ-გვერდზე (www.magticom.ge) გამოქვეყნებული მომსახურების გაწევის სტანდარტული პირობების 9.10.3 (შემდგომი გადახდის სისტემა) საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მიწოდებული მომსახურების საფასურის ოდენობა გამოიანგარიშება ოპერატორის საბილინგო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით და ასახულია სააბონენტო ანგარიშზე. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია უარყოფითი ბალანსის ფარგლებში დაწესდეს კრედიტის ზღვარი (ლიმიტი), რომლის მიღწევის შემთხვევაში ოპერატორს უფლება აქვს შეზღუდოს მომსახურება ან/და მოსთხოვოს აბონენტს ფაქტობრივად მიწოდებული მომსახურების საფასურის გადახდა, რომელიც აბონენტმა, უნდა გადაიხადოს გარიგებით გათვალისწინებულ ვადებში;
  8. შპს „კვირის პალიტრასა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის გაფორმებული 2014 წლის პირველი ივლისის ხელშეკრულების  2.4 პუნქტის თანახმად, აბონენტი ვალდებულია მოახდინოს ანგარიშსწორება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესების დაცვით. აბონენტი ვალდებულია ,,მომსახურების ხელშეკრულების“ და ამ ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურების საფასური (სააბონენტო, დამატებითი მომსახურება, 112--ის საფასური, სხვა სახის მომსახურება) გადაუხადოს ოპერატორს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე, ამ ხელშეკრუელბის დანართით (ებით) გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად. შპს „კვირის პალიტრასა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის გაფორმებული 2014 წლის პირველი ივლისის ხელშეკრულების N1 დანართში განსაზღვრულია ანგარიშსწორების წესები 4 ჯგუფის მიხედვით. მომხმარებლის მიერ I ჯგუფის არჩევის შემთხვევაში, მომსახურებაზე ანგარიშსწორება  ხორციელდება აბონენტის მიერ შემდგომი გადახდის პირობით, ხოლო II ჯგუფის არჩევის შემთხვევაში, ანგარიშსწორება მომსახურებაზე ხორციელდება მხარეთა მიერ შეთანხმებული განსაზღვრული თანხის (ლიმიტის) ფარგლებში შესმყიდველის მიერ შემდგომი გადახდის პირობით. მხარეთა მიერ შეთანხმებულ თანხაზე მეტი მომსახურების მიღებისათვის ანფარიშსწორება ხორციელდება წინასწარი გადახდის პირობით. მომხმარებლის მიერ III ჯგუფის არჩევის შემთხხვევაში ანგარიშსწორება სააბონენტო თანხაზე და თითოეულ კორპორაციულ ნომერზე ხორციელდება აბონენტის მიერ შემდგომი გადახდის პირობით. სხვა მომსახურების მისაღებად ანგარიშსწორება ხორციელდება წინასწარი გადახდის პირობით, მომხმარებლის მიერ IV ჯგუფის არჩევის შემთხვევაში, ანგარიშსწორება მომსახურებაზე განხორციელდება წინასწარი გადახდის პირობით. სააბონენტო ტარიფით გათვალისწინებული თანხა ნომერს ჩამოეჭრება ეტაპობრივად, კალენდარულ თვეში არსებული დღეების პროპორციულად;
  9. შპს „კვირის პალიტრასა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის „ულიმიტო“ პაკეტით მომსახურებისთვის ანგარიშწორება ხორციელდებოდა შემდგომი გადახდის წესით, მომხმარებლის მიერ არჩეული სააბონენტო ნომრების პირველი ჯგუფისთვის განსაზღვრული ანგარიშსწორების წესის შესაბამისად, რაც დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, შპს „კვირის პალიტრასა“ და შპს „მაგთიკომს“ შორის გაფორმებული 2014 წლის პირველი ივლისის ხელშეკრულებითა, შპს „მაგთიკომის“ მიერ გაცემული 2014 წლის დეკემბრის, 2015 წლის იანვრისა და თებერვლის მოანცემებით (ანგარიშები) შპს „კვირის პალიტრას“ მფლობელობაში არსებულ სხვადასხვა სააბონენტო ნომერზე დარიცხული მომსახურების საფასურის შესახებ და ასევე,   2014 წლის ივლისის, სექტემბრისა და ოქტომბრის პერიოდის ინვოისებით;
  10. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „მაგთიკომს“ არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა  „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევის გამო.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

  1.  „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა. კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების დროს მხარეთა მიერ წარმოდგენილია შპს ,,მაგთიკომის“ მიერ გაცემული შპს ,,კვირის პალისტრასთვის“ სააბონენტო ნომერზე - 577 904XXX გაწეული ინტერნეტ-მომსახურების ანგარიშის დეტალური ამონაბეჭდი, რომლის თანახმად, შპს ,,კვირის პალიტრამ“ 2015 წლის თებერვლის თვეში ისარგებლა 1813,86 ლარის ღირებულების ინტერნეტ-მომსახურებით. კომისია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში აბონენტისთვის დარიცხული დავალიანების სისწორის გადამოწმების ალტერნატიული საშუალებები, გარდა წარმოდგენილი ბილინგისა, კომისიას არ გააჩნია. კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კვირის პალიტრასა“ და შპს ,,მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტებების საფუძველზე არ დასტურდება, რომ შპს „კვირის პალიტრას“ არ მიუღია  1813,86 ლარის ღირებულების ინტერნეტ-მომსახურება და შესაბამისად, მას არამართლზომიერად  დაერიცხა აღნიშნული მომსახურების ღირებულება გაუწეველ და მიუღებელ მომსახურებაზე. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „კვირის პალიტრას“ მოთხოვნა სადავო თანხის ჩამოწერის თაობაზე ინტერნეტ-მომსახურების მიუღებლობის საფუძვლით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
  2. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილებების თაობაზე ატყობინებს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,მაგთიკომს“ არ გაუგზავნია შპს ,,კვირის პალიტრასთვის“ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ინდივიდუალური შეტყობინება, რის გამოც შპს „კვირის პალისტრასთვის“ უცნობი იყო მისთვის ინტერნეტ-მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების დაწყების ზუსტი დრო (იხილეთ ფაქტობრივი გარემოებების მე-6 პუნქტი). კომისია აღნიშნავს, რომ მომსახურების ტარიფი არის მომსახურების ერთ-ერთი არსებითი პირობა და ტარიფის მოსალოდნელი ცვლილების თაობაზე მომხმარებელი ინფორმირებულად  ვერ ჩაითვლება, თუკი მას არ ეცოდინება ტარიფის ცვლილების ზუსტი დრო. სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, მომხმარებლისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ „ულიმიტო“ პაკეტის შერჩევის შემთხვევაში, მას 10 გბ-ის ამოწურვისას მომსახურება არ შეეზღუდებოდა და ინტერნეტ მომსახურება მიეწოდებოდა განსხვავებული ტარიფით, კერძოდ, 0.35 ლარის ღირებულებით, შეუზღუდავად, ხოლო დარიცხული დავალიანების დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში შპს „მაგთიკომი“ უფლებამოსილი იქნებოდა შეეზღუდა მომსახურების მიწოდება აბონენტისთვის. შესაბამისად, მომხმარებელი წინასწარ ინფორმირებული იყო ინტერნეტ მომსახურების ტარიფის მოსალოდნელი ცვლილების თაობაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული გარემოების დადგომის შემთხვევაში, მაგრამ, მისთვის უცნობი იყო თუ როდის დადგებოდა აღნიშნული გარემოება (კერძოდ, 10 გბ-ის ამოწურვა), რომელიც შედეგად განაპირობებდა მისთვის ინტერნეტ-მომსახურების განსხვავებული ტარიფით - 1 მბ 0.35 ლარის ღირებულებით მიწოდებას. აქედან გამომდინარე, მომხმარებლისთვის უცნობი იყო დროის ის მომენტი, რომლიდანაც მას ინტერნეტ-მომსახურება შეცვლილი, განსხვავებული პირობით მიეწოდებოდა. კომისია აღნიშნავს, რომ ინტენეტ-მომსახურების მიწოდების პირობის (ტარიფის) ცვლილებამ გაზარდა შპს „კვირის პალიტრაზე“ დაკისრებული ვალდებულების მოცულობა ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ტარიფის ფარგლებში. ამასთან, მომხმარებლისთვის 0.35 ლარის ოდენობით ტარიფის დარიცხვის დაწყების თაობაზე ინფორმაციის დროულად მიღებას შეეძლო არსებითი გავლენა  მოეხდინა შპს „კვირის პალიტრას“ გადაწყვეტილებაზე ამ ტარიფით მომსახურების მიღების გაგრძელებაზე. შესაბამისად, შპს „მაგთიკომი“ ვალდებული იყო შპს „კვირის პალიტრა“ ინდივიდუალური შეტყობინებით გაეფრთხილებინა 10 გბ-ის ამოწურვის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომმა“ დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი. აქვე კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კვირის პალისტრასთვის“ ინდივიდუალური გამაფრთხილებელი შეტყობინების გაგზავნის ვალდებულების შეუსრულებლობა ვერ გახდება შპს „კვირის პალიტრასთვის“ დარიცხული სადავო დავალიანების ჩამოწერის საფუძველი, ვინაიდან, ანგარიშის დეტალური ამონაბეჭდის მიხედვით, შპს „კვირის პალიტრამ“ მიიღო 1813,86 ლარის ღირებულების ინტერნეტ-მომსახურება და მხარეთა შორის 2014 წლის პირველ ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ასახული პირობები ანგარიშსწორების წესებისა და 10 000 მბ-ის ამოწურვის შემთხვევაში ინტერნეტ-მომსახურების 1 მბ-ის 0.35 ლარის ღირებულების პირობით მიწოდების თაობაზე, შპს „კვირის პალიტრას“ აძლევდა ვარაუდის შესაძლებლობას მომსახურების პირობის მოსალოდნელი ცვლილების თაობაზე.
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კვირის პალიტრას“ შორის 2014 წლის პირველ ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ასახული მომსახურების მიწოდების პირობებიდან გამომდინარე, შპს „კვირის პალიტრასთვის“ ცნობილი იყო „ულიმიტო“ პაკეტის ფარგლებში 10 000 მბ-ის ამოწურვის შემთხვევაში ინტერნეტ-მომსახურების 1 მბ-ის 0.35 ლარის ღირებულების პირობით მიწოდების თაობაზე. ამასთან, მომხმარებელს თავიდანვე ჰქონდა შესაძლებლობა აერჩია მისთვის სასურველი ანგარიშსწორების პირობა, კერძოდ, ანგარიშსწორება შემდგომი გადახდის პირობით მხარეთა მიერ შეთანხმებული განსაზღვრული თანხის (ლიმიტის) ფარგლებში. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ  „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შინაარსი მომსახურების პირობის ცვლილების ნაწილში არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი და ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიას არ განუხილავს და არ მიუღია გადაწყვეტილება იდენტურ შემთხვევაში ავტორიზებული პირის მიერ აღნიშნული ვალდებულების დარღვევის საკითხზე, რასაც თავის მხრივ, შეეძლო გამოეწვია შპს „მაგთიკომის“ მიერ აღნიშნული ნორმის განსხვავებულად ინტერპრეტაცია. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომს“ არ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, კერძოდ, მას არ უნდა მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევისთვის.

4.  „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე რეგლამენტი ადგენს მომხმარებლისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების, მათ შორის, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით,  საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო, მობილური სატელეფონო და ინტერნეტით  მომსახურების მიწოდების  წესებსა და პირობებს, განსაზღვრავს მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლებებსა და ვალდებულებებს და მისი მიზანია უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება და მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე რეგლამენტი სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის.

კომისიას აღნიშნავს, რომ  „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დანაწესი, რომლის თანახმადაც, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე, უზრუნველყოფს მომხმარებლის არჩევანის უფლების რეალიზაციას, მათ შორის, უფლებას მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ მომსახურებით სარგებლობის გაგრძელებისა თუ შეწყვეტის შესახებ, ასევე, უფლებას გააკონტროლოს თავისი ხარჯები და თავიდან აიცილოს არასასურველი ხარჯები. კომისიას მიაჩნია, რომ დარღვევის აღმოფხვრისა და ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, შპს „მაგთიკომს“ წინამდებარე გადაწყვეტილებით უნდა დაევალოს 2016 წლის პირველი იანვრისთვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ, მიუხედავად მომხმარებლისთვის შეთავაზებული შემდგომი თუ წინასწარი გადახდის პირობისა.

შპს „მაგთიკომის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევის საკითხის თაობაზე კომისიის წევრმა კ. ბექაურმა აღნიშნა, რომ მომსახურების პირობებით თავიდანვე განსაზღვრული იყო, რომ 10 000 მბ-ის ამოწურვის შემდეგ მომხმარებელს მომსახურების მიწოდება არ შეუწყდებოდა და 10 000 მბ-იანი ახალი პაკეტის არ შეძენის შემთხვევაში მომსახურების მიწოდება გაუგრძელდებოდა განსხვავებული ტარიფით. მისი განმარტებით, სწორედ ეს არის მომსახურების პირობა, რომელიც არ შეცვლილა და შპს „მაგთიკომი“ არ იყო ვალდებული წინასწარ გაეგზავნა შეტყობინება აბონენტისთვის აღნიშნული რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. შესაბამისად, სახეზე არ არის „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევის ფაქტი.

კომისიის წევრმა გ. ფრუიძემ აღნიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დანაწესის ინტერპრეტაცია იქნებოდა პრეცედენტული სხვა ოპერატორებისთვისაც. მისი აზრით, მომსახურების პირობების შეცვლა აღნიშნულ დანაწესში ეხება მხოლოდ ხელშეკრულებაში გაწერილ მომსახურების პირობებს და მოცემულ შემთხვევაში შპს „კვირის პალიტრას“ მიმართ სახელშეკრულებო პირობის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია. კომისიის წევრ გ. ფრუიძის განმარტებით, წინადმებარე რეგლამენტი არ ავალდებულებს შპს „მაგთიკომს“ ინდივიდუალური შეტყობინებით გააფრთხილოს აბონენტი მომსახურების პაკეტის მოსალოდნელი ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების თაობაზე. აქედან გამომდინარე, კომისიის წევრ გ. ფრუიძეს მიაჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია შპს „მაგთიკომის“ მიერ აღნიშნული რეგკლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევას, რის გამოც შპს „მაგთიკომს“ არ უნდა დაეკისროს ქმედების სახით აბონენტებისთვის მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და განსხვავებული ტარიფის ამოქმედების თაობაზე ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნის სისტემის დანერგვა.

კომისიის წევრებმა ე. ასანიძემ და მ .ქათამაძემ აღნიშნეს, რომ შპს „მაგთიკომი“ ვალდებული იყო მომხმარებლისთვის გაეგზავნა ინდივიდუალური შეტყობინება მომსახურების პაკეტის ამოწურვისა და 35 თეთრიანი ტარიფის ამოქმედების შესახებ, ვინაიდან მომსახურების მნიშვნელოვანი პირობა - ტარიფი იცვლებოდა, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე. აქედან გამომდინარე, კომისიის წევრების ე. ასანიძისა და მ. ქათამაძის აზრით, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა, რის გამოც შპს „მაგთიკომს“ უნდა დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

კომისიის წევრმა ე. ასანიძემ აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომი“ ვალდებული იყო, მომხმარებლისთვის მიეწოდებინა შეტყობინება პაკეტის ამოწურვისა და 35 თეთრიანი ტარიფის ამოქმედების შესახებ, ვინაიდან მომსახურების, კერძოდ მობილური ინტერნეტ მომსახურების მიწოდებისას შეიცვალა მომსახურების მნიშვნელოვანი  პირობა - ტარიფი, იმ ოდენობით, რაც მოახდენდა გავლენას მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ იმის გამო გახდა სადაო ეს საკითხი, რომ მომხმარებელს ზემოაღნიშნული შეტყობინება არ მიუღია. ე. ასანიძის განმარტებით, „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ითვალისწინებს  მომსახურების პირობის ცვლილებას და მსგავსი შემთხვევებისთვის არის გათვალისწინებული. რაც შეეხება კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ან/და  ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ცვლილებას, კომისიის წევრმა ე. ასანიძემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევებისთვის იგივე მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს 10 სამუშაო დღით ადრე შეტყობინების ვალდებულებას და თუ ხელშეკრულებაში სხვა პირობა იქნება გათვალისწინებული, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობებით უნდა განხორციელდეს ცვლილება. კომისიის წევრმა ე. ასანიძემ ასევე აღნიშნა, რომ  შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ კომპანიას შესაძლოა არ ჰქონდეს მოტივაცია იმისათვის, რომ მომხმარებელი მომსახურების პაკეტის ამოწურვის შესახებ გააფრთხილოს. ე. ასანიძის განცხადებით, შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი 2015 წლის აპრილის, მაისის, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეების მონაცემების მიხედვით, 2015 წლის 5 თვის განმავლობაში  იმ დარიცხვების ოდენობა აბონენტებზე, რომლებსაც პაკეტის ამოწურვის შემდეგ მიღებულ ინტერნეტ მომსახურებაზე დაერიცხათ ინტერნეტ მომსახურების პაკეტისაგან განსხვავებული საფასური, შეადგენს 48 ათასზე მეტს. ამ მონაცემებში არ შედის ის შემთხვევები, როდესაც დარიცხვამ 1 ლარამდე თანხა შეადგინა. კომისიის წევრმა ე. ასანიძემ აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხესდვით, 5 თვის განმავლობაში დაფიქსირებულია სულ -438,849 ლარის დარიცხვა აბონენტებისათვის და ამ მონაცემებიდან გამომდინარე, საშუალოდ ერთი წლის განმავლობაში პაკეტის ამოწურვის შემდგომ  დარიცხული თანხა შეადგენს  1 053 237 ლარს (438,849 / 5 * 12 = 1 053 237 ). ე. ასანიძის განცხადებით, აბონენტზე დარიცხული ყველაზე დიდი თანხები  შეადგენს 7213 ლარს, 5062 ლარს, 5033 ლარს, 4546 ლარს. კომისიის წევრმა ე. ასანიძემ აღნიშნა, რომ ის გარემოება, რომ შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტების თანახმად, აბონენტმა, რომელმაც მაგალითად გადაიხადა 7 ათასი ლარი, ამ თანხის გადახდის შემდგომ პაკეტების შესყიდვა დაიწყო, ადასტურებს, რომ აბონენტისთვის უმნიშვნელო არ იყო მასზე დარიცხული თანხის ოდენობა, აბონენტი შეცდომაში შევიდა მომსახურების საფასურთან დაკავშირებით და როდესაც შეიტყო ამის შესახებ, პაკეტი შეიძინა და არ გააგრძელა სტანდარტული ტარიფით მომსახურების შესყიდვა. ე. ასანიძის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ ასეთი აბონენტები, როგორც წესი, არიან კორპორატიული აბონენტები, მათი სატელეფონო ნომერი მნიშვნელოვანია მათი საქმიანობისათვის და შესაბამისად იძულებული არიან ნომრის შენარჩუნების გამო  დარიცხული  თანხები გადაიხადონ.

კომისიის თავმჯდომარემ ვ. აბაშიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრით სახეზეა ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევა, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული დანაწესი კომისიის წევრთა მიერაც სხვადასხვანაირად განიმარტება, შესაბამისად, მაღალი ალბათობით, ოპერატორმა ნორმა განმარტა იმგვარად, რომ ის მხოლოდ ხელშეკრულებებში ცვლილებებს ეხებოდა. ამ ნორმის მიმღებმა ორგანომ - კომისიამ მხოლოდ ახლა, ამ გადაწყვეტილების მიღებისას განმარტა ნორმის შინაარსი იმგვარად, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ინდივიდუალური შეტყობინებით გააფრთხილოს მომხმარებელი შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების თაობაზე, მიუხედავად მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებული შემდგომი გადახდის თუ წინასწარი გადახდის პირობისა. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ ნორმის სიტყვა-სიტყვითი და ტელეოლოგიური განმარტებების არაერთგვაროვნების გათვალისიწნებით, შპს „მაგთიკომს“ ერთი მხრივ, უნდა დაუდასტურდეს დარღვევის ფაქტი და დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, წინამდებარე გადაწყვეტილებით უნდა დაევალოს 2016 წლის პირველი იანვრისთვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ, მიუხედავად მომხმარებლისთვის შეთავაზებული შემდგომი თუ წინასწარი გადახდის პირობისა, თუმცა, იგი უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან არ იკვეთება დარღვევის ჩადენის განზრახვა. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, VII და VIII თავების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-2 მუხლის, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-6 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად  (გადაწყვეტილების პირველი პუნქტი მიღებულ იქნა ერთხმად; გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი მიღებულ იქნა ხმათა უმრავლესობით (მომხრე კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე და კომისიის წევრები: ე. ასანიძე და მ. ქათამაძე, წინააღმდეგი კომისიის წევრები: კ. ბექაური და გ. ფრუიძე); გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი მიღებულ იქნა ხმათა უმრავლესობით (მომხრე კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე, კომისიის წევრები: კ. ბექაური და გ. ფრუიძე, წინააღმდეგი კომისიის წევრები: ე. ასანიძე და მ. ქათამაძე); გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი მიღებულ იქნა ხმათა უმრავლესობით (მომხრე კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე და კომისიის წევრები: ე. ასანიძე, კ. ბექაური და მ. ქათამაძე; წინააღმდეგი კომისიის წევრი გ. ფრუიძე):

გადაწყვიტა:

  1. არ დაკმაყოფილდეს შპს „კვირის პალიტრას“ საჩივარი შპს „მაგთიკომის“ მიერ მისთვის დარიცხული სადავო დავალიანების - 1813,86 ლარის ჩამოწერის თაობაზე, შპს „კვირის პალიტრასთვის“ გაუწეველ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;
  2. შპს „მაგთიკომი“ ცნობილ იქნას „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის დამრღვევად;
  3. შპს „მაგთიკომს“ არ დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, კერძოდ, არ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევისთვის;
  4. შპს „მაგთიკომს“ დაევალოს 2016 წლის პირველი იანვრისთვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ, მიუხედავად მომხმარებლისთვის შეთავაზებული შემდგომი თუ წინასწარი გადახდის პირობისა;
  5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების შპს „კვირის პალიტრასთვის“, შპს „მაგთიკომისთვის“ და საზოგადოებრივი დამცველისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;
  7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
  9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძეს);
  10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4, მე-5, მე-8 და მე-9 პუნქტებისა) დაევალოს კომისის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ, ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                   ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                   კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                                   გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                   მერაბ ქათამაძე