სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის წესი

მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზირებას „მაუწყებლობის შესახებ “ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახორციელებს.

მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი. 

საეთერო და თანამგზავრული სისტემების გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზიის  გაცემის ერთიანი წესი:

  1. საერთო, სპეციალიზებული ან სათემო მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით
  2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

გ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე და სახეობა, რომლის მიღეაბასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

დ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-რამის განმავლობაში.

საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიის მსურველებმა განცხადებას უნდა დაურთონ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია, ხოლო თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის მსურველებმა ამავე მუხლის მხოლოდ მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახეებია:
   ა. სათემო მაუწყებლობა,
   ბ. კერძო მაუწყებლობა.
კერძო მაუწყებლობის ლიცენზია შემდეგი სახეობის შეიძლება იყოს:
   ა. საერთო მაუწყებლობა,
   ბ. სპეციალიზებული მაუწყებლობა.

საეთერო მაუწყებლობის ლიცენზია კონკურსის წესით გაიცემა, ხოლო თანამგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობა მხოლოდ ავტორიზაციას საჭიროებს.

ლიცენზიის მოქმედების ვადა

მაუწყებლობის სფეროში ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით, გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.