ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მოდელები და კომისიის ხედვა

ოქტომბერი 29, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით; „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მოდელები და კომისიის ხედვა“.

2006 წელს  „ჟენევა–06“ გეგმით ITU (International Telecommunication Union)–მ, მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის და მათ შორის საქართველოსთვის განსაზღვრა ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო (Digital Terrestrial Television, DTT) მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადა, 2015 წლის 17 ივნისამდე.

პრეზენტაციაზე კომისიამ წარმოადგინა  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გამოცდილება, როგორც მოსამზადებელ პერიოდში ჩატარებული ტექნიკური თუ სამართლებრივი სამუშაოების შესახებ, ასევე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ სხვადასხვა განვითარებული ქვეყნები რა პრობლემებს წააწყდნენ.

 პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კომისიის ხედვას, თუ რა მოდელით უნდა გადავიდეს საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე. კომისიის რეკომენდაციაა დაინერგოს Transmission standard DVB-T2  და Compression technology MPEG 4. კომისიას მიაჩნია, რომ ამ მოდელის გამოყენებით ქვეყანა მოახერხებს სიხშირული რესურსის ეფექტურ გამოყენებას. იმ ქვეყნებში სადაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა  ე.წ წინა თაობის სტანდარტით განხორციელდა,  სიხშირული რესურსის ეფექტურად გამოყენების უზრუნველყოფას ვერ ახდენდნენ, რის გამოც ახლა თითქმის ყველა მათგანი ან სტანდარტის შეცვლის პროცესშია, ან უკვე დასრულებული აქვთ სამუშაოები. ყოველივე ეს კი უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მარეგულირებელი კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს შესაძლებლობების მქონე ქვეყნისთვის არაგონივრული ხარჯი იქნება სხვა სტანდარტის არჩევა, მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ Transmission standard DVB-T2  და Compression technology MPEG 4 ჩვენი სახელმწიფოსთვის ყველაზე შესაფერისი იქნება.

ეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხოლოდ რეკომენდაციაა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და საქართველოს მთავრობაა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს თუ რა მიმართულებას ირჩევს ქვეყანა ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში, გადასადგმელი იქნება უამრავი ნაბიჯი. ამ პროცესში, როგორც წესი მარეგულირებელი ორგანოს გარდა ჩართულია სხვა სამთავრობო უწყებები. რადგან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი დაკავშირებულია, როგორც დიდ ფინანსურ ხარჯებთან, ასევე უზარმაზარ ტექნიკურ სამუშაოებთან. თითქმის ყველა ქვეყანაში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი საკანონმდებლო აქტით რეგულირდებოდა. ამიტომ, ძალიან ბევრია გასაკეთებლი, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე ტექნიკური და ფიზიკური სამუშაოების მხრივ. კომისია მზად არის, ჩაერთოს სამუშაოებში ყველა დონეზე.

პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საეთერო სამაუწყებლო კომპანიების ტექნიკური დირექტორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ყველა დაინტერესებულ პირს მიეცა საშუალება მიეღო მონაწილეობა დისკუსიაში.

კომისიამ რეკომენდაციის სახით წარმოადგინა მიდგომა, რომელიც გულისხმობს გარდამავალ ეტაპზე (2015 წლის 17 ივნისამდე) არსებული  შეზღუდული რაოდენობის თავისუფალი ციფრული არხების (სიხშირული რესურსის) ორი ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის ქსელის უზრუნველსაყოფად (multiplex 1 და 2) კონკურსის წესით გაცემას. კომისიის მიერ რეკომენდაციაში წარმოდგენილი ორი ციფრული ქსელი ერთმანეთისაგან განსხვავდება იმით რომ ერთმა (multiplex 1) უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთიდაიგივე სახის კონტენტის (სატელევიზიო არხების) გავრცელება, ხოლო მეორე ქსელს (multiplex 2),    შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს  გაავრცელოს 10 სამაუწყებლო ზონის მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავებული კონტენტი. ასევე კომისიის ხედვით კონკურსში გამარჯვებულ ციფრული ქსელის ოპერატორებს უნდა დაეკისროთ  არსებული ანალოგური მაუწყებლების (სამაუწყებლო ზონების მიხედვით) ხარჯებზე ორიენტირებული ტარიფით “Standard Definition”  სამაუწყებლო ფორმატში სავალდებულო გავრცელების (ე.წ.” Must carry”) ვალდებულება. რეკომენდებულია, რომ კონკურსში მონაწილეობის (როგორც ერთობლივად ასევე დამოუკიდებლად) მიღების უფლება არ შეეზღუდოთ,  არსებულ მაუწყებლებს. 

ასევე კომისიამ წარმოადგინა ხედვა, რომლის მიხედვითაც გარდამავალი პერიოდისათვის   ხელმისაწვდომ რესურსთან ერთად კონკურსით შესაძლებელია გაიცეს ის სიხშირული რესურსი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ. ამგვარი სამაუწყებლო სიხშირეები ბაზარზე არსებული მოთხვონებიდან გამომდინარე შესაძლელია გაიცეს როგორც ერთი სამაუწყებლო ზონის, ასევე რამდენიმე და  ეროვნული დაფარვის მქონე ციფრული ქსელის ასაგებად. 

რეკომენდაციების შემუშავებისას კომისიამ   გაითვალისწინა შემდეგი საკითხები:

v  საეთერო მაუწყებლობაზე დამოკიდებული მოსახლეობის რაოდენობა

v  გარდამავალი პერიოდისათვის ხელმისაწვდომი სიხშირული რესურსი

v  მოკლევადიანი პერიოდი, რომელიც დარჩენილია ანალოგური მაუწყებლობის გათიშვამდე

v  ანალოგური მაუწყებლობის გათიშვამდე სულ ცოტა 8–10 თვით ადრე ანალოგური და ციფრული სიგნალის პარალელურ რეჟიმში გავრცელების აუცილებლობა (უმეტეს შემთხვევაში ანალოგური საეთერო მაუწყებლების ”simulcast”-ის ხარჯები ფინანსდება მთავრობის მიერ)

v  არსებული ანალოგური საეთერო მაუწყებლების ციფრულ ქსელში განთავსების აუცილებლობა

v  მსურველი (ავტორიზებული და სატელიტური სამაუწყებლო ლიცენზიის მქონე) არსებული მაუწყებლების განთავსების შესაძლებლობა ღია სამაუწყებლო ქსელში  ანალოგური მაუწყებლობის გათიშვამდეც

v  სამაუწყებლო კონტენტის წარმოება/გავრცელებისა და ციფრული სამაუწყებლო ქსელის ოპერატორის ფუნქციებისა და ლიცენზირების რეჟიმის ერთმანეთისაგან გამიჯვნის აუცილებლობა.

v  გრძელვადიან პერიოდზე ორიენტირებული და ბაზრის მონაწილეების მიმართ შეძლებიდაგვარად არადისკრიმინაციული მიდგომის ჩამოყალიბების აუცილებლობა

კომისიის აზრით, იმ მოკლევადიანი პერიოდის გათვალისწინებით, რომელიც დარჩენილია (2 წელი და 8 თვე) ანალოგური მაუწყებლობის გათიშვამდე,  გარდამავალი პერიოდისათვის წარმოდგენილი  მიდგომა ხელს შეუწყობს გარდამავალი პერიოდისათვის ციფრული სამაუწყებლო სიხშირეების გაცემის, ქსელის ოპერირებისა და სამაუწყებლო კონტენტის ციფრულ ქსელში განთავსების მარტივი, ნათელი და არადისკრიმინაციული წესების შემუშავებას, ისევე როგორც უზრუნველყოფს ციფრული სამაუწყებლო ქსელების სწრაფად აგებასა და  2015 წლის 17 ივნისამდე  სულ ცოტა 8–10 თვით ადრე ანალოგური და ციფრული სამაუწყებლო სიგნალის პარალელურ რეჟიმში გავრცელებას (ე.წ. ”simulcast”-ი) ”simulcast”-ი კი აუცილებელია იმისათვის რომ შემოწმდეს და პრობლემების არსებობის შემთხვევაში გამოსწორდეს ციფრული სიგნალის გავრცელების არეალი, ხოლო მოსახლეობამ შეძლოს ციფრულ მაუწყებლობაზე მიგრაცია, რათა ანალოგური  მაუწყებლობის გათიშვის შემდეგ მოსახლეობა არ დარჩეს მაუწყებლობის გარეშე

მოცემული მიდგომით, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება (არსებული მაუწყებლები, თუ სხვა პირი) კონკურსის გამარჯვებული, გარდამავალ პერიოდში ციფრული ქსელის ოპერატორის მიმართ მოთხოვნა ერთიდაიგივე იქნება, რაც უზრუნველყოფს ყველა ანალოგური საეთერო მაუწყებლის ციფრულ ქსელში განთავსებას, ისევე როგორც საშუალებას მოგვცემს გარდამავალ ეტაპზევე, ვიდრე დაინერგება დამატებითი ციფრული ქსელები ანალოგურ საეთერო მაუწყებლებთან ერთად ღია საეთერო ქსელში განთავსდნენ, როგორც ავტორიზებულ ასევე სატელიტური ლიცენზიის მქონე მაუწყებლები.  

ასევე იმ შემთხვევაში, თუ არსებული საეთერო ეროვნული თუ რეგიონალური მაუწყებლებისათვის პრიორიტეტს  წარმოადგენს საკუთარი კონტენტის გასავრცელებლად საჭირო სიხშირეების მოპოვება და ციფრული ქსელის აგება/ოპრირება, თუმცა ვერ გაიმარჯვებენ გარდამავალი პერიოდისათვის თავისუფალი სამაუწყებლო  რესურსის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში, მაუწყებლები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ  პარარელურად გამოცხადებულ კონკურსში რომლის შესაბამისი სიხშირეებიც ხელმისაწვდომი გახდება ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის შემდეგ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურსში გამარჯვებულ მაუწყებლებს საშუალება ექნებათ ე.წ.”simulcast”-ის პერიოდში გავრცელდნენ  ე.წ. multiplex 1 ან 2-ის საშუალებით, ხოლო ქსელის აგების შემდეგ განახორციელონ თავიანთი კონტენტის თავიანთ ქსელში გადატანა. 

ერთ-ერთი ტელეკომპანიის წარმომადგენელმა კომისიის მოსაზრება არ გაიზიარა და მხარი დაუჭირა პრეზენტაციის დროს განხილულ ერთ-ერთ მიდგომას, რომლითაც არსებულ ანალოგურ მაუწყებლებს ყოველგვარი კონკურსის გარეშე ენიჭებათ ციფრულ მაუწყებლობაზე მიგრაციისათვის საჭირო სიხშირული რესურსი, კერძოდ რამდენიმე მაუწყებელს (რაოდენობა დამოკიდებულია ქსელის ტექნოლოგისა და კონტენტის გავრცელების ფორმატზე) ენიჭებათ ერთი (ეროვნული თუ რეგიონალური) multiplex-ის ასაგებად საჭირო სამაუწყებლო სიხშირეები  არსებული მაუწყებლების კონტენტის გატარებისათვის საჭირო რესურსის გათვალისწინებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მოცემული მიდგომაც, როგორც კომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში არის წარმოდგენილი დანერგილია ევროპის რიგ ქვეყნებში, თუმცა  ვფიქრობთ, რომ 

v  მოცემული მიდგომა პირდაპირ იმეორებს ანალოგური საეთერო მაუწყებლობისათვის  დღეს არსებულ ლიცენზირების რეჟიმს, სადაც სამაუწყებლო კონტენტის შექმნა/გავრცელების უფლება პირდაპირ მიბმულია  სიხშირით სარგებლობის უფლებაზე და დამოკიდებულია კონკრეტულ პლათფორმაზე. მართალია, მსგავსი მოდელი ევროპის გარკვეულ ქვეყნებში არსებობს, თუმცა კომისიის აზრით, ამ შემთხვევაში კვლავინდებურად უპირატეს პოზიციაში რჩებიან საეთერო მაუწყებლები, შედარებით იმ მაუწყებლებთან, რომლებიც სამაუწყებლო კონტენტის გავრცელებას სხვა ტექნოლოგიებით ახორციელებენ.

v  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე დარჩენილი მცირე პერიოდის გათვალისწინებით მოცემული მიდგომის დასანერგად საჭირო რეგულაცია უფრო რთული შესამუშავებელი იქნება, რადგან საჭიროებს უფრო მეტი საკითხის დარეგულირებას და კანონმდებლობაში ასახვას, რადგან  უნდა შემუშავდეს ცალკე მიდგომა არსებული საეთერო მაუწყებლებისთვის, რომელთა გარკვეულ რაოდენობასაც უნდა გამოეყოს ადეკვატური რაოდენობის სიხშირული რესურსი   ერთი (ეროვნული თუ რეგიონალური) multiplex-ის ასაგებად და ამვე დროს, უნდა ჩამოყალიბდეს ცალკე მიდგომა სხვა ტექნოლოგიით არსებული  ან/და ახალი მაუწყებლებისთვის. ეს ყველაფერი განხორციელებადია, თუმცა კომისიის აზრით, ვერ იქნება უზრუნველყოფილი არადისკრიმინაციული და ერთგვაროვანი მიდგომა ყველა მაუწყებლის მიმართ.

v  მოცემული მიდგომით უფრო რთული იქნება მსურველი (ავტორიზებული და სატელიტური სამაუწყებლო ლიცენზიის მქონე) არსებული მაუწყებლების განთავსება   ღია ციფრულ სამაუწყებლო ქსელში  ანალოგური მაუწყებლობის გათიშვამდე.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი წარმოადგენს მხოლოდ კომისიის ხედვას, რომელმაც  საფუძველი ჩაუყარა ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით დისკუსიების დაწყებას, ხოლო საბოლოო სტრატეგიის შემუშავება   მთავრობის კომპენტენციაა, რომელმაც გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს  როგორც  მაუწყებლების ასევე ბაზრის სხვა მონაწილეების  მიერ წარმოდგენილი წინადადებები და არგუმენტები.