შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ ნოშრევან სამხარაძის განცხადების განხილვის შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და შპს „მობიტელის“ მიერ მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით გაფრთხილებასთან დაკავშირებით დანერგილი სისტემის თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ

თებერვალი 19, 2016 17:22

მიღების თარიღი იანვარი 14, 2016

ნომერი: 13 / 16


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  კომისიას რეაგირებისთვის მომართა კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი“) თამთა ტეფნაძემ (2015 წლის 23 სექტემბრის №შ-10/7164-15 მომართვა). აღნიშნული მომართვიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს 2015 წლის 5 ივნისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილის ნ. ბრეგვაძის მიერ გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის ნოშრევან სამხარაძის 2015 წლის 27 მაისის განცხადება. აღნიშნული განცხადების თანახმად, ფიზიკურ პირ ნ. სამხარაძისთვის თავისუფლების აღკვეთის შემდგომ, მისი მობილური ტელეფონი, სატელეფონო სიმ-ბარათთან (ნომრით 571 09 0X XX) ერთად  7-8 თვის განმავლობაში ინახებოდა საგამოძიებო სამსახურში და განმცხადებლის ოჯახის წევრები სატელეფონო ნომრის შენარჩუნების მიზნით, სისტემატიურად ახორციელებდნენ სატელეფონო ბალანსის შევსებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნ. სამხარაძეს სატელეფონო ნომერი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ჩამოერთვა და გასხვისდა სხვა პირზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს მისთვის უკანონიდ ჩამორთმეული და გასხვისებული ნომრის დაბრუნებას.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი დამცველის მიმართვებზე შპს „მობიტელის“ მხრიდან წარმოდგენილი საპასუხო წერილებით დასტურდება, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლის წარმოდგენა და ვერ დაასაბუთა აბონენტისთვის მომსახურების  შეზღუდვის საფუძველი. საზოგადოებრივი დამცველის მომართვის თანახმად, ამავე წერილებით დასტურდება, რომ შპს „მობიტელის“ მხრიდან არ იქნა დაცული როგორც მომსახურების შეზღუდვამდე, ასევე, მომსახურების შეწყვეტამდე მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების ვალდებულება. საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული შემდეგი ნორმები:

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე:
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 105 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, ძირითადი მობილური სატელეფონო მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო დამატებითი მომსახურების მიწოდების პირობები შეიძლება განისაზღვროს სხვა (ელექტრონული ან სხვა ტიპის ოფერტა) ფორმითაც;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გარდა, სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების შეწყვეტა დაიშვება მომხმარებლის მიერ მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 45 დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში (საზოგადოებრივი დამცველი თავის მომართვაში აღნიშნავს, რომ მომსახურების შეწყვეტამდე შპს ,,მობიტელის“ მიერ არ მომხდარა მომსახურების შეზღუდვა და შეზღუდვის საფუძვლის აღმოსაფხვრელად მომხმარებლისთვის 45 დღიანი ვადის განსაზღვრა, რაც მისი განმარტებით, წარმოადგენს რეგლამენტის ზემოაღნიშნული მუხლის დარღვევას);
  5. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელმა უნდა გამოიყენოს მომსახურების შეზღუდვის ერთ-ერთ ისეთი  ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ დარღვევის აღმოფხვრას, ხოლო მეორე მხრივ უსაფუძვლოდ არ შეზღუდავს მომხმარებლის ინტერესს ისარგებლოს მომსახურების სხვა სახეებით;

საზოგადოებრივი დამცველის მომართვაში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში შემოვიდა ნ. სამხარაძის 2015 წლის 12 აგვისტოს წერილი, რომელშიც განმცხადებელი ადასტურებს თანხმობას მისი კუთვნილი მობილური ნომრის - 571 090XXX მომსახურების შეზღუდვისა და გასხვისების საკითხი განხილულ იქნას კომისიის მიერ და ამ პროცესში მისი სახელით ჩაერთოს საზოგადოებრივი დამცველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივმა დამცველმა მოითხოვა ფიზიკურ პირ ნ. სამხარაძის განცხადების განხილვის მიზნით კომისიის მიერ ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და საზოგადოებრივი დამცველის აღნიშნულ წარმოებაში მხარედ ჩართვა.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვაზე თანდართული შპს „მობიტელის“ 2015 წლის 16 ივლისის №9/574 საპასუხო წერილის თანახმად, აბონენტ ნოშრევან სამხარაძესთან გაფორმებული მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მოძიება ვერ მოხერხდა, ხოლო აბონენტისთვის მომსახურების შეწყვეტის საფუძველი წარმოიშვა 2014 წლის 25 ნოემბერს და მომსახურებაც შეწყდა ამავე დღეს. ამავე წერილის თანახმად, აბონენტს 90 დღის განმავლობაში არანაირი ფასიანი მომსახურება არ განუხორციელებია, ხოლო მომსახურების შეწყვეტასთან დაკავშირებით აბონენტთან შემავალი მოკლე ტექსტური შეტყობინების ამონაბეჭდის პროგრამული უზრუნველყოფა შპს „მობიტელს“ არ გააჩნია.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტაცია: 1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილის ნ. ბრეგვაძის 2015 წლის 5 ივნისის №9/535 წერილი; 2. ფიზიკურ პირ ნოშრევან სამხარაძის 2015 წლის 27 მაისის განცხადება; 3. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 17 ივნისის №9/531 წერილი შპს ,,მონიტელს“; 4. შპს ,,მობიტელის“ 2015 წლის 25 ივნისის №9/557 წერილი თანდართული ნ. სამხარაძეზე მობილური ნომრის გადაფორების განცხადების ასლითა და მომსახურების შეწყვეტის თაობაზე აბონენტის ინფორმირების დამადასტურებელი რუსულ ენაზე შედგენილი დოკუმენტით; 5. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 9 ივლისის №9/560 წერილი შპს ,,მობიტელს“; 6. შპს ,,მობიტელის“ 2015 წლის 16 ივლისის №9/574 საპასუხო წერილი თანდართული დოკუმენტით, რომელიც შპს ,,მობიტელის“ განმარტებით, ადასტურებს აბონენტის მიერ 90 დღის განმავლობაში ფასიანი მომსახურების განუხორციელებლობის ფაქტს; 7. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 31 ივლისის №9/582 წერილი შპს ,,მობიტელს“; 8. შპს ,,მობიტელის“ 2015 წლის 31 ივლისის №9/590 საპასუხო წერილი; 9. საზოგადოებრივი დამცველის 2015 წლის 31 ივლისის №9/583 წერილი ფიზიკურ პირ ნ. სამხარაძეს; 10. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის  №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 12 აგვისტოს №9/604 წერილი თანდართული ნ. სამხარაძის 2015 წლის 12 აგვისტოს წერილით.

ნ. სამხარაძის განცხადების განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც  შეტყობინებებით (№03/2416-15;; 26.10.2015; №03/2417-15; 26.10.2015; №03/2418-15; 26.10.2015)  ეცნობათ განმცხადებელ ნოშრევან სამხარაძეს, შპს „მობიტელს“ და საზოგადოებრივ დამცველს და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი ი. ესართია და საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე.

კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენელმა დაადასტურა შპს ,,მობიტელის“ მიერ საზოგადოებრივი დამცველისთვის ნ. სამხარაძის განცხადებასთან დაკავშირებით გაგზავნილ საპასუხო წერილებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო საზოგადოებრივმა დამცველმა დაადასტურა მის 2015 წლის 23 სექტემბრის №შ-10/7164-15 მომართვაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მოთხოვნები.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვისა და თანდართული დოკუმენტაციის, ფიზიკურ პირ ნოშრევან სამხარაძის განცხადებისა და ასევე, შპს „მობიტელის“ წარმომადგენლისა და საზოგადოებრივი დამცველის ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს ,,მობიტელის“ მიმართ მომხმარებელ ნოშრევან სამხარაძის განცხადების განხილვის მიზნით უნდა დაწყებულიყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების  დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მომხმარებელთა განცხადებებისა და საჩივრების, ასევე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განცხადების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავა განიხილება  კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციულ წარმოების წესით, ხოლო მე–4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად.

შპს „მობიტელი“ არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 12.02.2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება (მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება, როუმინგული კავშირით მომსახურება, ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება), მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა (ტექსტური შეტყობინების მომსახურება, მულტიმედიური მომსახურება, სხვ.), ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება, ინტერნეტ მომსახურება, მონაცემთა გადაცემა და სხვ. შესაბამისად, შპს ,,მობიტელი“ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის ძ) ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს.

განმცხადებელი ნოშრევან სამხარაძე წარმოადგენდა შპს „მობიტელის“ აბონენტს, რაც დასტურდება მხარეთა წერილობითი განმარტებებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ უნდა დაიწყებულიყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ ნოშრევან სამხარაძის  განცხადების განხილვის მიზნით. ამასთან, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, შპს „მობიტელს“ უნდა დავალებოდა საზოგადოებრივი დამცველისთვის 2015 წლის 25 ივნისის №9/557 წერილით წარმოდგენილი მომსახურების შეწყვეტის თაობაზე აბონენტის ინფორმირების დამადასტურებელი რუსულ ენაზე შედგენილი დოკუმენტის  სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა არაუგვიანეს 2015 წლის 9 ნოემბრისა. კომისიამ ასევე მიიჩნია, რომ საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში უნდა ჩართულიყო მხარედ  ფიზიკურ პირ ნოშრევან სამხარაძის ინტერესების დასაცავად. შესაბამისად, კომისიის 2015 წლის 29 ოქტომბრის №650/23 გადაწყვეტილებით, დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ ნოშრევან სამხარაძის განცხადების განხილვის შესახებ და საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2015 წლის 12 ნოემბერს, 15:00 საათზე.  კომისიის ამავე გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნა განმცხადებელ ნოშრევან სამხარაძის ინტერესების დასაცავად.

კომისია აღნიშნავს, რომ 2015 წლის 3 ნოემბერს კომისიაში შემოვიდა შპს „მობიტელის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/8443-15; 03.11.2015), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „მობიტელი“ გამოთქვამს მზადყოფნას მოქალაქე ნოშრევან სამხარაძეს დაუბრუნოს სააბონენტო ნომერი 571 090 XXX.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 12 ნოებრის სხდომას ესწრებოდა შპს ,,მობიტელის“ წარმომადგენელი ი. აფრიდონიძე, რომელმაც დაადასტურა, რომ შპს „მობიტელი“ მზად იყო მორიგებით დაესრულებინა დავა. მან აღნიშნა, რომ გასხვისებული სააბონენტო ნომერი შპს „მობიტელმა“ დაიბრუნა და გადასცემდა ნ. სამხარაძეს.

კომისიამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების მიზნით აუცილებელი იყო განმცხადებელ ნ. სამხარაძეს წერილობით დაედასტურებინა თანხმობა დავის მორიგებით დასრულებაზე. ამასთან, კომისიამ კომისიის 2015 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე შპს „მობიტელს“ დაავალა წარმოედგინა კომპანიის მხრიდან ხელმოწერილი სააბონენტო ხელშეკრულება ნ. სამხარაძისთვის სააბონენტო ნომერზე 571 090 XXX მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდების შესახებ, ხოლო მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს ეთხოვა აღნიშნული ხელშეკრულების გადაგზავნა განმცხადებლისთვის, რათა ნ. სამხარაძეს კომისიაში წარმოედგინა მის მიერ ხელმოწერილი სააბონენტო ხელშეკრულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ 2015 წლის 12 ნოემბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოაცხადა შესვენება და ზეპირი მოსმენის სხდომის გაგრძელების თარიღად განსაზღვრა 2015 წლის 3 დეკემბერი, 15:00 საათი, რის თაობაზეც შპს „მობიტელი“ გაფრთხილდა კომისიის სხდომაზევე, ხოლო ნ. სამხარაძეს ეცნობა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2015 წლის 25 ნოემბრის №9/681 წერილით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მობიტელმა“ 2015 წლის 18 ნოემბრის №შ-6/8911-15 წერილით  კომისიაში წარმოადგინა კომპანიის მხრიდან ხელმოწერილი სააბონენტო ხელშეკრულება და ითხოვა განმცხადებელ ნ. სამხარაძის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ერთი ეგზემპლიარის მისთვის დაბრუნება. ამავე წერილით შპს „მობიტელმა“ კვლავ დაადასტურა სააბონენტო ნომრის განმცხადებლისთვის დაბრუნების მზადყოფნა, სააბონენტო ნომრის განმცხადებლის მინდობილი პირისთვის, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, გადაცემის პირობით.

კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „მობიტელის” წარმოამდგენელი ი. აფრიდონიძე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 3 დეკემბრის სხდომაზე საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია ფანგანმა დაადასტურა, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 2015 წლის 24 ნოემბერს შემოვიდა ნ. სამხარაძის წერილი (საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრაციის №9/669), რომელშიც განმცხადებელმა მოითხოვა შპს „მობიტელის“ მიერ მისთვის მიყენებული ზიანისთვის ფულადი კომპენსაცია და მიმდინარე საქმის ფარგლებში დავის გაგრძელება კომისიაში, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში. ნ. ფანგანმა ასევე დაადასტურა, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2015 წლის 25 ნოემბრის N9/681 წერილით განმცხადებელს გადაეგზავნა შპს „მობიტელის“ წერილი თანდართული სააბონენტო ხელშეკრულებით, ეთხოვა ხელმოწერილი სააბონენტო ხელშეკრულების დროულად მოწოდება საზოგადოებრივი დაცველის სამსახურისთვის და ამავე წერილით განემარტა, რომ  ზიანის მიყენების საფუძვლით ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის საკითხი სცდებოდა კომისიის კომპეტენციას და წარმოადგენდა სასამართლოს მიერ განსახილველ სამოქალაქო დავის საგანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ აუცილებლად მიიჩნია მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების საკითხი განეხილა მხოლოდ განმცხადებელ ნ. სამხარაძის მიერ დავის მორიგებით დასრულებაზე თანხმობის წერილობითი დადასტურებისა და მის მიერ ხელმოწერილი სააბონენტო ხელშეკრულების  წარმოდგენის შემდეგ, რის გამოც კომისიამ 2015 წლის 3 დეკემბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოაცხადა შესვენება, საკითხის ზეპირი მოსმენის 2015 წლის 17 დეკემბრის 15:00 საათზე გაგრძელების მიზნით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომას ესწრებოდა შპს „მობიტელის“ წარმომადგენელი ი. აფროდინიძე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე საზოგადოებრივმა დამცველმა თამთა ტეფნაძემ დაადასტურა, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 2015 წლის 4 დეკემბერს შემოვიდა განმცხადებელ ნ. სამხარაძის წერილი (საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრაციის №9/678; 04.12.2015), რომლითაც განმცხადებელმა წარმოადგინა მასსა და შპს „მობიტელს“ შორის გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულება, დადასტურებული მისი ხელმოწერით. საზოგადოებრივი დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 2015 წლის 8 დეკემბერს შემოვიდა განმცხადებელ ნ. სამხარაძის წერილი (საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრაციის №9/687; 08.12.2015), რომელშიც მან აღნიშნა, რომ შპს „მობიტელის“ მხრიდან მისთვის სააბონენტო ნომრის დაბრუნების შემდეგ თანახმა იყო წინამდებარე დავაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვეტილიყო.

კომისია აღნიშნავს, რომ მოდავე მხარეებს შორის გაფორმებულია სააბონენტო ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი ნ. სამხარაძე არის შპს „მობიტელის“ აბონენტი სააბონენტო ნომრით 571 090 XXX. რაც შეეხება სააბონენტო ნომრის სააბონენტო ხელშეკრულების მხარისთვის ნ. სამხარაძისთვის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემას, კომისია აღნიშნავს, რომ განცმხადებელი საკითხის განხილვის მომენტისთვის იმყოფება პატიმრობისა და დახურული  ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. კომისიის 2015 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე საზოგადოებრივმა დამცველმა აღნიშნა, რომ განმცხადებელ ნ. სამხარაძეს უნდა გაეფორმებინა მინდობილობა მშობელზე, რათა მას ჰქონოდა უფლება განცმხადებლის სახელით შპს ,,მობიტელისგან“ მიეღო სააბონენტო ნომერი (სიმ-ბარათი). თუმცა, საზოგადოებრივი დამცველის განმარტებით, სააბონენტო ნომრის გადაცემა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ შესაბამისი მინდობილობა დღეის მდგომარეობით არ არის გაფორმებული.

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისიამ გამოაცხადა შესვენება საკითხის ზეპირი მოსმენის 2016 წლის 14 იანვარს 15:00 საათზე გაგრძელების მიზნით.

კომისიის 2016 წლის 14 იანვრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „მობიტელის“ წარმომადგენელმა ი. აფრიდონიძემ წარმოადგინა განმცხადებელ ნ. სამხარაძის მიერ ე. სამხარაძეზე გაცემული 2015 წლის 23 დეკემბრის მინდობილობა (მოქმედების ვადა: 6 თვე), რომლის თანახმად, ნ. სამხარაძე ანიჭებს ე. სამხარაძეს უფლებამოსილებას იყოს მისი წარმომადგენელი „ბილაინში“ (შპს ,,მობიტელი“) ნ. სამხარაძის სახელზე დამზადებული, აღდგენილი სიმ-ბარათის (571 090 XXX) მისაღებად, ხელი მოაწეროს მისი სახელით ყველა საჭირო დოკუმენტს და შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებულია ამ დავალების შესრულებასთან.

კომისიის 2016 წლის 14 იანვრის ზეპირ მოსმენაზე საზოგადოებრივმა დამცველმა, როგორც ნ. სამხარაძის წარმომადგენელმა დაადასტურა შპს ,,მობიტელის“ მიერ ნ. სამხარაძის მინდობილი პირისთვის სიმ-ბარათის (571 090 XXX) გადაცემის ფაქტი და დავის საგნის არარსებობის საფუძვლით კომისიის წინაშე იშუამდგომლა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ განმცხადებელ ნ. სამხარაძის განცხადების განხილვის შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს. ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალებით არ დასტურდებოდა შპს „მობიტელის“ მიერ აბონენტისთვის მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის/შეწყვეტის თაობაზე წინასწარი შეტყობინების გაგზავნის ფაქტი. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს ინდივიდუალური შეტყობინებით მიაწოდოს ინფორმაცია, მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის მომხმარებელზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე, ასევე, ინფორმაცია წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესით მომსახურების შეზღუდვის ან/და მომსახურების მიმწოდებლის ინიციატივით მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.  აქედან გამომდინარე, კომისიას აუცილებლად მიაჩნია შესწავლილ იქნას ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში მომხმარებლებისთვის ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნის მიზნით ,,მობიტელის“ მიერ დანერგილი სისტემის მუშაობა. აქედან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „მობიტელს“ უნდა დაევალოს 5 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოადგინოს ზემოაღნიშნული რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში მომხმარებლის ინდივიდუალური შეტყობინებით გაფრთხილებასთან დაკავშირებით დანერგილი სისტემის დეტალური აღწერა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 63-ე მუხლისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტისა და 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

  1. შეწყდეს  შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ ფიზიკურ პირ ნოშრევან სამხარაძის განცხადების განხილვის  შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
  2. დაევალოს შპს „მობიტელს“ 5 სამუშაო დღის ვადაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში მომხმარებლის ინდივიდუალური შეტყობინებით გაფრთხილებასთან დაკავშირებით დანერგილი სისტემის დეტალური აღწერის კომისიაში წარმოდგენა;
  3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „მობიტელისთვის“, განმცხადებელ ნოშრევან სამხარაძესა და საზოგადოებრივი დამცველისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;
  4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) მხარეებისთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ე. ჭახრაკია);
  6. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                                                  ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                  გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                                                  მერაბ ქათამაძე