ნოემბერი 08, 2017 14:43

კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებების თაობაზე მედიაში გავრცელებულ შეფასებებს ეხმიანება

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა, თუმცა კომისია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამსუბუქებს მაუწყებლების უფლება–მოვალეობებს. კერძოდ, ინიცირებული კანონპროექტი ათავისუფლებს მაუწყებელს „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51–ე მუხლის მე–11 პუნქტის ა–ე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან, თუ იგი თავად არ წარმოადგენს აღნიშნული კვლევის დამკვეთ ორგანიზაციას.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოქმედი რედაქციით განსაზღვრავს საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მისი გამოქვეყნების მიმართ მოთხოვნებს, რომელთა დაცვა ეკისრება ყველა მაუწყებლს და სხვა ელექტრონულ და ბეჭდვით მედიას. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51–ე მუხლის მე–11 პუნქტი არ შემოიფარგლება მხოლოდ მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებისას სავალდებულოდ მისათითებელი ინფორმაციით, არამედ ასევე განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ – უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ, – არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, – არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით.

სწორედ იმ გარემოებამ, რომ აღნიშნული ვალდებულებები, მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ვრცელდება ყველა მაუწყებელზე, კომისიის შეფასებით საჭირო გახადა შესაბამისი ცვლილებების მოქმედ კანონმდებლობაში ასახვა, რაც გამოიხატა იმ მაუწყებლების ვალდებულებებისაგან გათავისუფლებაში, რომლებიც არ არიან კვლევის დამკვეთნი.

რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56–ე მუხლს, კომისია აღნიშნავს, რომ პროგრამული შეზღუდვების დაუცველობის შემთხვევები ექცევა მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლების განხილვის ქვეშ.  კერძოდ, ომის პროპაგანდის, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხის შემცველი პროგრამების, პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი, უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის  და სხვ. განთავსება არ იწვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას მაუწყებლისთვის და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მაუწყებლისთვის ასეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელების აკრძალვის ქმედით მექანიზმებს.

აღნიშნული საკითხები განსხვავებულად არის დარეგულირებული აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივით, ხოლო როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალურ მედია დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულების XXXIII დანართით.

აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროპული დირექტივის მე-6 მუხლის თანახმად, წევრი სახელმწიფოები შესაბამისი საშუალებებით უზრუნველყოფენ, რომ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი მედია მომსახურების მიმწოდებლების მიერ მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურება არ შეიცავდეს რასობრივი, სქესობრივი, რელიგიური ან ეროვნული ნიშნით სიძულვილის გაღვივებას.  ამავე ევროდირექტივის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „c” ქვეპუნქტის თანახმად, აუდიოვიზუალური კომერციული კომუნიკაციები (i) არ უნდა იყოს ადამიანის ღირსების პატივისცემის შემლახველი; (ii) არ უნდა შეიცავდეს ან აქეზებდეს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას სქესის, რასის ან ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რელიგიის ან რწმენის, შეზღუდული უნარის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით. ამავე ევროპული დირექტივის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წევრი სახელმწიფოები მიიღებენ შესაბამის ზომებს, რომ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფმა მაუწყებლებმა არ განათავსონ პროგრამები, რომელთაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ არასრულწლოვნების ფიზიკურ, გონებრივ ან ზნეობრივ განვითარებას, განსაკუთრებით, პროგრამები, რომლებიც შეიცავენ პორნოგრაფიას ან გაუმართლებელ ძალადობას.

კომისია სხვადასხვა პროექტების ფარგლებში (მათ შორის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორის განვითარება“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს კანონმდებლობისა და აუდიოვიზუალური მედია დირექტივის დაახლოების პროცესში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდამჭერი პროექტი“, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტიმედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერება),  უცხოელ ექსპერტებთან ერთად ინტენსიურად მუშაობდა საქართველოს კანონმდებლობასა და მითითებულ დირექტივას შორის შეუსაბამობების დადგენასა და შესაბამისი ცვლილებების შემუშავებაზე, რამაც ასახვა ჰპოვა წარმოდგენილ კანონპროექტში. აღნიშნული პროექტების ფარგლებში ექსპერტების მიერ კომისიისთვის მოცემული რეკომენდაციების თანახმად, ზემოაღნიშნული საკითხებზე რეაგირება სწორედ მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებას უნდა წარმოადგენდეს.

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები