ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გამოცხადებულ კონკურსზე შპს „სტერეო +“ სამი ლიცენზიის მფლობელი გახდა

ივლისი 01, 2014

დღეს, 1 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად  გამოცხადებულ კონკურსზე შპს „სტერეო +“  N B+2 ლოტზე გახდა გამარჯვებული. კომპანია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სამი  ლიცენზიის მფლობელი გახდა.

შპს „სტერეო +“ MUX - B ლიცენზიის ფარგლებში ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის  ქსელში ღია ეთერით ტელემაუწყებელთა გავრცელებას შეძლებს. MUX – C  და MUX – D ლიცენზიების ფარგლებში კი,  კომპანია სამაუწყებლო სიგნალის გავრცელებას შეძლებს როგორც ღია ეთერით, ასევე  დახურული ე.წ კოდირებული ფორმატით კომერციული მიზნებისთვის  (Pay TV).

კომისიამ ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გასაცემად  კონკურსი 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.

კონკურსზე გამოტანილი იყო ხუთი ეროვნული დაფარვის შესაძლებლობის მქონე ქსელის ფორმირებისთვის საჭირო რადიოსიხსირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები ათ ლოტად. თავდაპირველად კონკურსში  განაცხადი ორ კომპანიას შპს „მუქსს“ (A+0) და შპს „სტერეო +“ (□A+B+2 და □ B+2 ლოტებზე) ჰქონდა წარმოდგენილი, თუმცა კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომაზე შპს „მუქსმა“ დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო განაცხადი უკან გაითხოვა, შპს „სტერეო +“-მ კი კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ერთ ლოტზე განაგრძო და გამარჯვებულიც გახდა.

კომისია ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე მიგრაციის უზრუნველსაყოფად აქტიური თანამშრომლობის პროცესს გააგრძელებს როგორც კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან ციფრული ქსელის მშენებლობის პროცესში, ასევე ეროვნულ თუ ადგილობრივ ტელემაუწყებლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველა დაინტერესებულ პირთან.