Facebook   Twitter   Youtube   Myvideo   Mail  App Store  

სამართლებრივი აქტები კომისია გადაწყვეტილებები

N 134 / 23 - 18 მარტი, 2011
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სტუდია მონიტორის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და აღნიშნული საჩივრის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით (07.03.2011 N6/902-11) მიმართა არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა „სტუდია მონიტორმა“ (შემდგომში „სტუდია მონიტორი“) შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე.

კომისიაში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ „სტურია მონიტორი“ აგრძელებს მონიტორინგს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეიმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით და განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ იქნა რიგი დარღვევები, კერძოდ აღნიშნული კომპანიების მიერ საინფორმაციო გამოშვებებსა და საბავშვო გადაცემებში განთავსებული რეკლამის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.

„სტუდია მონიტორის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებას თანდართული აქვს დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული ვიდეო მტკიცებულებები (4 DVD დისკი).

მ ო თ ხ ო ვ ნ ა:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“ დაეკისროს ჯარიმა შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.

კომისია აღნიშნავს, რომ საჩივრის განსახილველად მიღების საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2011 წლის 18 მარტის სხდომაზე. სხდომის გამართვის შესახებ შეტყობინებებით (10.03.2011 N03/459-11; 10.03.2011 N03/461-11; 10.03.2011 N03/460-11) ეცნობათ დაინტერესებულ პირებს („სტუდია მონიტორს“, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“)  და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. საკითხის განხილვას ესწრებოდნენ „სტუდია მონიტორის“ წარმომადგენლები ნინო ზურიაშვილი, გივი მგელაძე, თამარ კორძაია, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი და შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელი ლელა ჭანტურია.

შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს წარმომადგენელმა კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით. წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალები შპს „რუსთავი 2“-ს იურიდიულ განყოფილებას ჩაბარდა 2011 წლის 15 მარტს და შესაბამისად, ვერ მოესწრო საჩივრისა და თანდართული მასალების შინაარსის შესწავლა და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მოსაზრებების წარმოდგენა. 

შპს „ტელეიმედის“ წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს წარმომადგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას და ამასთან აღნიშნა, რომ  „სტუდია მონიტორს“ უარი უნდა ეთქვას საჩივრის წარმოებაში მიღებასა და ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების წინაპირობაა დაინტერესებული პირის განცხადება, ხოლო „სტუდია მონიტორი“ არ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს ამ შემთხვევაში.

 „სტუდია მონიტორის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „სტუდია მონიტორი“ უფლებამოსილია როგორც მომხმარებელმა მიმართოს კომისიას მაუწყებლის მიერ პირის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის თაობაზე, გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლიდან და საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს. საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩია, რომ „სტუდია მონიტორის“ მიერ წარმოდგენილი საჩივრის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში და მიზანშეწონილია ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „სტურდია მონიტორის“ საჩივრის განხილვის მიზნით, ვინაიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიამ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლითაც, რომლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია თანაბრად აღიარებს ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებს.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ იმსჯელა შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს წარმომადგენლის მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით სხდომის გადადების თაობაზე და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა არ  უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან 2011 წლის 18 მარტის სხდომაზე განიხილება საკითხი ააიპ „სტუდია მონიტორის“ საჩივრის განსახილველად მიღებისა და განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ საკითხის განხილვა მიმდინარეობს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 110-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდება მხოლოდ ზეპირი მოსმენის ჩატარების შემდგომ და ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა საშუალება ზეპირი მოსმენის სხდომაზე დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და არგუმენტაცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, 70-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ) ქვეპუნქტის და VIII თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. არ დაკმაყოფილდეს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე უსაფუძვლობის გამო;

2. დაიწყოს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება „სტუდია მონიტორის“ საჩივრის (07.03.2011 N6/902-11) განხილვის მიზნით;

3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2011 წლის 26 აპრილს, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

4. დაევალოს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“,  „სტუდია მონიტორის“ მიერ განცხადებაში  მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებისა და შესაბამისი სანდო და უტყუარი მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა 2011 წლის 19 აპრილამდე.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების  დაინტერესებული მხარეებისთვის გაგზავნა(ნ.ჯავახიძე);

6. გადაწყვეტილება (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) 1 თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

8. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                               

 ს.ბრიტანჩუკი                                                                                                         

კ.კვიტაიშვილი

ა.სიხარულიძე

ი.მოსეშვილი



დამატებულია: 24 მარტი, 2011 00:00