ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიცენზირება

იანვარი. 14, 2015

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების აუქციონის წესით გაცემას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახორციელებს. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს როგორც საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირი, ასევე საზღვარგარეთ რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე და იურიდიული პირი.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობისთვის, ასევე მაუწყებლობის სფეროში დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად მსურველმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ლიცენზიის სახე, ასევე თან უნდა ერთვოდეს: კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას თან უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

ციფრული მიწისზედა სატელევიზო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა ასევე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კონკურსის წესით ხორციელდება.

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელმა კომისიას უნდა მიმართოს საკონკურსო განცხადებით, რომელშიც მითითებული იქნება:

ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;