სს „აი თი დი სისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 374 / 18

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2018 17:50

მიღების თარიღი ივნისი 28, 2018

სს „აი თი დი სისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/2981-18, 21.06.2018) თანახმად, კომისიაში შემოვიდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2900-18, 18.06.2018), რომლის თანახმადაც სს „აი თი დი სი“ არღვევს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უფლებებს, რომელსაც გააჩნია 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ჩვენების ექსკლუზიური უფლება. სამსახურებრივი ბარათის თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ კომისიის 2018 წლის 19 ივნისის წერილით N03/2032-18 სს „აი თი დი სის“ ეცნობა, რომ კომისიაში შემოსულია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2900-18, 18.06.2018), რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვს შეწყდეს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანზიტი პლატფორმა myvideo.ge საშუალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე სს „აი თი დი სის“  ეთხოვა ზემოაღნიშნულის გათვალისწინება თავის საქმიანობაში.

2018 წლის 21 ივნისს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების   დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ  განხორციელდა სს „აი თი დი სის“ საკუთრებაში არსებული პორტალის myvideo.ge-ს შემოწმება (შემოწმების აქტი N46), რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ პორტალზე კვლავ ხდება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანზიტი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სს „აი თი დი სის“ მიერ ხდება შესაბამისი უფლებების გარეშე კონტენტის ტრანზიტი.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილში (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2900-18, 18.06.2018) აღნიშნულია, რომ მაუწყებელი ფლობს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების/რეპორტაჟების (რომელიც გაიმართება 2018 წლის 14 ივნისიდან 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების, ასევე ინტერნეტ პლათფორმაზე და მობილური აპლიკაციების საშუალებით ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას, რის დასადასტურებლად კომისიაში წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია (ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) 2018 წლის 1 ივნისის წერილის ასლი).

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წლის 4 ივნისს წერილობით მიმართეს კომისიას ზემოაღნიშნული მატჩების/რეპორტაჟების რეტრანსლაციის აკრძალვის მიზნით, ასევე მიმართეს კომპანიებს, მათ შორის, სს „აი თი დი სის“, რომელიც ფლობს ვებგვერდს myvideo.ge-ს (კომისიაში წარმოდგენილია სს „აი თი დი სისთვის“ გაგზავნილი 2018 წლის 4 ივნისის წერილის ასლი). სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საკითხის შესახებ ზემოაღნიშნული კომპანიის წარმომადგენელთან ქონდათ არაერთი პირადი სატელეფონო კომუნიკაცია.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილში (Nშ-6/2900-18, 18.06.2018) აღნიშნულია, რომ 2018 წლის 14 ივნისს, კომპანია სს „აი თი დი სიმ“ თავის ვებგვერდზე myvideo.ge განახორციელა რუსეთისა და საუდის არაბეთის ეროვნულ ნაკრებს შორის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის ტრანსლაცია და ამავე დროს, ტრანსლაციის ფარგლებში განათავსა რეკლამა, რისი უფლებებიც, FIFA-ს რეგულაციების მიხედვით, კომპანიას არ გააჩნდა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლება მინიჭებული აქვს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მას ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სს „აი თი დი სიმ“ არ გაითვალისწინა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მოთხოვნა, „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ უცნობია, უზრუნველყო თუ არა კომპანიამ მატჩების ტრანსლაციის ტერიტორიული შეზღუდვა (ე.წ. „geoblocking“). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ითხოვს კომისიამ მიიღოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 2018 წლის 4 ივნისის წერილით მიმართა სს „აი თი დი სის“ და აცნობა, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი, ფლობს ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების/რეპორტაჟების (რომელიც გაიმართება 2018 წლის 14 ივნისიდან 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების, ასევე, ინტერნეტ პლატფორმაზე და მობილური აპლიკაციების საშუალებით ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას. გამომდინარე აქედან, სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სთხოვა სს „აი თი დი სის“ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ აწარმოოს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების/რეპორტაჟების რეტრანსლაცია, ხოლო ასეთი რეტრანსლაციის შემთხვევაში ითხოვა სს „სი თი დი სიმ“ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ წარუდგინოს აღნიშნული უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

კომისიის 2018 წლის 19 ივნისის წერილით N03/2032-18 სს „აი თი დი სის“ ეცნობა, რომ კომისიაში შემოსულია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2900-18, 18.06.2018), რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვს შეწყდეს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანზიტი პლატფორმა myvideo.ge საშუალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე სს „აი თი დი სის“  ეთხოვა ზემოაღნიშნულის გათვალისწინება მომდევნო საქმიანობაში და გაფრთხილდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია მიმართავდა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-10/2981-18, 21.06.2018) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება სს „აი თი დი სისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2018 წლის 28 ივნისი. ზემოაღნიშნულის თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა სს „აი თი დი სის“ და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. კომისიის შეტყობინება (N03/2087-18; 25.06.2018) კომპანიას  ჩაბარდა 2018 წლის 26 ივნისს. კომისიის სხდომაზე ასევე მოწვეულ იქნა სსიპ „საგოზადოებრივი მაუწყებელი“, რომელსაც კომისიის შეტყობინება (N03/2088-18, 25.06.2018) ჩაბარდა 2018 წლის 26 ივნისს.

კომისიის 2018 წლის 28 ივნისის სხდომაზე გამოცხადნენ სს „აი თი დი სის“ წარმომადგენლები  შალვა ცხაკაია და ირაკლი გაფრინდაშვილი. სხდომას ასევე ესწრებოდნენ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლები დიმიტრი ბერძენიშვილი, წარმოების და ტექნიკური უზრუნველყოფის დირექტორი გიორგი ქუმსიაშვილი და  ონლაინ მედიის სამსახურის უფროსი თამარ კაციტაძე.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა დ.ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ  „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ გააჩნია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლება როგორც სატელევიზიო, ასევე ინტერნეტ პლატფორმაზე და მობილური აპლიკაციების საშუალებით. აღნიშნულის შესახებ მაუწყებელმა წერილობით აცნობა როგორც მხარეს, ისე ვებ-გვერდების მფლობელ სხვა კომპანიებს და მოითხოვა მაუწყებლის ექსკლუზიური უფლებების დაცვა. პლატფორმა myvideo.ge-სთან იყო რამდენიმე სატელეფონო კომუნიკაცია, თუმცა მხარემ არ გაითვალისწინა მაუწყებლის მოთხოვნები. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მატჩების ტრანსლაცია ხორციელდება უნებართვოდ, გარდა ამისა, ტრანსლაციის ფარგლებში სს „აი თი დი სიმ“ განათავსა რეკლამა, რის უფლებებიც, FIFA-ს რეგულაციების მიხედვით, კომპანიას არ გააჩნდა. დ.ბერძენიშვილის განმარტებით, მაუწყებელს არ ჰქონდა ინფორმაცია, ე.წ. „geoblocking“ იყო თუ არა უზრუნველყოფილი, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით მხარისგან არ ყოფილა წარმოდგენილი არც განმარტება, არც დამატებითი დოკუმენტაცია. აქედან გამომდინარე, მაუწყებელმა მიმართა კომისიას მაუწყებლის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ონლაინ მედიის სამსახურის უფროსმა თ.კაციტაძემ აღნიშნა, რომ  მაუწყებელი არ აწვდის სიგნალს სს „აი თი დი სი“-ს. ხოლო, სატელიტზე გასული სიგნალი ე.წ. „geoblocking“-ით იბლოკება. თ.კაციტაძის ინფორმაციით, სს „აი თი დი სი“-ს აქვს დაბლოკვის შესაძლებლობა საქართველოშიც და უცხოეთშიც და ამას „დაცული სტრიმი“ ეწოდება. სს „აი თი დი სის“ მიერ უცხოეთში მთლიანად არხი არის დაბლოკილი ფეხბურთის ტრანსლაციის დროს.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმოების და ტექნიკური უზრუნველყოფის დირექტორმა გ.ქუმსიაშვილმა, აღნიშნა, რომ  ფეხბურთის მატჩის დროს ირთვება კოდირება ყველა სატელიტურ პლატფორმაზე, რომელიც გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ. მიწისზედა მიწოდებისას არ ირთვება კოდირება, ვინაიდან ისედაც შემოფარგლულია გეოგრაფიულად. გ.ქუმსიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მაუწყებლის ვებგვერდიდან ირთვება ბლოკირება.

სს „აი თი დი სის“ წარმომადგენელმა ი.გაფრინდაშვილმა აღნიშნა,  რომ მიიღეს მაუწყებლის წერილი, რომლითაც იგი ითხოვდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის რეტრანსლაცის გაუქმებას. ი.გაფრინდაშვილმა განმარტა, რომ ვინაიდან, სს „აი თი დი სი“ არის ტრანზიტორი ოპერატორი, იგი უცვლელი სახით, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა მაუწყებლის, მათ შორის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ტრანზიტს, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. აღნიშნულის შესახებ ეცნობა მაუწყებელს და განემარტა, რომ სს „აი თი დი სი“ ახორციელებს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტს, რაზეც არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება. რაც შეეხება ე.წ. „geoblocking“, ი.გაფრინდაშვილის განმარტებით,  საქართველოს ფარგლებს გარეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტი პლატფორმა myvideo.ge-ს საშუალებით არ ხორციელდება ამ პერიოდში. ი.გაფრინდაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სიგნალის ტრანზიტის დროს არ ხდება სარეკლამო ჭრა. ფლეიერს აქვს პრეროლის ფუნქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ არხის ტრანზიტი დაწყებამდე მომხმარებლის მიერ ფლეიერის ჩართვის დროს ამოდის რეკლამა რის შემდგომ მას შეუძლია ნებისმიერი არხი, მათ შორის „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ი.გაფრინდაშვილის ინფორმაციით, მართლაც იყო მცდელობა სატელეფონო კომუნიკაციით გარკვეულიყო, იყო თუ არა მაუწყებლის მოთხოვნა მაუწყებლობის ტრანზიტის შეწყვეტა. ფეხბურთი მაუწყებელზე დღეში 3-ჯერ გადაიცემა და მისი აზრით, დღეში 3-ჯერ ვერ შეაჩერებდნენ მაუწყებლის ტრანზიტს. ი.გაფრინდაშვილმა დააზუსტა, რომ სს „აი თი დი სი“ არ ახორციელებს საფეხბურთო მატჩების რეტრანსლაციას, არამედ ახორციელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტრანზიტს.

ი.გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიის ტექნიკური სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია ღია საეთერო სიგნალს იჭერს, რომლის ტრანზიტსაც ახორციელებს.

 II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:

  1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების      დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№შ-10/2981-18, 21.06.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
  2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის შემოწმების აქტი N46;
  3. სს „აი თი დი სის“ შემოწმების ჩატარების დამადასტურებელი აუდიო-ვიზუალური ჩანაწერი - 1 (CD);
  4. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2900-18, 18.06.2018) თანდართული დოკუმენტაციით;
  5. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018 წლის 4 ივნისის წერილი გაგზავნილი სს „აი თი დი სისთვის“;
  6. კომისიის წერილი (N04/2032-18, 19.06.2018) გაგზავნილი სს „აი თი სი სისთვის“;
  7. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციაული) იურიდიული პირების რეესტრიდან სს „აი თი დი სის“ შესახებ;
  8. სს „აი თი დი სის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები მიცემული კომისიის 2018 წლის 28 ივნისის სხდომაზე;
  9. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები მიცემული კომისიის 2018 წლის 28 ივნისის სხდომაზე.

 III.კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

  1. სს „აი თი დი სი“ 2011 წლის 16 ივნისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand): გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand);
  2. სს „აი თი დი სის“ საქართველოს ტერიტორიაზე  სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;
  3. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2011 წლის 29 ნოემბრის სანებართვო წერილით სს „აი თი დი სის“ მინიჭებული ქონდა უფლება თავისი ვებგვერდის www.myvideo.ge-ს მეშვეობით განეხორციელებინა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეტრანსლაცია;
  4. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 2018 წლის 4 ივნისის წერილით მიმართა სს „აი თი დი სის“ და აცნობა, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი, ფლობს ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების/რეპორტაჟების (რომელიც გაიმართება 2018 წლის 14 ივნისიდან 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების, ასევე, ინტერნეტ პლატფორმაზე და მობილური აპლიკაციების საშუალებით ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“  სს „აი თი დი სის“ მოსთხოვა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ ეწარმოებინა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების/რეპორტაჟების რეტრანსლაცია;
  5. კომისიის 2018 წლის 19 ივნისის წერილით N03/2032-18 სს „აი თი დი სის“ ეცნობა, რომ კომისიაში შემოსულია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/2900-18, 18.06.2018), რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვს შეწყდეს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანზიტი პლატფორმა myvideo.ge საშუალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე სს „აი თი დი სის“  ეთხოვა ზემოაღნიშნულის გათვალისწინება თავის საქმიანობაში;
  6. 2018 წლის 21 ივნისს, 16:16 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფისში მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ი.მახარაძე, კ.ქორიძე) განხორციელდა სს „აი თი დი სის“ საკუთრებაში არსებული პორტალის myvideo.ge შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №46.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების დეპარტამენტის თანამშრომლები ი.მახარაძე და კ.ქორიძე; შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ სს „აი თი დი სის“ პორტალის myvideo.ge-ს მეშვეობით კვლავ ხორციელდება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანზიტი. კომისიისა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წერილობითი მოთხოვნების მიუხედავად სს „აი თი დი სის“ მიერ პორტალის myvideo.ge-ს მეშვეობით კვლავ ხორციელდება „საზოგადოებრივ მაუწყებლის“ უცვლელი სახით ტრანზიტი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ჩვენებით;
  7. სს „აი თი დი სი“ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებს არა „საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან“ მიღებული სიგნალის საფუძველზე, არამედ თავად იჭერს ღია საეთერო სიგნალს, რაც  დასტურდება სს „აი თი დი სისა“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლების განმარტებებით;
  8. შემოწმების შედეგების სისწორე დასტურდება როგორც 2018 წლის 21 ივნისის №46 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვალისწინებული  მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ამსახველი ვიდეო ჩანაწერით (CD);
  9. სს „აი თი დი სის“ ხელზე გადაეცა კომისიის 2013 წლის 14 იანვრის N04/80-13 წერილის ასლი (ჩაიბარა: სს „აი თი დი სის“ მენეჯერმა - თ. მონავარდისაშვილმა), რომელშიც განმარტებულია მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვალდებულებები. შესაბამისად, სს „აი თი დი სის“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ - ყოველთვიურად, სამაუწყებლო ბადის დართვით, მომდევნო 30 დღეზე; ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;
  10. სს „აი თი დი სი“ არამართლზომიერად ახორციელებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სიგნალის მოპოვებას. სს „აი თი დი სის“ როგორც 2018 წლის 21 ივნისის მდგომარეობით, ასევე  წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღისთვის, კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი მის მიერ გავრცელებული სატელევიზიო არხის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უცვლელი სახით (2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ჩვენების ჩათვლით) ტრანზიტის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;  
  11. სს „აი თი დი სის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

 IV.გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

  1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
  2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;
  3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
  4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
  5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
  6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის  №609 დადგენილებით),   ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან  მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;
  7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლისა და  „ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით.  შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;
  8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების”  აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
  9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;
  10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია; ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს; ამავე კანონის 51- მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58- მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
  11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
  12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
  13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;
  14. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო არხის (2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების ჩათვლით) უფლების დამადასტურებელი სანებართვო წერილის/ხელშეკრულების გარეშე, ტრანზიტით სს „აი თი დი სის“ მიერ დაირღვა  ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლი,  ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების მე-8 მუხლი, ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ვინაიდან, სს „აი თი დი სის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის ზემოაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

კომისია ვერ გაიზიარებს სს „აი თი დი სის“ პოზიციას იმის თაობაზე, რომ სს ,,აი თი დი სი“ საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ახორციელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემული მატჩების ტრანსლაციას, ვინაიდან ის არის მაუწყებლის ტრანზიტორი და საქართველოს ტერიტორიაზე ახდენს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეტრანსლირებას მაუწყებლის სახელითა და ლოგოთი და სამაუწყებლო არხის უცვლელი სახით ტრანზიტის უწყვეტობის ვალდებულების დაცვის მიზნით, ვერ უზრუნველყოფდა საფეხბურთო მატჩების ჩვენების შეზღუდვას.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „აი თი დი სის“  სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო არხის ტრანზიტის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს მაუწყებლისაგან კანონიერ, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  და მაუწყებლის მიერ მისთვის მიწოდებული სიგნალის საფუძველზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა, ვინაიდან სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ 2018 წლის 4 ივნისის წერილით  სს „აი თი დი სის“ მოსთხოვა არ განეხორციელებინა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების/რეპორტაჟების რეტრანსლაცია (იხ. ფაქტობრივი გარემოებები 4). ამასთან, სს „აი თი დი სი“ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მაუწყებლობის ტრანზიტს ახორციელებს არა „საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან“ მიღებული სიგნალის საფუძველზე, არამედ თავად იჭერს ღია საეთერო სიგნალს (იხ. ფაქტობრივი გარემოებები 7).

კომისიას, ასევე, მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, სს „აი თი დი სის“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო არხის არამართლზომიერი ტრანზიტი. ვინაიდან, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არამართლზომიერი ტრანზიტი ხელყოფს მის კანონიერ ინტერესებს და აყენებს მატერიალურ ზიანს, ამასთან,  მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის ვადის გათვალისწინებით (2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისის), კომისიას მიაჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივი აღსრულებისთვის.

 ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ მხარეებს უნდა განემარტოთ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არხის ტრანზიტის განხორციელების სურვილის შემთხვევაში, სამაუწყებლო არხის მართლზომიერი ტრანზიტის უზრუნველსაყოფად, სს „აი თი დი სიმ“  სიგნალის მისაღებად უნდა მიმართოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ხოლო სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“   სიგნალის მიწოდება  უნდა უზრუნველყოს არადისკრიმინაციულად.

 V.    სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis   მუხლის,  „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე, 58-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე, 99-ე მუხლების, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 

:

  1. სს „აი თი დი სის“ მიეცეს გაფრთხილება, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ისმო-ს  „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ“ რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
  2. სს „აი თი დი სიმ“ უზრუნველყოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო არხის  საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის  დაუყოვნებლივ შეწყვეტა;
  3. განემარტოს მხარეებს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არხის ტრანზიტის განხორციელების სურვილის შემთხვევაში, სამაუწყებლო არხის მართლზომიერი ტრანზიტის უზრუნველსაყოფად, სს „აი თი დი სიმ“  სიგნალის მისაღებად უნდა მიმართოს სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ხოლო სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სიგნალის მიწოდება უნდა უზრუნველყოს არადისკრიმინაციულად;
  4. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის;
  5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს „აი თი დი სისთვის“ და სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
  6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუას) სს „აი თი დი სისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
  7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „აი თი დი სისთვის“ ჩაბარების დღიდან;
  8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს „აი თი დი სისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
  9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

 

მერაბ ქათამაძე