5G სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების საკონსულტაციო დოკუმენტი

აპრილი 24, 2020 17:31

2019 წლის დეკემბერში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული და გამოქვეყნებული იქნა „5G ქსელისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგია“. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ ფართოზოლოვანი მომსახურებებისა და 5G ტექნოლოგიის განვითარებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ქვეყნისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაში. ახალი თაობის (5G) ქსელისა და მომსახურებების კომერციული გაშვება დიდი გამოწვევაა, რადგან დროული და სწორი მოდელით პროექტის ამუშავება მნიშვნელოვან სტრატეგიულ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას და სატელეკომუნიკაციო სექტორის განვითარებას, მათ შორის საქართველოს როგორც რეგიონულ სატელეკომუნიკაციო ჰაბად ჩამოყალიბებას. შესაბამისად, კომისიისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში გადადგას დროული ნაბიჯები და ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით დარგის განვითარებას.

სიხშირული რესურსის დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიამ გამოაცხადა ტენდერი, 5G მომსახურებისთვის გამოყოფილი სიხშირული რესურსის საფასურის გაანგარიშების მიზნით, რომელშიც გაიმარჯვა კომპანია ერნსტ & იანგმა (პოლონეთის ოფისის წარმომადგენლობა „ერნსტ ენდ იანგ ბიზნეს ედვაიზორი სპოლკა კომანდიტოვა“). სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად გამარჯვებულმა კომპანიამ კომისიას წარუდგინა მოთხოვნილი სიხშირეების საფასურის გაანგარიშება ბიზნესმოდელირების მეთოდოლოგიით, რომელსაც კომისია აქვეყნებს საკონსულტაციოდ და ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია გაეცნოს მას და წერილობით, მითითებული წესით წარმოადგინონ თავიანთი კომენტარები. მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ფართო წრის ჩართულობის უზრუნოველყოფის მიზნით დოკუმენტი შემუშავებულია ორ ენაზე, ქართულად და ინგლისურად.

საკონსულტაციო პროცესი გაგრძელდება 3 კვირა. მოსაზრებებისა და კომენტარების კომუნიკაციების კომისიაში წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 მაისი, 18:00 საათი. მოსაზრებების/კომენტარების წარდგენა ხდება ელექტრონულად post@gncc.ge ელ.ფოსტის მისამართზე გამოგზავნით.

თანდართული დოკუმენტები: