სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ მომხმარებელ მ. არბოლიშვილის საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე

ნოემბერი 22, 2016 17:35

მიღების თარიღი ნოემბერი 04, 2016

ნომერი: 715 / 16



I.   აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია“) აღნიშნავს, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს კომისიას რეაგირებისთვის მომართა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა (შემდგომში ,,საზოგადოებრივი დამცველი”) თ. ტეფნაძემ (2016 წლის 12 აგვისტოს №10/8347-16 მომართვა). აღნიშნული მომართვიდან ირკვევა, რომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს საჩივრით მიმართა სს „სილქნეტის“ აბონენტმა მიხეილ არბოლიშვილმა (საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრაციის №9/859; 10.08.16). საჩივარი შეეხება სს ,,სილქნეტის” მიერ, DSL ინტერნეტ მომსახურებაზე მაღალი ტარიფის დაწესებას; აღნიშნული მომსახურების უხარისხოდ მიწოდებას; მომსახურების მიწოდებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის ვადებსა და მომსახურების პირობებზე მომხმარებლის არასათანადო ინფორმირებას; აგრეთვე, კომპანიის მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით უზრუნველყოფას. მომხმარებლის განცხადებით, სს ,,სილქნეტის“ მიერ მიწოდებული უხარისხო მომსახურება გამოიხატება DSL ინტერნეტის დაბალი სიჩქარით, რომელიც არ შეესაბამება აღნიშნული მომსახურებისათვის კომპანიის მიერ დაწესებულ საფასურს. სს „სილქნეტის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა აღნიშნული მომსახურების 9 დღის განმავლობაში მიუწოდებლობას და დღემდე მისთვის მიუწვდომელია ხარისხიანი DSL ინტერნეტ მომსახურებით სარგებლობა. მიხეილ არბოლიშვილის მტკიცებით, კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასათანადო კომუნიკაციას, რაც გამოიხატებოდა მომსახურების შეზღუდვის/შეწყვეტის მიზეზებისა და ხარვეზების აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადების შესახებ მომხმარებლის არასათანადო ინფორმირებითა და მის მოთხოვნაზე არადროული რეაგირებით. ამასთან, ადგილი აქვს მის კუთვნილ სააბონენტო ნომერზე (0367 24 06 07) უხარისხო ადგილობრივ ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას. მომხმარებელი ითხოვს კომპანიამ მხედველობაში მიიღოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იგი ცხოვრობს დაბა ბაკურიანში.  სს ,,სილქნეტის“ DSL ინტერნეტის ხარისხი კი, ხშირად იწვევს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტთა უკმაყოფილებას, რაც აფერხებს  ტურიზმის განვითარებას და უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოებრივმა დამცველმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით (შემდგომში - რეგლამენტი) გათვალისწინებული შემდეგი ნორმები:

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;

2. რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

3. რეგლამენტის 101 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, ინტერნეტით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე (გარდა მობილური და dialup ინტერნეტისა);

4. რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი კომისიას ან კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მათივე მოთხოვნით წარუდგენს მომხმარებლის საჩივართან დაკვშირებულ სრულ ინფორმაციას;

5. რეგლამენტის მე-11 მუხლი, რომლის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის მომსახურება. ხოლო, ამავე რეგლამენტის მე-3 მუხლის ,,ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ხარისხიანი მომსახურება  განმარტებულია, როგორც მომხმარებლებისათვის გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება, რომელიც შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ ნორმებს, ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე ინფორმაციას (რეკლამას) მომსახურების შესახებ;

საზოგადოებრივი დამცველის განმარტებით თუ კომპანიას არ გააჩნია მომსახურების მიწოდების საიმედოდ გამართული ტექნიკური მოწყობილობები და სატელეკომუნიკაციო ქსელი ვერ უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ხარისხის ადეკვატურ მომსახურების მიწოდებას, როგორც ეს მითითებულია სს „სილქნეტის“ წერილში, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, მომხმარებლისათვის მომსახურების უხარისხოდ მიწოდების პროცესში არ გამორიცხავს კომპანიის პასუხისმგებლობას;

6. რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, მომხმარებლისათვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, უტყუარი, ამომწურავი და გასაგები, რომელსაც არ ექნება დამაბნეველი ან მაცდური ხასიათი;

7. რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მომსახურების მიმწოდებლისაგან შეუფერხებლად და უფასოდ მიიღოს ინფორმაცია მომსახურების სახეობის, ინტერნეტით მომსახურებისას სიჩქარისა და ღირებულების თაობაზე;

წერილობით წარმოდგენილი განმარტებებისას, მომხმარებლისთვის მიწოდებული DSL ინტერნეტ-მომსახურების პაკეტად კომპანია ერთ შემთხვევაში უთითებს „მაქს“ ინტერნეტ-პაკეტს, რომლის სიჩქარეც განისაზღვრება 4 მბ/წმ-დან 8 მბ/წმ-მდე, ხოლო მეორე წერილობითი განმარტებისას უთითებს პაკეტს „სტანდარტი“ სიჩქარით 2 მბ/წმ-დან 4 მბ/წმ-მდე;

8. რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: უზრუნველყოს მომსახურების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან; უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტი, შეუფერხებელი მიწოდება; უზრუნველყოს შეთავაზებული მომსახურების ადეკვატურობა მიღებულთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები შეუსაბამობის დროული, ჯეროვანი, სრული აღკვეთის მიზნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ სს ,,სილქნეტის“ მხრიდან ადგილი აქვს აბონენტ მ. არბოლიშვილის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევას. შესაბამისად, მიაჩნია, რომ კომისიამ უნდა დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მომხმარებლის საჩივრის განხილვის მიზნით.

საზოგადოებრივი დამცველის მომართვისა და თანდართული დოკუმენტაციის, მომხმარებელ მ. არბოლიშვილის საჩივრისა და სს „სილქნეტის“ მიერ საზოგადოებრივი დამცველისთვის გაგზავნილი წერილების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, კომისიის 2016 წლის 15 სექტემბრის N628/23  გადაწყვეტილებით დაიწყო ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მომხმარებელ მ. არბოლიშვილის საჩივრის განხილვის მიზნით, საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2016 წლის 6 ოქტომბერს 15 საათზე, ხოლო საზოგადოებრივ დამცველი თ. ტეფნაძე ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნა მომხმარებელ მ. არბოლიშვილის ინტერესების დასაცავად. ამავე გადაწყვეტილებით, სს „სილქნეტს“ დაევალა მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად საჭირო ყველა დოკუმენტაციის, მათ შორის, მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების კომისიაში წარმოდგენა, ზეპირ მოსმენამდე 4 სამუშაო დღით ადრე.

სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში 2016 წლის 23 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა წერილი თანდართული დოკუმენტაციით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/10178-16), რომლის შესაბამისად, წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აბონენტისთვის 2012 წლიდან მიწოდებული სატელეკომუნიკაციო მომსახურებების თაობაზე, ასევე წარმოდგენილია მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აბონენტი მ. არბოლიშვილი სარგებლობს სს „სილქნეტის“ DSL ინტერნეტ მომსახურებით (მიწოდება ხდება რადიო სარელეო ხაზით) და ფიქსირებული სადენიანი ქსელის სატელეფონო მომსახურებით. აღნიშნულ აბონენტთან, სატელეფონო მომსახურების ინსტალაცია (მისამართზე: დაბა ბაკურიანი, 9 აპრილის ქუჩა, სახლი 12) განხორციელდა 2012 წლის 31 დეკემბერს. აბონენტი ინსტალაციის დღიდან დღემდე სარგებლობს 5 ლარიანი სააბონენტო პაკეტით (წარმოდგენილია ხელშეკრულების ასლი). ამავე მისამართზე DSL ინტერნეტ მომსახურების ინსტალაცია განხორციელდა 2013 წლის 5 იანვარს. რეგისტრაციისას აბონენტს არჩეული ქონდა ინტერნეტ პაკეტი „მაქს 2“, სიჩქარე 1-4 მბ/წმ, სააბონენტო გადასახადი - 56 ლარი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინსტალაციის შემდგომ აბონენტმა რამდენჯერმე შეცვალა ინტერნეტ-მომსახურების სააბონენტო პაკეტი შემდეგი ქრონოლოგიით: 08.01.2013 – 23.12.2014 - პაკეტი „მაქსი 2“ (რადიოსარელეო ხაზის) - 56 ლარი; 23.12.2014 – 03.03.2015 -პაკეტი „ვიპ 2“ -  116 ლარი; 04.03.2015 – 28.03.2015 - პაკეტი „მაქსი“ - 65 ლარი; 28.03.2015 – 29.09.2015 პაკეტი „ეკონომი“ - 24 ლარი; 29.09.2015 – 24.02.2016 - პაკეტი „მაქსი“ - 65 ლარი; 24.02.2016 - დღემდე - „სტანდარტი“ – 45 ლარი. ზემოაღნიშნული ცვლილებები განხორციელდა აბონენტის ინიციატივით (სატელეფონო ცხელ ხაზზე დარეკვისა და პერსონალური კოდის დასახელებით), გარდა 2015 წლის 4 მარტის ცვლილებისა. (მტკიცებულებად სს „სილქნეტმა“ წარმოადგინა საუბრის ჩანაწერი და პროგრამული ამონარიდი). 2015 წლის 4 მარტს მ. არბოლიშვილთან სააბონენტო პაკეტის „ვიპ 2“-ის შეცვლა პაკეტით „მაქსი“ განხორციელდა კომპანიის ინიციატივით, რაც გამოწვეული იყო სააბონენტო პაკეტების დასახელებების, სიჩქარისა და ფასების ცვლილებებით. აღნიშნულის თაობაზე მ. არბოლიშვილს წინასწარ, ერთი თვით ადრე ეცნობა მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით (კომპანიას წარმოდგენილი აქვს პროგრამული ამონარიდი სმს შეტყობინების თაობაზე).

სს „სილქნეტის“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ინტერნეტ მომსახურებაზე არსებულ შეფერხებებს, აბონენტს შეფერხების დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევებზე, ვადაგადაცილებულ პერიოდზე გადაუანგარიშდა შემდეგი ოდენობის თანხები: 7.03.2016-ში გადაუანგარიშდა 2016 წლის იანვრის თვის სააბონენტო თანხა - 37.11 ლარი (გადაანგარიშების პერიოდი: 9.01.2016 – 27.01.2016) და 2016 წლის თებერვლის თვის სააბონენტო თანხა - 26.25 ლარი (გადაანგარიშების პერიოდი: 02.02.2016 -06.02.2016; 18.02.2016 – 24.02.2016). ასევე, 24.03.2016-ში გადაუანგარიშდა 2016 წლის მარტის თვის სააბონენტო თანხა - 23.22 ლარი (გადაანგარიშების პერიოდი: 03.03.2016 - 18.03.2016). წერილში ასევე აღნიშნულია, რომ შეფერხება/დაზიანების შესახებ სატელეფონო საუბრების ჩანაწერების დაარქივება-შენახვა არ ხდება. ჩანაწერები ინახება კომპანიაში მანამდე ვიდრე არ მოხდება დაზიანების ბილეთის დახურვა (დაზიანების/შეფერხების აღმოფხვრა), (კომპანიამ დაზიანების გახსნისა და დახურვის ვადებთან დაკავშირებით წარმოადგინა ამონარიდი დაზიანების ბილეთების აღრიცხვის პროგრამული სისტემიდან).

სს „სილქნეტის“ 2016 წლის 23 სექტემბრის Nშ-6/10178-16 წერილში აღნიშნულია, რომ 2016 წლის მარტის თვეში, სს „სილქნეტის“ ტექნიკური ჯგუფის მისვლისას დადგინდა, რომ მომსახურების მოწყობის მისამართზე ფუნქციონირებს საოჯახო სასტუმრო „ART VILA“, სადაც ინტერნეტ-მომსახურების მიღების ერთადერთ წყაროს წარმოადგენს სს „სილქნეტის“ DSL ინტერნეტ პაკეტი „სტანდარტი“ (სიჩქარით: 2 მბ/წმ-დან 4 მბ/წმ-მდე). სს „სილქნეტის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კომპანიის WIFI-ის DSL მოწყობილობაზე აბონენტს შეერთებული აქვს TENDA-ს ტიპის WIFI მოწყობილობა, დანარჩენ 3 პორტზე -კამერები. საერთო ჯამში დაკავებულია ოთხივე პორტი. ასევე, შენობის შიდა დათვალიერებისას დადგინდა, რომ აბონენტს, სარემონტო სამუშაოების წარმოების შედეგად, შიდა ქსელი კუსტარულად აქვს მოწყობილი, რაც კომპანიის მრავალწლიანი დაკვირვებიდან გამომდინარე, ხშირად, უარყოფიდად მოქმედებს ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ხარისხზე (ადგილი აქვს ინტერნეტ სიჩქარის ვარდნას და შეფერხებებს). სს „სილქნეტის“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მომსახურების მოწყობის ადგილზე გასულმა ტექნიკურმა ჯგუფმა დააფიქსირა, რომ მ. არბოლიშვილის მიერ არ გამოიყენება WIFI მოწყობილობის პაროლი, რაც თავის მხრივ იწვევს მისი კუთვნილი ინტერნეტ-სიჩქარის მოხმარებას („გახარჯვას“) პირთა ფართო ჯგუფის მიერ და შესაბამისად, მომსახურების შეფერხებას ან/და წყვეტას.

კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ც.  უჯმაჯურიძის და კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის დ. ქუთათელაძის 2016 წლის 3 ოქტომბრის Nშ-10/10501-16 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ირკვევა, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია მოქალაქე მ. არბოლიშვილისთვის სს „სილქნეტის“ მიერ მიწოდებული სერვისების მონიტორინგი, რადგან მოქალაქე მ. არბოლიშვილმა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დროებით შეიჩერა მომსახურება სს „სილქნეტის“ ცხელ ხაზზე დარეკვის გზით.

კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გმოცხადდა სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კ. ყურაშვილი და საზოგადოებრივი დამცველი თ. ტეფნაძე. მომხმარებელი. მ არბოლიშვილი არ გამოცხადდა.

კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კ. ყურაშვილმა აღნიშნა, რომ  როდესაც აბონენტი მ. არბოლიშვილი მიმართავდა სს „სილქნეტის“ ცხელ ხაზს (2-100-100) და ჰქონდა დაზიანებასთან დაკავშირებით პრეტენზია, დაზიანების აღმოფხვრამდე პერიოდში, ვინაიდან მას არ მიეწოდებოდა მომსახურება, გადაუანგარიშდა თანხა და მას ეს ყველაფერი ეცნობა წერილობით. კ. ყურაშვილმა ასევე განმარტა, რომ სს „სილქნეტის“ აბონენტებს გააჩნიათ თავისი ვირტუალური ანგარიში კომპანიის შიგნით. აღნიშნულ ანგარიშზე აბონენტს აქვს წვდომა, ფლობს ყველა ინფორმაციას, მათ შორის დარიცხული ტარიფის, გადასახდელის, დავალიანების და ა.შ. შესახებ. თანხის გადაანგარიშება ნიშნავს არა მის საბანკო ანგარიშზე თანხის დაბრუნებას, არამედ ამ ანგარიშზე თანხის დაბრუნებას.

კ. ყურაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სს „სილქნეტს“ აქვს იმ ტერიტორიაზე LTE მომსახურების მიწოდების საშუალება და ეს ტექნოლოგია შეთავაზებული იყო მ. არბოლიშვილისთვის, თუმცა მომხმარებელი უარს ამბობს აღნშნული მომსახურების მიღებაზე. მას სურს DSL ტექნოლოგიით, რადიოსარელეო ხაზით, კომპანიამ მიაწოდოს ინტერნეტის სწრაფი სიჩქარე.

კ. ყურაშვილის განმარტებით, როდესაც კომპანიაში აბონენტი კოდური სიტყვის გამოყენებით პაკეტს იცვლის, კომპანია ამას არ აფიქსირებს პრეტენზიად და მიიჩნევს, რომ ეს არის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა. შესაბამისად, ეს ჩანაწერი ცალკე ინახება, როგორც ხელშეკრულების ცვლილების ნაწილი. რაც შეეხება 2-100-100 ნომერზე პრეტენზიით დარეკვას, დიდი მოცულობის გამო, კომპანია ამ ჩანაწერებს ვერ ინახავს.

კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის ზეპირი მოსმენის  სხდომაზე კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ც. უჯმაჯურიძემ, აღნიშნა, რომ მას დაევალა შეემოწმებინა  სს „სილქნეტის“ აბონენტის მ. არბოლიშვილის სატელეფონო ხაზი, თუ როგორი ხარისხით მუშაობს ინტერნეტი, მაგრამ ვინაიდან აბონენტმა 2016 წლის 27 სექტემბრიდან სატელეფონო განცხადების საფუძველზე შეაჩერა მომსახურება, აღნიშნული პიროვნება არ ცხოვრობს ბაკურიანში და მას დაპაუზებული აქვს მომსახურება, შემოწმების ჩატარება ვერ იქნა უზრუნველყოფილი.

კომისიის 2016 წლის 6 ოქტომბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა თ. ტეფნაძემ აღნიშნა, რომ სს „სილქნეტმა“ წარმოადგინა საზოგადოებრივი დამცველის მიერ მოთხოვნილ თითოეულ საკითხზე აბსოლუტურად შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე სატელეფონო გასაუბრების ჩანაწერები. თ. ტეფნაძემ ასევე, აღნიშნა, რომ თავის დასკვნაში თავდაპირველად მიუთითებდა 8 მუხლის დარღვევაზე, აქედან მხოლოდ ორი მუხლის დარღვევა დარჩა სახეზე, რომელიც საერთო ჯამში ერთ საკითხს ეხება და ეს არის მომსახურების ხარისხი, ხოლო დანარჩენი დარღვევა აღმოფხვრილია. საზოგადოებრივმა დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ მომხმარებელთან  სატელეფონო კომუნიკაციის  შემდეგ, დაზუსტდა, რომ მ. არბოლიშვილის მოთხოვნაა საკითხის განხილვა მოხდეს უშუალოდ მისი მონაწილეობით. მომხმარებლის განცხადებით, დაზიანების შესახებ წარმოდგენილი ხმოვანი ჩანაწერები არ იქნა უზრუნველყოფილი, თუმცა თ. ტეფნაძემ განმარტა, რომ კომპანიის მიერ აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილია დოკუმენტის სახით. აღნიშნულ ინფორმაციაში მითითებულია თარიღები დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებაზე და შემდეგ მის გამოსწორებაზე. დაზიანების აღმოფხვრის ვადების დარღვევის ყველა შემთხვევაზე კომპანიას დაკორექტირებული აქვს შესაბამისი თანხები, გამოყენებული აქვს საკომპენსაციო მექანიზმი. აღნიშნული დასტურდება კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით. თ. ტეფნაძემ ასევე აღნიშნა, რომ მისი, როგორც დამცველის მოსაზრება წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით არის ის, რომ კომპანიამ ყველა ღონე გამოიყენა საჩივარში დასმული პრობლემების აღმოფხვრისთვის. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ის ქმედება, რაც მან განახორციელა პრეტენზიის აღმოსაფხვრელად.

კომისიის 2016 წლის 6 ოქოტმბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და საკითხის განხილვის გაგრძელების დღედ განისაზღვრა 2016 წლის 27 ოქტომბერი, 15 საათი.

კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდნენ მ. არბოლიშვილი, საზოგადოებრივი დამცველი თ. ტეფნაძე და სს „სილქნეტის“ წარმომადგენელი კ. ყურაშვილი.

კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე საზოგადოებრივმა დამცველმა თ. ტეფნაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წარმოების გარკვეულ ეტაპზე სს „სილქნეტმა“ უზრუნველყო საზოგადოებრივი დამცველის მხრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით მომხმარებელი და საზოგადოებრივი დამცველი სადაოს ხდიან სს „სილქნეტის“ მიერ მიწოდებული მომსახურების ხარისხს, ვინაიდან მომხმარებლის მხრიდან დღემდე რჩება პრეტენზია მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე თ. ტეფნაძემ ითხოვა, რომ კომისიამ დაადგინოს ადგილი ჰქონდა თუ არა სს „სილქნეტის“ მხრიდან უხარისხო მომსახურების მიწოდებას.

კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე მ. არბოლიშვილმა დააზუსტა თავისი მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ვინაიდან  მიმართვისას კომპანია ყოველ ჯერზე ინტერნეტ მომსახურების შეფერხების მიზეზად უთითებდა ხაზის დაზიანებას და აღმოფხვრის განსხვავებულ ვადებს, რაც გრძელდებოდა დაახლოებით ორი თვის მანძილზე, და ამასთან, ყოველი დარეკვის შემდგომ აღმოფხვრის ვადების ათვლა იწყებოდა თავიდან, მას მიაჩნია, რომ დაზიანების აღმოფხვრა რეალურად არ ხდებოდა და დღემდე რჩება პრობლემა, რაც იწვევს ინტერნეტ მომსახურების მისთვის შეფერხებით და უხარისხოდ მიწოდებას.

კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე სს „სილქნეტის“ წარმომადგენელმა კ. ყურაშვილმა აღნიშნა, რომ მომხმარებელ მ. არბოლიშვილისთვის შეთავაზებული იყო LTE მომსახურება, რომლის მაქსიმალური ფასია 32 ლარი, თუმცა მ. არბოიშვილმა აღნიშნულ მომსახურებაზე გადასვლაზე უარი განაცხადა. ხოლო, რაც შეეხება დარღევის აღმოფხვრის ვადებს, კ. ყურაშვილის განმარტებით მომხმარებელს დაზიანების აღმოფხვრის პერიოდზე გადაუანგარიშდა თანხა.

კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტ მომსახურების მ. არბოლიშვილისთვის უხარისხოდ მიწოდების ფაქტის დადგენის მიზნით კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტ ც. უჯმაჯურიძეს დაევალა მონიტორინგის განხორციელება, ხოლო ზემოაღნიშნული მონიტორინგის განხორციელებამდე კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა შესვენება და საკითხის განხილვის გაგრძელების დღედ განისაზღვრა 2016 წლის 4 ნოემბერი, 15 საათი.

2016 წლის 27 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა მ. არბოლიშვილის 2016 წლის 27 ოქტომბრის Nშ-9/11585-16 განცხადება, რომლის შესაბამისად, მ. არბოლიშვილი კომისიას მიმართავს თხოვნით შეწყვიტოს სს „სილქნეტთან“ მიმდინარე დავა, რომელიც მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ  კომპანიასთან მიღებულია შეთანხმება ახალი LTE ტექნოლოგიით მომსახურების გაწევის თაობაზე.

კომისიის 2016 წლის 4 ნოემბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდა საზოგადოებრივი დამცველი თ. ტეფნაძე, სს „სილქნეტის“ წარმომადგენლები ნ. ნიჟარაძე და მ. ქოქიაშვილი, ხოლო მომხმარებელი მ. არბოლიშვილი არ გამოცხადდა.

კომისიის 2016 წლის 4 ნოემბრის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოქვეყნდა მ. არბოლიშვილის განცხადება, რომლის შესაბამისად ითხოვს მისი განცხადების საფუძველზე დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

II.        სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახე“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელსა და ბოლო მომხმარებელს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ურთიერთობა რეგულირდება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების შესაბამისად;
  3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახე“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება, ხოლო, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ვინაიდან, მ. არბოლიშვილმა 2016 წლის 27 ოქტომბრის N Nშ-9/11585-16 განცხადებით მოითხოვა მისი საჩივრის საფუძველზე დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა, კომისიას მიაჩნია, რომ  კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის  საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ მ. არბოლიშვილის საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.

III.       სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 63-ე მუხლისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შეწყდეს სს „სილქნეტის“ წინააღმდეგ მომხმარებელ მ. არბოლიშვილის საჩივრის განხილვის მიზნით დაწყებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების მომხმარებელ მ. არბოლიშვილისთვის, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისთვის და სს „სილქნეტისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა; გადაწყვეტილების კომისიის ოფოცოალურ ვებ-გვერდეზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ი. ხარებავა);

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                              ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                კახი ბექაური

კომისიის წევრი                                                გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                მერაბ ქათამაძე