Facebook   Twitter   Youtube   Myvideo   Mail  App Store  

კომისიის შესახებკომისია

03 მაისი, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომშიკომისია”), ექვსწლიანი ვადით დანიშნული ხუთი წევრისაგან შედგება, საქმიანობა 2000 წლის 1 ივლისს დაიწყო. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარ ვახტანგ აბაშიძეა, ხოლო კომისიის წევრები აკაკი სიხარულიძე, კახი ბექაური, სოფიო ბრიტანჩუკი და ირაკლი მოსეშვილი არიან. კომისიის აპარატი რვ სტრუქტურული ერთეულისაგან შედგება. კომისიას ჰყავს პრესმდივანი და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური.

დებულების თანახმად, კომისია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მუდმივმოქმედ დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენს. კომისია ვალდებულია, საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ. იგი არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ ექვემდებარება. კომისია სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, მისი შემოსავლის წყარო ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირების და ლიცენზიის მფლობელი ორგანიზაციების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურია.

ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი დამოუკიდებელი კომისიის შექმნის წინაპირობა გახდა პარლამენტის მიერ 1999 წლის 23 ივლისს მიღებული საქართველოს კანონი კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ.  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შექმნამ კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის სრულიად ახლებური ორგანიზაციულ-სამართლებრივი და ეკონომიკური საფუძვლები დაადგინა. კანონის მიხედვით გამიჯნულია მთავრობის, როგორც დარგში პოლიტიკის დამდგენი ორგანოს, და კომისიის, როგორც მარეგულირებელი ორგანოს, ფუნქციები.

კომისიის ძირითად მიზნებს და ამოცანებს წარმოადგენს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიც არის:

-     ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის  სფეროში მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა;
-     თანასწორუფლებიანი და სამართლიანი კონკურენტული გარემოს შექმნა;
-     თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვა და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა;
-     მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა.

 

კომისია უფლებამოსილია, გამოაცხადოს კონკურსი და აუქციონი რადიომაუწყებლობის, ტელემაუწყებლობის, ნუმერაციის და სიხშირული რესურსებით სარგებლობის  გამოყენების ლიცენზიის მისაღებად. ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის  სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია და ლიცენზიების გაცემა, შეჩერება, გაუქმება და  ვადის გაგრძელება მხოლოდ კომისიის პრეროგატივაა.  კომისია ასევე ვალდებულია, განახორციელოს მონიტორინგი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, გაცემული ლიცენზიების პირობების შესრულებაზე და აწარმოოს ავტორიზებულ პირთა და ლიცენზიანტების უწყებრივი კომისიის მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა; ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისათვის განიხილოს ლიცენზიანტებს შორის წარმოქმნილი დავები, ასევე დავები მათსა და მომხმარებელსა შორის.

კომისიის ძირითად ფუნქციებს შორის არის საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობისა და მომსახურების მიწოდების, აგრეთვე ტელერადიოსამაუწყებლო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის ხელშეწყობა,  საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრა და ამ პრიორიტეტებთან ლიცენზიის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფციის შესაბამისობის დადგენა. მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის: „მაუწყებლობის შესახებ“„საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ“, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“ და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონების შესრულების და სალიცენზიო პირობების დაცვის მიზნით კომისია აწარმოებს ტელერადიომაუწყებლობის მონიტორინგს.

კომისიის კომპეტენციაში შედის რადიოსიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის  საშუალებების სერტიფიცირება, სტანდარტიზაცია, მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა და სხვა.

კომისია არეგულირებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ურთიერთჩართვის ტექნიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ საკითხებს, რომლის ძირითადი მიზანი მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ნებისმიერი ოპერატორის მომსახურების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფაა.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს განვითარების, მართვის და რეგულირების ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სისტემებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა წარმოადგენს. გასული წლების განმავლობაში კომისია აქტიურად იყო ჩაბმული მსოფლიო ბანკის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) და ევროპის საბჭოს (CoE) მიერ სხვადასხვა დროს ორგანიზებულ საკონსულტაციო თუ დარგის განვითარების ხელშემწყობ პროექტებში.  

2001 წლიდან კომისია ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) ასოცირებული წევრია. 2007 წლიდან ინსტიტუტის საპროცედურო წესებში შეტანილი  ცვლილებების თანახმად, საქართველო ETSI-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა.  2005 წლის თებერვალში საქართველო მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის სამთავრობო-საკონსულტაციო კომიტეტის (ICANN GAC) მე-100 სამთავრობო წევრი გახდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ინტერესებს ზემოაღნიშნულ კომიტეტში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებასთან (ITU) და ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტთან (ETSI).

2007 წლიდან საქართველო გახდა საფოსტო და სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციების ევროპული კონფერენციის (CEPT) სრულუფლებიანი წევრი. ადმინისტრაციას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტრო, მაგრამ კომისია, როგორც მარეგულირებელი ორგანო, მჭიდროდ თანამშრომლობს CEPT-თან.

 

კომისიის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობის პრინციპია საზოგადოებასთან ღია, საჯარო და გამჭვირვალე ურთიერთობა. კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის.