კომუნიკაციების კომისიის შესახებ

კომუნიკაციების კომისია - სატელეკომუნიკაციო სფეროს არქიტექტორი, ხელისუფლების ყველა შტოსგან დამოუკიდებელი უწყება, რომელიც იცავს მომხმარებლის უფლებებს,  არეგულირებს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებს, უზრუნველყოფს  კონკურენციას ამ ბაზრებზე და ზრუნავს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე. რათა უზრუნველყოს უფრო ეფექტური, კომფორტული და დროსთან შესაბამისობაში მყოფი კომუნიკაცია თითოეული მოქალაქისთვის. კომუნიკაციების კომისიამ საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო.  

2017 წლიდან, კომუნიკაციების კომისიას კანონით მესამე უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დაეკისრა, კერძოდ, ქვეყანაში  მედიაწიგნიერების განვითარება და ხელშეწყობა.   ტექნოლოგიურმა განვითარებამ ბევრ სიკეთესთან ერთად, ახალი გამოწვევებიც გააჩინა. სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება.  ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლის  ერთადერთი იარაღი კი მედიაწიგნიერებით, ცოდნით შეიარაღებული მოქალაქეა.

კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა ადამიანებს 21-ე საუკუნის ისეთ ძირეულ სტანდარტებს უკმაყოფილებს, რომელთა გარეშეც, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების საუკუნეში სრულფასოვნად ინტეგრირება, ცხოვრება და მით უმეტეს, პროგრესი, წარმოუდგენელია.

ტექნოლოგიურ ეპოქაში, როდესაც ყოველდღიურად ინერგება ინოვაციური სერვისები უმნიშვნელოვანესია ამ გამოწვევებს ქვეყანამ ეფექტურად უპასუხოს, განავითაროს და დანერგოს ახალი ტექნოლოგიები.  ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად,  კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია მოქალაქეებს არა მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ სერვისებზე ჰქონდეთ შეუფერხებელი წვდომა, არამედ უზრუნველყოს  ქვეყანაში პლურალისტული  და დამოუკიდებელი მედიის არსებობა, რადგან საუკეთესო არჩევანის გაკეთება, მხოლოდ სწორად ინფორმირებულ მოქალაქეს შეუძლია.  შესაბამისად, ქვეყნის განვითარებაში კომუნიკაციების კომისიის როლი ყოველდღიურად უფრო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ხდება.  

კომუნიკაციების კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული ხუთი წევრისგან შედგება. კომისია, კომისიის წევრები და კომისიის აპარატის თანამშრომლები საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ემორჩილებიან მხოლოდ კანონს.

კომუნიკაციების კომისია არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ ექვემდებარება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. კომისიის შემოსავლის წყარო ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურია, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების წლიური შემოსავლის 0.75% შეადგენს, ხოლო მაუწყებლობის სფეროში მაუწყებლების წლიური შემოსავლის 0.5 %-ს.

კომისიის მიზნები და უფლებამოსილება:

კომისიის ძირითად მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიც არის:

  • მომხმარებელთა ინტერესების დაცვა;
  • მომხმარებლებისთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • გამჭვირვალე მარეგულირებელი გარემოს ჩამოყალიბება და კონკურენციის ხელშეწყობა;
  • მედიაწიგნიერების განვითარება და ხელშეწყობა;
  • ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა;
  • სიხშირული სპექტრისა და ნუმერაციის რესურსის ეფექტიანი გადანაწილება;
  • სატელეკომუნიკაციო ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისთვის ავტორიზებულ და ლიცენზიის მფლობელ პირებს შორის წარმოქმნილი დავებისა და ასევე დარგის მოთამაშეებსა და მომხმარებელს შორის წარმოქნილი დავების განხილვა;
  • რადიოსიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის საშუალებების სერტიფიცირება, სტანდარტიზაცია, მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ურთიერთჩართვის ტექნიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური საკითხების დარეგულირება, რომლის ძირითადი მიზანი მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ნებისმიერი ოპერატორის მომსახურების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფაა. 

ნორმატიული ბაზა :

კომუნიკაციების კომისიის შექმნის წინაპირობა პარლამენტის მიერ 1999 წლის 23 ივლისს მიღებული კანონი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შექმნამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის სრულიად ახლებური ორგანიზაციულ-სამართლებრივი და ეკონომიკური საფუძვლები დაადგინა. აღნიშნული კანონი 2005 წელს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ ძალადაკარგულად გამოცხადდა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით მკაფიოდ გამიჯნულია მთავრობის, როგორც დარგში პოლიტიკის დამდგენი ორგანოს და კომისიის, როგორც მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციები.

დებულების თანახმად, კომისია საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა. კომისია თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები