Facebook   Twitter   Youtube   Myvideo   Mail  App Store  

სამართლებრივი აქტები კომისია გადაწყვეტილებები

N 148 / 18 - 25 მარტი, 2011
ააიპ ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრისათვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2011 წლის 11 მარტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 11 მარტის №10/164-11 სამსახურებრივი ბარათი და ამავე სამსახურში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა  (გ. რატიშვილი, ი. მახარაძე) მიერ 2011 წლის პირველ მარტს ააიპ ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის”  მიმართ შედგენილი შემოწმების აქტი №16, რომელთა თანახმად, ირკვევა, რომ ააიპ ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი” სამაუწყებლო არხებს გადასცემდა არამართლზომიერად, ამ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების მოპოვების გარეშე.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (11.03.2011, №10/164-11) საფუძველზე,  ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის 14 მარტს,  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ააიპ ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის” სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 25 მარტს. აღნიშნულის თაობაზე ააიპ ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრს” ეცნობა შეტყობინებით, რომელიც მას გაეგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

2011 წლის 25 მარტის კომისიის სხდომაზე გამოცხადდა ააიპ ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის” თავმჯდომარე მამუკა მონავარდისაშვილი, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი და წარმოადგინა სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელთან”, შპს ,,სტუდია მაესტროსა” და შპს ,,რეალტივი საქართველოსთან” გაფორმებული რეტრანსლირების უფლების მიმნიჭებელი ხელშეკრულებების ასლები, ასევე შპს ,,ტელეკომპანია მზის”, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2”-ის, შპს ,,ქეი1”-ის (კომპანია, რომელიც ახორციელებს სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” მესამე არხის - ,,პირველი საინფორმაციო კავკასიურის” მართვას) და ტელეკომპანია ,,კავკასიის” ნებართვის წერილები მათი არხების ააიპ ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის” მიერ თავის ვებ გვერდზე www.myvideo.ge-ზე რეტრანსლირების თაობაზე.

კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.   კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის პირველი მარტის №16 შემოწმების აქტი, რომელიც შედგენილია ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

2.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 11 მარტის №10/164-11  სამსახურებრივი ბარათი;

3.  ხელშეკრულება პილოტური პროდუქტის შესახებ, გაფორმებული 2011 წლის 7 იანვარს სს ,,ჯი ენ ენ”-ს, ,,ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდსა” და ააიპ ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრს” შორის;

4.  ააიპ ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის” კუთვნილი პორტალის www.myvideo.ge-ს შემოწმების  ჩანაწერი CD-ზე;

5.  კომისიაში დაცული ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები;

6.  კომისიის 2011 წლის პირველი მარტის წერილი, რომლის თანახმადაც კომისიამ ააიპ ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრს” დაავალა, წერილის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, კომისიაში სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების ნოტარიულად დამოწმებული ასლების წარმოდგენა;

7.  ააიპ ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის” 2011 წლის 9 მარტის წერილი, რომლის თანახმად, იგი აცნობებს კომისიას, რომ წარმოადგინა ხელშეკრულებათა ნაწილი, ხოლო რიგ სატელევიზიო არხებთან ხელშეკრულებები გაფორმების ეტაპზეა და ითხოვს დამატებით 1 კვირიან ვადას ხელშეკრულებათა წარმოსადგენად;

8.  კომისიის სხდომაზე ააიპ ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის” თავმჯდომარის  მამუკა მონავარდისაშვილის ახსნა განმარტება;

9. სსიპ ,,საზოგადოებრივ მაუწყებელთან” 2011 წლის 22 მარტს, შპს ,,სტუდია მაესტროსთან”  2011 წლის 22 მარტს და შპს ,,რეალტივი საქართველოსთან” 2009 წლის 12 ნოემბერს გაფორმებული რეტრანსლირების უფლების მიმნიჭებელი ხელშეკრულებების ასლები;

10.  შპს ,,ტელეკომპანია მზის” 2011 წლის 7 მარტის, , სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2”-ის 2011 წლის 22 მარტის, შპს ,,ქეი1”-ის (კომპანია, რომელიც ახორციელებს სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” მესამე არხის - ,,პირველი საინფორმაციო კავკასიურის” მართვას) 2011 წლის 6 მარტის და ტელეკომპანია ,,კავკასიის” 2011 წლის 18 მარტის ნებართვის წერილების ასლები მათი არხების ააიპ ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის” მიერ თავის ვებ გვერდზე www.myvideo.ge-ზე რეტრანსლირების თაობაზე.

კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.   ააიპ ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი 2010 წლის პირველი ნოემბერი, ავტორიზებული საქმიანობის სახე - ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება), რომელიც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, უნდა ახორციელებდეს მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემას და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით;

2.    ვიდეო პორტალი - www.myvideo.ge ეკუთვნის ააიპ ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრს”, რაც დასტურდება 2011 წლის 7 იანვრის  პილოტური პროდუქტის შესახებ ხელშეკრულების 1.2. და 2.2 მუხლებით, სადაც ააიპ ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი” ადასტურებს, რომ მის მიერ, მის ვებ-გვერდ www.myvideo.ge-ზე განთავსებულ აუდიო-ვიზუალურ ნაწარმოებთა ბაზის გამოყენებით, გასართობი გადაცემის შექმნა ეფუძნება მონაცემთა ბაზის მფლობელთა მიერ გაცემულ შესაბამის ნებართვას, რომელთა უფლებები თავისმხრივ დეპონირებულია საქპატენტში.

3.    2011 წლის პირველ მარტს, 16:30 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ქ. წამებული გამზ/ბოჭორმის ქ. №50/18, კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის გ. რატიშვილის მიერ, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის ი. მახარაძის მონაწილეობით განხორციელდა ააიპ ,,საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის” მიერ, მის კუთვნილ ვიდეო პორტალზე www.myvideo.ge-ზე, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №16.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ: კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ. რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ი. მახარაძე;

4.   ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი” მისი კუთვნილ ვიდეო პორტალით - www.myvideo.ge, ავრცელებს შემდეგ სამაუწყებლო არხებს: „საზოგადოებრივი მაუწყებელი”, „რუსთავი 2”, „ტელეიმედი”, „აჭარის ტელევიზია”, „პირველი საინფორმაციო კავკასიური” (ПИК), „მზე”, „რეალტივი საქართველო”, „თრიალეთი”, „კავკასია”, „მაესტრო”, „ენკი-ბენკი”, „1 stereo”, „გურჯაანი”,  „ТНТ”, „National Geographic”, „Русская Ночь”;

5.    შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება 2011 წლის პირველი მარტის №16 შემოწმების აქტით, აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით (CD), შემოწმების ჩამტარებელი პირების (გ. რატიშვილი, ი. მახარაძე)  ხელმოწერით;

6.   კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის 2011 წლის პირველი მარტის №16 შემოწმების აქტი შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;

7.    ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრს” წარმოების დაწყების დღისათვის კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სატელევიზიო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებელი”,  „რუსთავი 2”,  „ტელეიმედი”, „პირველი საინფორმაციო კავკასიური” (ПИК), „მზე” , „რეალტივი საქართველო”, „კავკასია”, „მაესტრო”,  „1 stereo”, „ТНТ”, „National Geographic”, „Русская Ночь”, საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები;

8.   ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრს” 2011 წლის 25 მარტის კომისიის სხდომის დღისათვის რეტრანსლირების უფლება შეძენილი აქვს შემდეგ სატელევიზიო არხებზე: „საზოგადოებრივი მაუწყებელი”, „მაესტრო”  „რუსთავი 2”,  „პირველი საინფორმაციო კავკასიური” (ПИК), „მზე” , „კავკასია”;

9.   შპს ,,რეალტივი საქართველოსთან” 2009 წლის 12 ნოემბერს გაფორმებულ ,,სატელევიზიო არხის ინტერნეტის ქსელში ტრანსლაციის შესახებ” ხელშეკრულებას, რომელიც ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრმა” წარმოადგინა  2011 წლის 25 მარტის კომისიის სხდომაზე, ამოწურული აქვს მოქმედების ვადა 2010 წლის 15 ნოემბრიდან;

10 ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

კომისიის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები:

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

2.    „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის № 879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

3.   „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება). „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

4.   „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე კანონის 58-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისათვის;

5.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;   

6.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

7.   „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან; 

8.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს  ჯარიმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებელი”,  „რუსთავი 2”,  „ტელეიმედი”,  „პირველი საინფორმაციო კავკასიური” (ПИК), „მზე” , „რეალტივი საქართველო”, „კავკასია”, „მაესტრო”, „1 stereo”, „ТНТ”, „National Geographic”, „Русская Ночь”, შესაბამისი ხელშეკრულებების  გარეშე უცველელი სახით გადაცემით, ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის” მიერ დაირღვა  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი, ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ”ქვეპუნქტი.

ვინაიდან, ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრს” ამავდროულად უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „ტელეიმედი”,  „რეალტივი საქართველო”, „1 stereo”, „ТНТ”, „National Geographic”, „Русская Ночь”  არამართლზომიერი გადაცემა.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე გამოკვლეულ იქნა ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის” მიერ საკუთარი ვიდეო პორტალის მეშვეობით გადაცემული სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებაზე გაფორმებული ხელშეკრულებების არსებობისა და კომისიაში წარმოდგენის ფაქტი. ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის” მიერ, კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსლირების შესახებ, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებების ასლების კომისიაში წარმოდგენამდე, კომისიას არ უმსჯელია, ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის” მიერ სხვა სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებების ნამდვილობასა და კანონიერებაზე, კერძოდ, არ გამოუკვლევია, სამაუწყებლო არხების დისტრიბუტორი კომპანიების მიერ, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლების გადაცემა ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრისათვის” მართლზომიერად განხორციელდა თუ არა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ” ქვეპუნქტის, მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის „ბ” ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  ისმო-ს „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრს”  მიეცეს გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის,  ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის  დარღვევის გამო;

2.  ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრმა” უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „ტელეიმედი”,  „რეალტივი საქართველო”, „1 stereo”, „ТНТ”, „National Geographic”, „Русская Ночь”   არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრისათვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრისათვის”  ჩაბარების დღიდან;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 პუნქტის გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                              ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                            ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                                           კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                           ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                           ი. მოსეშვილი



დამატებულია: 31 მარტი, 2011 00:00