„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა პრემირების წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 15 ივლისის N367/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-19-19 / 578

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 07, 2019 23:58

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2019

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა პრემირების წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 15 ივლისის N367/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 30 ივნისს შევიდა ცვლილებები, რომლითაც განისაზღვრა მარეგულირებელი ორგანოების უფლებამოსილება დასაქმებულთა შეფასებისა და სამოტივაციო პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით. კერძოდ, 131  მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის დაწინაურების, პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების და შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების დასადგენად ეროვნული მარეგულირებელი ორგანო თავის მიერ განსაზღვრული წესით აფასებს ამ პირს და მის მიერ შესრულებულ სამუშაოს და ადგენს აღნიშნული პირის პროფესიული განვითარების სავალდებულო პროგრამას; ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით,  ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის  დაწინაურების, გადაყვანის, წახალისებისა  და  პრემირების  წესი  განისაზღვრება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებით.

კომისია მიზნად ისახავს ორგანიზაციული მართვის სისტემების სრულყოფას, დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლებასა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია კომისიის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებისათვის. ამ მხრივ, აღსანიშნავია 2019 წლიდან კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ჩართულობით ჩატარებული აქტიური სამუშაოები კომისიის აპარატის დასაქმებულთა შეფასების წესისა და კომისიის სამოტივაციო პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2019 წლის იანვიდან ივლისის თვის ჩათვლით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ HICD მხარდაჭერით,   მიღებულ იქნა ექსპერტული კონსულტაცია კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების წესის დამკვიდრების საკითხებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის თავმჯდომარის 2019 წლის 14 ივნისის Nბ-19-6/8 ბრძანებით დამტკიცდა კომისიის აპარატის დასაქმებულთა შეფასების წესი, რომლის შესაბამისად საპილოტე რეჟიმში კომისიის აპარატის დასაქმებულთა მიერ შესრულებული  სამუშაო  შეფასდა  ექსპერტის  მიერ  წარმოდგენილი  რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც ეფუძნება შეფასების მთავარ პრინციპებს და ქმნის შესაძლებლობას საუკეთესო და სუსტი შემსრულებლების გამოვლენისათვის, მათი წახალისებისა და პროფესიული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირებისათვის.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიაში მოქმედებს კომისიის 2014 წლის 15 ივლისის N367/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული კომისიაში დასაქმებულთა პრემირების წესი, რომლითაც არ არის გათვალისწინებული შეფასების მთავარი პრინციპები, რაც შესაძლებელს გახდის სამუშაოს საუკეთესო, კარგი და სუსტი შემსრულებლების იდენტიფიცირებას; წახალისებისა და მოტივაციის ამაღლების მექანიზმების განსაზღვრას; პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და ტრენინგს მათთვის, ვისაც შეფასების შედეგად ხარვეზები გააჩნია. პრემირების მოქმედი წესით არ არის განსაზღვრული სამოტივაციო პოლიტიკა, არ ეფუძნება შეფასების სისტემატიზებულ და სრულყოფილ პრინციპებს.

ყოველივე  ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით,  კომისიას  მიზანშეწონილად მიაჩნია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა პრემირების წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 15 ივლისის N367/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება.

„მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-8   მუხლის   პირველი   პუნქტის, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გამოცხადდეს ძალადაკარგულად „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა პრემირების წესის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 15 ივლისის N367/22 გადაწყვეტილება;

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების კომისიის ვებ- გვერდზე  www.gncc.ge გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) კომისიის ვებ-გვერდზე  www.gncc.ge გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

5.     კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (თ. ბოკუჩავა).

კახი ბექაური  კომისიის თავმჯდომარე

  ელისო ასანიძე   კომისიის წევრი

 გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი

 მერაბ ქათამაძე კომისიის წევრი

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები: