ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გამოცხადებული კონკურსზე ერთი მონაწილე კომპანია დარჩა

ივნისი 30, 2014

დღეს, 30 ივნისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გასაცემად  გამოცხადებული კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

კონკურსში ორი კომპანია შპს „მუქსი“ და შპს „სტერეო +“ იღებდა მონაწილეობას. შპს „მუქს“ მხოლოდ ერთ ლოტზე (□ A+0)  ჰქონდა შემოტანილი განაცხადი, თუმცა დღეს, ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომპანიის წარმომადგენელმა დაფინანსებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემის გამო საკონკურსო განაცხადი უკან გაითხოვა. მეორე კონკურსანტს შპს „სტერეო +“-ს კი განაცხადი ორ ლოტზე (□A+B+2 და □ B+2 ლოტებზე) ჰქონდა წარმოდგენილი. კომპანიის ხელმძღვანელმა პირველი საკონკურსო განაცხადი ((□A+B+2) უკან გაითხოვა და კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ □ B+2 ლოტით განაგრძო.

სხდომაზე კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის დასკვნა გამოქვეყნდა საკონკურსო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. კომისიამ არ მიიღო შპს „სტერეო +“-ის მიერ ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად ქსელის აგების  ტექნიკური გადაწყვეტილების ალტერნატიული ვარიანტი, რის გამოც შპს „სტერეო +“-ს ციფრულ ფორმატში მაუწყებელთა გასავრცელებლად ქსელის აგება კომისიის მიერ კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებით მოუწევს.

შესაბამისად, თუ 1 ივლისს 13:00 საათზე ჩანიშნულ საკონკურსო სხდომაზე შპს „სტერეო +“ გამოცხადდება გამარჯვებულად, კომპანია სამ ლიცენზიის მფლობელი გახდება. MUX - B ლიცენზიის ფარგლებში ეროვნული დაფარვის ქსელში ღია ეთერით ტელემაუწყებელთა გავრცელება შეეძლება, MUX – C  და MUX – D ლიცენზიების ფარგლებში კი სამაუწყებლო სიგნალის გავრცელებას როგორც ღია ეთერში, ასევე კომერციული მიზნებისთვისაც (Pay TV) შეძლებს.

კომისიამ ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების გასაცემად  კონკურსი 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით გამოაცხადა.