Facebook   Twitter   Youtube   Myvideo   Mail  App Store  

სამართლებრივი აქტები კომისია გადაწყვეტილებები

N 405 / 18 - 08 ივნისი, 2012
რიგი ავტორიზებული პირების სანქცირების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (N10/556-12, 15.05.2012   და N10/582-12 22.05.12 ), რომლებშიც აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის  04 მაისის  მდგომარეობით:

1. მიუხედავად კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხებისა, რეგულირების საფასურის გაანაგარიშებები  არ წარმოუდგენით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ  შემდეგ  კომპანიებს,  კერძოდ:

ა) ინდ. მეწარმე „მამუკა კალანდარიშვილის“ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2012 წლის მარტის  თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება.

ბ) შპს „მაქსნეტის“ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2012 წლის მარტის  თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება.

გ) შპს „FlyNet“- ს მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2012 წლის მარტის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება.

დ) შპს „თელნეტის“ მიერ კომისიაში  არ არის წარმოდგენილი 2012 წლის მარტის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება.

ე) შპს „მაქსტელკომის“ მიერ  კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2012 წლის მარტის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება.

ვ) შპს „გაერთიანებული სატელეკომინიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიის“ მიერ კომისიაში  არ არის წარმოდგენილი  2012 წლის იანვარის, თებერვალის, მარტის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები.

ზ) ინდ.მეწარმე რაფაელ  რაფაელიან „ROCK-TELEVES GEORGIA“ - ს მიერ კომისიაში  არ არის წარმოდგენილი  2012 წლის იანვარის, თებერვალის, მარტის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები.

 თ) შპს „ნადინეტის“ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2012 წლის მარტის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება და არც გადახდა განხორციელებულა ამ პერიოდში.

2. რეგულირების საფასურის გაანგარიშებები   კომისიაში  არ წარმოუდგენიათ და არც თანხები    ჩაურიცხავთ  ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ შემდეგ   კომპანიებს,  კერძოდ:

ა) შპს „მაქსტელკომ +“ -ის მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2012 წლის მარტის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება და არც გადახდა  განხორციელებულა ამ პერიოდში.

ბ) შპს „Voxbone“- ის მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი 2012 წლის იანვარის, თებერვალის, მარტის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და არც გადახდები განხორციელებულა ამ პერიოდში.

გ) ინდ.მეწარმე „ვახტანგ ჩიგოგიძეს“ მიერ კომისიაში არ არის წარმოდგენილი თებერვლისა და მარტის თვეების რეგულირების საფასრურის გაანგარიშებები და არც გადახდები განხრციელებულა ამ პერიოდში.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების  (N10/556-12, 15.05.2012  და N10/582-12, 22.05.2012)  საფუძველზე, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012  წლის 24 მაისს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული ავტორიზებული პირების   სანქცირების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, შეტყობინებებით ეცნობათ ავტორიზებულ    პირებს და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ ასევე განემარტათ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 08 ივნისის სხდომაზე.  სხდომას ესწრებოდნენ: შპს „FlyNet“-ის, ინდ.მეწარმე “ვახტანგ ჩიგოგიძეს“, შპს „მაქსტელკომის“, შპს „მაქსნეტის“, შპს „მაქსტელკომ+“-ის, შპს „ნადინეტის“, შპს „თელნეტის“ წარმომადგენლები.

კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულან შპს „Voxbone“-ის, ინდ.მეწარმე “მამუკა კალანდარიშვილის“, შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიის“, ინდ.მეწარმე რაფაელ რაფაელიან „ROCK-TELEVES GEORGIA“-ას წარმომადგენლები, რომლებსაც როგორც შპს “სმარტექსიდან“ მიღებული ინფორმაციით დასტურდება, ჩაბარდათ კომისიის მიერ 2012 წლის 24 მაისს გაგზავნილი შეტყობინებები (24.05.2012, N03/1240-12,  N03/1243-12, N03/1245-12, N03/1244-12 ); კერძოდ, შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიის“ წარმომადგენელმა პირადად ჩაიბარა შეტყობინება 2012 წლის 31 მაისს, ინდ.მეწარმე „მამუკა კალანდარიშვილმა“ შეტყობინება პირადად ჩაიბარა 2012 წლის 30 მაისს, ინდ.მეწარმე რაფაელ რაფაელიან „ROCK-TELEVES GEOGIA”-ის დირექტორმა პირადად ჩაიბარა შეტყობინება 2012 წლის 30 მაისს, ხოლო,  შპს „Voxbone“-ს გაეგზავნა შეტყობინება ელექტრონული ფოსტით 2012 წლის 24 მაისს, ასევე ფაქსით 2012 წლის 24 მაისს და მიღების დასტური წარმოდგენილია კომისიაში. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები, სადაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „Voxbone“-ის, ინდ.მეწარმე “მამუკა კალანდარიშვილის“, შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიის“, ინდ.მეწარმე რაფაელ რაფაელიან „ROCK-TELEVES GEORGIA“-ს წარმომადგენლების დაუსწრებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი მასალებისა და კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის ახსნა-განმარტებების შესაბამისად დადგინდა, რომ: ინდ.მეწარმე „მამუკა კალანდარიშვილის“, შპს „მაქსნეტის“, შპს „მაქსტელკომის“, შპს „მაქსტელკომ+“-ის მიერ 2012 წლის მარტის თვის და შპს „Voxbone“-ის მიერ 2012 წლის იანვარის, თებერვლის, მარტის თვეების  რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენისას დაშვებულ იქნა პროგრამული, ტექნიკური  შეცდომა, კერძოდ წარმოდგენილ გაანგარიშებები შეცდომით იყო პროგრამულად ასახული, რამაც გამოიწვია გაუგებრობა და რაც დაზუსტებულ იქნა  შპს „მაქსნეტის“, შპს „მაქსტელკომის“, შპს „მაქსტელკომ+“-ის  წარმომადგენლების მიერ კომისიის სხდომაზე, ხოლო, რაც შეეხება შპს „ნადინეტის“  2012 წლის იანვრის თვის  რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოდგენას, ტექნიკური უზუსტობა დაშვებულ იქნა თავად კომისიის აპარატში, ბეჭდური ფორმით შპს „ნადინეტის“ მიერ წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშება სხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილ სხვა შინაარსის დოკუმენტაციასთან ერთად გადაეცა არა შესაბამის დეპარტამენტს. საფინანსო დეპარტამენტის მიერ  გაანგარიშების ფორმაზე არსებული ბეჭდის მიხედვით  (კომპანიის დასახელება გაანგარიშებაში არ იყო მითითებული, რამაც გამოიწვია ამ დოკუმენტის არადანიშნულებისამებრ სხვა დეპარტამენტში მიმართვა) მოხდა შპს „ნადინეტის“ მიერ წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების (იანვრის თვის) იდენტიფიცირება; შპს „მაქსტელკომ+“-სა და შპს „Voxebone“-ს მიერ წარმოდგენილია რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები, შესაბამისად მათ გადახდის ვალდებულება არ აქვთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს  სანქცირებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებები შპს „ნადინეტის“, შპს „მაქსნეტის“, შპს „მაქსტელკომის“, შპს „მაქსტელკომ+“-ის, შპს „Voxbone“-ის და ინდ. მეწარმე “მამუკა კალანდარიშვილის“  მიმართ  დარღვევის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო.

კომისია აღნიშავს, რომ:

1.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური; ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

 2. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების  წარმოდგენისა და გადახდის წესი, რომლის შესაბამისადაც   ავტორიზებული პირები და სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული  ფორმით  წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

კომისიამ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის საფუძველზე დაადგინა, რომ  ავტორიზებული პირების:  შპს „თელნეტის“, შპს „FlyNet“-ის,  შპს „გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიიის“, ინდ.მეწარმე რაფაელ რაფაელიან „ROCK-TELEVES GEORGIA“-ს,  ინდ.მეწარმე „ვახატანგ ჩიგოგიძის“  მიერ ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევას; აღნიშნული კი წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, „ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის  შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „FlyNet“-ის მიერ 2012 წლის 04 ივნისს წარმოდგენილია 2012 წლის მარტის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშება, ხოლო ინდ.მეწარმე „ვახტანგ ჩიგოგიძის“ მიერ კომისიაში 2012 წლის 04 ივნისს წარმოდგენილია 2012 წლის თებერვალ-მარტის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და ასევე, ჩარიცხულია შესაბამისი თანხები;  რაც შეეხება შპს “თელნეტს“,  შპს „გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიას“, ინდ.მეწარმე რაფაელ რაფაელიან „ROCK-TELEVES GEROGIA“-ას, მათ მიერ დღემდე არაა წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები კომისიაში. ვინაიდან ზემოაღნიშნული ხუთი კომპანიიდან   ბოლო ერთი წლის განმავლობაში არც ერთი არ ყოფილა სანქცირებული, შესაბამისად, მათ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფთხილება, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტისა და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო. ამასთან, შპს „თელნეტს“, შპს „გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიას“, ინდ.მეწარმე რაფაელ რაფაელიან „ROCK-TELEVES GEROGIA“-ას უნდა განესაზღვროთ ვადა დარღვევის ნებაყოფლობით აღმოსაფხვრელად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)  ქვეპუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების, ასევე, „რეგულურების საფასურის განხაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.       შეწყდეს ადმისტრაციული წარმოება ინდ.მეწარმე „მამუკა კალანდარიშვილის“, შპს „მაქსნეტის“, შპს „მაქსტელკომის“, შპს „მაქსტელკომ+“-ის, შპს „ნადინეტის, შპს „Voxbone“-ის მიმართ, მათი მხრიდან დარღვევის ჩადენის ფაქტის დაუდასტურებლობის გამო;

2.       მიეცეს გაფთხილება შპს „FlyNet“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;

3.       მიეცეს გაფთხილება შპს „თელნეტს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;

4.       უზრუნველყოს შპს „თელნეტმა“ 2012 წლის მარტის თვის რეგულირების საფასურის გაანგარიშების კომისიაში წარმოდგენა 3 სამუშაო დღის ვადაში;

5.       მიეცეს გაფთხილება შპს „გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიას“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;

6.       უზრუნველყოს შპს „გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო და სადისტრიბუციო კომპანიამ“ 2012 წლის იანვარის, თებერვალის, მარტის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა 3 სამუშაო დღის ვადაში;

7.       მიეცეს გაფთხილება ინდ.მეწარმე რაფაელ რაფაელიანს „ROCK-TELEVES GEORGIA“-ს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;

8.       უზრუნველყოს ინდ.მეწარმე რაფაელ რაფაელიან „ROCK-TELEVES GEORGIA“-ამ 2012 წლის იანვარის, თებერვალის, მარტის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა 3 სამუშაო დღის ვადაში;

9.       მიეცეს გაფთხილება ინდ.მეწარმე „ვახტანგ ჩიგოგიძეს“  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ)  ქვეპუნქტების და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების დარღვევის გამო;

10.    დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ნიჟარაძეს) ავტორიზებული პირების სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

11.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; N6) ერთი თვის ვადაში;

12.    გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ზემოაღნიშნული ავტორიზებული  პირებისთვის ჩაბარების დღიდან;

13.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4, მე-6, მე-8  პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძეს);

14.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4, მე-6, მე-8 პუნქტებისა), დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის წევრები                                                                   ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                        კ.კვიტაიშვილი

                                                                                                        ი.მოსეშვილი



დამატებულია: 15 ივნისი, 2012 00:00