„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 4 /

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 26, 2019 15:50

მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2019

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №4

2019 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

 
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:
 
მუხლი 1
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის  მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.  სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი;“ .

2. მე-6 მუხლის  მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამართლებრივი დეპარტამენტი;“.

3. მე-6 მუხლის მეორე პუნქტის „ზ“  და  ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ადმინისტრაცია

1. ადმინისტრაცია შედგება შემდეგი ჯგუფებისაგან:

ა) შესყიდვების და ქონების მართვის ჯგუფი;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფი;

გ) საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო ჯგუფი.

2. კომისიის ადმინისტრაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) კომისიის საკანცელარიო, საოქმო და საარქივო საქმისწარმოება;

ბ) კომისიის საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა და განხორციელების უზრუნველყოფა; კომისიის ბიუჯეტის პროექტის შედგენისა და დამტკიცებული ბიუჯეტის აღსრულების უზრუნველყოფა; საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;

გ) საჯარო ინფორმაციის გაცემა;
დ) კომისიის ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და საინფორმაციო მხარდაჭერა;

ე) კომისიაში საიდუმლო სახელმწიფო, კომერციული და პერსონალური ინფორმაციის სათანადოდ დაცვა;

 ვ) კომისიის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ინვენტარის მართვა;

 ზ)კომისიის შესყიდვების წლიური გეგმის მომზადება და შესყიდვის განხორციელება.

3. შესყიდვებისა და ქონების მართვის ჯგუფის ფუნქციებია:

ა) კომისიის წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, შესრულების მონიტორინგი და კორექტირება;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფთან ერთად, კომისიის წლიური ბიუჯეტის შემუშავება;

გ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის და ინფორმაციის წარდგენა;

დ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და კანონმდებლობით დადგენილი წესით დოკუმენტაციის მომზადება;

ე) სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობით და კომისიის მიერ განსაზღვრული წესით კომისიის მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმება და საჭიროების შემთხვევაში, ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;

ვ) კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;

ზ) კომისიის ქონების, მარაგებისა და მატერიალური ფასეულობების მართვა;

თ) კომისიის საოფისე და სამეურნეო ინფრასტრუქტურის მართვა;

ი) კომისიის ბალანსზე რიცხული ქონებისთვის აუცილებელი კაპიტალური  და სარემონტო სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა;

კ) კომისიის ავტოპარკის მართვა და გადაადგილების მონიტორინგი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვა და მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

ლ) კომისიის შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის უზრუნველყოფა;

მ) შესყიდვებთან და ქონების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების შექმნა, შენახვა და დაარქივება.

4. საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის ფუნქციებია:

ა)კომისიის საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა და განხორციელების უზრუნველყოფა;  

ბ) კომისიის ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია;

გ) ფინანსური  და ბიუჯეტის შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;

დ) საბუღალტრო აღრიცხვა და საგადასახადო ვალდებულებების მართვა;

ე) საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა, შენახვა და დაარქივება;

ვ) კომისიის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის შეფასება და დადგენილი წესით ჩამოწერა;

ზ) სალიცენზიო მოსაკრებელის, სალიცენზიო გადასახდელის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა და რეგულირების საფასურის, კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმების შესაბამის ანგარიშებზე გადახდის აღრიცხვის მონიტორინგი და ყოველთვიური ანალიზი;

თ) კომისიის უწყებრივი რეესტრების საფინანსო ბლოკის (სალიცენზიო მოსაკრებლები, სალიცენზიო გადასახდელები, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურები, რეგულირების საფასური, კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმები) ადმინისტრირება.

5. საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო ჯგუფის ფუნქციებია:

ა) კომისიის საოქმო და საკანცელარიო საქმისწარმოების მართვა და მონიტორინგი;

ბ) კომისიაში არსებული დოკუმენტაციის შენახვა, დაარქივება და კანონმდებლობით დადგენილი წესით განადგურება;

გ) კომისიაში არსებული პერსონალური მონაცემების, კომერციული ინფორმაციისა და საიდუმლოების სათანადოდ დაცვის ორგანიზება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციის მიწოდება;

დ) კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, კომისიაში დაცული სხვა ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;

ვ) კომისიის სხდომებისა და აპარატის თათბირების ორგანიზება;

ზ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფა;

თ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის ფაქტების აღრიცხვა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;

ი) საჯარო გაცნობისათვის ცნობების, კომისიის სხდომების დღის წესრიგის პროექტების შედგენა და კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნება;

კ) კომისიის ადმინისტრაციული, ორგანიზაციული და საინფორმაციო მხარდაჭერა;

ლ) სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, და საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა.“.

6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

მუხლი 10. სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი

1. სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი შედგება შემდეგი ჯგუფებისაგან:

ა) სპექტრის დაგეგმვის ჯგუფი;

ბ) მონიტორინგის ჯგუფი;

გ) ტექნოლოგიის ჯგუფი.

2. სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანი გამოყენებისა და მართვის უზრუნველყოფა;

ბ) რადიოსიხშირეთა კოორდინაცია;

გ) რადიომონიტორინგის განხორციელება და მონიტორინგის სადგურების მართვა;

დ) მონიტორინგის გაწევა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის შესაბამისი ლიცენზიით  ან მინიჭებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობაზე;

ე) სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმატივების დადგენის უზრუნველყოფა;

ვ) ნუმერაციის რესურსის მართვისა და ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა;

ზ) თავისუფალი სატელეკომუნიკაციო რესურსების დადგენის უზრუნველყოფა;

თ) ლიცენზირებული და ავტორიზებული პირების მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობის მონიტორიგი.

3. სპექტრის დაგეგმვის ჯგუფის ფუნქციებია:

ა) რადიოსიხშირული სპექტრის მართვის, ეფექტიანად გამოყენებისა და გადანაწილების უზრუნველყოფა ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით;

ბ) კომისიის რადიოსიხშირული რესურსების განაწილების სისტემის  ადმინისტრირების უზრუნველყოფა;

გ)  რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის პერიოდული განახლებისა და სიხშირული სპექტრის გეგმის მიხედვით სპექტრის გამოყენების უზრუნველყოფა ელექტრომაგნიტური თავსებადობის უზრუნველყოფით; 

დ)  რადიოკავშირის სამსახურების მიმღებ-გადამცემი სადგურების დაგეგმარება და დაფარვის ზონების ანალიზი;

ე) განაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად საერთაშორისო კოორდინაცია და სიხშირეთა საერთაშორისო რეესტრებში ასახვა;

ვ) კომისიის რადიოსიხშირული რესურსების აღრიცხვისა და განაწილების  სისტემის  ადმინისტრირება;

ზ) კომისიის მიერ რადიოსიხშირეების მინიჭების/რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის/მოდიფიცირების/გადაპირების და ვადის გაგრძელების თაობაზე დასკვნების მომზადება;

თ) სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესების განსაზღვრა და მოდიფიცირება რადიომოყვარულთა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად; სამოყვარულო რადიოკავშირის დასამყარებლად სახმობი ნიშნის მინიჭების  და საზღვაო-სანაოსნო სამსახურის მცურავი ობიექტებისთვის რადიოსახმობებისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ დასკვნების მომზადება; 

ი) რადიოსიხშირული მიწისზედა ქსელების შესაბამისი იდენტიფიკატორებისა და ამოცნობის ნიშნების აღრიცხვის სისტემის წარმოება, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ტერმინალური მოწყობილობების საიდენტიფიკაციო კოდების მინიჭების თაობაზე სათანადო ტექნიკური დასკვნების მომზადება;

კ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და სალიცენზიო გადასახდელის ოდენობათა განსაზღვრისათვის ტექნიკური დასკვნის მომზადება.

4. მონიტორინგის ჯგუფის ფუნქციებია:

ა) მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებაში სასაზღვრო რადიომონიტორინგის  ჩატარება, არსებული და შესაძლო მავნე ხელშეშლების დაფიქსირება, რადიოსიხშირული სპექტრის კოორდინაციის მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების მომზადება;

ბ) რადიომონიტორინგის სისტემის და სადგურების ტექნიკური უზრუნველყოფა და მართვა; 

გ) რადიომონიტორინგის გაწევა, ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ხელშეშლების, უკანონო სარგებლობის, ასევე კომისიის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად სპექტრის გამოყენების ტექნიკური პირობების შესრულების მონიტორინგი;

დ) ფიჭური და სხვა რადიოსიხშირული ქსელების ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შეფასების მიზნით   მონიტორინგის ჩატარება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ე) განაწილებულ სიხშირეთა მონიტორინგის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება;

ვ) ფიჭური და სხვა რადიოსიხშირული ქსელების ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შეფასების მიზნით მონიტორინგის ჩატარება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

5. ტექნოლოგიის ჯგუფის ფუნქციებია:

ა) სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და მასთან დაშვების/წვდომის ტექნიკური პირობების დადგენის უზრუნველყოფა და ამავე ტექნიკური პირობების შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის მინიმალური და ხელმისაწვდომობის დონის ნორმის განსაზღვრის უზრუნველყოფა;
გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების უსაფრთხოების, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მთლიანობისა და მომსახურების უწყვეტობის უზრუნველმყოფი წესები შემუშავების ორგანიზება;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირის მიერ ბოლო მომხმარებლისთვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველმყოფი მექანიზმებისა და მეთოდოლოგიური წესების შემუშავების ორგანიზება;

დ) აღიარებული ევროპული სატელეკომუნიკაციო სტანდარტების  ეროვნულ სტანდარტებად დანერგვის ხელშეწყობა;

ე) სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შესახებ მონაცემთა ბაზის მართვა და შესაბამისი ციფრული რუკის ადმინისტრირება;

ვ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის მიერ პირობის შესრულების კონტროლი, დარღვევის აღმოჩენისას შესაბამისი რეაგირება;

ზ) ნუმერაციის რესურსით უკანონო სარგებლობაზე კონტროლის გაწევა,  დარღვევათა გამოვლენა და სათანადო რეაგირება;

თ) ნუმერაციის რესურსით საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მიერ გამავალი და შემომავალი სატელეფონო ზარების შესახებ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის პერიოდული ანალიზი;

ი) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის სისტემის ადმინისტრატორთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგის უზრუნველყოფა.“.

7. მე-12 მუხლის:

ა) სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. სამართლებრივი დეპარტამენტი“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამართლებრივი დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:“.

8. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგში ავტორიზაციის, ამოწურვადი რესურსების სარგებლობაზე ლიცენზიების გაცემის, მინიჭებების უზრუნველყოფა; კომისიის უწყებრივი რეესტრების წარმოების ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“.

9. მე-12 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფის ფუნქციებია:

ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად აუქციონების და კონკურსების, კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსების ჩატარების ორგანიზება;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისა და კერძო და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის, მოდიფიცირების, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების და ლიცენზიათა გადაპირების (გადაცემის) ადმინისტრაციული წარმოებების უზრუნველყოფა და სალიცენზიო მოწმობების გაცემის ორგანიზება;

გ) ავტორიზებულ პირთა მიერ ავტორიზაციის პირობების, ასევე ლიცენზირებულ პირთა სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების ორგანიზება (ან შესრულებაზე კონტროლის გაწევა) კომისიის მიერ დადგენილი წესით;

დ) ნუმერაციის რესურსის მინიჭების/რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაცემისა და გაუქმების ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ე) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ტერმინალური მოწყობილობების საიდენტიფიკაციო კოდის ლიცენზიის მოქმედების ვადით მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ვ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის, კერძოდ, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების, ავტორიზაციის გაცემის, გაუქმებისა და შეჩერების ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

ზ) ავტორიზებულ პირებზე ამონაწერის გაცემის ორგანიზება; ავტორიზებულ პირთა/ლიცენზიის მფლობელთა შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

თ) კომისიის უწყებრივი რეესტრების წარმოების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ი) საზღვაო-სანაოსნო სამსახურის მცურავი ობიექტებისთვის/სამოყვარულო რადიოკავშირის დასამყარებლად რადიოსახმობების/ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მაუწყებლობის სფეროში ტელერადიომაუწყებლობის ავტორიზაციის გაცემის, მოდიფიცირების, გაუქმების და შეჩერების ადმინისტრაციული წარმოებების უზრუნველყოფა;

ლ) მაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადება;

მ) ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციის შესწავლა და დასკვნის მომზადება;

ნ) ავტორიზებული მაუწყებლისა და ლიცენზიის მფლობელის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით  განსაზღვრული ყოველწლიური ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების შესრულებაზე მონიტორინგის გაწევა, წარმოდგენილი ანგარიშისა და ინფორმაციის შესწავლა და ყოველწლიური საერთო ანგარიშის მომზადება;

ო) ლიცენზიების გაცემის, მოდიფიცირების, ვადის გაგრძელების, გაუქმების, შეჩერების, გადაცემა/გადაპირების შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაციის სსიპ ”საკანონმდებლო მაცნესათვის” მიწოდების უზრუნველყოფა; ასევე, ლიცენზირებული პირების მიერ სალიცენზიო გადასახდელების თაობაზე  ინფორმაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მიწოდების უზრუნველყოფა;

პ) რადიოსიხშირის მინიჭების /სამოყვარულო რადიოკავშირის და მცურავი ობიექტების სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების უწყებრივი რეესტრის წარმოება;

ჟ) ადგილობრივი მულტიპლექს ოპერატორების ქსელში დაკავებული რესურსის, ფასების თაობაზე ინფორმაციის პერიოდული განახლება და დაშვების რიგითობის განსაზღვრა დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

10. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება; შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დანერგილი სისტემებისა და პროცედურების პერიოდული აუდიტი და რეპორტინგი.“.

11. მე-14, მე-15 და მე-18 მუხლები ამოღებულ იქნეს.

 
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბერს.

კომისიის წევრი   მერაბ ქათამაძე
კომისიის წევრი   გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი   ვახტანგ აბაშიძე
თავმჯდომარე   კახი ბექაური
თანდართული დოკუმენტები: