შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ შპს „კვირის პალიტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

სექტემბერი 09, 2015 17:12

მიღების თარიღი აგვისტო 20, 2015


ნომერი: 499 / 23

 

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2015 წლის 30 ივლისს კომისიას რეაგირებისთვის მომართა კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი“) თამთა ტეფნაძემ (2015 წლის 30 ივლისის №შ-10/5374-15 მომართვა). აღნიშნული მომართვიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს 2015 წლის 6 აპრილს საჩივრით მიმართა შპს „კვირის პალიტრის“ წარმომადგენელმა შოთა ღვედაძემ (მოქმედი შპს „კვირის პალიტრის“ დირექტორის დავით გიგუაშვილის მიერ 2015 წლის 3 აპრილს გაცემული №370 მინდობილობის საფუძველზე. მინდობილობის მოქმედების ვადა: 3 წელი). საჩივრის ავტორის განმარტებით, მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ 2014 წლის პირველი ივლისის კორპორატიული ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „მაგთიკომი“ კორპორატიულ სატელეფონო მომსახურებას უწევდა შპს „კვირის პალიტრის“ დირექტორ დავით გიგუაშვილს, რომლის  სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომერზე 577 904XXX ყოველთვიურად ჩართული იყო 50 ლარიანი ყოველთვიური ულიმიტო პაკეტი, რომელიც მოიცავდა GPRS, 3 G, 3.5 G მომსახურებას 10000 მბ ოდენობით. შ. ღვედაძის განცხადებით, ზემოაღნიშნულ ნომერზე 2015 წლის თებერვლის თვეში 18 დღის ვადაში ამოიწურა შეძენილი 10 000 მბ. ინტერნეტის ლიმიტი და შემდგომ 10 დღის განმავლობაში აბონენტს ამ ნომერზე დაერიცხა 1813,86 ლარის ოდენობის დავალიანება, ლიმიტის ამოწურვის თაობაზე მისი გაფრთხილების გარეშე. განმცხადებლის აზრით, შპს „მაგთიკომი“ ვალდებული იყო 10 000 მბ ინტერნეტ პაკეტის ამოწურვისთანავე შეეზღუდა ინტერნეტ-მომსახურება და უსასრულოდ არ გაეგრძელებინა მომსახურების გადასახადის აბონენტისთვის დარიცხვა, ხოლო თუ შპს „მაგთიკომი“ არ შეუზღუდავდა აბონენტს მომსახურებას, ის ვალდებული იყო მისთვის მომსახურების გადასახადი დაერიცხა 50 ლარიანი ულიმიტო პაკეტით გათვალისწინებული ლიმიტის ღირებულების ფარგლებში. საჩივრის ავტორის განცხადებით, სატელეფონო ნომერზე 577 904XXX 1813,86 ლარის ღირებულების მომსახურება არ გაწეულა და აბონენტს არ მიუღია, რის გამოც ის ითხოვს არასწორად დარიცხული თანხის ჩამოწერას.

                საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 30 ივლისის მომართვაში აღნიშნულია, რომ შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 4 მაისის №9/497 წერილის თანახმად, შპს „კვირის პალიტრის“ მოთხოვნით, სააბონენტო ნომერს - 577 904XXX მინიჭებული ჰქონდა ულიმიტო ნომრის სტატუსი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნომერს არ გააჩნია არანაირი ლიმიტი და მომსახურების საფასურს იხდიდა შემდგომი გადახდის პრინციპით, ხელშეკრულების გათვალისწინებულ ვადაში. ამავე წერილის თანახმად, აღნიშნულ ნომერზე მიმდინარე წლის თებერვლის თვეში განხორციელდა 60 ლარის ღირებულების პაკეტის შეძენა (ულიმიტო ზარები (საქართველოში), ულიმიტო SMS/MMS, 10 გბ ინტერნეტი). შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 4 მაისის №9/497 წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წლის 18 თებერვლისათვის ნომერზე მიღებული ინტერნეტ მომსახურების მოცულობამ გადააჭარბა 10 გბ-ს და ამოქმედდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფი 1 მეგაბაიტი - 35 თეთრი, რის შედეგადაც ნომრის მიერ მიღებული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1813,86 ლარი. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა მოკვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მომსახურების მიღებისას ტექნიკურ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია, ხოლო მიღებული მომსახურების მოცულობა დადასტურებადია ნომრის დეტალური ამონაწერით და 1813,86 ლარის დარიცხვას არანაირი კავშირი არ აქვს კორპორატიული ხელშეკრულების შეწყვეტასთან. შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 4 მაისის №9/497 წერილის თანახმად, შპს „კვირის პალიტრის“ სარგებლობაში არსებული ნომერი იყო ულიმიტო და ულიმიტო ნომერზე მომსახურება იზღუდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დავალიანება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნება გადახდილი.

                საზოგადოებრივი დამცველის მომართვიდან ირკვევა, რომ საზოგადოებრივმა დამცველმა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტებისგან მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის გაცემა:

  1. განხორციელდა თუ არა 2015 წლის თებერვლის თვეში ზემოაღნიშნულ ნომერზე ინტერნეტ მომსახურების მიწოდება;
  2. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რამდენად შესაძლებელია დადგინდეს სადავო დავალიანების წარმოშობის პერიოდში მომხმარებლის მიერ მოხმარებული ინტერნეტ მომსახურების მოცულობამ, გადააჭარბა თუ არა 10 გბ-ს;
  3. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად დასტურდება თუ არა სადავო პერიოდში მომხმარებლის მიერ მოცულობითი ფაილების ჩამოტვირთვის ფაქტი;
  4. აბონენტმა  რა ოდენობის მეგაბაიტები  მოიხმარა ინტერნეტ მომსახურების მიღებისას.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვაში ასევე, აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული და ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი საპასუხო სამსახურებრივი ბარათებიდან დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ აღნიშნულ ნომერზე მოცემულ პერიოდში ნამდვილად განხორციელდა GPRS მომსახურებით სარგებლობა, ხოლო სხვა დასმულ შეკითხვებზე პასუხი არ გაცემულა.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვაზე თანდართული დოკუმენტაციიდან ასევე ირკვევა, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს რეაგირებისთვის გადაეცა კომისიაში  შემოსული შპს „კვირის პალიტრის“ საჩივარი (02.07.2015; №შ-6/4480-15), რომელშიც მომხმარებელი კვლავ სადავოდ ხდიდა მისთვის შპს „მაგთიკომის“ მიერ 1813,86 ლარის დარიცხვის ფაქტს. მომხმარებელს მიაჩნია, რომ პასუხგაუცემელი დარცა შემდეგი საკითხები:

  1. დასტურდება თუ არა სადავო პერიოდში მომხმარებლის მიერ მოცულობითი ფაილების ჩამოტვირთვის ფაქტი;
  2. აბონენტმა  რა ოდენობის მეგაბაიტები  მოიხმარა ინტერნეტ მომსახურების მიღებისას.
  3. რას შეიძლებოდა გამოეწვია ამ მოცულობის ინტერნეტ მეგაბაიტების გახარჯვა;
  4. ადგილი ხომ არ ჰქონდა რაიმე სახის ტექნიკურ ხარვეზს;
  5. რა ზომები მიიღო სატელეფონო კომპანიამ იმისთვის, რომ მომხმარებლის ინტერესები ყოფილიყო დაცული და არ მისდგომოდა მნიშვნელოვანი ზიანი;
  6. ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ ამ კონკრეტულ მომხმარებელს გასულ პერიოდში თუნდაც 50 ლარით ზედმეტი გაეხარჯოს ლიმიტის ზემოთ.

შპს „კვირის პალიტრა“ არ ეთანხმება მისთვის 1813,86 ლარის დარიცხვას 2015 წლის თებერვლის თვეში და ითხოვს აღნიშნული თანხის ჩამოწერას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დამცველი ითხოვს კომისიამ დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „კვირის პალიტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით.

საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 30 ივლისის №შ-10/5374-15 მომართვას ერთვის შემდეგი დოკუმენტაცია: 1. შპს „კვირის პალიტრის“ 2015 წლის 6 აპრილის №9/468 საჩივარი (საჩივრის ავტორი: კომპანიის წაარმომადგენელი შ. ღვედაძე) თანდართული დოკუმენტაციით (შპს „კვირის პალიტრის“ წარმომადგენლის მინდობილობა, 2014 წლის პირველი ივლისის კორპორატიული ხელშეკრულება მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ; სააბონენტო ნომერზე 5 77 904XXX მიღებული მომსახურების ბილინგის დეტალური ამონაბეჭდი (01.02.2015 – 01.03.2015;), 2014 წლის ივლისის, სექტემბრისა და ოქტომბრის პერიოდის ინვოისები, შპს „მაგთიკომის“ მიერ გაცემული მონაცემები შპს „კვირის პალიტრის“ სარგებლობაში არსებულ სხვადასხვა სატელეფონო ნომერზე დარიცხული საფასურის შესახებ მონაცემები, სააბონენტო ნომერზე 5 77 904XXX მიღებული მომსახურების ბილინგის დეტალური ამონაბეჭდი (01.01.2015 – 31.01.2015). შპს „კვირის პალიტრის“ შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურდიულ პირების რეესტრიდან); 2. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 28 აპრილის №9/454 წერილი შპს „მაგთიკომს“; 3. შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 4 მაისის №9/497 საპასუხო წერილი საზოგადოებრივ დამცველს თანდართული შპს „კვირის პალიტრის“ დირექტორის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტით სააბონენტო ნომრის 577 904XXX ორგანიზაციის სახელზე გადაფორმების თაობაზე; 4. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 11 მაისის №9/476 წერილი შპს „მაგთიკომს“; 5. შპს „მაგთიკომის“ 2015 წლის 15 მაისის №9/507 წერილი საზოგადოებრივ დამცველს; 6. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 21 მაისის №9/494 მომართვა; 7. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2015 წლის 3 ივნისის №შ-10/3518-15 სამსახურებრივი ბარათი; 8. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც. უჯმაჯურიძის 2015 წლის 9 ივნისის №შ-10/3772-15 სამსახურებრივი ბარათი; 9. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 19 ივნისის №9/538 წერილი „კვირის პალიტრის“ წარმომადგენელს შ. ღვედაძეს; 10. შპს „კვირის პალიტრის“ 2015 წლის 6 ივლისის №9/563 საჩივარი.

შპს „კვირის პალიტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით ფომალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 20 აგვისტოს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც  შეტყობინებებით (№03.1675-15; 12.08.2015; №03/1677-15; 12.08.2015)  ეცნობა შპს „კვირის პალიტრას“ და შპს „მაგთიკომს“ და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე გამოცხადდნენ შპს „კვირის პალიტრის“ წარმომადგენელი შოთა ღვედაძე და შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელი დავით ძიძიგური.

კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე შ. ღვედაძემ დაადასტურა შპს „კვირის პალიტრის“ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მან აღნიშნა, რომ კორპორატიული ხელშეკრულება შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კვირის პალიტრას“ შორის გაფორმდა 2014 წლის პირველ ივლისს. მისი განცხადებით, შპს „კვირის პალიტრის“ დირექტორი დავით გიგუაშვილი სარგებლობდა 50 ლარის ღირებულების ულიმიტო პაკეტით, რომელიც მოიცავდა 10 გეგაბაიტ ინტერნეტ მომსახურებას.  შ. ღვედაძის განცხადებით, არცერ თვეში არ ყოფილა სრულად ათვისებული ინტერნეტ მომსახურების ზემოაღნიშნული მოცულობა და მისი მარწმუნებლის ეჭვი გამოიწვია სწორედ იმ გარემოებამ, რომ მიმდინარე წლის თებერვლის თვეში 18 დღეში ამოიწურა 10 გეგაბაიტი ინტერნეტი პაკეტი, ხოლო 10 დღეში შეუსაბამოდ სწრაფი ტემპით დაერიცხა აბონენტს გადასახადი. ამასთან, შ. ღვედაძის განცხადებით, შპს „კვირის პალიტრას“ არ მიუღია არანაირი გაფრთხილება ბალანსის ამოწურვის შესახებ, ხოლო მიმდინარე წლის თებერვლის თვის ბოლოს კომპანიამ მიიღო ინვოისი 1813,86 ლარის ოდენობის გადასახადის თაობაზე. გარდა ამისა, შ. ღვედაძემ აღნიშნა, რომ შპს „კვირის პალიტრის“ დირექტორს არ უსარგებლია მობილური ინტერნეტით საზღვარგარეთ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სააბონენტო ნომერი პორტირებულია შპს „ჯეოსელის“ ქსელში და მომხმარებელი აღნიშნულ ნომერზე  სარგებლობს 5 გეგაბაიტიანი ინტერნეტით და ერთი თვის განმავლობაში ვერ ითვისებს 1 გეგაბაიტ ინტერნეტ-პაკეტს.

კომისიის 2015 წლის 20 აგვისტოს სხდომაზე შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქმეში არსებობს კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დასკვნები, რომლის თანახმად, შპს „მაგთიკომის“ დეტალური ამონაწერით დასტურდება მომხმარებლის მიერ ინტერნეტ-მომსახურების მიღების ფაქტი. დ. ძიძიგურის განმარტებით, შპს „მაგთიკომმა“ განახორციელა მოკვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის თებერვლის თვეში სააბონენტო ნომერზე - 577 904XXX მომხმარებლის მიერ მომსახურების მიღებისას ტექნიკურ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, დ. ძიძიგურის განცხადებით, აღნიშნული სააბონენტო ნომერი ულიმიტო სტატუსის მქონე ნომერი იყო და შესაბამისად, მის მიმართ მოქმედებდა შემდგომი გადახდის სისტემა, რაც გულიხმობს იმას, რომ ასეთ ნომერზე ბალანსის ამოწურვისას მომსახურების მიწოდება აბონენტს არ ეზღუდება. შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კვირის პალიტრას“ შორის არსებული დავის განხილვა კომისიის კომპეტენციაში შედის.

კომისია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი დამცველის მომართვისა და თანდართული დოკუმენტაციის, მომხმარებელ შპს „კვირის პალიტრის“ საჩივრის,  ასევე, შპს „კვირის პალიტრისა“ და შპს ,,მაგთიკომის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,მაგთიკომის“ მიმართ მომხმარებელ შპს „კვირის პალიტრის“ საჩივრის განხილვის მიზნით უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

შპს  ,,მაგთიკომი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 18.07.2005. ხელახალი რეგისტრაციის თარიღი: 01.02..2010. ავტორიზებული საქმიანობის სახეები: ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა; საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა; ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა; ინტერნეტ მომსახურება; ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება); შესაბამისად, შპს ,,მაგთიკომი“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) პუნქტის თანახმად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ძ) პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს;

შპს „კვირის პალიტრა“ 2015 წლის თებერვლის მდგომარეობით სააბონენტო ნომრით - 577 904XXX წარმოადგენდა შპს „მაგთიკომის“ მომხმარებელს, რაც დასტურდება მხარეთა შორის 2014 წლის პირველ ივლისს გაფორმებული კორპორატიული ხელშეკრულებით მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ შპს „კვირის პალიტრის“  საჩივრის განხილვის მიზნით, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენა უნდა გაიმართოს 2015 წლის 10 სექტემბერს, 16:00 საათზე. ამასთან, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მაგთიკომს“ უნდა დაევალოს ზეპირ მოსმენამდე ერთი სამუშაო დღით ადრე შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: 1. შპს „კვირის პალიტრასთვის“ სააბონენტო ნომერზე 577 904XXX 2014 წლის პირველი ივლისიდან (ხელშეკრულების გაფორმებიდან) ბოლო დღემდე პერიოდში ინტერნეტ-მომსახურების გაწევის ანგარიშის დეტალური ამონაბეჭდი; 2. მომხმარებლის მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში 10 გეგაბაიტი ინტერნეტ-პაკეტის ამოწურვისა და დამატებით 1813,86 ლარის ღირებულების ინტერნეტ-მომსახურებით სარგებლობის დამადასტურებელი (ბილინგის გარდა სხვა) მტკიცებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 3.  სააბონენტო ნომერზე 577 904XXX შპს „კვირის პალიტრისთვის“ ბალანსის ამოწურვის შესახებ გამაფრთხილებელი შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და VIII თავების, ასევე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაგთიკომის“ წინააღმდეგ მომხმარებელ შპს „კვირის პალიტრის“  საჩივრის განხილვის მიზნით;
  2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2015 წლის 10 სექტემბერს, 16.00 საათზე;
  3. დაევალოს შპს „მაგთიკომს“ 2015 წლის 10 სექტემბრამდე კომისიაში შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: 1.  შპს „კვირის პალიტრასთვის“ სააბონენტო ნომერზე 577 904XXX 2014 წლის პირველი ივლისიდან (ხელშეკრულების გაფორმებიდან) ბოლო დღემდე პერიოდში ინტერნეტ-მომსახურების გაწევის ანგარიშის დეტალური ამონაბეჭდი;  2. მომხმარებლის მიერ 2015 წლის თებერვლის თვეში 10 გბ ინტერნეტ-პაკეტის ამოწურვისა და დამატებით 1813,86 ლარის ღირებულების ინტერნეტ-მომსახურებით სარგებლობის დამადასტურებელი (ბილინგის გარდა სხვა) მტკიცებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 3.  სააბონენტო ნომერზე 577 904XXX შპს „კვირის პალიტრისთვის“ ბალანსის ამოწურვის შესახებ გამაფრთხილებელი შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება;
  4. შპს ,,მაგთიკომი“ და შპს „კვირის პალიტრა“ კომისიის სხდომაზე გაფრთხილდნენ კომისიის მომდევნო სხდომის გამართვის ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ;
  5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს: ა) აღნიშნული გადაწყვეტილების მომხმარებელ შპს „კვირის პალიტრასთვის“, საზოგადოებრივი დამცველისა და შპს ,,მაგთიკომისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე); ბ)  საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
  6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
  7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
  8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა);
  9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (მე-5 და მე-8 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                             ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                            გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                            მერაბ ქათამაძე